ამადეო მოდილიანი - მხატვარი, რომელსაც დიდების კართან წამოეწია სიკვდილი...
„ჩემი აზრით, ადამიანი მთელი სამყაროა, ზოგჯერ ყოველგვარ სამყაროზე უკეთესიც...“ - ამადეო მოდილიანი (წერილიდან)
***
პერ-ლაშეზი, პარიზის ძველი სასაფლაო... არის ამ ძველ სასაფლაოზე დიდი უბანი, მთელი რაიონი. აქ იმარხებოდნენ პარიზის ღარიბ-ღატაკები. ურიცხვი რიგები ქვის დაბალი ყუთებისა, მიწიდან ოდნავ ამოწეული ქვის სახურავები, მოწყენილი, მიწას გაკრული, უსიხარულო ქალაქი. ერთ-ერთ ასეთ საფლავის ქვაზე ამოტვიფრულია წარწერა იტალიურად:
ამადეო მოდილიანი
მხატვარი
დაიბადა ლივორნოში 12 ივლისს, 1884 წელს.
გარდაიცვალა პარიზში 24 იანვარს, 1920 წელს.
დიდების კართან წამოეწია სიკვდილი.
ცოტა ქვემოთ კი, იმავე დაფაზე, წარწერილია:
ჟანა ებიუტერნი
დაიბადა პარიზში 6 აპრილს, 1898 წელს.
გარდაიცვალა პარიზში 25 იანვარს, 1920 წელს.
ამადეო მოდილიანის ერთგული თანამგზავრი, ვინც სიკვდილი არჩია მასთან განშორების ტანჯვას.
***
მოდილიანი იოლად ახერხებდა პირველი, უმნიშვნელო ფრაზებიდან მისთვის სასურველ თემაზე გადასვლას და საუბარი უპირატესად ლიტერატურაზე გადაჰქონდა. ამასთან, თითქოს ამაყობდა კიდეც თავისი ცოდნით და შეიძლება ახლად გაცნობილისათვის მეტისმეტი აჩქარებითაც ამჟღავნებდა თავის დიდებულ ცოდნას იბსენის, შელის, ნიცშესი, დ’ანუნციოსი და დოსტოევსკისაც კი. „ღვთაებრივი კომედიის“ ტერცინები, ლეოპარდის, ვიიონის, რემბოს ლექსები ნიაღვარივით გადმოსჩქეფდა მის ბაგეთაგან ყოველი ხელსაყრელი შემთხვევისას. მაგრამ ამავე დროს, დაკვირვებულ თანამოსაუბრეს არ გამოეპარებოდა ამის იქით გადამალული, რამდენადმე შეკავებული ერუდიცია, ხოლო ამ სამხრეთული, ხმელთაშუაზღვისპირული ექსპანსიურობის მიღმა რაღაც მეტისმეტი სიფრთხილით გადანახული, სულის სიღრმემდე დასული გულჩახვეულობა, ან შეიძლება უნდობლობა ან იქნებ შიშიც.
ლიტერატურაზე მოდილიანი გატაცებით ლაპარაკობდა, არ მალავდა თავის მიკერძოებას და სიყვარულს. მაგრამ გარკვეულ მსჯელობას მხატვრობაზე, განსაკუთრებით მის თანამედროვე მიმართულებებზე, რატომღაც გაურბოდა, ყოველ შემთხვევაში პირველ ხანებში მაინც. თუმცა ისიც გრძნობდა, რომ დიდად დაინტერესებული იყო პიკასოს, მატისის, ვლამინკის, დერენის, უტრილოს, „მებაჟე“ რუსოს უკანასკნელი ნამუშევრებით და რომ იმ დროისათვის უკვე კარგად ჰქონდა შესწავლილი ლუბრი. მისი სახელოსნოს კედლებზე ქინძისთავებით იყო მიმაგრებული იტალიური რენესანსის სურათების რეპროდუქციები: ბოტიჩელი, პერუჯინო, ლოტო, კარპაჩო, ანდრე დელ სარტო, კორეჯო, ტიციანი. ეს კი სასაცილოდ თუ არა, უცნაურად მაინც ეჩვენებოდა ბევრ მის ახალ, მონმარტრელ ნაცნობს, განსაკუთრებით რადიკალურად იყვნენ განწყობილი „წარსულის მემკვიდრეობის“ მიმართ.
ერთნი ამბობდნენ, მოდილიანი დამწყები მოქანდაკეაო, მეორენი ირწმუნებოდნენ, მხატვარიაო. ერთიც სიმართლე იყო და მეორეც.
***
ანდრე ვარნო იხსენებს, როგორი მწარე ირონიით უამბობდა მოდილიანი, რომ პარიზში ჩამოსულმა მხოლოდ ერთადერთი ადამიანი აღმოაჩინა და ისიც ბრმა, რომელიც დათანხმდა, შეეძინა რამდენიმე მისი სურათი. ეს გახლდათ ერთი ახირებული მოხუცი, ძია ანჟელი, რომელსაც მართლაც თითქმის დაკარგული ჰქონდა თვალისჩინი. მოხუცი დაჟინებით და მეთოდურად აგროვებდა თავის ბინაში, გაბრიელის ქუჩაზე, ახალგაზრდა, უსახელო მხატვრების სურათებს. რაღა თქმა უნდა, ამ სურათებს ძალიან იაფად ყიდულობდა და იმედი ჰქონდა, ოდესმე აუცილებლად გამდიდრდებოდა. მოხუცს საცაა, აუხდებოდა კიდეც ოცნება, მის ხელთ იყო შედევრები. მაგრამ ამ დროს იფეთქა პირველმა მსოფლიო ომმა და სურათების ფასიც დაეცა. მას მოსვენებას აღარ აძლევდნენ კრედიტორები და იძულებული შეიქნა, სულ იაფად გაეყიდა მთელი თავისი კოლექცია. რამდენიმე ხნის შემდეგ იგი სრულ სიღატაკეში გარდაიცვალა.
***
ლუი ლიატურეტი, რომელიც იმ ხანებში თითქმის ყოველდღე ხვდებოდა მოდილიანის, გვიამბობს: „იმისათვის, რომ ეშოვა ფული პურის, ძეხვისა და თამბაქოს საყიდლად, იძულებული ხდებოდა, გადაეღო ან შეესწორებინა უნიჭოდ შესრულებული სურათები და ზოგჯერ აბრებიც დაეხატა დუქნებისათვის. ყველა ამ თავის იძულებით მუშაობას, რა თქმა უნდა, არავისთან ამხელდა, არასოდეს არავის შესჩიოდა თავის გაჭირვებაზე, არავის სთხოვდა დახმარებას და კიდეც რომ შეეთავაზებინა ვინმეს, არავითარ შემთხვევაში არ მიიღებდა - რადგან მეტისმეტად ამაყი იყო“.
***
მოდილიანის „სტუდიაში“ იდგა საწოლი, ორი სკამი, მაგიდა და ჩემოდანი, რომელიც დივნის მაგივრობასაც ეწეოდა. კედლებზე ჩამოკიდებული იყო ტილოები, იატაკზე ეყარა ნახატებით გატენილი საქაღალდეები.
„ნახატების გასაოცრად მაღალი დონე იმთავითვე განაპირობებდა ამ მხატვრის ტალანტს, - ამბობდა ლიატურეტი. - მისი პიროვნება ყოველგვარ გავლენაზე დომინირებდა. საგონებელში გაგდებდათ ფერი, რომელსაც ჯერ კიდევ აკლდა დამაჯერებლობა და არ ემორჩილებოდა რაიმე გარკვეულ მეთოდს“.
„ - ყოველივე ეს ჩალის ფასადაც არ ღირს, - განაცხადა ავტორმა. - ეს სულ ჩემი დაწყევლილი იტალიური თვალის ბრალია, რომელსაც არაფრით არ სურს შეეგუოს პარიზის სინათლეს... მართლაც, რა მაცდურია ეს სინათლე... ნეტავი ოდესმე თუ შევძლებ ამის დაჭერას? რომ იცოდე, რამდენი რამ მაქვს ჩაფიქრებული თემის ახლებურად გამოხატვის თვალსაზრისით, იისფერ, ნარინჯისფერ ტონებში, მუქ ოხრისფერში... ოღონდ არ ვიცი, როგორ მოვახერხო მათი ამღერება. დაანებე თავი, ნუღარ უყურებ ამ სისულელეებს!“
როცა სტუმარმა პროტესტი განაცხადა ამგვარ მკაცრ შეფასებაზე და შეაქო კედელზე ჩამოკიდებული ერთ-ერთი ნიუ, მისი გამჭვირვალე კოლორიტი და დიდებული ძერწვა, მოდილიანიმ კიდევ უფრო დაბეჯითებით უპასუხა:
„ - არა, ეს ის არ არის! ეს ჯერ კიდევ პიკასოდან მოდის და ისიც არ გამომივიდა. პიკასო მიაფურთხებდა ამისთანა სისაძაგლეს...“
ამ საუბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოდილიანიმ გამომიცხადა:
„ - მე თითქმის ყველაფერი გავანადგურე იქიდან, რაც შენ ნახე. უნდა შეგეძოს სენტიმენტალური გულმოწყალების გარეშე იმსჯელო საკუთარ თავზე... მხოლოდ ორი თუ სამი ნახატი დავტოვე... და ის ტორსიც, შენ რომ მოგეწონა. თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთხელ კიდევ დავუბრუნდე, სულ სხვანაირად გადავაკეთო... საერთოდ კი მინდა, როგორმე მოვეშვა მხატვრობას და ხელი მოვკიდო ქანდაკებას...“
***
ლიატურეტი გვიყვება: „როცა მოდილიანი ჟან-ბატისტა კლემანის მოედანზე მდებარე სახელოსნოდან გადადიოდა, წასვლის წინ ტერასაზე ნამდვილი აუტოდაფე მოაწყო და ცეცხლს მისცა მრავალი თავისი ტილო თუ ნახატი. მეზობლები აღშფოთდნენ, ეგონათ, მოდილიანი უეცრად შეიშალაო. მან კი სრულიად დამშვიდებით გამოუცხადა ერთ მათგანს: „ეს ბავშვური ზიზილ-პიპილები მეტის ღირსნი არ არიან!“
***
„მოდი“ მისი ჩვეულებრივი, შემოკლებული სახელი იყო, ასე შეეძლო დაეძახა ყველას. მაგრამ ყველას როდი ჰქონდა უფლება, გარდა მცირე გამონაკლისისა, ეთქვა მისთვის „დედო“, როგორც დედა ეძახდა.
ლიატურეტი გვიყვება, ერთხელ მისი თანდასწრებით როგორ უკითხავდა მოდილიანი ერთ თავის თანამემამულეს ლივორნოდან მიღებულ დედის წერილს. მაგრამ როგორც კი წაიკითხა პირველი სიტყვები: „Mio caro Dedo!“ („ჩემო საყვარელო დედო!“), ცრემლები მოაწვა ყელში და კითხვა ვეღარ გააგრძელა. თუმცა, მგონი, მაშინვე გადავიდა პარიზელთათვის ჩვეულ უზრუნველ საუბრის ტონზე. ახლა ყველნაირად ცდილობდა, ასე მოეჩვენებინა სხვებისთვის თავი.
***
- მე ბანკირთა შვილი და შვილიშვილი ვარ, - არწმუნებდა მოდილიანი გიიომ აპოლინერს, როცა მან დროებით მუშაობა დაიწყო პარიზის ერთ-ერთ ბანკში კანტორის მოხელედ. - შენმა პარტნიორებმა რომ სცადონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ზოგიერთი ის თეორია და მეთოდი, რომელიც მე ვიცი, მილიონებს გავაკეთებდით!
- ფილოსოფია ჩემი წილხვდომილია. მე, შეიძლება ითქვას, სისხლში მაქვს ფილოსოფია, - ეუბნებოდა მოდილიანი ორტის დე სარატეს და სხვა თავის მეგობრებს. უმტკიცებდა, რომ ერთი მისი პირდაპირი წინაპარი დედის მხრიდან სპინოზა იყო.
ჩვენამდე ვერ მოაღწია ამ ნათქვამის ინტონაციამ. არ ვიცით, რომელი სჭარბობდა: იუმორი ოჯახური ლეგენდებისადმი თუ თავის მოწონების გულუბრყვილო სურვილი. ასე იყო თუ ისე, მოდილიანის ბიოგრაფიაში ფაქტებით არ დასტურდება არც „ბანკირობის“ და არც „ფილოსოფოსობის“ ვერსია.
***
ამადეო სწორედ მაშინ მოევლინა ქვეყანას, როცა მშობლების სახლში ჩინოვნიკები გამოცხადდნენ უკვე ვალში აღწერილი ქონების წასაღებად. ევგენია გარსენისათვის ეს თავზარდამცემი მოულოდნელობა იყო. არავითარი „ბანკი“ მათ არ გააჩნდათ, ყელამდე ვალებში ჩაფლული ქმრის გაკოტრება კი სტიქიურ უბედურებად დაატყდა თავს.
მართლაც რომ თავს დაატყდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობითაც, რადგან თანახმად იტალიის კანონებისა, მელოგინის ქონება ხელშეუხებელი იყო, ყველაფერი, თუკი რამ ფასეულობა გააჩნდათ ოჯახში, ჩინოვნიკების მოსვლამდე მელოგინის საწოლზე დაყარეს. გათამაშდა ორმოცდაათიან-სამოციანი წლების იტალიური კინოკომედიის სცენა. თუმცა სასაცილო არაფერი იყო იმ ამბავში, სწორედ ამადეოს დაბადების წინ უბედურებად რომ დაატყდა მოდილიანების ოჯახს.
***
წინადღით, როცა ამადეო მიქელის სახელოსნოში უნდა გამოცხადებულიყო, დედას ასე ჩაუწერია დღიურში: „1 აგვისტოდან იგი მეცადინეობას იწყებს ხატვაში, რისადმიც კარგახანია დიდ მიდრეკილებას ამჟღავნებდა. უკვე მხატვრად წარმოუდგენია თავი. რაც შემეხება მე, დიდად არ ვუჭერ მხარს, მეშინია, რაკი ამ გზას გაჰყვება, სწავლა არ მიატოვოს. მაგრამ მაინც გადავწყვიტე შევუსრულო სურვილი. როგორმე უნდა დავეხმარო, რათა სძლიოს უხალისობასა და მოწყენილობას, რამაც მეტად თუ ნაკლებად ყველას დაგვრია ხელი“.
[...]
მიქელიმ თავის ახალგაზრდა მოწაფეს „ზეადამიანი“ შეარქვა, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სულ ნიცშე ეკერა პირზე, თითქმის ზეპირად იცოდა „ზარატუსტრა“ და „სიკეთისა და ბოროტების მეორე მხარე“. ნიცშე „მისი ფილოსოფოსი“ იყო, ხოლო ბოდლერი და დ’ანუნციო - „მისი პოეტები“.
მაგრამ ამავე დროს, როგორც ამას ამხანაგები იხსენებდნენ, ეს „ზეადამიანი“ გულწრფელად იყო აღტაცებული პრერაფაელისტებით და არც იმის წინააღმდეგი იყო, რომ როგორმე ეცდუნებინა მიქელის კოპწია მოახლე, საერთოდ კი „მოკრძალებული და კეთილად ზრდილი ახალგაზრდა იყო“.
[...]
ერთ მშვენიერ დღეს ამადეომ გამოუცხადა დედას, რომ გადაწყვეტილი აქვს, მიატოვოს ლიცეუმი და ამიერიდან მთლიანად მიეცეს მხატვრობას. დედის დღიურში ჩნდება 1899 წლის 10 აპრილის ჩანაწერი:
„დედომ მიატოვა ლიცეუმი და აღარაფერს აკეთებს გარდა ხატვისა. სამაგიეროდ ხატავს ყოველდღე და მთელი დღე შეუნელებელი გატაცებით, რაც კიდეც მაოცებს და კიდეც მახარებს. თუკი ასეთი მეცადინეობითაც ვერაფერს მიაღწია, მაშასადამე, იმედიც გადაწურულთუ ოთხი თვის მეცადინეობის შემდეგ საკმაოდ გაიწაფა ხელი და კარგად ხატავს“.
***
შემონახულია ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ 1903 წლის 19 მარტს მოდილიანი მიღებულია ვენეციის სახვითი ხელოვნების ინსტიტუტში, „შიშველი ნატურის თავისუფალ სკოლაში“. იხსენებენ, რომ სკოლაში იგი იშვიათი სტუმარი იყო. ამჯობინებდა ხატვისას ყავახანებსა და ბორდელებში.
***
ჯერ კიდევ მაშინ, როცა პარიზის ერთ-ერთ რესტორანში ღამ-ღამობით ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა და ყოველდღე თითო ქანდაკების გამოძერწვასაც ახერხებდა, საღამოს ნამსხვრევებად აქცევდა ხოლმე იას, რაც დღის განმავლობაში გაეკეთებინა. როცა 1906 წელს ლუქსემბურგის მუზეუმში გამოფენაზე თვით როდენმა შენიშნა იგი და შესთავაზა, მასთან ემუშავა სტუდიაში, ბრანკუზიმ მაშინვე დაუფიქრებლად უთხრა უარი: „დიდი ხის ჩრდილში არაფერი გაიზრდება ისე, როგორც საჭიროა“.
***
ამადეოს ძმის, ემანუელეს მონათხრობი, თუ როგორ ოცნებობდა იგი სახელოსონოზე, მუშაობისთვის შესაფერ მასალაზე. მაგრამ სად უნდა ეშოვა ეს ლივორნოში?
ბოლოს ვიღაცამ შეატყობინა, თითქოს არის შესანიშნავი სახელოსნო კარარში და შეიძლება მისი დაქირავება. ძმები მაშინვე გაემგზავრნენ. დიდხანს იმგზავრეს სიცხეში დახუთული ვაგონით, რამაც მეტად გააღიზიანა ამადეო. მერე რომელიღაც განშტოებაზე გადასხდნენ კიდეც, - განაგრძობს თხრობას ემანუელე, რომელიც აშკარად თაყვანს სცემდა ძმას:
„ბოლოს, როცა მივაღწიეთ იქამდე, მაშინვე მივხვდი, რომ ღირდა ჩამოსვლა. რა მშვენიერი იყო ირგვლივ ყველაფერი! ჩვენ წინ გადაშლილი იყო ზღვა. სახელოსნოც თავისი ადგილმდებარეობით ძალიან ლამაზი ჩანდა. ბაღის შუაგულში, სადაც ყველაფერი ჰყვაოდა, იდგა პატარა სახლი, ყოველი მხრიდან დაფარული ქარისაგან. უკეთესს რაღას ინატრებდა სკულპტორი? სანაპიროს ყვითელ ქვიშაზე ეწყო მარმარილოს დიდი ბლოკები. ასეთივე ბლოკები მრავლად ეწყო ბაღშიც. სახლის ირგვლივ. ეტყობა, გადასატვირთად მოეტანათ და ასევე დარჩენილიყო აქ. მე მაშინვე შევნიშნე ეს და ვუთხარი ამადეოს, თუმცა პირველად მას უნდა ეთქვა ეს ჩემთვის. მაგრამ ჩემს ნათქვამს არავითარი წარმატება არ მოჰყოლია. გზაშივე შევამჩნიე შეშფოთება, ახლა კიდევ უფრო მეტად იყო აღელვებული. უცებ მომიბრუნდა და მითხრა:
„ჰო, ჰო, შენ მართალი ხარ, ყველაფერი ასეა, მაგრამ საჩემო არ არის. მეტისმეტად დაცილებული ვიქნები ქალაქიდან. მე ვერ ავიტან ამას. ჩემთვის აუცილებელია ქალაქი, რათა ვიმუშაო ისე, როგორც საჭიროა. მე დიდი ქალაქი მჭირდება!“
და უცებ რაღაც შიშმა აიტანა. ნამდვილი შიში იხატებოდა მის სახეზე, ყოველ მის მოძრაობაში. ხვეწნა დამიწყო, ახლავე დავბრუნდეთო ლივორნოში. რასაკვირვეილია, ასეც მოვიქეცით. ეს იყო ჩვენი პირველი და უკანასკნელი ცდა, გვეშოვა მისთვის სახელოსნო. ამის შემდეგ სიტყვაც აღარ დაგვიძრავს ამაზე“.
***
პოლ გიიომი გვიყვება, რომ მოდილიანი ოცნებობდა „ადამიანის სადიდებელ ტაძარზე“, რომელიც საკუთარი არქიტექტორული გეგმით უნდა შეექმნა და თითქოს სწორედ ამ ტაძრისთვის, რომელსაც უნდა ედიდებინა არა ღმერთი, არამედ ადამიანი, განკუთვნილი იყო მისი კარიატიდების გრაფიკული ესკიზები. ისინი უნდა გარდაქმნილიყვნენ ასობით სკულპტურულ გამოსახულებად, რათა იოლად აეზიდათ კამარა. იგი მათ „სინაზის სვეტებს“ („Colonnes de tendresse”) უწოდებდა.
***
„ძვირფასო უმბერტო, უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდი მოულოდნელი დახმარებისთვის. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში დავაღწევ თავს გაჭირვებას. მთავარია, არ დავიბნე. მეკითხები: რა მაქვს განზრახული? ვიმუშაო და გამოვიტანო გამოფენაზე. In pectore (შინაგანად) ვგრძნობ, რომ ადრე იქნება თუ გვიან, გავიკაფავ გზას. „შემოდგომის სალონმა“ შედარებით წარმატებით ჩაიარა ჩემთვის, თუნდაც იმით, რამდენიმე ნაწარმოები რომ მიიღო ერთად (რაც იშვიათი შემთხვევაა) - ეს ხომ დამოკიდებულია ფრიად ვიწრო კომპანიად შეკრულ ადამიანებზე. ახლა თუ შევძელი და ასეთივე წარმატება განვავითარე „დამოუკიდებლებთანაც“ - პირველი ნაბიჯი, ყოველ შემთხვევაში, გადადგმული იქნება. შენ როგორღა ხარ? გადაეცი ჩემი სალამი დეიდა ლოს. თუ შეგიძლია მომწერე წერილი. გკოცნი.
შენი დედო.
***
„საერთოდ არ არსებობს არავითარი პეიზაჟი!“ - გაჰყვიროდა უაღრესად აღელვებული მოდილიანი მონპარნასის რომელიღაც ბარში დახლთან მდგომი და თითქმის მუშტებით მიიწევდა თავისი მეგობრისკენ, მექსიკელი მხატვრის - დიეგო რივერასკენ, რომელიც არანაკლები დაჟინებით და ტემპერამენტით გაჰყვიროდა: „არა, პეიზაჟი არსებობს!“
***
თავის ნახატებს მოდილიანი უფრო ხშირად იქვე გააჩუქებდა ხოლმე, იშვიათად თუ ახერხებდა გაყიდვას თუნდაც ერთ ფრანკად. მაგრამ როცა ერთმა ამერიკელმა მდიდარმა ქალბატონმა „მეტისმეტად ძვირად მიიჩნია“ მოდილიანის მიერ შეთავაზებული სულ მცირე თანხა, იქვე, მის თვალწინ, ნაკუწ-ნაკუწად აქცია თავისი ნახატი. ანალოგიურ შემთხვევას იხსენებს ვლამინკიც. იგი გვიყვება, როგორ შესთავაზა მოდილიანიმ ერთ ვაჭარს მთელი დასტა თავისი ნახატებისა, როგორც ყოველთვის, გროშის ფასად. ის კი, რაკი იცოდა მისი გამოუვალი მდგომარეობა, შეეცადა, კიდევ შევაჭრებოდა. მოდილიანის პასუხი არ გაუცია. წამოდგა, გულმოდგინედ დააწყო თავისი ნახატები ერთმანეთზე, გახვრიტა, მერე ჯიბიდან ბაწარი ამოიღო, გაუყარა და გავიდა გარეთ, რათა დემონსტრაციულად ჩამოეკიდა საპირფარეშოში. შეიძლება ეს ანეკდოტია, მაგრამ არა შემთხვევითი, არამედ დამახასიათებელი.
მოდილიანიმ თვითონაც იცოდა მეგობრის გატანა, ამასთან, დელიკატურად, ისე რომ თავი არ შეებერზრებინა. და არა მარტო მეგობრისა, ზოგჯერ სრულიად უცხო ადამიანისაც. ერთხელ, კაფეში მოდილიანი ერთი ღატაკი მხატვრის გვერდით აღმოჩნდა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა დიდი ხნის შიმშილობის დაღი. მოდილიანი გვერდით მაგიდასთან იჯდა, როღაც თავისი საქმით გართული. კაფედან გასვლისას მან შეუმჩნევლად დააგდო იატაკზე ოცფრანკიანი და გვერდით რომ ჩაუარა, ფეხსაცმლის ფულით მიუწია ფული და ჩაიბურტყუნა: „აგერ, მგონი, ათფრანკიანი აგდია იატაკზე...“
***
მოქანდაკე ლიფშიცი მოგვითხრობს: „მახსოვს ერთხელ, გვიან ღამით, დაახლოებით სამ საათზე, მე და ჩემი ცოლი კარზე ატეხილმა საშინელმა ბრახუნმა გაგვაღვიძა. გავაღე კარი. ჩემს წინ დგას მოდილიანი, აშკარად მთვრალი. დარცხვენილი ხმით დამიწყო ახსნა, რომ ჩემს თაროზე შენიშნა ფრანსუა ვიიონის ლექსების პატარა ტომი, რომელიც ახლა ძალიან სჭირდება. ავანთე ნავთის ლამპა და დავიწყე წიგნის ძებნა იმ იმედით, რომ წიგნს მივცემდი და წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. იგი ჩაჯდა სავარძელში და ხმამაღლა დაიწყო ვიიონის ლექსების კითხვა. მე მაშინ მონპარნასის ქუჩაზე ვცხოვრობდი, ორმოცდათოთხმეტ ნომერში. ამ სახლში უმეტესად მუშები იყვნენ. მალე მეზობლებმა კაკუნი ატეხეს ჩემი ოთახის კედლებზე, იატაკზე, ჭერზე. დაიწყო ყვირილი: „შეწყვიტეთ ხმაური!“
თითქოს ახლაც თვალწინ მიდგას ეს სცენა: პატარა ოთახი, ღამის სიბნელეში იდუმალი მოციმციმე ნავთის ლამპის ალი, სავარძელში კი მოჩვენებასავით ჩამჯდარა მთვრალი მოდილიანი და კითხულობს ვიიონს, ამასთან სულ უფრო და უფრო უწევს ხმას, რაც უფრო იზრდება ხმაურიანი ორკესტრის აკომპანიმენტი ჩემი ოთახის ირგვლივ. ასე გაგრძელდა რამდენიმე საათს, სანამ თვითონ არ წაერთვა ძალა“.
***
ჟან კოკტო კი ასეთ სცენას აგვიწერს: „აი, ჩვენი მოედანი, ჩვენი პლაცდარმი. ქვაფენილზე მოდილიანი ცეკვავს, რაღაც დათვური ილეთები გამოჰყავს. კისლინგი მეასეჯერ უმეორებს: „წავიდეთ, შინ წავიდეთ!“ არაფრის გულისათვის. იგი ჯიუტად იქნევს ხუჭუჭა თავს. ვცდილობთ, როგორმე დავიყოლიოთ. კისლინგი იძულებულია ძალას მიმართოს. ხელს ჩაავლებს მოდილიანის წითელ სარტყელში და მიათრევს. ახლა სხვა ცეკვა იწყება. მოდილიანი ესპანურ მანერაზე სწევს ხელებს ზევით, თითებს ატკაცუნებს და ტრიალებს საკუთარი ღერძის ირგვლივ. წითელი სარტყელი იშლება, იშლება, თითქოს აღარა აქვს ბოლო. კისლინგი მიდის. მოდილიანი სატანასავით ხარხარებს და კიდევ უფრო მეტი გატაცებით განაგრძობს ცეკვას“.
***
შეძრწუნებულს ხედავს მოდილიანის ილია ერენბურგიც. 1915 წელს ერთ თავის ლექსში იგი ასე აგვიწერს მოდილიანის:
„შენ იჯექი დაბალ კიბეზე, მოდილიანი, შენი ყვირილი ქარიშხლის ყვირილსა ჰგავდა, ფანდები - მაიმუნისას. და უეცრად... აგუგუნდნენ, ატიდნენ საშინელი სიტყვები... შენ გადააგდე წიგნი, ეცემოდი და ხტოდი, და მთელს დარბაზში ხტოდა ნავთის ლამპის ალში გახვეული შენი სხეული. „მე შემიძლია, მე შემიძლია!“ - გაიძახოდი შენ და აგზნებულ ტვინში ფიჭვები იზრდებოდნენ. ო, დიდებულო ქმნილებავ! მერე შენ გამოხვედი, ატირდი და გაწექი ფარნის ქვეშ...“
მრავალი წლის შემდეგ ერენბურგი უფრო ღრმად ჩასწვდა მაშინდელ მოდილიანის. თავის მოგონებების ერთ თავს, რომელსაც მიუძღვნის „შორეული ახალგაზრდობის მეგობარს“, იგი გულში ჩამწვდომი განზოგადებით ამთავრებს: „წერენ და წერენ“: სვამდა, შფოთავდა, მოკვდა... ამაში არ არის საქმე... საქმე არც მის ბედისწერაშია, ძველი არაკივით ჭკუის სასწავლებლად რომ გაუხდია ყველას. მისი ბედი მჭიდროდ იყო დაკავშირებული სხვების ბედთან. და თუ ვინმეს სურს გაიგოს მოდილიანის დრამა, დეე, გაიხსენოს არა ჰაშიში, არამედ მხუთავი გაზები, დეე, იფიქროს დაბნეულ, გონწართმეულ ევროპაზე, საუკუნის დახლართულ გზებზე, იფიქროს მოდილიანის თითოეული მოდელის ბედზე, რომელთა ირგვლივ თანდათან ვიწროვდებოდა რკინის სალტე“.
[...]
„ეს იყო დიდი კულტურის ადამიანი, რომელიც ძალიან მხურვალედ განიცდიდა ყველაფერს, რაც მსოფლიოში ხდებოდა“. და მაშინვე დააყოლა განსაკუთრებული დაჟინებით: „ბევრი რამ უნდა დაიწეროს მასზე, როგორც პიროვნებაზე - ეს ხომ იშვიათი მოვლენაა მხატვრებს შორის, თუნდაც ყველაზე დიდი ტალანტით დაჯილდოვებულ მხატვრებს შორის“.
***
პარიზში დარჩენილი მოდილიანი, როგორც სალმონი ამბობს, ომის პირველ წლებში თითქმის განდეგილად ცხოვრობდა. 1914 თუ 1915 წელს იგი მონპარნასიდან მონმარტრზე გადასახლდა. ცნობილმა ვაჭარმა, აფრიკული პრიმიტივებისა და ახალი მხატვრობის მოყვარულმა - პოლ გიიომმა ამ ხანებში მისი სურათების შესყიდვა დაიწყო. სახელოსნოც კი დაუქირავა ემილია გუდოს მოედანზე, ცამეტ ნომერში, ბატო ლიავუარის გვერდით. 1915 წლის ნოემბერში ამადეო სწერდა დედას:
საყვარელო დედა!
დამნაშავე ვარ - რამდენი ხანია წერილი აღარ მომიწერია შენთვის! მაგრამ... მაგრამ იმდენნაირი მიზეზი გამომიჩნდა... მათ შორის ბინის გამოცვლა. აი, ჩემი ახალი მისამართი: ემილია გუდოს მოედანი, 13, XVIII ოლქი. მაგრამ, მიუხედავად ათასნაირი მღელვარებისა, შედარებით კმაყოფილი ვარ. ისევ მოვკიდე ხელი ფერწერას. ზოგიერთი რამის გაყიდვაც მოვახერხე. ეს უკვე ბევრს ნიშნავს.
... როცა მამას მისწერ, გადაეცი ჩემგან კოცნა. მე და წერილების წერა ვერ ვეგუებით ერთმანეთს, მაგრამ ნურასოდეს იფიქრებ, რომ გივიწყებ შენ ან ვინმე ჩვენიანს.
მაგრად გკოცნი.
დედო
***
1916 წლის ნოემბერში ამადეო მოდილიანი სწერდა დედას, როგორც ყოველთვის, მოკლედ:
ძვირფასო დედიკო!
ძალიან იშვიათად გწერ წერილებს, მაგრამ არასოდეს გივიწყებ. ჩემზე ნუ იდარდებ, ყველაფერი კარგად მიდის.
მე ვმუშობ, ზოგჯერ მტანჯველი წუთებიც დამიდგება ხოლმე, მაგრამ წინანდელივით შევიწროებული აღარა ვარ. მინდოდა შენთვის რომელიმე ფოტოსურათი გამომეგზავნა, მაგრამ არც ერთი არ გამოვიდა კარგი. მომწერე, რა არის თქვენთან ახალი. მაგრად გკოცნი.
დედო
***
1917 წელს, ზბოროვსკის მცდელობა პირველი წარმატებით დაგვირგვინდა: 3 დეკემბერს მან მოახერხა გაეხსნა მოდილიანის სურათების გამოფენა ბერტა ვეილის პაწაწინა გალერეაში. ბერტა ვეილი დიდი ხანია დაინტერესებული იყო მოდილიანის შემოქმედებით და დადიოდა კიდეც მასთან სახელოსნოში.
ეს ტანმორჩილი, ახლომხედველი, მუდამ საქმით გატაცებული ქალი ცნობილი იყო პარიზში, როგორც „უანგარო მფარველი ახალგაზრდა ხელოვანებისა“.
ვერნისაჟის დღეს პოლიციამ მოითხოვა, ჩამოეღოთ გარეთა ვიტრინაში გამოფენილი ხუთი დიდებული ნიუ, რამაც დიდად დაამწუხრა გამოფენის დიასახლისიც და საცოდავი ზბოც, მხატვარს კი ბრალდებად წაუყენეს „ზნეობის ხელყოფა“.
ამაზე ადრე კი პოლიციის სხვა ჩინოვნიკებმა, კერძოდ დეკავიმ და ზამარონიმ მეცენატების როლი გაითამაშეს და დიდი სიამოვნებით შეიძინეს საკუთარი კოლექციისათვის მოდილიანის სურათები სულ გროშის ფასად. მაგრამ ესენი იყვნენ „განათლებული შემფასებლები“, ახლა კი ბერტა ვეილის გალერეაზე თავდასხმა მოაწყეს მათმა ვულგარულმა კოლეგებმა, რომლებიც ნაკლებად ერკვეოდნენ ხელოვნების წვრილმანებში.
მაგრამ გამოფენა მაინც გაიხსნა. ბერტა ვეილიმ როგორღაც მოახერხა მოდილიანის ერთი სურათის გაყიდვა და საკმაოდ დიდი თანხაც მიიღო - 250 ფრანკი. მაგრამ ორი დღის შემდეგ მყიდველმა გადაიფიქრა და უკანვე მოუტანა სურათი.
***
ერთ სტატიაში ჟან კოკტო მოდილიანის შესახებ წერდა:
„ის იყო მხიარული, მეტისმეტად გამქირდავი და ძალიან მომხიბვლელი ადამიანი და რაკი წარმატება არაფერს ნიშნავდა არც ერთი ჩვენგანისთვის, მეფურად ატარებდა თავის ცხოვრებას, გარშემორტყმული უდავო დიდებით, რასაც ყოველთვის ამჟღავნებდა მისადმი ჩვენი ჯგუფი, რომლისთვისაც სრულიად უცხო იყო ბაზრისა და ფართო საზოგადოების პრობლემა“.
***
ბევრი „მოდელი“ ადასტურებს თავის მოგონებაში, რომ მოდილიანი ხატავდა მათ „უცებ“, „შესწორების გარეშე“, „რამდენიმე შტრიხი და მზად არის“.
თარგმნა ლარისა ტიტვინიძემ
გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.