ედუარდ მანე - ოლიმპია საუზმობს ბალახზე

მანე იძულებული იყო მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ებრძოლა, რათა დაემტკიცებინა თავისი ქმნილებების მხატვრული მნიშვნელობა. 

***

ექვსი წლის განმავლობაში, 1854-დან 1860 წლამდე, მანე ფერწერას სწავლობდა კუტიურთან, „დაცემის დროის რომაელთა“ ავტორთან. 

***

ედუარდ მანე დაიბადა 1832 წელს. ცხრამეტი წლისამ მონაწილეობა მიიღო არეულობაში, რომელიც ლუი ბონაპარტის სახელმწიფო გადატრიალებამ გამოიწვია, და ერთი ღამე სატუსაღოშიც კი გაათია - იმ დროის ყოველი მოაზროვნე ახალგაზრდა მეამბოხე იყო. მანე ეკუთვნოდა მსხვილი ბურჟუაზიის ერთ-ერთ ისეთ ოჯახს, რომლისთვისაც სახელმწიფო სამსახური ტრადიციულ კარიერად ითვლებოდა. იმისათვის, რომ მხატვარი გამხდარიყო, მანე იძულებული შეიქნა წინ აღდგომოდა მამის სურვილს. და რადგან ჭაბუკს არავითარი სოციალური და პოლიტიკური იდეა არ იტაცებდა და მთელი მისი ფიქრები ხელოვნებისაკენ იყო მიპყრობილი, სავსებით ბუნებრივია, რომ მისმა ამბოხმა ფერწერაში იჩინა თავი. ჯერ კიდევ კუტიურის სახელოსნოში მეცადინეობის დროს ვერ ურიგდებოდა იგი თავისი მასწავლებლის მეთოდებს და უმხედრდებოდა მათ, რითაც ამხანაგების აღტაცებას იწვევდა.

***

მანესთვის უცხო იყო კურბეს რეალიზმი. იგი აღიზიანებდა მანეს თავისი „მდაბიურობით“. კურბეს სურათები მარტლაც ვულგარული უნდა სჩვენებოდა ადამიანს, რომელსაც ფერწერის მდიდარი კულტურა ჰქონდა და მსხვილი ბურჟუასთვის დამახასიათებელი მაღალი წრის სინატიფე ახლდა. და, მართლაც, მანეს რეალიზმის უკან დიდი კულტურა იდგა: ველასკესი და გოია, რაფაელი და ფრანც ჰალსი - თითოეული მათგანის ანარეკლი მეტ-ნაკლებად იგრძნობოდა მის კომპოზიციებში. კურბეს ეგონა, თითქოს იგი ობიექტურად გადმოგვცემდა სინამდვილეს და თითქოს სწორედ მისი სინამდვილე იყო ჭეშმარიტება. მანე კი, პირიქით, მთელ თავის გამოცდილებას და ოსტატობას იმას ახმარდა, რომ თავისებურად განემარტა და გადმოეცა ის სინამდვილე, რასაც ხატავდა.

***

მანეს სძულდა აკადემია, მაგრამ არც აკადემიის ისეთი მოწინააღმდეგეები უყვარდა, როგორიც იყვნენ დელაკრუა და კურბე.

***

1867 წელს, როდესაც მანემ საკუთარი გამოფენა მოაწყო მსოფლიო გამოფენის გვერდით, რომელმაც უარი თქვა მისი სურათების მიღებაზე, თავისი კატალოგის წინასიტყვაობაში წერდა:

„ბ-ნ მანეს პროტესტის გამოხატვა არ ჰქონია მიზნად. პირიქით, პროტესტი სხვებმა განაცხადეს, რასაც იგი არ მოელოდა. პროტესტს აცხადებენ ადამიანები, რომლებიც ფერწერის ფორმების, ხერხებისა და ასპექტების ტრადიციულ გაგებაზე არიან აღზრდილნი და სხვა გაგებას არ ცნობენ. მათ გულუბრყვილო შეუწყნარებლობა გამოიჩინეს. მათი ფორმულების გარეშე არაფერს არა აქვს მათ თვალში ფასი და ისინი არა მარტო კრიტიკოსებად, არამედ მოწინააღმდეგეებადაც კი იქცნენ, თანაც აქტიურ მოწინააღმდეგეებად... ბ-ნი მანე ყოველთვის აღიარებდა ნიჭს იქ, სადაც მას ხედავდა, და არასოდეს არ ჰქონია იმის პრეტენზია, რომ გაენადგურებინა წინანდელი ფერწერა ანდა ახალი ფერწერა შეექმნა. მას, უბრალოდ, უნდოდა იმადვე დარჩენილიყო, რაც არის, და სხვა ვინმედ არ ქცეულიყო...“

***

ედუარდ მანე - ”საუზმე ბალახზე”, 1863წ.
1863 წელს, ოცდათერთმეტ წელს რომ მიაღწია, მანემ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, რამაც გავლენა მოახდინა მთელ მის ცხოვრებაზე: ამ წელს მან „განკიცხულთა სალონში“ გამოფინა თავისი „საუზმე ბალახზე“ (1863წ.)

ედუარდ მანე - ”ოლიმპია”, 1863წ.
ხოლო ამის შემდეგ დიდხანს არ გაუვლია და დახატა სურათი, რომელიც სამუდამოდ დარჩას მის „ვენერად“, მის საუკეთესო ნაწარმოებად და იქნებ - შედევრადაც. ეს სურათია „ოლიმპია“ (1863წ.).

***

ფრანსისკო გოია - შიშველი მახა, 1797-1800წწ.
ამბობდნენ, მანეს შთაგონების წყარო გოია იყოო. მართლაც შეიძლება მათ შორის ნათესაობა იპოვოს კაცმა, მაგრამ ეს ნათესაობა წმინდა მორალური ხასიათისაა. „შიშველი მახა“ - არის ქალი, რომელიც მამაკაცს სთავაზობს თავს და ამავე დროს ოდნავ დასცინის თავის თვალთმაქცურ მორცხვობას. „ოლიმპიაც“ სთავაზობს თავს, ოღონდ მასში იოტის ოდენა ჭეშმარიტ თუ თვალთმაქცურ მორცხვობასაც კი ვერ დაინახავთ; იგი სრულიად აშკარად, თუ გნებავთ - ნატურალისტურადაც კი სთავაზობს თავს. 

ჯორჯონე, ტიციანი, ველასკესი, დელაკრუა და კურბე მეტ-ნაკლები რეალისტურობით ხატავდნენ შიშველ ქალს, მაგრამ ყოველთვის ისე ხატავდნენ, როგორც ამას ქალის სილამაზეზე დაკანონებული შეხედულება მოითხოვდა. ამ პირობითობას გოიაც ემორჩილებოდა.. მანემ კი, პირიქით, არაფრად ჩააგდო ეს შეხედულება.

სავსებით შესაძლებელია, რომ ვიქტორინა მიორანის სიშიშვლე გაცილებით უფრო მშვნიერი იყო მანეს მიერ „ოლიმპიაში“ ასახულ სიშიშვლესთან შედარებით („ბალახზე საუზმეში“ იგი ბევრად უფრო ცოცხალია). „ოლიმპიაში“ მხატვარმა შიშველი სხეული იმ კუთხით დაგვიხატა, რაც საშუალებას აძლევდა მას - სხეულის მთელი მასა ერთ სიბრტყეზე ეჩვენებინა ჩვენთვის და არავითარი რელიეფი ან ნახევარრელიეფი არ გამოეყენებინა.

***
ედუარდ მანე - იმპერატორ მაქსიმილიანის სიკვდილით დასჯა, 1868-1869წწ.
სურათში - „იმპერატორ მაქსიმილიანის სიკვდილით დასჯა“ - სადაც მანემ თავისი დროის ამბავი ასახა, მისი შთაგონების წყარო გოიას „3 მაისის დახვრეტა“ იყო.

ფრანსისკო გოია - 3 მაისის დახვრეტა, 1814წ.
***
პარიზში ყველა იცნობდა მანეს, როგორც დენდის, თავაზიან, მომხიბვლელ, ელეგენატურ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ოდნავ ირონიულად იღიმებოდა. როგორც რენუარმა თქვა, ეს იყო „მზით აღსავსე სული“.

***

მანეს მეგობარი შარლ ბოდლერი, რომელიც კეთილად იყო განწყობილი მისი ხელოვნებისადმი, იწონებდა მის „ესპანიზმს“ - ერთ-ერთ ყველაზე უფრო სუსტ ელემენტს მის ხელოვნებასი; იგი იცავდა მანეს, როდესაც მას მიმბაძველობას სდებდნენ ბრალად, და ამტკიცებდა - გოიასთან მისი სიახლოვე უბრალო დამთხვევააო. მაგრამ 1855 წელს მანესადმი გაგზავნილ წერილში (რომლითაც მას სურდა გაემხნევებინა მხატვარი, რომელსაც განმქიქებელნი გააფთრებით ესხმოდნენ თავს), ურჩევს მანეს - შატობრიანისა და ვანგრისაგან აიღე მაგალითიო.

„ყველაზე მეტად თქვენა ხართ დამნაშავე, რომ თქვენი ხელოვნება დაძაბუნდა“, - სწერდა იგი მანეს.

ამით ბოდლერს იმის თქმა სურდა, რომ შატობრიანი და ვაგნერი მომავალს ეკუთვნიან, მანე კი წარსულსო.

უცნაურია, როგორ მოუვიდა ბოდლერის კრიტიკულ გენიას ასეტი შეცდომა. მოგვიანებით, ქ-ნ პოლ მორისთან გაგზავნილ წერილში, ბოდლერი მანეზე ამბობს:

„მანეს ისეთი ბრწყინვალე ნიჭი აქვს, რომ საკუთარი თავისადმი რწმენის დაკარგვა უბედურება იქნება მისთვის. იგი ვერასოდეს ვერ შეძლებს ბოლომდე აანაზღაუროს თავისი ტემპერამენტის ნაკლულოვანება, მაგრამ მას აქვს ტემპერამენტი“.

[...]

მეტი გაბედულებითა და რწმენით წერდა მანეზე 1866 და 1867 წლებში ემილ ზოლა (და მის შეხედულებას მისი მეგობარი პოლ სეზანიც იზიარებდა):

„მისი რწმენის სიმბოლო ცნობილია: „სიტყვა რეალისტური არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის. რეალობას მე ტემპერამენტს ვუმორჩილებ. სიმართლე ხატეთ და მე ტაშს დაგიკრავთ; მთავარი კი ის არის, რომ დამოუკიდებლად და ცოცხლად ხატოთ! და მაშინ უფრო მეტად დაგიკრავთ ტაშს“.

***

„ერთი შეხედვით, ედუარდ მანეს ტილო ოდნავ ტლანქი გეჩვენებათ. ჩვენ არა ვართ შეჩვეულნი, რომ ასე უბრალოდ და გულწრფელად გადმოცემულ სინამდვილეს ვუყუროთ. გარდა ამისა, როგორც უკვე ვთქვი, მოულოდნელი გეჩვენება რაღაცნაირი ელეგანტური მოუხეშაობა. თავდაპირველად თვალი ფართოდ წასმული ფერების გარდა ვერაფერს ხედავს, მაგრამ მალე საგნები უვკე გარკვევით ჩნდებიან ტილოზე და თავ-თავიანთ ადგილს იკავებენ. რამდენიმე წამის შემდეგ კი უკვე სრული ძალით ვლინდება მთელი სურათი და მაშინ ჭეშმარიტ ნეტარებას გრძნობ ამ ნათელი და მკაცრი ფერწერის შემყურე, რომელიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, რბილი სიუხეშით გადმოგცემს ნატურას. სურათს რომ უახლოვდები, ხედავ, რომ ამ ტექნიკას ნატიფი უფრო ეთქმის, ვიდრე უხეში; მხატვარი უხეშ ფუნჯს იყენებს, მაგრამ ძალიან ფრთხილად ხმარობს მას. აქ არ არის ერთმანეთზე დახვავებული საღებავები, ჩვენს წინაშე მხოლოდ სწორი ფენაა. ეს თამამი კაცი, რომელსაც დასცინოდნენ, ძალიან ფაქიზ ხერხებს იყენებს და, თუ მისი ქმნილებები განსაკუთრებული ხასიათისაა, ეს ნატურის აღქმისა და გადმოცემის სრულიად ინდივიდუალური მანერით არის განპირობებული“, - ემილ ზოლა ედუარდ მანეს შესახებ.

***

ედუარდ მანე - რკინიგზა, 1873წ.
მანეს მეგობარი, ანტონინ პრუსტი, იგონებს:

„მანეს ძალიან მახვილი თვალი ჰქონდა; პარიზში არ ყოფილა მოსეირნე, ვისთვისაც სეირნობას ამდენი სარგებლობა მოეტანოს... იგი ბლოკნოტში იხატავდა ყოველ წვრილმანს:

ვინმეს პროფილს ან ქუდს - ერთი სიტყვით,ყოველნაირ უეცარ შთაბეჭდილებას, ხოლო მეორე დღეს, როდესაც მისი ამხანაგი, რომელიც ამ ბლოკნოტს ფურცლავდა, ეტყოდა: „აი ეს უნდა დაგემთავრებინაო“, იგი სიცილით კვდებოდა: „შენ მე რომელიმე ისტორიული მხატვარი ხომ არ გგონივარო?“.

„ისტორიული მხატვარი“ მომაკვდინებელი შეურაცხყოფა იყო მის თვალში. ამაზე დიდი შეურაცხყოფის მიყენება მხატვრისთვის, მისი აზრით, აღარ შეიძლებოდა.

„ისტორიული ფიგურების ხატვა გამოთაყვანებაა! - დასძენდა იგი, - განა შეიძლება ადამიანი მონადირის მოწმობის მიხედვით დახატო? არსებობს მხოლოდ ერთი ნამდვილი ჭეშმარიტება - ხელადვე ჩახატო ის, რასაც ხედავ. თუ გამოვიდა, ხომ კარგი, თუ არა და - თავიდან დაიწყე. სხვა ყველაფერი სისულელეა“.

***

ედუარდ მანე - პლაჟზე, 1873წ.
მანეს მშობლებს აგარაკი ჰქონდათ ჟენვილში, სენის ნაპირას. ერთხელ, იქ ყოფნის დროს, მანეს პრუსტისთვის უთქვამს:

„სურთ, რომ შიშველი ნატურა დავხატო. კეთილი, დავხატა. ოღონდ გამჭვირვალე ატმოსფეროში, ისეთსავე ადამიანებს შორის, რომლებსაც აქ ვხედავ. ვიცი, რომ ლანძღვას დამიწყებენ, მაგრამ რაც უნდათ ისა თქვან“.

ამის შემდეგ დიდ ხანს არ გაუვლია და - მანემ დახატა დიდი სურათი „საუზმე ბალახზე“.

***
ედუარდ მანე - მკვდარი ტორერო, 1864-1865წწ.
„ხარების ბრძოლა“, რომელიც 1864 წლის სალონში იყო გამოფენილი, მკაცრად გააკრიტიკეს პერსპექტივის დამახინჯების გამო და მაშინ მანემ საკუთარი ხელიით გაანადგურა თავისი სურათი. სამაგიეროდ, ამ სურათის ფრაგმენტი - „მკვდარი ტორერო“ ფერწერის დიდებული ფრაგმენტია. 

კიდევ ერთი მაგალითი: 1867 წლის 18 ივნისს მექსიკაში დახვრიტეს იმპერატორი მაქსიმილიანე. ამ თემამ აცდუნა მანე და მან ხუთჯერ გაიმეორა იგი - სამი სურათი გააკეთა ამ თემაზე, ერთი ესკიზი და ერთი ლითოგრაფია. მაგრამ კომპოზიცია ვერ გამოუვიდა თვით უკანასკნელ სურათშიც კი, ხოლო ყველაზე უფრო დამუშავებული ვარიანტი (რასაც ფრაგმენტები მოწმობენ) ნაფლეთებად აქცია.

ლონდონის ნაციონალურ გალერეაში არის ამ სურათის ფრაგმენტი: „ჯარისკაცი, რომელიც თავის იარაღს ამოწმებს“ (1867) - რაც ცხოვრებისეული და ფერწერული ძალის და წმინდა ხელოვნების ნამდვილ სასწაულს წარმოადგენს.

***

ედუარდ მანე - ბარი ფოლი-ბერჟესი, 1881წ.
1874 წელს, როდესაც სალონში სურათების გამოფენაზე უარი უთხრეს, მონემ, რენუარმა, პისარომ, ბერტა მორიზომ, სეზანმა და დეგამ ცალკე გამოფენა მოაწყვეს, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია. ამ დროიდან მათ „იმპრესიონისტები“ შეარქვეს.

ედუარდ მანე - ბარი ფოლი-ბერჟესი, 1882წ.
ედუარდ მანემ არ ისურვა შეერთებოდა იმპრესიონისტებს და სალონში განაგრძო ბრძოლა. 1873 წელს მანემ სალონში გამოფინა სურათი „ჩიბუხიანი კაცი ლუდით სავსე ჭიქით“, რამაც პირველი დიდი საყოველთაო აღიარება არგუნა მას.

***

ედუარდ მანე - მუსიკა ტიურილიის ბაღში, 1862წ.
ედუარდ მანე გარდაიცვალა 1883 წლის 30 აპრილს. მის დაკრძალვას დიდძალი ხალხი დაესწრო. „მანე უფრო დიდი იყო, ვიდრე ჩვენ გვეგონაო“, თქვა დეგამ. 

1884 წლის იანვარში, სახვით ხელოვნებათა აკადემიამ, რომელიც ასე მტრულად იყო განწყობილი მანესადმი მის სიცოცხლეში, მანეს ნაწარმოებების დიდი გამოფენა მოაწყო.

1890 წელს, კლოდ მონეს ინიციატივით, „ოლიმპია“ საჯარო ხელისმოწერით შეიძინეს და საჩუქრად გადასცეს სახელმწიფოს. ხოლო 1907 წელს, კლემანსოს განკარგულებით, იგი ლუვრში გამოფენის.

თუმცა, ეს ნაგვიანები აღიარება იყო.


ლიონელო ვენტური - მანედა-ლოტრეკამდე
თარგმნა ლილი კალანდაძემ
გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.