გიორგი კვინიტაძე - ჩემი მოგონებები 1917-1921

საქართველოს რუსიფიკაცია მიმდინარეობდა ცხოვრების ყველა სფეროში: სასამართლო, ადმინისტრაცია, სასწავლო დაწესებულებები - ყველაფერი, ყველაფერი გარუსებული იყო. იქამდეც კი მივიდნენ, რომ აიკრძალა ბავშვების მონათვლა ხალხის სათაყვანებელი სახელებით, როგორიცაა, ვთქვათ, ვახტანგი, თამარი, რუსუდანი, ირაკლი და ა.შ. ხალხი იძულებული იყო, ბავშვები მოენათლა სახელებით - ოლღა, ალექსანდრე და სხვ.

***

მენშევიკთა პარტია გაბატონებული იყო. მათ მიაღწიეს, რომ ჩვენი დამფუძნებელი საკრებულოს შემადგენლობის 90% მენშევიკები იყვნენ. ამ წარმმართველ, ინტერნაციონალურ იდეებზე აღზრდილ და აღმზრდელ პარტიას თანდათანობით გარშემო შემოკრებილი ხალხისგან თითქოს თვითონაც გადაედო ეროვნული იდეები. მეზობელ ხალხებთან ომი მხოლოდ ხელს უწყობდა ქვეყანაში პატრიოტიზმის განმტკიცებას. დამახასიათებელია ერთი ნიშანდობლივი გარემოება, რასაც დუმილით გვერდს ვერ ავუვლი. რევოლუციის დასაწყისში, კავკასიაში, რუსეთის უმაღლესი წარმომადგენლობის სასახლეზე, რომელცი დამფუძნებელ საკრებულად გადაიქცა, წითელი დროშა ფრიალებდა - რევოლუციისა და ინტერნაციონალიზმის ნიშანი. შემდეგ მას დაემატა ორი პატარა ეროვნული დროშა, რომელთა თავზე ლივლივებდა დიდი წითელი დროშა. და ბოლოს, ყველა შეცვალა დიდმა ეროვნულმა დროშამ; დროშების ეს თანდათანობით ცვლა თითქოს ნიშანდობლივი მაჩვენებელი იყო ჩვენს მმართველ წრეებში ეროვნულობის იდეების შემოჭრისა. იმის თქმა როდი მინდა, რომ მმართველი წრეები გადასხვაფერდნენ. სულაც არა, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ გარემოებათა ძალით, თვით ცხოვრებამ დააყენა ისინი სწორ გზაზე, თუმცა კვლავ ინტერნაციონალური იდეები შერჩათ და გულისტკივილით მიდიოდნენ დათმობებზე - უბრალოდ, უარს ვეღარ ამბობდნენ.

***

მათათბირებდნენ, ჩემს თანამდებობაზე დავრჩენილიყავი - ჯერ გენერალ ოდიშელიძის ჩამოსვლამდე, მერე - როგორც სამხედრო საბჭოს წევრი. სხვათა შორის, ეს საბჭო არც არსებობდა. ვერაფრით ვერ დავარწმუნე ეს ხალხი, რომ მთავარსარდლის თანამდებობიდან მხოლოდ თადარიგში შეიძლება გასვლა; ასეა თუ ისე, მტკიცედ მოვითხოვდი, უარი არ ეთქვათ. მაშინ ნ. რამიშვილმა თავს უფლება მისცა განეცხადებინა: „გენერალო, ამ დღეებში შემოვიღებთ შრომით ვალდებულებას და ამ ვალდებულებით გაიძულებთ იმსახუროთ“. როგორ მოგწონთ? ასეთი რამ ბოლშევიკებსაც კი არ მოსვლიათ აზრად. უმაღლესი ჩინის სამხედროებს იწვევდნენ და ძველი რეჟიმისდაგვარად უწყობდნენ ცხოვრებას; მათ გადაბირებას ცდილობდნენ და შრომითი ვალდებულება ამ ხალხის წინააღმდეგ არასოდეს გამოუყენებიათ, რადგან მშვენივრად ესმოდათ; ამ თანამდებობაზე იძულებით კი არა, გულით უნდა იმუშაო. ნ. რამიშვილის მეთოდის მიხედვით კი სულ იოლი იქნებოდა, ისეთი თანამდებობის პირები, როგორებიც იყვნენ მთავარსარდალი და სამხედრო მინისტრის მოადგილე, კახპებად გადაგექცია. „აი, სწორედ ეს ვითარება მაიძულებს, რომ უსათუოდ გავიდე თადარიგში, რადგან ამგვარი წესებით ყოვლად შეუძლებელია სამსახური“, - მივუგე და სხდომიდან წავედი. მაგრამ ნ. რამიშვილს თავისი თვალსაზრისი აქვს და თავისებურად წყვეტს ყველა საკითხს; რასაკვირველია, ეს არ ეხება მათ პარტიასა და პარტიულ ურთიერთობებს; სხვებთან კი მისი მეთოდია დაშინება, ყოველგვარ რთულ საკითხს დაპატიმრებით წყვეტს, პირწავარდნილი შჩედრინისეული გუბერნატორი. იმის მიუხედავად, რომ კატეგორიულად მსურდა გადადგომა, მთავრობამ ნ. რამიშვილის თავმჯდომარეობით დამნიშნა არარსებული სამხედრო საბჭოს წევრად.

***

კავკასიის ფროტნის მიერ დატოვებული და მიტოვებული ქონება დასაცავად მთლიანად ბარდებოდა გვარდიას, რომელიც, როგორც მოგახსენეთ, ქვეყანაში მართლწესრიგის სადარაჯოზე იდგა. მაგრამ დაცვა გვარდიას საკმაოდ თავისებურად ესმოდა. ყველაფერი, რაც ხელში ჩაუვარდებოდათ, თავის საკუთრებად მიაჩნდა და შემდგომში ვერანაირი ძალით ვერ გამოგლეჯდი ხელიდან. აი, უფრო მკაფიო მაგალითი: ორი წლის შემდეგ, როცა სამხედრო სკოლის უფროსი ვიყავი, ერთ-ერთ კომისიაში მონაწილეობისას გვარდიელთა საწყობში ვნახე კოლტის ნიმუშის ტყვიამფრქვევები და საარტილერიო სათვალთვალოები. იქვე მყოფ ვ. ჯუღელს ვთხოვე, თითო ცალი გადაეცა სკოლისთვის, იუნკერებისა და ჯარისკაცების საწვრთნელად, რადგან ამგვარი ნიმუშები სკოლაში არ მოგვეპოვებოდა. პასუხად უარი მივიღე. ასე ითვისებდნენ გვარდიელები ქონებას, რომელსაც იბარებდნენ, რათა შემდგომ საერთოდ საქმისთვის გამოგვეყენებინა. მაგრამ მერე ისაკუთრებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ დანარჩენი ქონების მემკვიდრეებიც თვითონ იყვნენ.

***

1919 წელს საქართველოს მთავრობამ რუსულ ენაზე გამოსცა წიგნი „ქართულ-სომხური ურთიერთობის ისტორიიდან“, რომელიც 1955 წელს, ემიგრაციაში ყოფნისას ჩამივარდა ხელში. მოგონებებს ვამზადებდი გამოსაცემად და აუცილებლად მივიჩნიე, რამდენიმე სიტყვა დამემატებინა ამ წიგნზე დაყრდნობით. სომხებთან მოლაპარაკებას წარმართავდა სოსიკო მდივანი, ხელმოცარული დიპლომატი, რომელიც 1918 წელს სომხეთში მოღვაწეობდა, 1921 წელს - თურქეთში. სწორედ მან გადასცა ბათუმი თურქებს. ამ წიგნის მიხედვით ირკვევა, რომ ჩვენი ლიდერები 1917 წლიდან პირდებოდნენ სომხებს საქართველოს იმ რაიონებს, სადაც უმრავლესობას სომხები შეადგენდნენ. ეს ალბათ იყო შედეგი ხალხთა თვითგამორკვევის ცუდად გაგებული და არასწორად გამოყენებული პრინციპისა. საქმე ისაა, რომ საქართველო ოდითგან იფარებდა თურქეთიდან გამოქცეულ სომხებს, ისევე, როგორც ახლა იფარებს ყველა ქვეყანა რუსეთიდან გამოქცეულებს. რასაკვირველია, შეიძლება დავთანხმებოდით საქართველოდან სოხმების გადასვლას ახალშექმნილ სამშობლოში, მაგრამ ვერ დავეთანხმებოდით გაცემას ტერიტორიებისა, რომლებიც მუდამ საქართველოს სახელმწიფოს ნაწილი იყო.

რაც შეეხება საქართველოს მხრიდან ომისთვის მზადებას, ასეთი რამ საერთოდ არ ყოფილა, არც საგარეო პოლიტიკაში და არც სამხედრო თვალსაზრისით. სომხებმა ეს კარგად იცოდნენ და რაკიღა ომისთვის უკვე მზად იყვნენ, იმედი ჰქონდათ, რომ უცებ მიიტაცებდნენ სასურველ რაიონებს; იმასაც სწორად ვარაუდობდნენ, ანტანტის წარმომადგენლები ომს შეაჩერებენო. ან იქნებ ამაზე წინასწარვე იყვნენ შეთანხმებულები.

დედაქალაქიდან 60-80 ვერსის დაშორებით 8 დეკემბრიდან იღვრებოდა ქართველთა სისხლი, მობილიზაცია კი მხოლოდ 18 დეკემბერს დაიწყო, მეტსაც გეტყვით, 12 დეკემბერს განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნა სახალხო გვარდიის მიერ არსენალის აღების დღე; როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ამ დღეს კიდევ უფრო სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, ეკატერინენფელდიდან, სამხედრო მოქმედებათა თეატრიდან, თურმე ცხენოსანთა გვარდია იხმეს თბილისში.

***

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ეპოპეისას ამ ქალაქის დაცვას უმთავრესად დასავლეთ საქართველო გამოეხმაურა; სომხებთან ომს კი - მთელი საქართველო. ომი ერთობ პოპულარული გამოდგა, თბილისთან მტრის სიახლოვე და ჩვენი ხელმოცარვა მხოლოდ აღაგზნებდა და გულს უნთებდა ხალხს.

***

გენერალი მაზნიაშვილი მამაცი კაცია. რამდენჯერმე მინახავს ტყვიის ზუზუნში და გადაჭრით შემიძლია ამის თქმა. ერთობ არასასურველ ვითარებაშიც მამაცია, მაგრამ თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორედ ესაა მისი ნაკლი - მოჭარბებული სიმამამაცე. ხშირად გადადებს ხოლმე თავს. ხშირად მოქცეულა ისე, რომ შეიძლებოდა თავი წაეგო და ხელიდან გამოგვცლოდა ისეთი კაცი, რომლის დაკარგვაც დიდ ზიანს მოგვიტანდა. აქაც, ცხენებიდან რომ ჩამოვხტით და აღმართს შევუდექით, ჯიუტად მიუყვებოდა თხემს. ვსაყვედურობდი, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე, თავისი გაიტანა - საარტილერიო ცეცხლი გაგვიხსნეს იმ მაღლობზე, საიდანაც ვათვალიერებდით. დიდი სიფრთხილე გვმართებდა. ერთი ჭურვი სწორედ ჩემ წინ, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დაეცა და თავიდან ფეხებამდე მიწით ამოვიგანგლე. ეს გინდოდა-მეთქი, ვუყვირე მაზნიაშვილს და მაშინღა ჩამოვიდა თხემიდან. მადლობა ღმერთს, არც ერთი არ დავშავებულვართ.

***

მთავრობა - პოლიტიკური და პირადი მოსაზრებებით - არაფრისდიდებით, არასოდეს არ შემომთავაზებდა არც სამხედრო მინისტრის თანაშემწეობას, არც რამე ისეთ თანამდებობას, შეიარაღებულ ძალთა სათავეში რომ მომაქცევდა; ამას თუ მაინც გააკეთებდა, მხოლოდ განსაკუთრებულ, გამოუვალ მდგომარეობაში. შემდგომ მთავრობის დამოკიდებულება ჩემს მიმართ მუდამ ადასტურებდა, და დღესაც ადასტურებს, რომ სავსებით სწორი ვიყავი.

***

ნებისმიერ გეგმას ყველაზე უკეთ ასრულებს ან მისი შემქმნელი, ან ის, ვინც ამ გეგმას თანაუგრძნობს და მოსწონს.

***

ორ საკითხზე მინდა შევჩერდე. ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლში ყოფნისას გამოითქვა მოსაზრება, რომ თბილისი არ უნდა დაგვეტოვებინა და რომ არსებობს დოკუმენტური მონაცემები მტრის მიერ თბილისის დატოვების თაობაზე გაცემული ბრძანების შესახებ. ეს ხმები დამფუძნებელი სათათბიროს წევრებისა და პოლიტიკური მოღვაწეებისგან წამოვიდა; განსაკუთრებით ასახელებდნენ გ. ხომერიკს, რომელიც ამტკიცებდა, ეს საბუთი მალე ხელთ გექნებათო. ასეთი ბრძანება არ არსებობდა.

[...]

ამ ხმების გავრცელებას თავისი მიზეზი ჰქონდა. სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც საქართველოს სამი წელი მართავდა, დამნაშავე იყო, რომ ქვეყანა ვერც საგარეო პოლიტიკური (ავალოვის წიგნი „დამოუკიდებელი საქართველო“) და ვერც სამხედრო ომისთვის ვერ მოამზადა. არ არსებობდა თავდაცვის, სწორი მობილიზაციის გეგმა, არ გააჩნდათ ტანსაცმელი, სურსათი, სამხედრო მასალა და ა.შ. და რაც მთავარია, გვარდია (24 ბატალიონი) ჩამოყალიბებული იყო არმიის (12 ბატალიონი) საზიანოდ. მათ თავიანთი დანაშაულის სხვაზე - სამხედრო ხელმძღვანელობაზე გადაბრალება სურდათ.

მეორე საკითხი თბილისის დატოვებას ეხება. ნ. რამიშვილმა უკვე პარიზში, კერძო საუბრისას მითხრა, თბილისის დატოვება თქვენ და ნოე ჟორდანიას გაწევთ ცოდვადო. თბილისის დატოვების საკითხი სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს კისერზეა, რომელმაც ორჯერ პრინციპულად გადაწყვიტა ის, ანუ დედაქალაქის დატოვება ბრძოლის შეწყვეტად და ქვეყნის დამარცხებად არ მიიჩნია. ამ გადაწყვეტილების შედეგად ჯარი უნდა გადაგვერჩინა, რადგან ბრძოლის გაგრძელება მხოლოდ მისი საშუალებით შეგვეძლო, ხოლო ქალაქი უნდა დაგვეთმო. რაც შეეხება დასატოვებლად დროის შერჩევას, ეს საკითხი სამხედრო ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, რადგან მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს ჯარის გადასარჩნად შესაფერისი დრო.

გადაწყვეტილება დროული იყო; მხოლოდ 25 თებერვლამდე შეიძლებოდა ჯარის გადარჩენა; 25 თებერვალს დილა უკვე დაგვიანებული იქნებოდა. თბილისიდან ახლობლებმა მომწერეს, როგორ შეაფასა გეკერმა თბილისიდან უკანდახევა: „უკანდახევაზე ჯილდოებს რომ იძლეოდნენ, გენერალმა კვინიტაძემ ამ უკანდახევისთვის ყველა ჯილდო დაიმსახურაო“.

[...]

ერთი რამ მინდა დავამატო. უცხოურ ლეგიონში მყოფმა კაპიტანმა, თავადმა ივანე ვაჩნაძემ პარიზში შვებულებისას მიამბო, ლეგიონში საქმიან ქაღალდებს ვათვალიერებდი და ერთი რუსის მიმოწერას წავაწყდი, თბილისში რომ მსახურობდაო. ამ ქაღალდებში ჩემი გვარი იყო ნახსენები. თურმე თბილისის დატოვებას დროულ და მარჯვე უკანდახევად მიიჩნევდნენ, რომლის დროსაც არცერთი ქვემეხი და თოფი არ დარჩნილა.

***

ხშირად შემინიშნავს ერთი საეჭვო მოვლენა. გვარდიელები რუსებთან ბრძოლაზე უარს აცხადებდნენ. ასე მოხდა 1920 წელს წითელ ხიდთან; იგივე განმეორდა ლაგოდეხის მიმართულებით, სადაც მათ რუსებთან დაძმობილება დაიწყეს; იგივე მოხდა 1921 წელს წითელ ხიდზე, სადაც სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე გვარდიელები მტერს ემეგობრებოდნენ (საგუშაგოს უფროსი მოწინააღმდეგესთან ჩაის მიირთმევდა). საგულისხმოა ტაბახმელას ფრონტზე გვარდიელებს შორის გამართული საუბარი, რომელიც ერტმა ოფიცერმა შემთხვევით მოისმინა. გარდა ამისა, ჩემთვის ცნობილია, რომ ომის დაწყების წინ, ერთმა ქალბატონმა მესანგრეთა ყაზარმებიდან გავლისას, იქ შეკრებილ გვარდიელებს ჰკითხა: „ბოლშევიკების არ გეშინიათო?“ მათ კი უპასუხეს: „რისი უნდა გვეშინოდეს? ჩვენ ყველანი ბოლშევიკები ვართო“. ყოველივე ეს გვარდიელების განწყობაზე მიგვანიშნებს.

***

მთავრობაში არეულობა სუფევდა. მთავრობის თავმჯდომარისგან მხოლოდ აქ შევიტყვე, რომ თურქებს მათი ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ ართვინის ოლქი და არდაგანი დავუთმეთ. გამოკვეთილად უნდა აღვნიშნო: მთავარსარდალმა არაფერი იცოდა თურქებთან გამართული მოლაპარაკების შესახებ. ხელისუფლების აზრით, სამხედრო, თუნდაც მთავარსარდალი, პოლიტიკური საკითხების განხილვისას ზედმეტი იყო. ამიტომ თურქებს ჩვენს საზღვრებში, განსაკუტრებით ბათუმში, გამოჩენა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი გახლდათ. ბათუმში ჩამოსულს ამ ციხესიმაგრის დასაცავად მომზადება მსურდა; ეს ჩვენი უკანასკნელი საყრდენი იყო და რადგან ზღვის მხრიდან გზა თავისუფალი გვქონდა, რესურსებს გარედან მივიღებდით და თავდაცვას გავაგრძელებდით. მაგრამ ბათუმში ფარული, თუმცა უთუოდ ბოლშევიკების მოკავშირე თურქი ჯარის ყოფნა, ამ შესაძლებლობას ხელიდან გვაცლიდა. მთავარსარდალს ამ მოლაპარაკებების შესახებ წინასწარ რომ სცოდნოდა, შესაძლებელი იქნებოდა თურქები აჭარის წყალთან და ჭოროხის ხიდზე გაგვეჩერებინა. ამასობაში კი თურქები უკვე ბათუმის ოლქში შემოვიდნენ და ახალციხეში გადავიდნენ. ბათუმშიც ჩემს უნებართვოდ შემოვიდნენ და ბარცხანას ფორტში დაბინავდნენ. ბათუმის ციხესიმაგრის დაცვა შეუძლებელი გახდა, რადგან მტერი შიგნით იმყოფებოდა; რუსეთის მოკავშირე თურქეთს სხვანაირად ვერ აღიქვამდი.

ბათუმში რომ ჩამოვედი, თურქების პატრული უკვე ქალაქში დადიოდა. უცნაური მდგომარეობა შეიქმნა. კომენდანტს ვკითხე, ამის ნება რატომ დართეთ მეთქი. მიპასუხა, თურქებმა პატრულირება იმიტომ დააწესეს, რაიმე უწესრიგობა არ მოხდესო. ყაზიმ-ბეი მოვითხოვე და პატრულირების შეწყვეტა ვთხოვე. მან პასუხს თავი აარიდა. მაშინ ჩვენი პატრულის გამოყვანა ვბრძანე და ახლა ჩვენი ჯარისკაცები თურქების პატრულს უკან ჯგუფებად დაყვებოდნენ. ამავდროულად, ფორტების დაკავება დავიწყე, თურქებს ჩვენს მტრებად ვთვლიდი, ყაზიმ-ბეის სურვილიც გამოვიცანი - მას ბათუმის ხელში ჩაგდება უნდოდა.

თურქი ჯარის შესახებ მთავრობის თავმჯდომარეს ვესაუბრე. ბათუმში მათი ყოფნის მიზეზი მან საკმაოდ ბუნდოვნად ამიხსნა. მთავრობის წევრებს აინტერესებდათ, შევიდნენ თუ არა ბოლშევიკები ახალციხეში და შემდეგ ხულოში; იქ მათ თურქების ნაწილები ეგულებოდათ და გულწრფელად სწამდათ, რომ მათი იქ ყოფნა ბოლშევიკების შეტევას შეაჩერებდა. საოცარი შორსმჭვრეტელობაა, ვერაფერს იტყვი.

***

ბათუმში მთავრობისადმი მეტად მტრული დამოკიდებულება შეიქმნა. ჩემთან უამრავი ხალხი მოდიოდა, მათ შორის პოლიტიკური მოღვაწეებიც და მეუბნებოდნენ, მთავრობამ ხალხს უღალატა, ქვეყნის თავდაცვაზე არ ზრუნავდაო და ა.შ. და ა.შ. ისინი მთავრობის დაპატიმრებას მოითხოვდნენ. ხალხი მოდიოდა და საიდუმლო საუბრის მიზნით აუდიენციას ითხოვდა. მოდიოდნენ ოფიცრებიც, რომლებიც იგივეს დაუფარავად, ხმამაღლა აცხადებდნენ. შეიძლება ვინმემ მისაყვედუროს, შენთან მოსული ხალხი რატომ არ დააპატიმრეო. მაგრამ მაშინაც და ახლაც მიმაჩნია, რომ შექმნილ ვითრებაში, როდესაც საერთოდ განწყობილება მეტად ამაღლებული იყო, დაპატიმრება დასაშინებელ საშუალებად არ გამოდგებოდა, პირიქით, ეს მთავრობის წინააღმდეგ საერთო სვლებს მისცემდა ბიძგს, რაც საქართველოს მთავრობისთვის არასახარბიელო იქნებოდა. ჩვენ უცხოეთის მისიები გვახლდა. მე, პირიქით, ღიმილით ვპასუხობდი, ამის ნებას არ მოგცემთ, არ იფიქროთ, პასიური მოწმის როლში დავრჩები-მეთქი. ამის ნებას ვერ მივცემდი, რადგან საკმაოდ პატიოსანი ვიყავი საიმისოდ, რომ არა მხოლოდ არ დამეშვა მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლა, არამედ თუნდაც გულგრილად მეყურებინა ამგვარი უკანონო აქტისთვის; ვერ მივცემდი მთავრობის დაპატიმრების ნებას მიცი ცხოვრების ურთულეს მომენტში, მაშინ, როდესაც იგი თავს ყველასგან მიტოვებულად თვლიდა; ამგვარი საქციელი ჩემს ხასიათს არ შეესაბამებოდა. ცხოვრების მძიმე მომენტში უარის თქმა იმ ხალხზე, ვისთანაც ბედმა დამაკავშირა, უნამუსობა იქნებოდა.

მაგრამ გასათვალისწინებელია პოლიტიკური ხასიათის სხვა გარემოებებიც. მთავრობა უნდა გადაგვერჩინა. იგი საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას განასახიერებდა. მისი დაპატიმრება არ შეიძლებოდა, ვინაიდან ჩვენი მოწინააღმდეგე ბოლშევიკები განაცხადებდნენ, მთავრობა ხალხმა ჩამოაგდოო, და მაშინ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დამოუკიდებელი საქართველოს იდეის დამცველი აღარავინ გამოჩნდებოდა. ჩვენი იდეა დამცველებს, მომხრეებს დაკარგავდა. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ბათუმში უცხო ქვეყნების - ინგლისის, იტალიის, საფრანგეთის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

***

ჩვენი ჩასვლის მოლოდინში კონსტანტინეპოლელმა ქართველებმა კომიტეტი შექმნეს, რომელშიც შედიოდნენ გენერალი მდივანი, ი. კემულარია, ძნელაძე. დანარჩენები არ მახსოვს. საჭირო იყო ჩამომსვლელთათვის შენობის გამოძებნა. გადაწყდა, ამერიკული კომიტეტისთვის ეთხოვათ დახმარება. ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ მთავრობა პარიზში მიემგზავრებოდა. მთავრობის ზოგიერთი წევრი საკონსულოში იკვებებოდა. აქვე ვიკვებებოდით მე და გენერალი ჩხეტიანი ოჯახებითურთ. სუფრასთან ხშირად ვდავობდით, ერთი მხრივ - მე, მეორე მხრივ - მმართველები. ეს ვაჟბატონები გესლიანად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას სამხედროებით. ნახეს დაბალი ღობე! ურთიერთობა სულ უფრო და უფრო იძაბებოდა. როცა შევიტყვე, რომ მთავრობა მიემგზავრება, ნ. რამიშვილს მოვახსენე ჩემი აზრი - არ ივარგებს მთავრობის სრული შემადგენლობა ერთბაშად წავიდეს და ევაკუირებულებს არ დაელოდოს-მეთქი. არ ვიცი, ამის გამო თუ სხვა მიზეზით, მაგრამ წავიდნენ მთავორიბს თავმჯდომარე, ე.გეგეჭკორი და კ.საბახტარიშვილი. ნ. რამიშვილი და კანდელაკი კონსტანტინეპოლში დარჩნენ. როცა მთავრობის თავმჯდომარე და ე.გეგეჭკორი მიემგზავრებოდნენ, სხვებთან ერთად წავედი სადგურში მათ გასაცილებლად. ასე მოვიქეცი, რადგან მიმაჩნდა, რომ მთავარსარდალმა წამსვლელი მთავრობა უნდა გააცილოს. ახლა ვნანობ ჩემს საქციელს. სადგურში მთავრობის თავმჯდომარემ გამომშვიდობებისას მითხრა: „მომწერეთ, ბატონო გიორგი, თუ რამე დაგჭირდეთ, მომწერეთ“. ასე დავშორდით ერთმანეთს.

***

ისტორიაში ამბები ხდება არა თავისთვად, არამედ იმ ადამიანთა გამოისობით, ვინც ხალხის ბედს განაგებს. ისტორიკოსებისთვის უეჭველად სასურველი და საინტერესო იქნება ცოდნა როგორც ხალხის მმართველ პირთა დახასიათებისა, ისე მათი მეთოდებისა - რა ურთიერთობები ჰქონდათ, როგორ მართავდნენ.

დაბეჯითებით ვამბობ: - სამშობლოს გულწრფელად მოყვარული და, რასაკვირველია, ჩვენი მმართველებისგან განსხვავებული ინტელექტის მქონე ხალხის ხელში საქართველოს ბედი სულ სხვაგვარად წარიმართებოდა.

თბილისი, 2014წ.