1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება და საიდუმლო პუნქტები
სანამ საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე ბრძოლები მიმდინარეობდა, ტფილისში ბოლშევიკები ხელისუფლების დასამხობად გამიზნულ საქმიანობას აგრძელებდნენ და ის კი არ იცოდნენ, რომ საქართველომ სამშვიდობა შეთანხმების მისაღწევად მოსკოვში თავისი წარმომადგენელი, გრიგოლ ურატაძე გააგზავნა. ამ შეთანხმებას ხელი 1920 წლის 7 მაისს მოეწერა, რამაც ქართველო ბოლშევიკებს რუსეთის მყისიერი ინტერვენციის იმედი მოუსპო. მათი აზრით, რუსეთმა შეცდომა დაუშვა, როცა მენშევიკურ მთავრობასთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადო, იმის მაგიერ, რომ ტფილისზე გამოელაშქრა.
ურატაძის მისია გასაიდუმლოებული იყო, ამიტომ, როცა 7 მაისს ცნობილი შეიქნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, ეს ამბავი, რამდენიმე განდობილის გარდა, ყველასთვის მოულოდნელი გამოდგა. მოლაპარაკებებმა ნაყოფიერად და დაუბრკოლებლად ჩაიარა.
7 მაისის ხელშეკრულების პირველი პუნქტი საქართველსო უპირობოდ სცნობდა. მე-2 პუნქტში რუსეთი პირდებოდა, რომ თვს შეიკავებდა საქართველოს შიდა საქმეებში ყოველგვარი ჩარევისგან. მე-3 პუნქტი ორ ქვეყანას შორის საზღვარს აწეებდა, იმ დათქმით, რომ 1922 წლის 1 იანვრამდე საქართველო-რუსეთის საზღვარზე მთის ყველა უღელტეხილის დემილიტარიზაცია მოხდებოდა. მე-4 პუნქტი საქართველოს ტერიტორიას განსაზღვრავდა და აცხადებდა, რომ რუსეთი საქართველოს კუთვნილებად აღიარებდა ნებისმიერ ტერიტორიას, რომელსაც ეს უკანასკნელი რომელიმე შეთანხმების ძალით მეზობელი ქვეყნებისგან მიიღებდა.
მე-5 პუნქტით საქართველო ადასტურებდა, რომ განაიარაღებდა ან დააკავებდა ყველა იმ სამხედრო და საზღვაო ნაწილს, რომლებიც რუსეთის მთავრობის ან მისი მოკავშირე სახელმწიფოების სახელით დაიწყებდა მოქმედებას; ასევე მოექცეოდა პირებს, ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, რომელთა მიზანი რუსეთის მთავრობისა ან მისი მოკავშირეების დამხობა იქნებოდა. „რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოებში“ აზერბაიჯანი იგულისხმებოდა, რომლის არაერთმა ლიდერმა ტფილისს შეაფარა თავი იმ იმედით, რომ საქართველოდან გააგრძელებდნენ ბოლშევიკებთან ბრძოლას. მათ გეგმებს ახლა განხორციელება აღარ ეწერა. (საქართველოსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა აზერბაიჯანის და ჩრდილოეთ კავკასიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ანტიბოლშევიკური მოძრაობის ტფილისში მყოფ წარმომადგენლებს). მეტიც, საქართველომ რუსეთს პირობა მისცა, მისთვის გადაეცა ზემოთ აღნიშნული ყველა სამხედრო შენაერთი, ორგანიზაცია თუ ჯგუფი, რითაც რუს „თეთრებსაც“ და აზერბაიჯანელებსაც იმის შესაძლებლობა წაართვა, საქართველოს ტერიტორიიდან საბჭოეთის წინააღმდეგ ორგანიზებული ბრძოლა ეწარმოებინათ.
ამ ყველაფრის სანაცვლოდ, საბჭოთა მთავრობა საქართველოს დაჰპირდა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე არ დაუშვებდა ისეთი ჯგუფებისა თუ ორგანიზაციების არსებობას, რომლებიც საქართველოს ან მისი რომელიმე ნაწილის ხელისუფლების სახელით იმოქმედებდნენ, რაც ისეთ ჯგუფებს და ორგანიზაციებს მისცემდნენ რუსეთში ყოფნის უფლებას, რომელთ მიზანი საქართველოს მთავრობის დამხობა იქნებოდა. ამასთან, რუსეთმა ქართულ მხარეს აღუთქვა, რომ თავის მოკავშირეებსაც დაიყოლიებდა, არ დაეშვათ საკუთარ საზღვრებში რაიმე სახის ანარქისტული მოღვაწეობა.
მე-10 პუნქტში საქართველო ვალდებულებას კისრულობდა, სასჯელისგან გაეთავისუფლებინა პირები, რომლებიც წარსულში რსფსრ-ის ან კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ მუშაობდნენ და მათი შემდგომი ადმინისტრაციული თუ სამართლებრივი დევნისაგანაც შეიკავებდა თავს.
მე-11 პუნქტი ორივე ქვეყანას ავალდებულებდა, პატივი ეცათ ერთმანეთის დროშისა და სახელმწიფო სიმბოლიკისთვის. უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი უნდა მინიჭებოდა თითოეული ქვეყნის ვაჭრობას მეორის ტერიტორიაზე (მე-12 პუნქტი), ახლო მომავალში კი მათ შორის სავაჭრო ხელშეკრულების დადებაც იყო გათვალისწინებული (მე-13 პუნქტი). უკანასკნელი, მე-16 პუნქტი აცხადებდა, რომ ხელშეკრულება ძალაში ხელმოწერის მომენტიდან სედიოდა და რატიფიკაცია არ ესაჭიროებოდა. საქართველოს მხრიდან მას ხელს ურატაძე აწერდა, ხოლო რუსული მხრიდან - კარახანი.
რუსულ-ქართული ხელშეკრულება დანართსაც შეიცავდა, რომელიც იმ ომს შეეხებოდა, დიპლომატიური მოსაზრებით დოკუმენტში „საქართველოს და აზერბაიჯანის კონფლიქტად“ რომ იყო მოხსენიებული. აშკარად ჩანდა, რომ რუსეთმა აზერბაიჯანის და საქართველოს საზღვარზე სამხედრო მოქმედებების განახლების გეგმაზე უარი თქვა. დანართის პირველ პუნქტში ნათქვამი იყო, რომ შერეული კომისია, რომელშიც ქართველები და აზერბაიჯანელები უნდა შესულიყვნენ, თავმჯდომარე კი რუსი უნდა ჰყოლოდა, ზაქათალის ოლქთან დაკავშირებულ დავას შეისწავლიდა და ორივე მხარისთვის მავალდებულებელ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, ხოლო სანამ ზაქათალის საკითხზე გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ამ ტერიტორიაზე არც ქართველებსა და არც აზერბაიჯანელებს დამატებითი ძალის შეყვანის ნებართვა არ ეძლეოდათ. ბოლო დათქმა რუსეთის სერიოზულ უპირატესობას ანიჭებდა, რადგან იმხენად იმ მდგომარეობაში ვერ იყო,რომ სადმე დამატებითი ძალები შეეყვანა. საქართველოს კი ეს პირობა იმის საშუალებას ართმევდა, აზერბაიჯანის საზღვართან თავისი საბრძოლო პოზიციები გაემაგრებინა.
საიდუმლო შეთანხმება
„საქართველო ვალდებულებას იღებს, რომ აღიარებს კომუნისტური პარტიის უფლებას თავისუფლად არსებობასა და მორვაწეობაზე... კერძოდ კი, შეკრებების ჩატარებისა და გამოცემათა (მათ შორის, პრესის ორგანოების) თავისუფლებას“.
არავითრ შემთხვევაში არ უნდა გატარებულიყო რეპრესიები კერძო პირების მიმართ იმის გამო, რომ ისინი პროპაგანდას და აგიტაციას ეწევიან კომუნისტური პროგრამის სასარგებლოდ, ისევე როგორც კომუნისტურ პარტიასთან დაკავშირებულ ჯგუფებისა და ორგანიზაციების მიმართ.
ეს პუნქტი, არსობრივად, არღვევდა საქართველოს სუვერენიტეტს. თუ საკითხს პრაქტიკული კუთხით შევხედავთ, იგი რუსეთ-საქართველოს შეთანხმების მე-2 პუნქტის ანულირებას ახდენდა, რომელშიც რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის პირობას დებდა. ფაქტობრივად, საიდუმლო შეთანხმების პირველი პუნქტი რუსეთს უფლებას აძლევდა, საქართველოს შინაგან საქმეებში ქართველი ბოლშევიკების სასარგებლოდ ჩრეულიყო, რომელთაც ამ შეთანხმებით მოქმედების თავისუფლება ისედაც გარანტირებული ჰქონდათ. საქართველოს მთავრობამ მალევე გააცნობიერა ამ შეცდომის მთელი სიმძიმე. სხვა რომ არაფერი, ეს საიდუმლო დანართი, შეთანხმების დანარჩენი ნაწილებისგან განსხვავებით, ორმხრივ ვალდებულებასაც კი არ ემყარებოდა. ამ დაპირების სანაცვლოდ რუსეთი არანაირ პრივილეგიებს არ ანიწებდა საკუთარ მენშევიკებს. როგორც ჩანს, ქართულმა მხარემ დანართს ხელი იმიტომ მოაწერა, რომ აზერბაიჯანის დაცემით იყო დაზაფრული და მზად იყო, საბჭოთა რუსეთისგან დამოუკიდებლობა ნებისმიერ ფასად ეყიდა.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ცნობა კარგად ეთავსებოდა მისი მთავრობის პოლიტიკას რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე შექმნილი სახელმწიფოების მიმართ.
„პრავდა“ წერდა, რომ რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა. საქართველოს მთავრობამ საქებარი სიტყვებიც კი მიიღო „გულწრფელობისთვის“ და რუსეთ-პოლონეთის ომის დროს გამოჩენილი ლოიალური დამოკიდებულებისთვის. ამის შემდეგ, ძალიან მალე, ბრიტანეთმა საქართველოს ბათუმი დაუბრუნა და საკუთარი ჯარის დარჩენილი ნაწილი ამიერკავკასიიდან გაიყვანა.
ივნისში საქართველოსა და საბჭოთ აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა.
ფირუზ ქაზემზადე - ბრძოლა ამიერკავკასიისთვის 1917-1921
მთარგმნელი - ქეთი ქანთარია
ქართულ ენაზე ითარგმნა საქართველოს წიგნის ეროვნული ცენტრისა და კავკასიის განვითარების ფონდის ხელშეწყობით.
გამომცემლობა „პოეზია“, 2016წ.