აზარტული თამაშები ძველ თბილისში |
ოსკარ შმერლინგი. ქართული სათამაშო ბანქოს შექმნის მცდელობა. |
ავქაში - ძველი სიტყვაა. 1. ქათმის მკერდიდან ჩამონაგლეჯი ორკაპა ძვალი (საწიწკნარა) - არის ერთგვარი სანაძლეო-გასართობი, რომელსაც ამ ავქაშით თამაშობენ და თუ მოიგეს, ეუბნებიან მოგების ნიშნად: „ჰაი-დოსტ“, ე.ი. გაჯობე და სანაძლეო მოგიგეო.
***
განჯაფა - სპარსეთიდან შემოტანილი ბანქოს მსგავსი თამაშობაა. ძვლის ფირფიტებიანი სათამაშო ქაღალდი. ალ. ორბელიანის სიტყვით „პირველსავე რუსობის დროს საქართველოში განჯაფის თამაშობა გადავარდა და იმის მაგივრად ქაღალდის თამაშობა შემოვიდა“. „ცისკარში“ ვკითხულობთ: „საქართველოში ვიდრე მეფობამდე ირაკლი მეორისა, ნაცვლად სათამაშო ქაღალდებისა, უხმარიათ მათივე მზგავსი ძვლის ფირფიტები, რომელნიცა მხატვრობითა თვისითა წარმოუდგენენ მოთამაშეთა სხვადასხვა მნიშვნელობითა და რომელსაცა ჰსწოდებია „განჯაფა“. ხალხური ლექსი ამბობს: „ნარდი ბედია, ჭადრაკი ჭკუა, ბანქო ცუდია, განჯაფა სტყუა“.
***
***
თაგვიფიშიგი - „თაგვ-ფისობა“ უნდა იყოს; ძველად ჭადრაკის მზგავსი თამაშობა იყო.
***
თაფი - 1. სათამაშო ვეგის (ცხვრის კოჭის) ზურგი. ამ კოჭს ოთხი მხარე აქვს: ალჩუ, თოხანი, ჭიკი, თაფი. 2. სათამაშო კოჭის ზურგი.
***
იარალაში / ერალაში: ბანქოობა ერთგვარი. რუსეთში სოვრემენიკის დამატებად 1854 წელს გამოვიდა ჟურნ. „Литературняыи Ералаш“.
***
კიკო - 1. სათამაშო ქაღალდის სახელია, ერთი ნიშანი რომ უზის, ამ ნიშანს ტუზსაც უწოდებენ. „კიკოსავით დარჩენილხარ“, ე.ი. მარტო დარჩენილხარ, ერთი. 2. ერთი ცალი.
***
ნიშანბაზი - 1. ნიშანში მსროლელი ანუ ჩუბინი. ჩვენს უბანში გიგო ნალბანდიანი იყო, რომელსაც მეტსახელად ნიშანბაზი ერქვა. რას ისროდა? შეიძლება ქვას - კრივის დროს - შურდულიდან. 2. შულერი.
***
სათამაშო ქაღალდის ნიშნები: Черва - თხილი, ლობიო, გული, ქუფა. Бубна - აგური, წკენტი (გურული), თავანი. Пика - ყვავი, მაჩა. Трефа - ჯვარი.
***
სამორინე - ქაღალდის სათამაშო სახლი; საყომარბაზო ადგილი; კაზინო.
***
ფათა - იხმარება ორნაირად: 1. ქაღალდის თამაშობის დროს, თუ ორთავეს რიცხვით თანასწორი ქაღალდი აქვს, ამბობენ „ფათაო!“. 2. თუ შეუფერებელი ადამიანი შეფერებულ ადამიანთან არის, იტყვიან: „ვაჰ, რა ფათააო, ვითომ რა შესაფერნი და ტოლნი არიანო, - დაცინვით, რასაკვირველია.
***
ყვავის კიკო - პიკის ტუზი.
***
ყოზი - ქაღალდის ერთგვარი თამაშობაა, რომელშიც შემდეგი მასტებია: „მასულია“, „იჩარი“, „ოინჯი“ და სხვ.
***
ყომარბაზი - ყომრის აზარტული მოთამაშე, მებანქოვე. ბაზი - მქნელი (აქედან ჯამბაზი, ქანდირბაზი).
ყომარი / ყუმარი - ოთხი კოჭით ბანქოს აზარტული თამაში (ცხვრის ფეხის კოჭი).
***
ჩური - კოჭის თამაშობის დროს, ვინც ყველაფერს წააგებს, იმას ასესხებენ ხოლმე ერთი-ორ კოჭს, რომ ითამაშოს და გული არ დასწყდეს - ამ სესხს ჰქვიან ჩური.
წყარო: იოსებ გრიშაშვილი - „ქალაქური ლექსიკონი“