ძველი თბილისის მითოლოგია და რელიგიური დღესასწაულები
ვანო ხოჯაბეგოვი - შაჰსეი-ვაჰსეი |
***
ალქი - 1. ალი, ალქაჯი, ავი სული - მშვენიერი ქალის სახით მოვლენილი მაცდური, რომელიც, ასე ამბობენ, ტყეში ბინადრობს, დედიშობილად დაიარება, ჭაბუკებს იზიდავს თავისკენ, ჰხიბლავს და ნაწნავით ახრჩობსო. ალქის წინააღმდეგ ლოცვასაც წარმოსთქვამენ: „დავწვები, დამეძინება, პირჯვარი დამეწერება, ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი სულ თავით დამესვენება. ჯვარი მწყალობს ჯვარცმული, ვერას მავნებს მაცდური“. ამ ლოცვის შემდეგ ალქი გაქარდება თურმე. ალქზე კიდევ ასეთი თქმულებაა, ვინც ალქს დაიჭერს ნაწნავებით, ის ბედნიერი იქნებაო. ალქი ეტყვის: „გამიშვი და ბედსა გწევო“, მისცემს თმის ბეწვს და ეტყვის: „ამ თმის ბეწვით გიჟს და ბნედიანს მოარჩენო“. „ალი ჰყავს შემოჩვეულიო“. ალქი (ალ-ქალი). 2. ტყის ფერია, ალქაჯი. 3. ტყის ქალი, ფერია.
***
აღების ღამე - მარხვის წინაღამე.
***
ახრიზამანი - 1. აღსასრულის დღე, განკითხვის დღე, მაგ., კინტოები, როცა თუთას ჰყიდიან, ჰყვირიან ხოლმე: აბა, ახრიზამანი თუთა! ახრიზამანი თუთაო! ე.ი. უკანასკნელი, ბოლო თუთაო. სხვანაირად ამბობენ: ერთი დესეტნიკი ვცემე, მაგრამ გული ვერ ვიჯერე, ხელები ისევ მექავებოდა. ეხლა კიდევ მეორე შემხვდა და მეუბნება: რათ დამთვრალხარო, გავეცალო, როგორ გავეცალო, თუ არადა ახრიზამანში აქაც ცემა გამოდისო!... 2. ბოლო, დასასრული.
***
ბოღოლა - 1. ბავშვებს აშინებენ: აი, ბოღოლა მოვიდაო! 2. ავსული, ეშმაკი (?).
***
ელიობა - ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის დღესასწაული. ეს ეკლესია მდებარეობს ტფილისიდან 2-3 ვერსის მანძილზე, მახათის მთის მახლობლად. ელიობა 20 ივლისაა.
***
მინარეთი - მეჩეთის თავი. კოშკივით ადგილია, საიდანაც მოლა აზანს იძლევა, რომ ხალხი შეიკრიბოს სამლოცველოთ მეჩეთში (მინარეთი არაბ. სიტყვაა).
***
მუაზინნი - თათრის სასულიერო პირი, რომელიც მინარეთიდან აზანს აძლევს და უძახის ჭეშმარიტ მუსულმანებს სალოცავად, სანამაზოდ.
***
მუბარაქი / მუბარექი / მუმბარაქი / მუნბარაქი - მილოცვა. „მუბარექი დღეებიო“ - ამბობენ ყიზილბაშები. მაგალითად, როცა ახალ დუქანს ან ახალ სახელოსნოს გააღებენ, მოვლენ და მიულოცავენ ხოლმე: „მუბარაქი“ იყოსო! მუბარექ - საკუთ.: მილოცვა. როდესაც ახალ სადგომში გადადიან, ამბობენ: „მუბარექი იყოსო“. ანუ მუნბარაქი. საკუთ.: ბედნიერი დღე. „მუბარექსა რათ სჭირია ამ ფუხრისა ტირილიო“. მინბარაქ, ე.ი. ათასი ბარაქა.
***
ვანო ხოჯაბეგოვი - აღდგომის მეორე დღეს |
***
ნამცეცობა - დიდმარხვის დასაწყისში პირველ ორშაბათს კიდევ სჭამენ მარხვას. ამ დღეს (ორშაბათს) ნამცეცობას უწოდებენ, რადგან არ შეიძლება, რომ თეფზე სუფრაზე სახსნილო საჭმელი არ დარჩესო, ხშირად წამოადუღბენ ნაცარს დიდქვაბით, ქონიან ჯამ-ჭურჭელს შიგ ჩაჰყრიან, რომ კარგად გაირეცხოს და სუნი დაეკარგოს.
***
ნოვრუზ ბაირამ - ახალი დღე, ახალი წელი, პირველი დღე.
***
ოჰყაბაზი / ოჰყალბაზი - ჯადობაზი, გრძნეული კაცი.
***
სათაელი - ეშმაკი, მაცთური, სატანა. „სათაელი ეშმაკი ან მიცვალებული რომ გამოსცხადებოდა, ისე არ გაოცდებოდნენ“.
***
სალავათი - სპარსელების დილის ლოცვა, და აგრეთვე ლოცვა ომის წინ. ჩვენში ვინმეს წყენა რომ უნდათ, ეტყვიან: სალავათ ძაღლოვო, ვითომ სალოცავ ძაღლოვო. რჯული.
***
სუფსარქისი / სუბსარქისი - 1. სუფსარქისის ეკლესია. „ამ ეკლესიის დღეობა მოდის თებერვალში. გასათხოვარი ქალები წუმს ინახავენ, აცხობენ მარიკლ-კვერს და სჭამენ, რომ სიზმარში საბედო ნახონ. არის გათავთავება საგნისა. თუ ვაჟმა ქალს თიხის ჯამით მიაწოდა წყალი, მაშინ არ ვარგა - ქალი სიღარიბეში ეყოლება, ხოლო თუ ვარცხლის ბადიაა - მაშინ ცოლს კარგად შეინახავს. ამ ნიადაგზე ხშირად შეყვარებულებიც განშორებულან. 1889 წელს ამ ნიადაგზე ერთი ახირებული ამბავიც მოხდა, რომლის შესახებაც ტფილისის რუსულ-ქართულ გაზეთშია მოთხრობილი: ქალ-ვაჟს ერთმანეთი უყვარდათ, ჯვარიც უნდა დაეწერათ, მაგრამ ამ დროს სუფსარქისის მარხვა დადგა და ქორწილიც გადაიდო. ქალმა სიზმარში ვითომ თავის დანიშნული ნახა, რომელიც თიხის ჯამით წყალს აწვდიდა; სიზმარი მშობლებს უამბო. მშობლებმა ვაჟს უარი უთხრეს: „თიხის ჯამი სიღარიბეს ნიშნავს და ქალს არ გავაუბედურებთო“. ვაჟი რევოლვერით მივიდა თავის დანიშნულთან და მოხდა ერთი ორომტრიალი, ქალი მაინც არ მისცეს და ასე გამოაპანჩურეს სიძე სახლიდან“. („ივ.“, 1889 წ. #46). „სუფსარქისობა ჯავახეთშიაც ყოფილა, რომელსაც ეწოდება ხალირ-ელაზი. იქაც ისეთივე ჩვეულება ყოფილა, როგორც აქ. მაგ. ახალგაზრდა გასათხოვარი ქალი ან ვაჟი (დასანიშნი) ვითომდა ტყობილობს, ვისზედ დაინიშნება. ამ შემთხვევაში ასე იქცევიან: მთელი კვირა უნდა იმარხულოს გასათხოვარმა ქალმა ან ვაჟმა, კვირა საღამოს დაწოლის დროს სჭამს „მარილკვერას“, დაიძინებს. ვინც სიზმარში წყალს დაალევინებს, იმაზე დაინიშნება“ („ივ.“ 1889, #50). „ვენაცვალე სუფსარქისის მადლს, არც გამიცრუვდა იმედი და ამაგი“. 2. სომხების წმინდანი. „გინდა თუ არა მკვლელი მიპოვეო; სუფსარქისის მადლმა, ჩემ დღეში ამისთანა საქმე არ გამიგონია“.
***
ფირი - 1. ხატი, რომელიმე ჰამქრის სალოცავი, მფარველი ანგელოზი. ყოველ ჰამქარს თავისი სალოცავი ფირი აქვს. მაგ., ხარაზებისას - ელია, სირაჯებისას - ნოე, დაბღებისას - ღვთისმშობელი და სხვ. „მე ხომ მიკიტანი ვარ, განა ფირი ჩვენი წმინდა კაცი არ იყო? ხარაზებისთანა წმინდა ფირი ვისა ჰყვანდა?“ 2. ჰამქრის დროშაზე გამოხატული ემბლება. „ვისაცა გსურს დაეკითხე, თხა თელავის ფირია“.
***
ვანო ხოჯაბეგოვი - სააღდგომო ბაზრობა |
***
ფომინო - „ფომინობა“ არის იაფფასიანი ვაჭრობა, რომელიც იმართებოდა აღდგომის მეორე კვირას - „თომას კვირას“.
ვანო ხოჯაბეგოვი - ქეიფი ხატობაზე |
ვანო ხოჯაბეგოვი - ქეიფი ხატობაზე |
***
ყველიერი - დღესასწაული, მთელი ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ე.წ. „ყველიერის კვირა“ წინ უძღოდა დიდმარხვას. ამ დროს აცხოვდნენ ნაზუქს, ჭამდნენ თევზეულს, იაღლოს, ქადას (წმ. შიოს ქადას), ეზოებში საქანელას ჩამოაბამდნენ, ჭიაკოკონას ანთებდნენ, სახლიდან თაგვებს ერეკებოდნენ. შემდეგ შვიდი კვირის განმავლობაში მარხულობდნენ.
***
ვანო ხოჯაბეგოვი - ყეენობა |
***
ვანო ხოჯაბეგოვი - შაჰსეი-ვაჰსეი |
***
ყეენობა - ქართ. მასკარადი. ეს სიტყვა აღმ. ხალხიდან მოდის (მასხარა, ნიღბოსანი). დადიან ქუჩა-ქუჩა და გამვლელებს სთხოვენ ხარკის გაღებას.
***
ჩლაში - ძვ. დავრიშები ტანისამოსს იცვამდნენ, რომელთაც შიგნით სარჩულის მაგივრად ეკლები ჰქონდათ. მერე თავზე ნაცარს წაიყრიდნენ - ხორცს ავნებდნენ სულისათვის.
***
წუმი - მარხვა პირდადებითი. წუმი იციან სუფსარქისის დღეობაში დილისლოცვიდან საღამოს ლოცვამდე. არაფერს ჭამენ. პარასკევს კი (სუფსარქისის დღეს) საღამოთი გამოაცხობენ მარილკვერს, სჭამენ და იძინებენ იმ იმედით, რომ სიზმარში ნახავენ იმ წყლის მიმწოდებელს, რომელიც მერე მათი საბედო გახდება. თუ მიმწოდებელს ვერცხლის თასი უჭირავს, ის მდიდარია. თუ თიხის საშუალო ზომის თასი - ღარიბია.
***
ჭიაკოკონა - ანუ ჭიაკოკოლა. დიდ ოთხშაბათს აანთებენ ხოლმე ცეცხლს კაჭაჭებით, ფიჩხით, ბალახ-ბულახით და ზედ გადაახტებიან ხოლმე, ვითომ კუდიანები მოგვშორდებიანო. აგრეთვე ახალ, ჩაუცმელ ტანსაცმელზე გაირჭობენ ეკალს, ვითომ ტანისამოსს ეშმაკები აღარ წაიღებენო.
***
ვანო ხოჯაბეგოვი - ბაირამობა |
ვანო ხოჯაბეგოვი - ბაირამობა |
***
ხამფარ-ხამფარ - ალილო. როცა ბევრს წანწალებს ადამიანი ერთი სოფლიდან მეორეში, ერთი სახლიდან მეორეში და ა.შ. მაშინ ხუმრობით, დაცინვით ამბობენ: რა დაუდეგარია, რა ხამფარ-ხამფარ დაიარებაო.
***
ჰაზავატი - ომი რჯულისათვის.
***
ჰაზრაილ - არაბ. სიკვდილის ანგელოზი (სულთამხუთავი).
წყარო: იოსებ გრიშაშვილი - "ქალაქური ლექსიკონი