რატომ დაუპირისპირდა ამადეო მოდილიანი რენუარს
1918 წლის გვიან შემოდგომაზე თუ ზაფხულის დამდეგს, მოდილიანიმ რამდენიმე თვე გაატარა მხატვარ ოსტერლინდთან მის ვილაში „La Riante” („მომღიმარი“), ნიცას მახლობლად, კანში.
[...]
სტუმართმოყვარე მასპინძელი თავისი საქციელით მხოლოდ ერთხელ გამოიყვანა მოთმინებიდან მოდილიანიმ, როცა ისინი სტუმრად ეწვივნენ რენუარს.
მხცოვანი მხატვარი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს კანში ატარებდა „ლაჟვარდოვან სანაპიროზე“. იგი უკვე სამოცდაჩვიდმეტი წლისა იყო და მაინც განაგრძობდა მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად იტანჯებოდა ნეკრესის ქარებისაგან. ავადმყოფობამ თითქმის სულ დაუგრიხა ხელები. ზოგჯერ ფუნჯს დაკრუნჩხული ხელის თითებზე მიაბამდნენ ხოლმე.
მოდილიანიმ თვითონვე მოინდომა მასთან შეხვედრა: „წამიყვანე რენუართან!“ და ოსტერლინდმაც მაშინვე მოუხერხა ეს.
მოხუცმა ფართო, ნათელ სასადილოში მიიღო სტუმრები, სადაც ჩვეულებრივ მუშაობის შემდეგ გამოჰყავდათ ხოლმე საგორაო სავარძლით. რენუარი ღრმა სავარძელში იჯდა, თავზე თავისი განუყრელი ჩაჩი ეხურა, მხრებზე შალი ჰქონდა წამოსხმული, სავარძელზე კი მარმაშის ფარდა იყო ჩამოფარებული, რათა კოღოებს არ შეეწუხებინათ.
იგი მაღალი საზოგადოებისთვის ჩვეული თავაზიანობით შეეგება სტუმრებს.
„მაშასადამე, თქვენც მხატვარი ბრძანდებით, ყმაწვილო?“ - და მაშინვე შესთავაზა, გასულიყვნენ სახელოსნოში, თუკი მისი ბოლო ნამუშევრების დათვალიერება სურდა.
სასადილოში შემობრუნებულ მოდილიანის მართალია არაფერი უთქვამს მისი სურათების შესახებ და შესაძლოა ყველაფერი ასე თუ ისე კეთილად დაგვირგვნებულიყო, რენუარის ერთ ფრაზას მოთმინებიდან რომ არ გამოეყვანა.
ამ ფრაზას სხვადასხვაგვარად გადმოგვცემენ, მაგრამ მთავარი აზრი ის იყო, რომ უნდა ხატავდე ყოველთვის სიხარულით, სიამოვნებით, რომ მას მხოლოდ ამგვარად შეუძლია თავის სურათებზე მუშაობა. ამას მოაყოლა კონკრეტული, საკმაოდ ფრივოლური მაგალითი, თუ როგორ ეალერსება ფუნჯი ტილოზე შიშველ უკანალს.
რენუარი - ზურგიდან დანახული წამოწოლილი ნიუ, 1909 |
მოდილიანიმ უხმოდ გასწია კარისაკენ, წაავლო კიდეც ხელი სახელურს, მაგრამ უეცრად გაშმაგებით შემოტრიალდა და მიახალა:
„მე კი საერთოდ არ მაინტერესებს უკანალი!“
და მაშინვე გავარდა გარეთ, ისე, რომ არ გამომშვიდობია მეტრს.
[...]
ამ ინციდენტის მიუხედავად, ცნობილ მხატვართა შორის, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ნიცაში მყოფ მოდილიანის ხელი გაუმართა - რენუარი იყო.
მისი დახმარება საკმაოდ დელიკატური გამოდგა - მხატვარმა ზბოროვსკის „საკომისიოდ“ რამდენიმე თავისი სურათი გადასცა.
კარკოს აზრით, მოდილიანი ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რა მსხვერპლად და გაჭირვებად უღირდა ყოველივე ეს ზბოროვსკის, რომელიც ფულს, მართალია მცირე თანხას, მაინც ყოველთვის რეგულარულად უგზავნიდა ნიცაში.
თარგმნა ლარისა ტიტვინიძემ
გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.