მიგელ ანხელ ასტურიასი - დიქტატურა უზარმაზარი შხამიანი ობობაა

ჩემი რომანი - „სენიორ პრეზიდენტი“ ორმაგად პოლიტიკურია, ეძღვნება დიქტატურის ასახვას და წარმოგვიდგენს დიქტატორს - მანუელ ხოსე ესტრადა კაბრერას იმგვარად, როგორიც ის იყო სინამდვილეში და როგორადაც დარჩა გვატემალაში თავისი ოცდაორწლიანი მმართველობის დროს - უჩინარი და ყოვლისშემძლე არსება. 

მინდოდა არა მარტო დიქტატორი წარმომესახა, არამედ მეჩვენებინა მთელი საზოგადოების გახრწნაც დიქტატორული რეჟიმის დროს.

დიქტატურა უზარმაზარი შხამიანი ობობაა. რომანში ნაჩვენებია, როგორ იხრწნება, იყიდება და ითრგუნება საზოგადოების ყველა ფენა, როგორ გარდაიქცევიან ადამიანები ან უსულო მექანიზმებად, ან საშინელ ფანატიკოსებად, ან საზიზღარ მედროვეებად. დიქტატურა უსაზარლესი ბოროტებაა ნებისმიერი ქვეყნისათვის, ბოროტება ჭეშმარიტად განუზომელი.

ზოგს ჰგონია, თითქოს დიქტატურის შემდეგ ახალი დროება დადგება და ყველაფერი დალაგდება, - სამწუხაროდ, ასე არაა. წლები გადის და დიქტატორისა და მისი სისტემის სული კვლავაც ცოცხლობს. რატომ? იმიტომ რომ დიქტატურა ძვალსა და რბილში უზის საზოგადოებას.

„სენიორ პრეზიდენტის“ არსი არა მარტო ესტრადა კაბრერას დიქტატურის აღწერაა, არამედ იმის გამოხატვაც, როგორ იღვიძებს ჯერაც ჩამოუყალიბებელი თვითშეგნება. წიგნი დაიწერა როგორც სასოწარკვეთილების დაძლევა. ამ მხრივ განსაცვიფრებლად ღრმაა გაბრიელა მისტრალის სიტყვები, რომელმაც „სენიორ პრეზიდენტს“ უწოდა „მონანიების აქტი“. ჩემი სხვა ქმნილებებისაგან განსხვავებით, ეს წიგნი გამოსაქვეყნებლად არ დამიწერია. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუკი ოდესმე გამოქვეყნდებოდა.

ყველაფერი, რაც „სენიორ პრეზიდენტში“ აისახა, განსაკუთრებით შიშის განცდა, ზუსტი ანარეკლია იმ წრისა, რომელშიც მე ვიზრდებოდი. ჩემი მშობლები იდევნებოდნენ, თუმცა წარმოდგენაც არა ჰქონდათ რაიმე შეთქმულების მაგვარზე, უბრალოდ, მათ ალმაცერად უყურებდნენ, სხვა არაფერი, მაგრამ, საუბრისას ყველა კარს კეტავდნენ...


რუსულიდან თარგმნა ომარ დოხნაძემ