კვაჭი კვაჭანტირაძის არაჩვეულებრივი თავგადასავალი ლუვრში

ნაწყვეტი მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან - „კვაჭი კვაჭანტირაძე“

როცა ლუვრის ელინურ დარბაზში შევიდნენ და დაათვალიერეს ღვთაებრივი სკოპასი, მირონი და პრაქსიტელი, როცა იხილეს ზეციური აფროდიტები და ვენერები - მილოსელი, ჩაკუნტული, უფეხონი, უხელონი და უთვალონი, მეტის მღელვარებისგან გატენილმა კვაჭმა წამოძახა: 

- ნეტავ რომელ ხელს გაუკეთებია აი მშვენიერი ქალები!

ბესო, ერთი შეხე მაი უთავო და უხელო ჩაკუნტულ ვენერას. დაადე ხელი თეძოზე და გეიგე, ცოცხალია მაი თუ მართლა მარმარილოა?..

რაო, ხელის ხლება არ შეიძლებაო? კაი, მარა... ღმერთო, მიშველე! რავა გააკეთა ისთე ვინცხა ქვის მთლელმა ბერძენმა აი ქალები, რომე მაი ქვას ცოცხალ ხორცის სუნი და სითბო ადის! 

ბესო, წა, გენაცვა, გეიგე, რავა გაჰყიდიან აი, ამ ვენერას, მილოსელს? კაი რამე ყოფილა, ალბათ ვინცხა პოლონელის ან რუსის თავადი მილოსსკის ცოლი იქნებოდა. თუ ათას ფრანკზე მეტი არ დაგიფასეს, ვიყიდი და ჩემს ბინაზე კიბესთან დავდგამ, მოტეხილ ხელებსაც გავაკეთებიებ, ერთ ხელში ყვავილებს ან ყანწს ჩავუდებ, მეორეში ელექტროს ლამფას დავაჭერიებ. მე შენ გეტყვი, ვერ დაამშვენებს კვაჭანტირაძეს სასახლეს თუ?!

***

- აია ჯიოკონდა? - გაიკვირვა კვაჭმა: - აი იყო, შარშან რომ მეიპარეს?.. იმე, თლა სულელი ყოფილა მაის ქურდი! 

- რა ღირს აი სურათი?

- უფასოა, არ გაჰყიდიან, ხოლო მცოდნენი ერთ მილიონს აფასებენ. მილოსელი ვენერაც ამდენივე ეღირება.

- იმე, რამდენი სულელი ყოფილა ქვეყანაზე! ათ მანეთს არ მივცემ მაგაში.

შეხედე, ბესო, შეხედე, რავა დოუბრეცია თვალები! აჰ, თლა სულელები ყოფილან, თვარა ვინ ტუტუცი მისცემს ვინცხა კაროჟნას სურათში თუნდ ას მანეთს? ნიძლავს დავდებ, რომე ას მანეთად დღესვე ამაზე ლამაზს ხუთ ცოცხალ ქალს ვიშოვი, მაგ „კარტიჩქაში“ რავა მივსცემ მეტს!

***

შეუხვიეს ფრანგულ მხატვრობის დარბაზში, სადაც ტიტველი ქალები უხვად იყვნენ კედლებზე გაბნეული.

- როცა ბონნერი... პრუდომი.. დელაკრუა... ვატტო... მეისონიე... - განაგრძობდა ყორანაშვილი.

მაგრამ მას ყურს აღარ უგდებდნენ, რადგან სამივენი შემოეხვივნენ კუთხეში მიწოლილ ენგრის შიშველ მხევალს, უსისხლოს, უძვლოს, ფამფალას, ფაფუკსა და ცომ-ცომას. 

- ვაა, ერთი ამის გავას შეჰხედე და! - სცქუმტავდა სველ-თვალა სედრაკა. - ქალიც აი ყოფილა და სურათიც, ასეთი ცოცხალი ქალიც ათასი მანეთი ღირს და სურათიც.

***

აი, განთქმული პანთეონიც. იმის წინ რომ ბრინჯაოს ძეგლი სდგას, საფრანგეთის სახელოვან მოქანდაკე როდენის ნამუშევარია. იგი გამოჰხატავს ადამიანს, რომელიც აზროვნებს.

ბრინჯაოს ბუმბერაზი ადამიანი იჯდა. ფეხი ფეხზე გადაედო, ნიკაპი მუშტზე დაებჯინა და ისე მძლავრად, ისეთის ჟინითა და ნებისყოფით ჰფიქრობდა, რომ ფეხის ძარღვებიც კი დაჭიმული ჰქონდა, თითქოს ფიქრი იმ ძარღვებსაც აწვდებაო, თითქოს ძალას ატანდა და იშველიებდაო. 

კვაჭი ბრინჯაოს ადამიანს დააცქერდა და სთქვა: - რაცხა დიდ კომბინაციას აიმასქნებს აი კაცი. ნეტა მაჩვენა აგი, კაი ამხანაგი გამევიდოდა.