მიხეილ ჯავახიშვილი - კვაჭი კვაჭანტირაძე
უცებ ისე გაიელვა, რომ ყველანი რამდენიმე წამით დაბრმავდნენ, და იმავე წამს ცის ისეთი საზარელი ჭექა და პუპის ისეთი კივილი მოისმა, ხოლო დედამიწა ისე შეინძრა, რომ ზოგი შიშით გაშეშდა, ზოგმა ჩაიკეცა, ზოგი კი კარებს ეცა. ერთი წუთით სრული სიჩუმე ჩამოვარდა და შემდეგ იქვე კუთხეში ახალ დაბადებულის წრიპინი მოისმა: - მე-ე... მე-ე... მე-ე... და სილიბისტრო კვაჭანტირაძის პირველი ვაჟი პირველად ჩაუვარდა ფეხებში პირველ დედაკაცს - თავისსავე დედას, პუპის.
***
იმავე საღამოს ქალბატონმა ნოტიომ კვაჭიკოს ხელის გული ძლივს გაუხსნა, გაუსინჯა, ჯერ ჩაფიქრდა და მერმე მოსულიერებულ პუპის, თავმომწონე სილიბისტროს, დამშვიდებულ ხუხუს და ამპარტავან ბარდღას ასე უმკითხავა: - ქარიშხალი და ჭექა-ქუხილი იმას ნიშნავს, რომე ახალგაზრდობაში კვაჭის მრავალი გაჭირვება და თავგადასავალი მოელის, მარა ღმერთი დიდია. მჯიღი რომ ისე ჰქონდა მოჭერილი, რომე ძლივს გავუშალეთ, ეს იმის ნიშანია, რომე რაც კვაჭიკოს ხელში ჩაუვარდება, მისი წართმევა კაცს არ შოუძლია. მზემ რომ გვირგვინი დეიდგა თავზე, ეს იმას ნიშნავს, რომე შემდეგში კვაჭის - ვენაცვალე მას პაწია თათებში! - ბრწყინვალე და სახელოვანი მომავალი მოელის. ალვის ხეს რომ მეხი დაეცა და ჟონდიას დუქანიც რომ ეშმაკებმა წეიღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი და კვაჭის მტრებს - ჯვარი აქოურობას! - მეხი დაეცემათ და ისე დოუსკდებათ გულები რავარც ალვის ხე გასკტა დგეს.
***
***
კვაჭი ჭკუიანთან ჭკუიანი იყო, დინჯთან - დინჯი, ხუმარასთან - ხუმარა, დარდიანთან - დარდიანი, მხიარულთან - მხიარული. ძლიერთან - მორჩილი, პირმოთნე, ქლესა, თავაზიანი და მომღიმარე. მაგრამ თუ საჭირო იყო, მას შეეძლო უხეშთან და ჭირვეულთან - თავმდაბალი და მოქნილი ყოფილიყო, სუსტთან - კადნიერი, თავხედი, ჟინიანი. პირდაპირთან - ორგული, ფლიდი და ორპირი. ორგულთან - ათგული და ათპირი. მუხასთან - ლერწამი, ლერწამთან - მუხა. რკინასთან - ბამბა და ბამბასთან - რკინა. სადაც პირდაპირი გზა დაკეტილი იყო და სხვა ვინმე უკან იხევდა, იქ კვაჭი ხუთიოდე მიხვეულ-მოხვეულ ბილიკს იპოვნიდა. უკარო და უფანჯრო ოთხ კედელშიც რომ ჩავარდნილიყო, ათიოდე ხვრელს აღმოაჩენდა და ცხრა-კლიტურ ციხეში ისე შეძვრებოდა და გამოძვრებოდა, როგორც ნემსი ბუმბულში. კვაჭიმ ზედმიწევნით შეიგნო და შეითვისა გარდუვალი და უძლეველი ძალა ტკბილი სიტყვის, გულმოსალოკი ღიმილის, გამაბრუებელი ქებისა და ქლესობისა.
***
როცა ვინმეს შეჰკრეჭდა და მოსწველიდა, მახლობელთა შორის სინდისის დასამშვიდებლად იტყოდა ხოლმე: - ამ ქვეყნად ზოგი უნაგირით იბადება, ზოგი კი დეზებით და მათრახით. მე დეზი და მათრახი მირჩევნია, დეე სხვებმა უნაგირი ატარონ. ასე უთქვამს თურმე ვოლტერს.
***
კვაჭი დარის გამოცვლას დროზე აუღებდა ალღოს და ახალ ტანისამოსსა და კანს უმალვე გადიცვამდა, საბრძოლველ იარაღს შეიცვლიდა, თავის ძალებს შესაფერად გადააჯგუფებდა, ჩამავალ მზეს მიაფურთხებდა, ამომავალს მიესალმებოდა, დავრდომილს ჩასწიხლავდა და წამომდგარს თამამად ამოუდგებოდა გვერდით.
***
„ყველაფერს თავის ადგილი, დრო და ზომა აქვს“. ეს უბრალო ჭეშმარიტებაც კვაჭის ზედმიწევნით ჰქონდა შეთვისებული და ამ იარაღსაც საოცარი ოსტატობით ჰხმარობდა.
***
კვაჭის ერთი ჩვეულებაც სჭირდა, რომელიც კანონად და წესად ჰქონდა მიჩნეული: „ნურავის ნურასოდეს ნურაფერზე უარს ნუ ეტყვი, მაგრამ დანაპირევი მხოლოდ მაშინ შეუსრულე, თუ იგი იმავე დღეს ან ხვალ მაინც მოგიტანს სარგებლობას.
***
ადამიანის გული ბნელია.
***
ცხოვრება ბრძოლაა. რასაც წაჰგლეჯ - შენია, რაც არა - დაკარგულია.
***
დილამდის იქეიფეს ჩვენებური ქართული ქეიფით: ხუთი ჩაფი ღვინო დაილია, უთვალავი სანოვაგე შეიჭამა, ორჯელ მეტი დაიღვარა და გაფუჭდა, მრავალი ჭურჭელი დაიმტვრა და ზეცა რევოლვერების ბათქა-ბუთქით დაიცხრილა...
***
ყველა რომ ყველას იცნობდეს, მაშინ ამ ქვეყნად ერთი ბედოლვათი კვაჭუნიაც ვეღარ გასძლებდა.
***
კვაჭის მტკიცედ, ღრმად და ურყევად სწამდა, რომ ამ ქვეყნის ღერძი და დედაბოძი მხოლოდ და მხოლოდ ფულია, ხოლო დანარჩენი, რაც კი ამ ქვეყნად არსებობს - მთელი მსოფლიოს სული, გულიც და ხორციც - უკლებლივ ყველაფერი მხოლოდ ფულის მტვერია, მისი ყურმოჭრილი მონა მორჩილია და ყოველივე ისევე იყიდება, როგორც ის ერთი წყვილი საცვალი, რომელიც მან იმ დღეს იყიდა ბათომში.
***
პაპიროსებზე ოქროს ასოებით იყო წარწერილი და დახატული თავადური ღერბი, კვაჭის ინიციალების ხლართი და მისივე დევიზი: „მე... ისევ მე... მხოლოდ მე... ჩემი... ჩემთვის... ჩემზე“.
***
კვაჭი, ზაჰლცბურგში მივედით. ბედეკერის წიგნში ძალიან აქებენ ამ ძველ ქალაქს. გავიდეთ და ვნახოთ.
- აჰ, ძველის ნახვა მეზარება, მკვდარს მაგონებს.
- კვაჭი, მიუნჰენში ავედით. ბავარიის დედა-ქალაქია. მეტად სუფთა და კოხტა ყოფილა. თურმე საქვეყნო მუზეუმია შენობების და ხელოვნებისა. ბევრი რამ ყოფილა სანახავი: ბერძნული პროპილეი, ზიგესტორი, ვაგნერის თეატრი, ოდეონი, გლიპტოთეკა და...
- და ლუდი, მიუნჰენის შავი ლუდი! აპა, ბესო, მეიტა ოციოდე ბოთლი. ჩქარა! დანარჩენი სიძველენი ეშმაკებმა წეიღონ!
- კვაჭი, სტრასბურგში მივედით. გაიხედე, აგერ ის ტაძარი მთელ ქვეყანაზე ყოფილა განთქმული.
- აჰ, მაგიზა არც კი ღირს წამოდგომა! - და განაგრძო შინჯვა ტიტველ ქალების ალბომებისა, რომელნიც ვენასა და მიუნჰენში იყიდა.
საღამოს ათ საათზე ბესომ უთხრა: - სწორედ ნახევარი საათის შემდეგ პარიზში ჩავალთ. გეიხედე, მოსჩანს კიდევაც.
კვაჭი გველნაკბენივით წამოვარდა და ფანჯარას ეცა.
***
კეკლუცი, დაუდგრომელი, კისკასიანი და ცეცხლიანი თავისს ხელობას სტუდენტების ყავახანაში იწყებს. ამ მხრივ პარიზი ორ ქვეყანად არის გაყოფილი: სენის გაღმა იწყებს და გამოღმა ათავებს. იქ ინათლება, აქ კი ჰასაკში შედის და ფესვებს იკეთებს. იქ ჰხნავს და სთესავს, აქ კი იმკის. გაღმა იგი ქალია, გამოღმა კი დედაკაცია. გაღმა მას სტუდენტები სიყვარულს ასწავლიან, გამოღმა კი იგი თვითონ გამოდის ოსტატად და პროფესორად. ლათინურ უბანში ქალის სიყვარული მორცხვად იღიმება, კისკისებს, ზოგჯერ ნაზად იცრემლება და გულის ღიტინსა და ცელქობას მისდევს, ხოლო მონმარტრში დედაკაცი მძლავრის ხმით იცინის და ხარხარებს. მისი დარდი ჰღმუის, მისი სიყვარული ჰყმუის, მისი ვნება ჰბღავის... გაღმელთა ალერსი ნიავია, გამოღმელთა კი გრიგალია. იქაურთა ვნება ალია, აქაურთა ნაკვერჩხალია. კეკლუც ქარაქუცებს ვარდის და იის სუნი ასდით, მონმარტრის დედაკაცებს და მილიონერებს საყვარლებს კი მწნილისა და... და კამამბერის ან როკფორის ყველისა.
***
კვაჭი, როგორ გგონია, ვინცხა პრინცმა რომე ავსტრიის ერცჰერცოგი მოჰკლა, ამიზა ომი იქნება? - იკითხა ბესომ.
- მეც მაიზა ვფიქრობ თელი დღე. თუ ერთმანეთს გამოესარჩლნენ, ეირევა თელი ქვეყანა. - ა, გაზეთი წეიკითხე. სერბიას რუსეთი ესარჩლება, ავსტრიას-გერმანია.
წაიკითხა და ბოლთა დაჰკრა. დიდხანს ათამაშა ცხვირი და იბორგა, მერმე მეგობრებს მიუბრუნდა და ასე იწინასწარმეტყველა:
- ბესო, ლადი, ჭიპი! დეიხსომეთ ჩემი სიტყვა და გადაეცით ისტორიას შემდეგი: ორი კვირაც არ გეივლის, რომ რუსეთი გერმანიას უჯიკავებს და გერმანია რუსეთს. მერმე ომი ასტყდება და ღვთის რისხვა დატრიალდება. რუსეთს ინგლისი, საფრანგეთი, რუმინია და იტალია მიემხრობიან... კი, კი! იტალია გერმანიას გადუდგება და ინგლის-საფრანგეთს მიემხრობა თქვა. გერმანიას ავსტრია, ბულგარეთი და ოსმალეთი მიუდგებიან. ბოლოს, ამერიკაც ჩაერევა და ქვეყანა თლათ სისხლით შეიღებება. თუ მე დევიღუპე, ჩემი ნათქვამი ისტორიას გადაეცით.
***
ამხანაგებო! ჩემი სიტყვა დეიხსომეთ და თუ ადრე დევიღუპე, მთელს ქვეყანას და ისტორიას გადაეცით, რომ მე კვაჭი კვაჭანტირაძე, ათას ცხრაას თექვსმეტ წელს, ოცდაშვიდ დეკემბერს ვამბობ: ათას ცხრაას თოთხმეტ წელს, თოთხმეტ ივლისს, დღევანდელმა რუსეთმა, მსოფლიო ომის გრიგალში რომ ჩაერია, თვითონვე გამეიჭრა ყელი, ეს ერთი. რამდენიმე დღის შემდეგ წარჩინებულთა და დიდებულთა ერთი ჯგუფი რუსეთის დედა-ბოძს მოსჭრის. - ეს ორი. ორიოდე თვეში ეს ჯგუფი უკმაყოფილო და საიდუმლო ძალებს მხარს მისცემს და მათთან ერთად ათასი წლის დაგუბებულს უძირო და უსაზღვრო გუბეს პირს მოურღვევს. - ეს სამი. - იგი გუბე მრისხანედ დაიძვრება და ჯერჯერობით დღევანდელ ხელისუფლებას წალეკავს, - ეს ოთხი. მერე იგი ძალას მოიმატებს და ახალ ხელისუფლებას შხუილ-გრიგალით მოარღვევს და მოჰგლეჯს ნახევარ თავს, რომელიც ამჟამად გუბეს პირს ურღვევს და საკუთარი ქოხის დედა-ბოძს უჩხიკინებს, - ესეც ხუთი, და უკანასკნელი.
კვაჭი სივრცეში ლაპარაკობდა. თვალები იდუმალი ცეცხლით ჰქონდა ანთებული, ხმა - უცნაური ზეშთაგონებით აღგზნებული. აღარაფერს ამჩნევდა და აღარავის ჰხედავდა, მედიუმივით ტრანსით იყო მოცული და უხილავ ძალას ჰყავდა შებოჭილი.
- ამხანაგებო! - განაგრძო კვაჭმა. - მე ძალიან ბევრი მტერი მყავს. ვიცი, რომე იგინი ეცდებიან ჩემი ღვაწლი წაშალონ და ისტორიიდან ამომფხიკონ, მარა თქვენისთანა მეგობრებიც ბლომად მომეპოვება. ვინ იცის, იქნება მე დევიღუპო, მარა თქვენ ჩემი სახელი ისტორიკოსებს დავიწყების სანაგვეზე არ გადააგდებიოთ.
***
რუსეთი ტყუპით იყო ორსული. თებერვლის ვაჟი უდღეური გამოდგა, დღეს თუ ხვალ ფეხებს გაფშიკავს, ხოლო მისი დედა მეორე შვილს ჰშობს.
***
გულში ასე იძახოდა: „წაბარბაცებულს უჯიკავე, წაქცეულს თავი გაუჭყლიტე, მადლია , განწირული დაახჩე, ხალხს სიკეთეს მოუტან! ახია!“
***
ნუ სცხარობ, ჭიპი! - ამშვიდებდა აფორიაქებულ ჭიპუნტირაძეს კვაჭი. - ვინც უნდა დამარცხდეს, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ. ერთ ფეხი მარჯვენა ბანაკში მიდგია, მეორე კი მარცხენაში.
***
ამხანაგებო! - ასწავლიდა კვაჭი თავის შეგირდებს ჟამსა ოქტომბრის მოახლოვებისასა, - პოლიტიკა ძლიერ წააგავს ძროხას. ზოგნი მას აძოვებენ, ზოგნი კი სწველიან და რძეს და კარაქს მიირთმევენ. ჭკვიანი კაცი არც სისხლს გეიმეტებს და არც ოფლს დაღვრის ძროხის დევნაში. დეე გიჟებმა სდიონ მას და აძოვონ, მოუარონ, ჩვენ კი იგივე უნდა მოვწველოთ და მისი კარაქით გავსუქდეთ. ხოლო ძროხის მოწველას ბევრი აფერი უნდა : დოუყვავე, გოუცინე, გეიშინაურე.
აი, ეს არის ერთადერთი ჭკვიანი პოლიტიკა. ნურც ძროხის ფერს იკითხავთ: თუნდ შავი იყოს, თუნდ თეთრი, თუნდ წითელი. ნურც გააბრაზებ, თვარა დაგწიხლავს და აღარ მოგაწველიებს. თუ სხვებმა იმ ძროხას უჯიკავეს, განზე გადექით და ბრძოლის ბუმბული და დავლა აკრიფეთ. ორნი რომ ჩხუბობენ, მესამე მოგებაშია. მარა თვალი უნდა გეჭიროთ, რომე დროზე გადახვიდეთ გამარჯვებულის მხარეზე, დროზე მიაფურთხოთ დაძლეულს და მძლეველსაც დროზე მიულოცოთ.
***
კვაჭი ხელისუფლებს თვალებს უბამდა და წითლების და თეთრების ამბებს უამბობდა: - რუსეთი დეიღუპა, ბატონო, დეიღუპა! ამ ქვეყანას ქრისტე ღმერთიც ვეღარ წამოაყენებს. წითელი რუსეთი ჩვენთვის ღვთის რისხვაა, თეთრი კი ღვთის კრულვაა. სჯეროდა კვაჭის რუსეთის დაღუპვა? არა, არ სჯეროდა. „კუდი რომ მეიქნიოს, ესეც გვეყოფაო“, ამბობდა გულში, ხმამაღლა კი ამის თქმას ვერ ჰბედავდა, რადგან უმალვე წითელთა აგენტის სახელი გაუვარდებოდა.
***
ადამიანი ყოველივეს ეჩვევა. ეს არის მისი მთავარი იარაღი და ბედნიერება.