5 წიგნი, რომელსაც ჰარუკი მურაკამი გირჩევთ...

იაპონელი მწერალი, 2015 წელს, ჟურნალ „Time”-ის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შესული ჰარუკი მურაკამი შემდეგი წიგნების წაკითხვას გირჩევთ:

ფრანც კაფკა - „გოდოლი“

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნის „Das Schloss“-ის შემოქმედს, ფრანც კაფკას ზოგი კრიტიკოსი ასე იხსენიებს: 

„გერმანელი მწერალი, ავსტრიელი მოხელე, ებრაელი ტანჯული, ჩეხეთის მოქალაქე“ ...

არსებითად, „Das Schloss“, თავისი ოდინდელი მნიშვნელობით, ქართულად ციხეს ესატყვისება. მაგრამ, ვინაიდან ეს ცნება დღესდღეობით საპყრობილესთან არის გაიგივებული, ხოლო ციხე-დარბაზსა და კოშკს რამდენადმე განსხვავებული დატვირთვა აქვთ, „Das Schloss“-ის ქართულ შესატყვისად „გოდოლი“ უფრო გამოდგება.


ფიოდორ დოსტოევსკი - „ძმები კარამაზოვები“ 

„უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები, ბოროტი ადამიანებიც კი, გაცილებით მიამიტები და გულუბრყვილოები არიან, ვიდრე ჩვენ გვგონია. თუმცა, ჩვენც ასეთები ვართ, ალბათ“

„ძმები კარამაზოვები“ (1880) დიდი რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის (1821-1881) უკანასკნელი და ერთ-ერთი საუკეთესო რომანია. 

რომანი მოგვითხრობს კარამაზოვების ოჯახის ისტორიას და ეხება კაცობრიობისათვის ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა ღმერთის არსებობის საკითხი, თავისუფალი ნება, მორალი, ეჭვი, რწმენა. რომანმა დიდი გავლენა მოახდინა შემდგომი დროის ფილოსოფოსებსა და მწერლებზე.

ერთ-ერთი, ვინც ამ გენიალური რომანის საიდუმლოს ამოხსნას ცდილობდა. იყო ჯეიმს ჯოისი. ხოლო ზიგმუნდ ფროიდმა „ძმებ კარამაზოვებს“ უწოდა „ყველაზე დიდებული რომანი, რაც კი ოდესმე დაწერილა“, ნიცშე კი წერდა, რომ ერთადერთი ფსიქოლოგი, რომლისგანაც რაღაც ისწავლა, იყო დოსტოევსკი.



„ცხოვრება მართლაც თამაშია, ისეთი თამაში, სადაც ყველა წესი უნდა დაიცვა“

სელინჯერი ერთ წერილში აღნიშნავდა, რომ 1951 წელს გამოქვეყნებული „წიგნის მთელი ღირსება მთხრობელის ხმაშია“. 

მთხრობელი ერთი აყლაყუდა თინეიჯერია, მოფარიკავეთა გუნდის კაპიტანი, რომელიც თმას ყოველთვის ისე მოკლედ იკრეჭს, რომ სავარცხელიც კი არ სჭირდება. ოთხი სკოლიდანაა გაგდებული, კინო ჭირის დღესავით სძულს და ისეთი წიგნები უყვარს, წაკითხვის მერე რომ ინატრებ - ნეტა მე და ამის დამწერი ვძმაკაცობდეთო.

„ხალხს ჰგონია, რასაც იტყვის, ყველაფერი მართალია. მეც რა მენაღვლება, ეგონოთ... საერთოდ ვერაფერსაც ვერ ხედავს ხალხი”.

აბდაუბდა, ჟარგონით სავსე მეტყველება, მთავარი თემიდან ხშირად გადახვევა და უმნიშვნელო დეტალების სიყვარული ჰოლდენ კოლფილდის ხმას სამუდამოდ გამახსოვრებს.


ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - „დიდი გეტსბი“

ირლანდიური წარმოშობის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მწერლად მიიჩნევა. კრიტიკოსთა ერთი ნაწილი მის რომანს „დიდი გეტსბი“ - ამავე პერიოდის ინგლისურენოვან 100 საუკეთესო წიგნს შორის მეორე ადგილზე აყენებს. 

ეს არის ერთი მამაკაცის და ერთი ქალის დიდი ამბავი, ანუ უჩვეულო სიყვარულის ისტორია. მილიონერი ჯეი გეტსბი წლების განმავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს და სჯერა მისი ერთგულებისა. იპოვის კიდეც, მაგრამ იგი ამ დროს უკვე სხვისი მეუღლეა. ერთი ქარაფშუტა ქალი, თუმცა კი შეყვარებული გეტსბისთვის ისევ ერთადერთი და განუმეორებელი. ჯეი არაფერს იშურებს მისი გულის მოსაგებად... ამ ერთგულებასა და უანგარობას სწორედ საყვარელი ქალის სანაცვლოდ ეწირება, თანაც ისე, რომ ქალის ცრემლსაც ვერ ეღირსება.

ასე სრულდება დიდი გეტსბის ტრაგიკული სიყვარული. კაცისა, რომელსაც თან ყველაფერი ჰქონდა და თან - არაფერი! „დიდი გეტსბი“ იმ რომანებს განეკუთვნება, ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება და ბევრ საფიქრალსაც უჩენს მკითხველს.

რაიმონდ ჩანდლერი - „ღრმა ძილი“ 

რაიმონდ ტორნტონ ჩანდლერი (1888 - 1959) ამერიკელი რეალისტი მწერალი და კრიტიკოსი, დეტექტიური რომანების, მოთხრობების ავტორი.

 „ღრმა ძილი“ რაიმონდ ჩანდლერის კრიმინალური რომანია, რომელშიც მოქმედება ლოს-ანჯელესში ვითარდება. ნაწარმოების მიხედვით, 1946 და 1978 წლებში ორი ფილმია გადაღებული.

„ღრმა ძილი“ სიკვდილის ეფემიზმია და წიგნის ბოლო გვერდებს უკავშირდება.

რაიმონდ ჩენდლერის 1939 წელს გამოცემული რომანი, 1999 წელს, ფრანგული გამოცემა Le Monde-ს 100 საუკეთსო წიგნის სიაშიც მოხვდა.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში