იბრაჰიმ ალ-ქუნი - ოქროს ქვიშა
„ოქროს ქვიშა“ ცნობილი თანამედროვე ლიბიელი მწერლის, მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, იბრაჰიმ ალ-ქუნის ერთ-ერთ საუკეთესო რომანად მიიჩნევა. რომანის მთავარი გმირი – ტუარეგი ბედუინი უხაიადი მკითხველს თავისი ცხოვ რების ისტორიით საოცრად თვალსაჩინოდ უსურათებს უდაბნოს დღემდე უცვლელ ცხოვრების წესს და მორალურ კოდექსს, სიცოცხლისა და სიკვდილის კანონზომიერებას და ფილოსოფიას, კლასიკური სუფიზმის დოქტრინას დღევან დელობაში.
***
„რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია – ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა“. ეკლესიასტე 3:19
***
„ამ სამეფოს სულთნის მორჩილებაში არიან ოქროს ქვიშის უდაბნოს ქვეყნები. მათ ყოველ წელს მიაქვთ სულთნისთვის ოქროს მადანი. ისინი ველური ურწმუნოები არიან და სულთანმა რომ მოინდომოს, დაიპყრობდა მათ, მაგრამ ამ სამეფოს მეფეებმა გამოცდილებიდან უკვე იციან, რომ აიღებენ თუ არა რომელიმე ამ ოქროს ქალაქს და შევა თუ არა იქ ისლამი და აზანის ხმა გაისმება, ოქრო შემცირდება, მთლად დაილევა და გაქრება. იმავდროულად, მეზობელ წარმართულ ქვეყნებში ოქრო მოიმატებს და მოიმატებს“, - იბნ ფადლ ალ-ლაჰ ალ-უმარი „მალის სამეფო და მისი შემოგარენი“.
***
აქლემისთვის ლამაზ ქალთა წინაშე ცეკვის სწავლება უდაბნოში რაინდთა ვალია!
***
***
ძირძველ ტომებს ყოველთვის სიურპრიზები და საიდუმლოებები აქვთ!..
***
მატრიარქალური საზოგადოებების გავლენით, ტუარეგები ნათესაობაში დედის ხაზს მიჰყვებიან. მემკვიდრე დიშვილია და არა საკუთარი ვაჟი.
***
სასწაულთა კარი ხომ მუდამ ღიაა!..
***
„სიცილს ტირილი მოსდევს, სიხარულს კი სევდა, სიკვდილი თვალის დახამხამებაში შეიჭრება სიცოცხლეში!“
***
ჯინებს უპყრიათ ხელთ ათასივე სენის წამლის გასაღები! თუ ჯინებმა შეგიპყრეს, განგკურნავენ ნებისმიერი სენისგან, მაგრამ რა ფასი აქვს განკურნებას სენისგან, თუკი გონს დაგაკარგვინებენ? ვინც გონს კარგავს, თავსაც კარგავს!
***
ცხოვრება სულ მახეები და ხაფანგებია!.. თუ ყურადღებით არ იყავი და არ დააკვირდი, ფეხს სად ადგამ, ხაფანგში აღმოჩნდები!.. სწორედ ხაფანგები გვასწავლის მოხერხებულობას!..
***
„ცხოვრება მხოლოდ თმენაა, როგორც ასაკოვანი ხალხი ამბობს“.
***
სიბნელის ჩამოწოლასთან ერთად, როცა ყველაფერი ირინდება და კვდება უდაბნოში, როცა ღამის წყვდიადში მხოლოდ ჯინები რჩებიან, ღია სივრცეში რბიან და ერთ გადაძახილში არიან.
***
როდესაც სიკვდილის წყვდიადი ეშვება, ცოცხალ ქმნილებას ტირილის გარდა, ცრემლისა და ტკივილის ლოკვის გარდა სხვა არაფერი შეუძლია!
***
რატომ ქმნის ღმერთი არსებას, თუკი სიკვდილი იქვეა ჩასაფრებული?! რატომ იტანჯება ცოცხალი ქმნილება სიკვდილის წინ?!
***
მოხუცი ქალები ამტკიცებენ, რომ ჯინები ადამიანებს არ ჰგვანან. არც ვერაგობა და არც მზაკვრობა ჯინებს არ სჩვევიათ. სხვაობის არსი მათ კეთილშობილებაშია. ღირსებისთვის ორთაბრძოლაში ჯინები ადამიანებზე კეთილშობილნი არიან. თუ მათ ავნებ, ისინიც გავნებენ და თუ კეთილად მოეპყრობი, ისინიც კეთილი საქმით გპასუხობენ. ჯინებმა დაღალატება არ იციან. ჯინები თამაშის წესებს იცავენ. მნიშვნელოვანია, იცოდე, თავად რას აპირებ!
***
უდაბნოში სასწაულები ხშირად ხდება!
***
ნიშნები უფლის ენაა! ვინც მას არად ჩააგდებს, უფლისგან წყეულიმც იქნება ამქვეყნად! ვინც მას დაუდევრად მოეპყრობა, ის საზღაურად სასჯელს მოიმკის!
***
ღმერთმა ასეთნი შეგვქმნა, სუსტნი და უძლურნი! არც ერთ არსებას არ შეუძლია სხვის ნაცვლად ტანჯვა და ტკივილის განცდა!
***
შესაძლებელი ყოფილა საშინელი უმწეობის მოთმინებით დამარცხება!.. მოთმინებაა ბედისწერისგან დამცავი თილისმა!.. სიცოცხლე თმენაა!.. და ეს არაა ილუზია!..
***
წყურვილი!.. წყურვილი – უდაბნოს მარადიული ბედისწერა!.. და მოთმინება, რომელიც წყურვილის ღვთაებაცაა!.. მოთმინება უდაბნოს მარადიული მცველი თილისმაა!..
***
თუ ღმერთი მოთმინებას მოგცემს უდაბნოში, ამით ყველაფერს გაძლევს!..
***
უფალო, ნუთუ განკურნების გზა აუცილებლად ჯოჯოხეთზე გადის?!. ნუთუ ხსნა უკიდურესი ტკივილის გარეშე არ არსებობს?!. ნუთუ ცოდვის ფასი ასეთი მძიმეა?!.
***
წყლის გარეშე უდაბნოში არავითარი სასწაული არ ხდება!.. და რომც მოხდეს სასწაული, უწყლობა მას წარხოცავს და ილუზიად, მირაჟად აქცევს! მთელი სამყარო ფიქციაა წყლის გარეშე!
***
თუ რამე მოვა ცხოვრებაში, აუცილებლად რაღაც მისი საპირისპირო წავა!
***
„ღმერთები არ პატიობენ მიცემული აღთქმის დარღვევას!“, - სოფოკლე.
***
უდაბნოს ყველა სიმღერა დარდისა და ნაღველის, გვალვისა და უცხოობაში ცხოვრების გამოხატულებაა, მარადიული უცხოობისა და მშობლიურ საცხოვრისში, სიწყნარეში დაბრუნების მარადიული ლტოლვისა... იმ მწყალობელ ოაზისში დაბრუნების ლტოლვისა, რომელიც არ არსებობს...
***
როგორც წესი, ჭეშმარიტება ჩვენ წინაშე მხოლოდ დროის გასვლის შემდეგ წარმოსდგება ხოლმე! ამას იმეორებს ყოველთვის ხანშიშესული ხალხი.
***
შიმშილი ყველაზე კეთილშობილ არსებებსაც კი არარაობად აქცევს! სულთნებიც კი მუხლებზე იჩოქებენ, თუკი დაიმშევიან და მდაბლად ხოხავენ მონებივით.
***
არაფერია ცხოვრებაში უფრო სახიფათო, ვიდრე ნიშნები, რომლებსაც არად აგდებ ან მხედველობიდან გამოგრჩება! მინიშნება ეს ბედისწერაა! ასე უთქვამს უდაბნოს!
***
მოსვენება ფარავს მოდუნებას, მოდუნებაში კი ჟანგი იმალება.
***
ვაჟები მამების მცველი თილისმები არიან, მაგრამ ამავე დროს ვაჟები მამების დამღუპველებიც არიან!
***
„შეყვარებულთა სიცოცხლე სიკვდილშია. საყვარლის გულს ვერ მოიპოვებ, შენი გული თუ არ დაკარგე“, - ჯალალ ედ-დინ რუმი, „მესნევი“.
***
უცხოთა განზრახვები მხოლოდ უფალმა იცის!..
***
უცხოებს ისე უნდა მოეპყრო, როგორც მოწინააღმდეგეს. კაცი უცხო მხარეს მიზეზის გარეშე არ მიაშურებს. უცხოს გულში ყოველთვის რაღაც საიდუმლოს სძინავს.
***
როცა სირცხვილ-ნამუსი აღარ არის, ძალა ხდება უდაბნოს კანონი.
***
ტუარეგები, ბერბერული მოდგმის მომთაბარე ტომები, საჰარის ძირითადი მოსახლეობა, აფრიკაში არაბეთის ნახევარკუნძულიდან შემოვიდნენ. სახლობენ ჩრდილო აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოში, მათ შორის, სამხრეთ-დასავლეთ ლიბიაში. მატრიარქალური წყობის ელემენტები მათში დღემდე შემორჩენილია. ქალები სახეს არ იფარავენ, კაცები კი თეთრი ან ცისფერი პირბადით დადიან და მხოლოდ თვალები უჩანთ.
***
უდაბნო შემწყნარებელი არაა! თუ ვინმეს უდაბნოში სამარცხვინო საქციელისთვის შეაჩვენებენ, მას ივიწყებენ და შლიან მეხსიერებიდან. ნეტავ მხოლოდ ივიწყებდნენ!.. მასა და მის მოდგმას ზიზღი და აბუჩად აგდება უწერია!.. აბუჩად აგდება კი უდაბნოს კოდექსით მეხსიერებიდან წაშლაზე უარესია!.. არყოფნაზე უარესია!.. აბუჩად აგდება, დამცირება ყოველდღიური სიკვდილია, ყოველ საათს, ყოველ წუთს სიკვდილი!.. ასეთი კაცი თავის სიცოცხლეში ასჯერ, ათასჯერ კვდება ერთხელ და საბოლოოდ სიკვდილის მაგივრად!
***
ამქვეყნად არ არსებობს არსება, რომელიც აქლემს ფიზიკური ტკივილის მოთმენაში გაეჯიბრება, მაგრამ ამასთანავე არ არსებობს ამქვეყნად არსება აქლემზე სუსტი და გულჩვილი ტკივილის გულით ტარებაში.
***
...სანამ დაიბადებოდნენ, სანამ ჩაისახებოდნენ დედის მუცლებში, სანამ მამების გულებში ფიქრსა და გრძნობას აღძრავდნენ, სანამ სურვილად იქცეოდნენ, სხეულზე რომ ბატონობს, სანამ მარადიულ კოსმოსში მტვრის ნამცეცად მოვიდოდნენ... როცა მხოლოდ ქარის ხმა იყო ორივე და სიმღერის ექო, ლამაზმანთა თითებში მოქცეული სიმებიანი საკრავის – ამზადის კვნესა, სამოთხის ჰურიის ზაღარიდები, დიახ, მოწყალე ჰურიის ღვთაებრივი ზაღარიდები ჭის უკუნ სიბნელეში...
***
ვინ არის ქალი?! ის ეშმაკის მიერ შექმნილი ქამანდია, კაცების გამოსაჭერად და ყურით სატარებლად. ვინ არის ვაჟიშვილი?! ის მამის გასართობი სათამაშოა, ჰგონია რა, რომ მასშია უკვდავება და ხსნა მაშინ, როცა სინამდვილეში ის მისი ქონების დამნიავებელი და სიცოცხლის მომსპობია!.. და რა არის სირცხვილი?! ის კიდევ მორიგი ილუზიაა, უდაბნოს ხალხის მიერ შექმნილი, რათა თავი დაიმონონ და შეიბოჭონ კისერზე შემოხვეული მეტი ჯაჭვით...
***
როცა ბედისწერა აწყობს რამეს, ისე აკეთებს, რომ ყველას ხდის პასუხისმგებელს და დამნაშავეს. ყველას მტრად აქცევს – ხალხს, საგნებს, უდაბნოს... ეს უზენაესი ბედისწერის თვისებაა, როცა წყვეტს, რომ პასუხისმგებლობა ყველას აჰკიდოს მხრებზე, რათა არ არსებობდეს ერთი დამნაშავე. როცა დანაშაულის თანამონაწილეა ყველა, მაშინ არ არსებობს დამნაშავე. ბედისწერა ყველაზე ოსტატურად შლის კვალს, გადაანაწილებს დანაშაულს, რათა შეუძლებელი გახდეს დანაშაულის ნამდვილი ჩამდენის პოვნა.
***
ადამიანი მძევალია იმისა, რასაც ის ფლობს, ისევე, როგორც ის ტყვეა საკუთარი სხეულის!
***
***
განა არის რამე უფრო მგრძნობიარე, ვიდრე ქალური ინტუიცია და წინათგრძნობა, როცა ის ეჭვობს რამეს?!
***
როდესაც სატანა რამეს გადაწყვეტს, კაცს ამ საქმეს უიოლებს და გზას ქვა-ღორღისგან მოუსუფთავებს, რათა ამ საქმის ჩამდენს უფსკრულისკენ უბიძგოს.
***
ოქრო მხოლოდ ადამიანებს კი არა, ჯინებსაც კი სჭირდებათ! ის კაცთა და ჯინთა ბრძოლის მიზეზია. ეშმაკისა და ადამიანის ბრძოლის მიზეზიც ის არის. ადამიანის ადამიანთან ბრძოლის მიზეზიც ისაა.
***
ოქრო ყოველი ადამიანის მიზანია დაბადებიდან სიკვდილამდე ხელმოცარულებისა და სუფი დერვიშების გარდა. ხელმოცარულები და სუფი დერვიშები შეაჩვენებენ ოქროს მოარული ხმებით, რადგან მათ ოქროს შოვნა არ გამოუდით.
***
სიმშვიდის მნიშვნელობა მხოლოდ იმან იცის, ვინც ოაზისის ბორკილებით ხელფეხშეკრული ყოფილა, ქამანდით, სათამაშოთი და ილუზიით, ცხოვრების საწუხარითა და ხალხის მზაკვრული ხრიკებით შებოჭილი! დღისით რომ შრომობს, წვალობს, ებრძვის ცხოვრებას, ღამით ფხიზლობს, საზრუნავი არ აძინებს და ბორკილები კი მხოლოდ უფრო ვიწროვდება და უხეშდება. ერთ ნასკვს რომ გამოშლის, ახალ თოკებს ნახულობს, ხელ-ფეხს რომ უბოჭავს და ყელზე ჭალის გველივით ეხვევა. რამდენიც თავს წამოსწევს და ჩაძირვიდან ხსნაზე ოცნებას იწყებს, იმდენი ფარული ძალები შეიკვრებიან და ფსკერზე ეწევიან.
***
ოდითგან ამბობენ, რომ უდაბნოში ჭორები და ახალი ამბები ქარს გადააქვს, განსაკუთრებით კი სამარცხვინო ზნეობრივი სკანდალები! სირცხვილი გადააქვს!
***
უდაბნომ იცოდა, მემკვიდრეობისა და ნადავლის გაყოფა არ დაიშვება, თუ მოკლულის გამო შური ნაძიები არ არის!
***
ასეთია ცხოვრება! ყოველთვის მხდალები იმკიან ნაყოფს!
***
ჯინები განთიადზე არ ბურტყუნებენ. ჯინები ბურტყუნებენ შუაღამისას. განთიადი წმიდათაწმიდა აკრძალვაა ჯინთათვის. განთიადზე ყველაფერი მუნჯდება ჰამადას უდაბნოში. ჯინებიც თავიანთ ქვესკნელში ჩადიან.
***
უდაბნოში კაცი რამის ძიებაში ტირის, ის ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად მიაღწევს მას!
***
გული მხოლოდ ზეცად უნდა დაავანო. თუ მას მიწიერ ქმნილებას მიანდობ, მისწვდება მას ხალხის ხელი და დაგიწვავენ.
არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ