ელიფ შაფაქი: თურქეთი მსოფლიოს მოწინავე საპყრობილედ იქცა...
თურქი მწერალი ელიფ შაფაქი მის სამშობლოში მიმდინარე რეფერენდუმს ეხმაურება. მწერალი აცხადებს, რომ მის ქვეყანაში დემოკრატია მყიფეა და თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდებს დიქტატურის დამყარების საშუალება არ მისცეს პოლიკურ ელიტას.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ რეფერენდუმზე თურქეთის მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლა.
თუ მოქალაქეები კონსტიტუციის ცვლილებას დათანხმდებიან, პრეზიდენტის უფლებამოსილება გაფართოვდება. კერძოდ მას უფლება ექნება:
დაითხოვოს პარლამენტი;
გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა;
დანიშნოს და დაითხოვოს მინისტრები და მოსამართლეები;
გამოსცეს განკარგულებები.
„თურქეთი გზაჯვარედინზეა - დღევანდელი რეფერენდუმის შედეგები გადამწყვეტი იქნება ჩემი მშვენიერი, მრავალტანჯული ქვეყნისთვის.
თურქეთი ან შეძლებს და გამოასწორებს მისი დემოკრატიის ნაკლოვანებებს, ან გადაიზრდება სისტემაში, რომელიც ერთ კაცს აძლევს საშუალებას ჰქონდეს თითქმის აბსოლუტური მონოპოლია ძალაუფლებაზე.
თურქეთის მაგალითი გვიჩვენებს, თუ რამდენად მყიფეა დემოკრატია პოპულისტური დემაგოგიის წინააღმდეგ.
მიმდინარე მოვლენები ნათელი მაგალითია იმისა, რომ ისტორია ყოველთვის წინ არ მიდის, ზოგჯერ ქვეყნები წრეზე ბრუნავენ და ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებენ.
დღეს თურქეთი მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე საპყრობილედ იქცა, სადაც იჭერენ ჟურნალისტებს, ხოლო ნებისმიერმა მწერალმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენელმა იცის, რომ წიგნის, სტატიისა თუ უბრალოდ - ტვიტისთვის, შესაძლოა სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადონ.
ჩვენ გვჭირდება კანონის უზენაესობა, ძალაუფლების დაყოფა, თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი აკადემიური სივრცე.
თურქეთის მოვლენები გაფრთხილებაა სხვა ქვეყნებისთვის, ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს...
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ქრება მემარჯვენეებად და მემარცხენეებად დაყოფის ტრადიცია, დღეს ტრაიბალიზმი და ჰუმანიზმი უპირისპირდება ერთმანეთს. ცივილიზაციასა და რელიგიას შორის კი არა, ერებს შორის - ღირებულებების დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე.
თურქეთის მმართველმა ელიტამ შესაძლოა უარყო დემოკრატია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს ამ ქვეყანაში უამრავი საღად მოაზროვნე ადამიანი ცხოვრობს, რომლებმაც იციან, რომ მათი ქვეყანა, ეს რეგიონი და ზოგადად - მსოფლიო, უკეთესს იმსახურებს!“
შეგახსენებთ, რომ ელიფ შაფაქის რომანის - „სტამბოლელი ნაბიჭვარის“ თურქული გამოცემის გამოსვლის შემდეგ, იქამდე ვიდრე 2006 წელს, მისი ინგლისური გამოცემა გამოვიდოდა, მწერალი თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლით - „ნაციისათვის ჩირქის მიცხების გამო“ გაასამართლეს. ბრალდებები რომანის სომეხი პერსონაჟების სიტყვებს ეყრდნობოდა. შაფაქისთვის შეიძლება სამწლიანი პატიმრობა მოესაჯათ, თუმცა საბოლოოდ ბრალდებები მოუხსნეს.
წყარო - BBC.com