სვეტლანა ალექსიევიჩი - ომს არ აქვს ქალის სახე
საბჭოთა ჯარში მილიონამდე ქალი იბრძოდა. ყველა მათგანი სამხედრო სპეციალობას დაეუფლა, მათ შორის, ყველაზე „მამაკაცურსაც“. ენობრივი პრობლემაც კი გაჩნდა: სიტყვებს - „ტანკისტი“, „ქვეითი“, „მეავტომატე“ - თავდაპირველად მდედრობითი ფორმა არ ჰქონია, რადგან მანამდე ეს საქმე ქალს არასოდეს უკეთებია. ქალური დაბოლოების სიტყვები იქ, ომში გაჩნდა...
***
„მილიონობით მოკლულმა თითქმის უფასოდ,
მრუმე წყვდიადში გაიკვალეს გზა და ბილიკი“, - ოსიპ მანდელშტამი
***
ომს გამუდმებით ახსენებდნენ: სკოლასა თუ სახლში, ქორწილსა თუ ნათლობაში, დღესასწაულსა თუ ქელეხში. ბავშვების საუბრებშიც კი. მეზობლის ბიჭმა ერთხელ მკითხა: „ადამიანები მიწის ქვეშ რას აკეთებენ? იქ როგორ ცხოვრობენ?“ ჩვენც ვცდილობდით ომის საიდუმლოს ამოცნობას.
***
მშვიდობას ომის გარეშე არ ვიცნობდით. ომის სამყარო - ჩვენთვის ნაცნობი ერთადერთი სამყარო, ხოლო ომის ადამიანები ჩვენი ერთადერთი ახლობლები იყვნენ. სხვა სამყაროსა და სხვა ადამიანებს არც ახლა ვიცნობ. ყოფილან კი ოდესმე სხვები?
***
სულმუდამ ვომობდით ან ომისთვის ვემზადებოდით. სხვაგვარად არასოდეს გვიცხოვრია და ალბათ არც შეგვიძლია. არ წარმოგვიდგენია სხვაგვარად ცხოვრება. მისი სწავლა ოდესმე დიდხანს მოგვიწევს.
***
სკოლაში სიკვდილის სიყვარულს გვინერგავდნენ. ვწერდით თხზულებებს იმის შესახებ, რომ გვინდოდა, სიცოცხლე ამა და ამისთვის შეგვეწირა... ამაზე ვოცნებობდით...
***
ცხოვრების არცოდნა უშიშრობას ბადებდა.
***
ყველაფერი, რაც ომის შესახებ ვიცი, „მამაკაცის ხმით“ მოვისმინეთ. ომის შესახებ „მამაკაცური“ წარმოდგენებისა და „მამაკაცური“ შეგრძნებების ტყვეობაში ვიმყოფებით. „მამაკაცური“ სიტყვებისაც. ქალები კი დუმან.
***
„ქალის“ ომი სხვაგვარადაა შეფერილი, სხვა სუნი, სხვა განათება და გრძნობატა საკუთარი სივრცე აქვს. საკუთარი სიტყვებიც. იქ გმირებისა და დაუჯერებელი გმირობების ნაცვლად უბრალოდ ადამიანებს შეხვდებით, არაადამიანური და მაინც ადამიანური საქმით დაკავებულებს. თანაც იქ მხოლოდ ისინი (ადამიანები!) როდი იტანჯებიან, არამედ მიწაც, ფრინველებიც, ხეებიც. ყველაფერი, რაც ამქვეყნად ჩვენთან ერთად ცხოვრობს. უსიტყვოდ რომ იტანჯებიან, ეს კიდევ უფრო შემძარავიც კია.
***
ტკივილი ყოველგვარ სიყალბეს ადნობს და სპობს.
***
ხშირად სიტყვებით, ფაქტებით, ცრემლით სავსე გრძელი დღის შემდეგ მეხსიერებაში ერთადერთი ფრაზა დამრჩენია (თანაც როგორი ფრაზა!): „ფრონტზე ისეთი პატარა წავედი, რომ ომის განმავლობაში ტანიც კი ავიყარე“.
***
ტანჯვა ჩვენს მძიმე და არეულ-დარეულ ცხოვრებას ამართლებს. ჩვენთვის ტკივილი ხელოვნებაა.
***
მრავალი წლის შემდეგ ადამიანი ხვდება, რომ აი, ეს მისი ცხოვრება იყო, ახლა კი ბედთან შერიგება და წასასვლელად მომზადება უწევს. გული ეთანაღრება, ასე უბრალოდ რომ უნდა გაქრეს. უდიერად. შეუმჩნევლად. აი, ასეთ დროს უკან მოიხედავს ხოლმე, უჩნდება სურვილი, არა მხოლოდ თავისი ამბავი მოუთხროს ვინმეს, არამედ სიცოცხლის საიდუმლოსაც ჩასწვდეს. საკუთარ თავს უპასუხოს ამ შეკითხვაზე: რატომ გადამხდა თავს ეს ყოველივე? ყველაფერს გამოთხოვიების თვალით, ოდნავ სევდიანი უცქერის... აღარც ტყუილი სჭირდება, აღარც თავის მოტყუება. უკვე ესმის, რომ სიკვდილზე ფიქრის გარეშე ადამიანი ვერაფერს ამოიცნობ. მისი საიდუმლო ყველაფერს ფარავს.
***
ომი მეტისმეტად ინტიმური განცდაა. და ადამიანის ცხოვერბასავით უსასრულო...
***
3 წელი ვიყავი ომში... და ის სამი წელი თავი ქალად არ მიგრძნია. ორგანიზმი თითქმოს გამიქვავდა. მენსტრუაცია შემიჩერდა, თითქმის ყველა ქალური სურვილი გამიქრა. არადა, ლამაზი ვიყავი... როცა მომავალმა მეუღლემ ცოლობა მთხოვა... ეს უკვე - ბერლინში, რაიხსტაგთან... მითხრა: „ომი დამთავრდა. გადავრჩით. გაგვიმართლა. ცოლად გამომყევი“. ტირილი მომინდა. მინდოდა მეყვირა, მისთვის სილა გამეწნა! რას ჰქვია „ცოლად გამომყევი“?! ახლა? ამ საშინელებაში გათხოვებაზე ვიფიქრო? ამ შავ ჭვარტლსა და გაშავებულ აგურებს შორის... შემომხედე... ნახე - რას დავემსგავსე! ჯერ ქალად მაქციე: ყვავილები მაჩუქე, მომეფერე, ქათინაურები მითხარი. ეს ისე ძალიან მინდა, ისე ველოდები შენგან ამას! ლამის მართლა გავარტყი სილა... დავაპირე... მას კი ცალი ლოყა დამწვარი და ღვინისრად ატყავებული ჰქონდა. ვხედავ, ყველაფერს მიხვდა და ცრემლები ჩამოსდის ამ დამწვარ ლოყაზე... ახალ ნაიარევზე... და საკუთარ სიტყვებს თვითონვე ვერ დავუჯერე: „ჰო, გამოგყვები ცოლად“.
***
ადამიანი ომზე მეტია...
***
სინამდვილეს მთლად ახლოს, პირისპირ ვერ მიუდგები. ჩვენსა და სინამდვილეს შორის გრძნობების ზღუდე აღმართულა.
***
ვწერ არა ომის, არამედ ომში ადამიანების შესახებ. ომის ისტორიას კი არა, გრძნობების ისტორიას ვწერ. გრძნობათა ისტორიკოსი ვარ. ერთი მხრივ, კონკრეტულ ადამიანს ვიკვლევს, კონკრეტულ დროში მცხოვრებსა და კონკრეტული მოვლენების მონაწილეს, მეორე მხრივ კი, მასში მარადიული ადამიანი უნდა დავინახო. მარადისობის კრთომა. ის, რაც მუდამ არის ადამიანში.
***
ომი როგორღა უნდა ავუხსნა ბავშვს? როგორ ავუხსნა სიკვდილი? როგორ ვუპასუხო შეკითხვას: რატომ ხოცავენ ადამიანებს ომში? მის ტოლებსაც კი? უფროსებს თითქოს პირი გვაქვს შეკრული. ვიცით, რაზეცაა ლაპარაკი. მაგრამ ბავშვები?
***
„ქალის“ ომი „მამაკაცისაზე“ უფრო საშინელია.
***
მამაკაცები ისტორიას, ფაქტებს აფარებენ თავს. ომი მათ ხიბლავთ, როგორც მოქმედება და იდეათა თუ ინტერესთა შეხლა, ქალებს კი გრძნობები იტაცებთ. და კიდევ: მამაკაცებს ბავშვობიდან უნერგავენ, რომ, შესაძლოა, სროლა მოუწიოთ. ქალებს ამას არ ასწავლიან... ისინი ამ საქმისთვის არ ემზადებოდნენ... ამიტომაც მათ სხვა რამ ახსოვთ და სხვაგვარად ახსოვთ. ისეთ რამეებს ხედავენ, რასაც მამაკაცები ვერ ამჩნევენ. ვიმეორებ - მათ ომს სუნი, ფერი, დეტალური საარსებო სამყარო აქვს.
***
თუ გადაწერაა, თვით ცხოვრებას უნდა დაესესხო: მისნაირი ფანტაზია სხვას არავის აქვს.
***
კიდევ უფრო გაუსაძლისი და საძულველია სხვისი მოკვლა, რადგან ქალი სიცოცხლის მბოძებელია. ის სიცოცხლეს შობს. საკუთარ თავში ხანგრძლივად ატარებს, ანანავებს. მივხვდი, რომ ქალებს მოკვლა უფრო უჭირთ.
***
ადამიანი ყველაზე მკაფიოდ ჩანს, ყველაზე უკეთ იხსნება ომში და, ალბათ, სიყვარულშიც. სიღრმეებამდე, კანქვეშა შრეებამდე ჩანს. სიკვდილის პირისპირ ყველა იდეა მკრთალდება, იხსნება შეუცნობელი მარადისობა, რომლისთვისაც არავინაა მზად. ჩვენ ჯერ კიდევ ისტორიაში ვცხოვრობთ და არა კოსმოსში.
***
სიტყვები ხშირად გვაშორებს ჭეშმარიტებას.
***
ჩვენი მეხსიერება იდეალური ინსტრუმენტი სულაც არ არის. ის არამხოლოდ თვითნებური და ჭირვეულია, არამედ დროის ჯაჭვზე ძაღლივითაა მიბმული.
***
შეყვარებული არიან იმაზე, რაც თავს გადახდათ, რადგან ეს მხოლოდ ომი კი არა, მათი ახალგაზრდობაცაა. პირველი სიყვარული.
***
ომში ნამყოფები იხსენებენ, რომ სამოქალაქო ადამიანს სამი დღე სჭირდება, სამხედროდ რომ გადაიქცეს. რატომ კმარა სამი დღე? იქნებ ესეც მითია? უფრო ასე მგონია. იქ მოხვედრილი ადამიანი ბევრად უფრო იდუმალი და უცხოა.
***
„ვუტევთ... პირველი გერმანული სოფლები... ახალგაზრდები ვართ. ჯან-ღონით სავსენი. ოთხი წელი ქალი არ გვინახავს. მარნებში ღვინო და წასახემსებელი დაგვხვდა. გერმანელ ქალიშვილებს ვიჭერდით და... ათი კაცი ერთს ვაუპატიურებდით... ქალები არ გვყოფნიდა, მოსახლეობა საბჭოთა ჯარს გაურბოდა, ამიტომ სულმთლად ნორჩებსაც ვიჭერდით. გოგონებს... თორმეტი-ცამეტი წლისებს... თუ ტიროდა, ვცემდით, პირში რაიმეს ვჩრიდით. მას რომ სტკიოდა, ჩვენ გვეცინებოდა. ახლა არ მესმის, ამას როგორ ჩავდიოდი... ინტელიგენტ ოჯახში გაზრდილი ბიჭი... მაგრამ ეს მე ვიყავი...
***
„ორმოცდაერთი წელი... ალყაში ვართ. ჩვენთან ერთად პოლიტხელმძღვანელი ლუნინია... მან წაგვიკითხა ბრძანება იმის შესახებ, რომ საბჭოთ ჯარისკაცები მტერს არ ბარდებიან. როგორც ამხანაგმა სტალინმა თქვა, ჩვენ არ გვყავს ტყვედ ჩაცვენილები, გვყავს მხოლოდ მოღალატეები. ბიჭებმა პისტოლეტები ამოიღეს... პოლიტხელმძღვანელმა უბრძანა: „არა, ბიჭებო, იცოცხლეთ, თქვენ ახალგაზრდები ხართ“. და თვითონ მოიკლა თავი.
***
მიდი და ომის დროს იპოვე კეთილი ადამიანი...
***
„ჯართან ერთად ბერლინამდე ჩავაღწიე...
ჩემს სოფელში დავბრუნდი დიდების ორი ორდენითა და მედლებით. სამი დღე ვიცხოვრე, მეოთხე დღეს კი, სანამ ყველას ეძინა, დედა უთენია მაღვიძებს: „შვილო, საგზალი გაგიმზადე. წადი... წადი... ორი უმცროსი და გეზრდება. ამათ ცოლად ვიღა მოიყვანს? ყველამ იცის, რომ შენ, მათმა დამ, ოთხი წელიწადი ფრონტზე მამაკაცებთან ერთად გაატარე...“
***
„ბევრ ჩვენგანს სჯეროდა...
გვეგონა, ომის შემდეგ ყველაფერი შეიცვლებოდა... სტალინი თავის ხალხს ნდობას გამოუცხადებდა. მაგრამ ომი ჯერ დამთავრებულიც არ იყო, რომ მაგადანისკენ უკვე ეშელონები მიდიოდა და გამარჯვებულები მიჰყავდა... დააპატიმრეს ყველა, ვინც ტყვეობაში იყო, ვინც გერმანელთა ბანაკებს გადაურჩა, ვინც გერმანელებმა სამუშაოებზე წაიყვანეს - ყველა, ვინც ევროპა ნახა და სხვებისათვის შეეძლო, მოეთხრო, როგორ ცხოვრობს იქ ხალხი. კომუნისტების გარეშე. როგორი სახლებია იქ და როგორი გზები. და რომ არსად არის კოლმეურნეობები...“
***
„ხელჩართულ ბრძოლაში როცა კაცს კლავ, თვალებში უყურებ. ეს ყუმბარების ჩამოგდება და სანგრიდან სროლა არ გეგონოს“, - მიამბობდნენ.
როდესაც ადამიანი მოგითხრობს, თუ როგორ კლავდა და როგორ კვდებოდა, ესეც იგივეა - თვალებში ცქერა...
***
რატომაა, რომ ბოროტება არ გვაკვირვებს, მისი არსებობა რატომ არ იწვევს ჩვენში გაოცებას?
***
ახლა ვეღარ გავიხსენებ, ომის დროს ჩვენს სოფელში ცეკვები თუ იმართებოდა, მაგრამ თუ იყო, გოგოს გოგოსთან უნდა ეცეკვა, ბიჭები აღარ შეგვრჩა. ჩვენი სოფლები მიჩუმდა.
***
ორმოცდაერთის გოგონები... პირველი შეკითხვა, რაც მიჩნდება: საიდან გაჩნდნე ასეთები? ასე ბევრნი რატომ იყვნენ? როგორ გაბედებს მამაკაცების მხარდამხარ იარაღის ხელში აღება? სროლა, დანაღმვა, აფეთქება, დაბომბვა - ხოცვა?
ამავე შეკითხვას ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში უსვამდა პუშკინი საკუთარ თავს, როდესაც ჟურნალ „სოვრემენიკში“ გამოაქვეყნა ნაწყვეტი ნაპოლეონთან ომის მონაწილე კავალერისტი ქალიშვილის, ნადეჟდა დუროვას ჩანაწერებიდან:
„რა მიზეზებმა აიძულეს კეთილშობილურ თავად-აზნაურულ ოჯახში გაზრდილი ქალიშვილი, მიეტოვებინა მშობლიური სახლი, ეთქვა უარი საკუთარ სქესზე, ეტვირთა ის შრომა და მოვალეობები, მამაკაცებსაც რომ აშინებს და ბრძოლის ველზე გასულიყო - თანაც, თვით ნაპოლეონის წინააღმდეგ! რამ გადააწყვეტინა? გულის ფარულმა დარდმა? აღტყინებულმა წარმოსახვამ? თანდაყოლილმა დაუოკებელმა მიდრეკილებამ? სიყვარულმა?“
***
ომამდე ხმები დადიოდა, ჰიტლერი საბჭოთა კავშირზე თავდასხმას აპირებსო, მაგრამ ამგვარი საუბრები სასტიკად იკრძალებოდა შესაბამისი ორგანოების მიერ... ხომ გესმით, ეს რა ორგანოებიცაა? „ენკავედე“... ჩეკისტები... ადამიანები ერთურთს თუ ეჩურჩულებოდნენ - მხოლოდ შინ, სამზარეულოში; კომუნალურ ბინებში კი მხოლოდ საკუთარ ოთახში, დახურულ კარს მიღმა ან სააბაზანოში, მანამდე კი საგანგებოდ ხსნიდნენ წყლის ონკანს. მაგრამ როდესაც სტალინმა მოგვმართა... „ძმებო და დებო...“ ყველამ დავივიწყეთ წყენა... ბიძაჩემი, დედას ძმა, ბანაკში იჯდა, რკინიგზელი იყო, ძველი კომუნისტი. სამსახურში დააპატიმრეს... ხომ გესმით, ვინც? „ენკავედემ“... ბიძა ძალიან გვიყვარდა, თანაც ვიცოდით, რომ არაფერში იყო დამნაშავე. გვჯეროდა. ჯერ კიდევ სამოქალაქო ომიდან ჰქონდა ჯილდოები... მაგრამ სტალინის სიტყვის შემდეგ დედამ თქვა: „ჯერ სამშობლო დავიცვათ, მერე კი გავერკვეთ“. სამშობლო ყველას გვიყვარდა.
***
ისინი არ ტიროდნენ - ჩვენი დედები: ისინი ყმუოდნენ.
***
დედ-მამას სული ჩემი გაშვება არ უნდოდა, მე კი სული ამითღა მედგა: ფრონტზე! ფრონტზე! აი, ის პლაკატები, ახლა რომ მუზეუმში კიდია: „დედასამშობლო გიხმობს!“, „რა გააკეთე ფრონტისთვის?“ - ჩემზე, მაგალითად, უზომოდ მოქმედებდა. სულ თვალწინ მედგა. და სიმღერები? „აღსდექი, მიწავ უკიდეგანო, აღსდექი სამკვდრო ბრძოლისთვის...“
***
დეიდას დავურეკე:
- ფრონტზე მივდივარ.
ყურმილიდან მიპასუხეს:
- აბა, სწრაფად, შინ! სადილი ცივდება.
***
იყო სტალინის ყველასთვის ცნობილი ბრძანება ნომერი ორასოცდაშვილი - „არც ერთი ნაბიჯი უკან!“
უკან მიბრუნდები - დახვრეტა! ადგილზე დახვრეტა. ან - ტრიბუნალის წინაშე და საგანგებოდ შექმნილ სადამსჯელო ბატალიონებში. იქ მოხვედრილებს სიკვვდილმისჯილებს უწოდებდნენ. ალყიდან და ტყვეობიდან გამოქცეულებს კი საფილტრაციო ბანაკებში უკრავდნენ თავს. ზურგს უკან ფეხდაფეხ მოგვყვებოდნენ გადამღობი რაზმები... ისინი თავისიანებს ესროდნენ...
ჩვეულებრივი მდელოა... ნაწვიმარზე ტალახი. ახალგაზრდა ჯარისკაცი მუხლისჩოქზე დგას. სათვალე უკეთია, რატომღაც გამუდმებით უვარდება, ისევ იკეთებს. სისველეა... ინტელიგენტი ლენინგრადელი ბიჭი. შაშხანა უკვე ჩამოართვეს. ყველა დაგვაწყვეს. ყველგან გუბეა... ჩვენ გვესმის, როგორ იხვეწება... იფიცება... სთხოვს, ნუ დამხვრეტთ, შინ დედა სულ მარტო დავტოვეო. ტირილს იწყებს. წამიც და - პირდაპირ შუბლში. პისტოლეტით. ეს საჩვენებელი დახვრეტა იყო - ასე დაემართება ყველას, ვინც შედრკება. თუნდაც, წუთით! ერთი წუთითაც კი...
ამ ბრძანებამ ერთბაშად ზრდასრულად მაქცია. ამაზე საუბარი არ შეიძლებოდა... დიდხანს არ ვიხსენებდით... მართალია გავიმარჯვეთ, მაგრამ რა ფასად?! რა საშინელ ფასად!
***
უკან ცარიელი მანქანით ვბრუნდებოდი და გამოვიძინე. დავბრუნდი გამოფხიზლებული, დანარჩენები კი დაღლილობისაგან ეცემოდნენ.
კომისარს ვეუბნები:
- ამხანაგო კომისარო, მრცხვენია.
- რაშია საქმე?
- მეძინა.
- სად?
ვუამბე, დაჭრილები როგორ წავიყვანე, უკანა გზაზე კი გამოვიძინე.
- რა მოხდა მერე? ყოჩაღ! ერთი ადამიანი მაინც იყოს ნორმალური, სხვებს ქანცი აღარ აქვთ.
***
ომის შემდეგ კიდევ, ასე თხუთმეტ წელიწადს დავდიოდი დაზვერვაში. ყოველ ღამით. სულ ასეთი სიზმრები: ხან შაშხანამ მიმტყუნა, ხან ალყა შემოგვარტყეს. კბილების კაწკაწით ვიღვიძებ და ვიხსენებ - სად ვარ? აქ თუ იქ?
***
ომი რომ დამთავრდა, სამი სურვილი მქონდა: პირველი - ბოლოს და ბოლოს, მუცელზე ხოხვის ნაცვლად ტროლეიბუსით მემგზავრა, მეორე - მეყიდა და მთლიანად შემეჭამა თეთრი პურის ბატონი, მესამე - გამომეძინა ქათქათა საწოლში, ისეთში, ზეწარს ტკაცატკუცი რომ გაუდის. თეთრი ზეწარი...“
***
დამწვარ ნაწილებს ჩემი ხელით ვაგროვებდი... ჩემი მეგობრის ოჯახი შევაგროვე... ნაცარში ძვლებს ვპოულობდით და თუკი სადმე ტანისამოსის ციცქნა ნაწუკი იყო შემორჩენილი, იმით ვცნობდით. ყველა თავისას ეძებდა. ერთი ნაგლეჯი ავიღე მიწიდან, მეგობარი ამბობს: „დედას ბლუზაა“ - ეს თქვა და დავარდა. ძვლებს ვინ ზეწარში აგროვებდა, ვინ ბალიშის პირში. მეგობართან ერთად ერთი პატარა ჩანთა, ნახევარი ჩანთა ძლივს გავავსეთ. ყველაფერს საერთო საფლავში ვაწყობდით. ყველაფერი გაშავებული - მხოლოდ ძვლებია თეთრი. და ძვლის ნაცარი... უკვე ვცნობდი... თეთრია, ქათქათა...
***
ომში, როგორც ამბობენ, სანახევროდ ადამიანი ხარ, სანახევროდ მხეცი. ასეა. სხვანაირად ვერ გადარჩები. მხოლოდ ადამიანი თუ იქნები, დაიღუპები. თავს წაგაცლიან! ომში გიწევს, საკუთარი თავის შესახებ რაღაც გაიხსენო. რაღაც ისეთი... იმდროინდელი გაიხსენო, როცა ადამიანი ჯერ მთლად ადამიანი არ იყო...
***
ომიდან სუფთა ვერავინ გამოვა.
***
თუ მკითხავთ, რა არის ბედნიერება, გეტყვით: მკვდრებს შორის ცოცხალს რომ აღმოაჩენ...
***
მშვიდი ცხოვრებისათვის ვიხოცებოდით და ცხოვრებას არც კი ვიცნობდით. მხოლოდ წიგნებში თუ წაგვიკითხავს.
***
მართლა, ვერც კი წარმოიდგენთ, რა კარგია ომში ქალის სიცილი. ქალის ხმა!
***
როდესაც ნივთები შენს სახლში დიდხანს ცხოვრობენ, სულიერები ხდებიან.
***
სიძულვილის გარეშე სროლას ვერ შეძლებ. ეს ომია და არა ნადირობა.
***
პირში წყალი გვქონდა დაგუბებული და ვდუმდით. აღარავისთან ვაღიარებდით, რომ ფრონტზე ვიბრძოლეთ. ისე, ერთმანეთში ვინარჩუნებდით კავშირს, წერილებს ვწერდით. პატივს მერეღა ვეღირსეთ, ოცდაათი წლის სემდეგ... შეხვედრებზე გვიწვევდნენ... პირველ ხანებში კი ვიმალებოდით, ჯილდოებსაც კი არ ვიმაგრებდით. მამაკაცები იკეთებდნენ, ჩვენ - არა. მამაკაცები გამარჯვებულებად მიაჩნდათ, გმირებად, სასრუველ სასიძოებად, ომი ჰქონდათ გამოვლილი. ჩვენ კი სულ სხვა თვალით გვიყურებდნენ. სულ სხვა. პირდაპირ გეტყვით, ქალებს გამარჯვება მოგვტაცეს... ჩუმ-ჩუმად ჩაგვანაცვლეს ჩვეულებრივი ქალური ბედნიერებით. გამარჯვება არ გვიწილადეს. ეს საწყენი იყო... გაუგებარიც... იმიტომ, რომ ფრონტზე მამაკაცები არაჩვეულებრივად გვეპყრობოდნენ, სულმუდამ გვიფრთხილდებოდნენ. მშვიდობიან ცხოვრებაში არ შემხვედრია მამაკაცების ქალებისადმი ასეთი დამოკიდებულება. როცა უკან ვიხევდით, მოსასვენებლად ძირს მივწვებოდით, მიწა ცივი იყო, კაცები თავიანთ შინელებს დაგვიფენდნენ, თვითონ კი გიმნასტურების ამარა რჩებოდნენ: „გოგოებს... გოგოებს მივაფაროთ...“ სადმე ბამბის თუ ბინტის ნაგლეჯს იპოვიდნენ: „ჰა, აიღე, გამოგადგება...“ უკანასკნელ ორცხობილას გვიწილადებდნენ. სიკეთისა და სითბოს გარდა ომში მათგან არაფერი გვინახავს. ომის შემდეგ კი?.. არ ვიტყვი... ხმას არ ამოვიღებ... რა გვიშლის გახსენებაში ხელს? გაუსაძლისი მოგონებები...
***
ცეცხლი ყველაფერს შეიძლება წაეკიდოს... სისხლიც კი იწვის...
***
„ჩემს პალატაში ორნი იწვნენ... ერთი გერმანელი და ერთიც ჩვენი დამწვარი ტანკისტი. შევდივარ მათთან:
- თავს როგორ გრძნობთ?
- მე კარგად, - მპასუხობს ტანკისტი, - ეს კი ცუდადაა.
- ეს ხომ ფაშისტია...
- არა, მე არა მიშავს, ამას მიხედეთ, ცუდადაა.
უკვე მტრები კი არა, უბრალოდ ადამიანები იყვნენ. ორი დაჭრილი ადამიანი წევს გვერდიგვერდ. მათ შორის უკვე ადამიანური გრძნობები იღვიძებს. არაერთხელ მინახავს, რა სწრაფად ხდება ეს...“
***
ომში ადამიანს სული უბერდება.
***
ომი კლავს დროს, ადამიანის ძვირფას დროს.
***
რასაც ცხადში წლები სჭირდება, იმას სიზმრად ერთი წამი იტევს.
***
არც ზეწრები გვქონდა, არც ბალიშები. ტოტებსა და თივაზე გვეძინა. მაგრამ მე საყურეები მქონდა გადანახული, ღამე გავიკეთებდი და ისე ვიძინებდი...
***
რაც ყველაზე ფაქიზია, ის ომის დროს არ უნდა გაიხსენო... ფაქიზი - არა! ეს ტაბუა.
***
ომში სიყვარული ადამიანის ერთადერთი პირადული მოვლენაა. ყველაფერი დანარჩენი საერთოა, სიკვდილიც კი.
***
როდესაც ადამიანი კვდება, ყოველთვის ზევით იყურება, გვერდზე არასოდეს, და არც შენ გიცქერს, როდესაც გვერდით უზიხარ. მხოლოდ ზევით... ჭერში... მაგრამ ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ცას აჰყურებს...
***
სამართლიანია თუ არა, მაინც ამაზრზენია კაცის მოკვლა, მით უმეტეს, ომის უკანასკნელ დღეებში...“
***
ორ გულს ვერ იქონები: ერთს - სიძულვილისთვის, მეორეს - სიყვარულისთვის. ადამიანს ერთი გული აქვს. მუდამ იმაზე ვფიქრობდი, გული როგორ გადამერჩინა.
რუსულიდან თარგმნა - თამარ კოტრიკაძემ