ქრისტეს, ლომის, „ეშმაკისა“ და დათვის ქანდაკებები თბილისური შენობების ფასადებზე |
მასალა მოამზადა: გიორგი ჭეიშვილმა
საფასადო ქანდაკებას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, მაგრამ ის თითქმის მთლიანად საეკლესიო ხუროთმოძღვრებასთანაა დაკავშირებული. რაც შეეხება სასახლეებს და, მით უმეტეს რიგით საცხოვრებელ სახლებს, მათ არათუ ფიგურული ქანდაკების, როგორც წესი, ქვაში ნაკვეთი ჩუქურთმებითაც არ ამკობდნენ.
თბილისის სამოქალაქო არქიტექტურაში ქანდაკოვანი და ნაძერწი ელემენტების დამკვიდრება XIX საუკუნიდან იწყება - იმ დროიდან, როცა საქართველოში რუსული ხელისუფლება გაბატონდა და მშენებლობა იმპერიაში მიღებულ ნორმებს დაექვემდებარა. თბილისური საფასადო ქანდაკება არსებითად მთლიანად არის დაკავშირებული ახალ, „ევროპულ“ ქალაქთან.
ნეორენესანსულმა და, განსაკუთრებით, ნეობაროკულმა არქიტექტურამ მოიტანა გაზრდილი მოთხოვნილება ექსტერიერის მდიდრულ მორთვაზე, რაც აისახა 1870-90-იანი წლების შენობატა ფასადებზე ორნამენტისა და ნაძერწი სკულპტურული ელემენტების მომრავლებაში.
***
ინგოროყვას #6 - „ეშმაკის სახლი“
საფასადო ქანდაკების ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ნიმუშია პანის ფიგურა ინგოროყვას #6 სახლის ფანჯრის თავზე. ქალაქურ ფოლკლორში ის ეშმაკის გამოსახულებაც იქნა მიჩნეული და სახლის გარშემო მისტიკური ლეგენდებიც შეიქმნა.
ინგოროყვას #6 |
ეს სახლი პოლონელი არქიტექტორის - ალექსანდრე შიმკევიჩის მიერაა აშენებული. როგორც შიმკევიჩის არქიტექტურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი - ირენა კესკიული გვიამბობს, ინგოროყვას #6-ში მდებარე სახლი არქიტექტორმა ალექსნდრ შიმკევიჩმა 1887 წელს, სომეხი ვაჭრის - იუზბაშევის შეკვეთით ააშენა.
„ამ სახლს არაერთი ლეგენდა უკავშირდება. უპირველეს ყოვლისა - მისი უჩვეულო არქიტექტურიდან გამომდინარე. სახლის მთავარ ფასადზე შეგვიძლია ვიხილოთ ბარელიეფი, რომელიც ეშმაკს მოგაგონებთ, უფრო ზუსტად კი ეშმაკის თავს.
ინგოროყვას #6 |
სახლის სახურავზე არსებობს ქანდაკებები, რომლებიც ასევე მითიურ არსებებს გამოსახავენ. ყურადღება მივაქციოთ სახლის მისამართსაც - რომელიც ინგოროყვას #6-ში მდებარეობს, ამასთანავე, სახლს 6 კარი და 6 ფანჯარა აქვს, ეს ყველაფერი კი ქმნის რიცხვს 666. სწორედ ამ ფაქტებმა და საფასადო ქანდაკის ვიზუალმა წარმოშვა ლეგენდები იმის შესახებ, რომ ეს სახლი დაწყევლილია!
დადიოდა ლეგენდა, რომ თუკი ამ სახლის ფასადს დიდი ხნის განმავლობაში დააკვირდები, ფეხი შეიძლება მოიტეხო. მძღოლებიც ამბობდნენ, რომ უმჯობესია ამ სახლს სწრაფად ჩაუარო, რათა რაიმე გამოუსწორებელი არ მოხდეს.
მისტიკის მოყვარულთა თქმით, ამ სახლის სარდაფი სატანური რიტუალების გასამართად გამოიყენებოდა, ამიტომაც იყო ასეთი დიდი.
ეს ჭორები გაამყარა იმანაც, რომ 2002 წელს, ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომელიც თითქმის 7 ბალს უტოლდებოდა, სახურავიდან ერთ-ერთი ბარელიეფი გადმოვარდა და მანქანას დაეცა.
ინგოროყვას #6 |
ბარელიეფი, რომელიც ამ სახლს ამშვენებს, ძველი ბერძნული მითოლოგიის ღმერთს - პანს გამოსახავს. XIX საუკუნის ბოლოსკენ ძალიან მოდური იყო შენობების გაფორმება გვიანი კლასიციზმის, გვიანის ბაროკოს სტილში... ბარელიეფებითა და სკულპტურებით - ძველი საბერძნეთისა და ძველი რომის თემატიკით... შეძლებული ხალხი, მათ შორის თბილისელი ვაჭრები მოდას მისდევდნენ და სახლებს სწორედ ასეთ სტილში უკვეთავდნენ.
სახლის სარდაფი კი იმიტომ გააკეთეს ასეთი დიდი, რომ ვაჭარი - იუზბაშევი იქ საკუთარ საქონელს ინახავდა.“
***
იაშვილის #9 - ხისგან დამზადებული საფასადო ქანდაკება
იაშვილის #9 |
იაშვილის #9 |
თბილისური შენობების საფასადო ქანდაკებებს შორის, მასალის თვალსაზრისით, უნიკალურია ხისგან გამოკვეთილი ორი ფიგურა იაშვილის ქუჩა #9 სახლის მანსარდაზე.
***
კოსტავას #12 - დათვის ქანდაკება თბილისური შენობის ფასადზე
გამორჩეულია ცნობილი თბილისელი მეცენატის - მიქაელ არამიანცის საცხოვრებელი სახლი კოსტავას #12-ში, რომლის ფასადზეც იშვიათ - დათვის ქანდაკებას ვხვდებით...
კოსტავას #12 |
კოსტავას #12 |
კოსტავას #12 |
***
აღსანიშნავია, რომ სკულპტურებისთვის ხშირად მზა მოდელებს იყენებდნენ. მათი რაოდენობა თბილისში ორმოცდაათს აჭარბებდა. ერთი მოდელით გაკეთებულ ქანდაკებებს ქალაქის ყველა ძველ უბანში შეხვდებით.
XIX საუკუნის II ნახევრის თბილისური საფასადო ქანდაკებების იკონოგრაფია ძირითადად მითოლოგიური სამყაროთი იფარგლება. ხშირია პანის, ჰერმესის, სატირის, ამურის, ნერეიდას (ქალთევზას), ატლანტის, გრიფონის, გერიონის (გვიანი ინტერპრეტაციით - ურჩხული ღამურას ფრთებითა და გველის კუდით), ქიმერას გამოსახულებები.
***
ათონელის #18 - თბილისური სადარბაზო, რომელსაც ლომები "იცავენ"
საფასადო ქანდაკებებზე, ცხოველთაგან, ხშირად გამოისახება ლომი - ძალის და სიმამაცის ტრადიციული სიმბოლო.
თუმცა, შენობების ფასადისგან განსხვავებით, იშვიათად თუ შეგხვდებათ ათონელის #18-ის მსგავსი სადარბაზო, რომელსაც ლომები „იცავენ“...
ათონელის #18 |
ათონელის #18 |
ათონელის #18 |
***
აკოფიანის შესახვევი #4 - ქრისტეს თავის ოთხი უნიკალური გამოსახულება თბილისური სახლის ფასადზე
საფასადო ქანდაკებებზე აქა-იქ გვხვდება ალეგორიული ფიგურებიც. ქრისტიანული თემატიკა ძალიან იშვიათია. გამონაკლისია აკოფიანის შესახვევის #4-ში მდებარე სახლი და მისი კედელი, რომელზეც ქრისტეს თავის ოთხი ერთნაირი პატარა რელიეფია შემონახული...
წყარო: საფასადო ქანდაკება თბილისში, ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი, 2008წ.
წიგნი გამოსაცემად მოამზადეს: მანონ ლილუაშვილმა, ნინო ჭანიშვილმა და დავით ხოშტარიამ
შესავალი ტექსტის ავტორი - დავით ხოშტარია