მტკვარი | არჩილ სულაკაური

„მტკვარში თუ ვინმე იხრჩობოდა, ვორონცოვის ხიდიდან საშინელი გაბმული სტვენა ატყდებოდა“

მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე. თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში - ჩუღურეთში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, სადაც ყოფილი ვორონცოვის ხიდიდან მუხრანის ხიდამდე მდინარის წისქვილები იყო ჩამწკრივებული. ეს წისქვილები ქალაქს განუმეორებელ ელფერსა თუ კოლორიტს ანიჭებდა. მაგრამ ამ განუმეორებლობას მაშინ, ალბათ, ვერც ვგრძნობდი, რადგან მტკვარი, მტკვრისპირა ეზოები, მდინარეზე გადმოფენილი ყოველდღიური გარდუვალობა იყო.

ასევე ჩვეულებრივად აღვიქვამდი ვორონცოვის ხიდის ბურჯებშორის გამოჩენილ ტივებსაც. ეს კი იყო, დაძბული ვადევნებდი თვალს, მეტივე ხიდის თაღში როგორ გამოატარებდა ტივს. აქაფებულ მდინარესთან ბრძოლას დიდი ღონე, სიმარჯვე და გამოცდილება სჭირდებოდა, ტივი ბურჯისთვის რომ არ მიეხეთქებინა. მე ვხედავდი, მეტივეები რა ღონივრად, რა ოსტატურად უსვამდნენ ორთაყვირებს. მათი ცქერა მართლა დიდ სიხარულსა და სიამოვნებას მანიჭებდა. ტივებს „ორბელიანის კუნძულის“ ნაპირზე, მუხრანის ხიდის მახლობლად რამდენიმე დღის შემდეგ მორებად შლიდნენ და ქალაქში გაჰქონდათ. გულწრფელად ვამბობ, ტივზე მოქეიფე ზურნადოლიანი მოქეიფე დარდიმანდები მე არასოდეს მინახავს. თბილისში ტივებად შეკრული მორების ჩამოტანა გარკვეული სამრეწველო ციკლის ერთ-ერთი რგოლი იყო და არა გასართობი. თბილისელები კი ტივებს რატომღაც მოქეიფე დარდიმანდებს ვუკავშირებთ და მდინარის სტიქიას შეჭიდებული მეტივეების თავგანწირვა და სიმამაცე გვავიწყდება.

ცხადია, წისქვილებიც თბილისური ელფერისა და კოლორიტისთვის არ იყო ნაპირის გასწვრივ მდინარეზე ჩარიგებული. ორმოცი წისქვილი დღედაღამ შეუსვენებლად ატრიალებდა თავის უზარმაზარ ბორბლებს, დედაქალაქსა და მის ახლომახლო მდებარე სოფლებს ხორბალსა და სიმინდს უფქვავდა. ურმებს, დროგებს, ცხენებსა და ვირებს დაუსრულებლად მიჰქონდათ ფქვილი. ფქვილის ტომრებით დატვირთული აქლემებიც მინახავს, ოღონდ დღემდე არ ვიცი, ეს აქლემები საიდან მოდიოდნენ და სად მიდიოდნენ.

მტკვარი აპრილის შუა რიცხვებიდან იწყებდა ადიდებას. ფერს იცვლიდა, და მერმე, ჯერ ნელ-ნელა, დღითი დღე მატულობდა, ხოლო მაისის დამდეგს წყლის დონე უკვე ყოველ საათსა და წუთს ზევით, ეზოებისკენ იწევდა. მოდიოდა ღონიერი, ყოვლისმძლეველი მტკვარი, თან მოჰქონდა, რასაც გზაზე წააწყდებოდა. საშინელი სისწრაფით მოაქანებდა ძირფესვიანად მოთხრილ გოლიათ ხეებს. მტკვარი წყალდიდობისას მიუკარებელი, ვერაგი და დაუნდობელი იყო.

ორი-სამი კვირის შემდეგ ცხრებოდა მიდნარე და მაისის ბოლოდან თანდათან თავის კალაპოტს უბრუნდებოდა. ასევე უბრუნდებოდა ძველი იერი და ფერი - მომწვანო, ბაცი ზურმუხტისფერი. თუმცა მტკვარმა ზაფხულობითაც იცოდა ამღვრევა, თუ მოყვითალო თიხისფრად მოედინებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ბორჯომის ხეობაში ან სადღაც სამხრეთში წვიმდა. თუ მდინარე მუქ, სილისფერ ტალღებს მოაგორებდა, ვიცოდით, მტკვარს არაგვმა ან ლიახვმა შეუცვალა ფერი, სწორედ ამ ხეობებს დასტყდომოდა თავს დიდი წვიმები.

მე შემიმჩნევია და მიგრძვნია, თუმცა მაშინ, ალბათ, არ გამიცნობიერებია: მტკვარი ქალაქის ფარგლებს გარეთ სხვანაირად მიედინებოდა, თითქოს სხვა მდინარე იყო, ქვიშხეთთან თუ ბორჯომთან მას სხვანაირად აღვიქვამდი, ვუმზერდი, როგორც უცხოსა და შორებელს. მერმე მეჩვენებოდა, თბილისში შემოსვლისთანავე ზნესაც და ფერსაც იცვლიდა ხოლმე, თითქოს სხვა აზრით იყო დატვირთული, ანდა სხვა მისია ჰქონდა დაკისრებული. თბილისს გასცდებოდა, ორთაჭალას ჩაუვლიდა და ისევ ჰკარგავდა თავის თბილისურ იერს, აზრსა და დანიშნულებას. ეს აღარ იყო თითქოს ჩემი მდინარე, რომელმაც ფიქრი, ცურვა, ნავის ტარება, ბადის გაშლა და, რაც მთავარია, ალბათ, ცხოვრებაც მასწავლა.

მაგრამ მტკვარი მე მაინც დავკარგე. მტკვრის ნაპირზე გაშენებული სახლები დაინგრა და მათ ნაცვლად ბეტონის ჯებირები აღიმართა. ცხოვრებამ ახლა მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მომისროლა და მდინარისაგან საკმაოდ მოშორებულ ქუჩაზე დამასახლა. თითქმის წლების მანძილზე ვეღარ ვხედავდი მდინარეს, რომელიც ისედაც უკვე თავის თავს აღარ ჰგავდა, ბეტონის ჯებირებში მოქცეული, ჩემგან დავიწყებული და მიტოვებული მდორედ მიედინებოდა.

ახლა დროდადრო მესიზმრებოდა მტკვარი, ჩემი ძველი მდინარე - კეთილიცა და დაუნდობელიც, როგორიც თვითონ ცხოვრებაა. მესიზმრება ისეთი, როგორიც ოდესღაც, ბავშვობისას მინახავს და ღრმადა ვარ დარწმუნებული, დღეს სულ სხვა კაცი ვიქნებოდი, ცხოვრების გზაზე მტკვარი რომ არ შემხვედროდა.

მესიზმრება, რა თქმა უნდა, ის ადამიანებიც, მეხსიერების ბნელ კუნჭულებში რომ ჩათვლემდნენ და ხანდახან, მოულოდნელად, თითქოსდა უაზროდ გაიელვებენ ხოლმე.


არჩილ სულაკაური - თბილისური ჩანახატები 
წიგნი გამოსაცემად მოამზადა ლაშა სულაკაურმა, 2013წ.