სვეტლანა ალექსიევიჩი - სექენდ ჰენდის დრო
„მსხვერპლი და ჯალათი ერთნაირად საზიზღარია, ბანაკის გამოცდილება კი გვასწავლის, რომ ესაა ძმობა დაცემაში“, - დავიდ რუსე „ჩვენი სიკვდილის დღეები“
„ყოველ შემთხვევაში, უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიოში ბოროტების გამარჯვებაში ბრმა შემსრულებლები კი არ არიან პასუხისმგებლები, არამედ - უპირველეს ყოვლისა, სიკეთის ფხიზელი მსახურები“, - ფ. სტეპუნი „წარსული და აუხდენელი“
***
კომუნიზმს გიჟური გეგმა ჰქონდა - გადაეკეთებინა „ძველი“ ადამიანი, ოდინდელი ადამი. და გამოუვიდა... შეიძლება, ეს ერთადერთი რამეა, რაც გამოუვიდა. სამოცდაათი წლის განმავლობაში მარქსიზმ-ლენინიზმის ლაბორატორიაში ადამიანის ახალი ტიპი - homo soveticus-ი გამოიყვანეს. ვიღაცები თვლიან, რომ ის ტრაგიკული პერსონაჟია, ვიღაცები - „სავოკს“ უწოდებენ. მგონია, რომ ამ ადამიანს კარგად ვიცნობ, მის გვერდით მრავალი წელი ვიცხოვრე. ის - მე ვარ, ჩემი ნაცნობები, მეგობრები, მშობლები... რამდენიმე წლის განმავლობაში ყოფილ საბჭოთა კავშირში დავდიოდი, homo soveticus-ები მარტო რუსები კი არ არიან, არამედ - ბელორუსები, თურქმენები, უკრაინელები, ყაზახები... ახლა ჩვენ სხვადასხვა სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ მაინც შეუძლებელია ვინმეში აგერიოთ, ეგრევე გვიცნობთ! ჩვენ ყველანი, ადამიანები სოციალიზმიდან, თან ვგავართ და თან - განვსხვავდებით დანარჩენებისგან - ერთი ლექსიკონი გვაქვს, ერთნაირი წარმოდგენები სიკეთესა და ბოროტებაზე, გმირებსა და მოწამეებზე, და კიდევ, - განსაკუთრებული დამოკიდებულება სიკვდილთან.
***
ადამიანს სურს მარტივად იცხოვროს, დიადი იდეის გარეშე. რუსეთის ცხოვრებაში ასე არასდროს ყოფილა, ამას რუსული ლიტერატურაც არ იცნობს. ჩვენ სამხედრო ადამიანები ვართ. ან ვომობდით, ან - ვემზადებოდით ომისათვის. სხვანაირად არასდროს გვიცხოვრია. ამიტომაც გვაქვს სამხედრო ფსიქოლოგია. მშვიდობიანობის დროს ყველაფერი ისე იყო, როგორც ომში - ბრახუნობდა დოლი, ფრიალებდა დროშა... გული მკერდიდან ამოვარდნას ლამობდა... ადამიანი ვერ ამჩნევდა საკუთარ მონობას, უყვარდა კიდეც მონობა.
***
„საბჭოთა ადამიანს მხოლოდ საბჭოთა ადამიანი თუ გაუგებს“. ჩვენ სოციალისტური მეხსიერება გვაერთიანებს. მეზობლები ვართ მეხსიერებაში.
***
პერესტროიკის შემდეგ ყველა ელოდა, როდის გაიხსნებოდა არქივები. ბოლოს გახსნეს. ასე გავიგეთ ამბები, რომელთაც გვიმალავდნენ.
„ჩვენ უნდა წამოგვყვეს 90 მილიონი საბჭოთა რუსეთის მოსახლეობის ასი მილიონიდან, დანარჩენებთან ლაპარაკი შეუძლებელია - ისინი უნდა გავანადგუროთ“ (ზინოვიევი, 1918).
„ჩამოახრჩვეთ (დაუყოვნებლივ ჩამოახრჩვეთ, ხალხის დასანახად) კულაკები და მდიდრები, არანაკლებ 1000 კაცისა... მთელი პური წაართვით, აიყვანეთ ტყვედ... ისე გააკეთეთ, რომ ასობით კილომეტრზე ადამიანებმა ამას უყურონ და აკანკალდნენ...“ (ლენინი, 1918).
„მოსკოვი შიმშილით კვდება (კუზნეცოვი - ტროცკის) – „ეს შიმშილი არაა, როცა ტიტუსმა იერუსალიმი აიღო, ებრაელი დედები საკუთარ შვილებს ჭამდნენ. როცა თქვენს დედებს ვაიძულებ, შვილები შეჭამონ, აი, მაშინ შეიძლება მოხვიდეთ და მითხრათ, „ვშიმშილობთ!“ (ტროცკი, 1919).
***
უცებ ყველაფერი გადასხვაფერდა: პლაკატები, ნივთები, ფული, დროშა... და ადამიანიც... ისიც უფრო ფერადი, დამოუკიდებელი გახდა. მონოლითი ააფეთქეს და ცხოვრება კუნძულებად, ატომებად, უჯრედებად გაიფანტა. დიდი ბოროტება უცებ შორეულ თქმულებად იქცა, პოლიტიკურ დეტექტივად. უკვე აღარავინ ლაპარაკობდა იდეაზე, ალაპარაკდნენ კრედიტებზე, პროცენტებზე, ვექსილებზე. ფულს კი არ გამოიმუშავებდნენ, არამედ, „აკეთებდნენ“, „იგებდნენ“. დიდხანს იქნება ასე? „ფულის საცდურს ვერ გამორწყავ რუსული სულიდან“, - წერდა ცვეტაევა.
***
ძველმოდური იდეები აღორძინდა: დიდი იმპერიის, „რკინის ხელის“, „განსაკუთრებული რუსული გზის“ შესახებ... დააბრუნეს საბჭოთა ჰიმნი, გვაქვს კომკავშირი, ოღონდ „ნაში“ ჰქვია, გვაქვს ხელისუფლების პარტია, რომელიც კომუნისტური პარტიის ასლია. პრეზიდენტს ისეთივე ძალაუფლება აქვს, როგორც პარტიის გენმდივანს - აბსოლუტური. მარქსიზმ-ლენინიზმის ნაცვლად მართლმადიდებლობაა...
***
საკუთარი განსაკუთრებულობის განცდით ვცხოვრობთ, თუმცა, ამისთვის არანაირი საფუძველი არა გვაქვს, ნავთობისა და გაზის გარდა. ერთი მხრივ, სწორედ ეს უშლის ხელს ცვლილებებს, მეორე მხრივ კი ცხოვრებას საზრისს სძენს.
***
ჩვენთან სამზარეულო მარტო საჭმლის მოსამზადებელი სივრცე კი არ არის, არამედ - სასადილოც, მისაღებიც, ტრიბუნაც, კოლექტიური ფსიქოთერაპიული სეანსების ადგილიც. მეცხრამეტე საუკუნეში მთელი რუსული კულტურა მემამულეთა სასახლეებში ბინადრობდა, მეოცეში - სამზარეულოებში. პერესტროიკის დროსაც - იქ. სამოციანელთა მთელმა ცხოვრებამ სამზარეულოებში გაიარა. მადლობა ხრუშჩოვს! სწორედ მის დროს გამოვიდნენ „კომუნალკებიდან“, გაუჩნდათ საკუთარი სამზარეულოები, სადაც შეიძლებოდა, გელანძღა ხელისუფლება და არ შეგშინებოდა, იმიტომ, რომ სამზარეულოში ყველანი შენიანები იყვნენ. იქ იბადებოდა იდეები, ფანტასტიკური პროექტები... ჰყვებოდნენ ანეკდოტებს... კომუნისტი ისაა, ვინც მარქსი წაიკითხა, ხოლო ანტიკომუნისტი ის - ვინც წაიკითხა და თან - გაიგო. ჩვენ სამზარეულოებში გავიზარდეთ, და ჩვენი შვილებიც, ისინიც ჩვენთან ერთად უსმენდნენ გალიჩს და ოკუჯავას, ატრიალებდნენ ვისოცკის, იჭერდნენ ბიბისის. ბევრ რამეზე ვლაპარაკობდით, იმაზე, რომ ყველაფერი საშინლადაა, ცხოვრების საზრისზე, საყოველთაო ბედნეირებაზე.
***
სისტემას მხოლოდ ერთეულები უპირისპირდებოდნენ ღიად, „სამზარეულოს დისიდენტები“ კი ბლომად იყვნენ. გაფხეკილი ჯიბეებით...“
***
იყო შინაგანი ემიგრაციის ასეთი გზაც - ცხოვრობ და არ იმჩნევ იმას, რაც ირგვლივ ხდება, როგორც პეიზაჟს ფანჯრის მიღმა.
***
ფულის აღმოჩენა ატომური ბომბის აფეთქებას ჰგავს...
***
როცა სახლში „არქიპელაგი გულაგი“ მივიტანე, დედაჩემი ძალიან შეშინდა: „თუკი ახლავე არ წახვალ და წიგნს არ მოაშორებ, სახლიდან გაგაგდებ!“
***
როცა ტალონები გაიცა წინდებზე, მამა ატირდა: „ეს სსრკ-ს დასასრულია“. იგრძნო... მამა სამხედრო ქარხანაში, საკონსტრუქტორო ბიუროში მუშაობდა, რაკეტებს აკეთებდნენ და ეს უსაზღვროდ მოსწონდა. ორი უმაღლესი ჰქონდა დამთავრებული. რაკეტების ნაცვლად ქარხანამ სარეცხი მანქანების და მტვერსასრუტების გამოშვება დაიწყო და მამა შეამცირეს. დედა და მამა ორივენი პერესტროიკის მხარდამჭერები იყვნენ, პლაკატებს წერდნენ, ფურცლებს არიგებდნენ და აი, ფინალი.
***
„რიგებისა და ცარიელი დახლების დავიწყება გაცილებით მალე შეიძლება, ვიდრე წითელი დროშისა რაიხსტაგის თავზე“...
***
როცა მოსკოვში სეირნობ, შეიძლება ითქვას, რომ ევროპაა: მდიდრული მანქანები, რესტორნები... ოქროსფერი გუმბათები ელვარებს! მოუსმინეთ, რას ამბობენ ადამიანები პროვინციაში... რუსეთი მოსკოვი არ არის, რუსეთია სამარა, ტოლიატი, ჩელიაბინსკი... მიყრუებული ადგილები... რა შეიძლება რუსეთზე გაიგო მოსკოვურ სამზარეულოებში? კაფეებში? ბლა-ბლა-ბლა... მოსკოვი რაღაც სხვა სახელმწიფოს დედაქალაქია. სამოთხე ტურისტებისთვის. მოსკოვს არ დაუჯეროთ...
***
შიშის შემდეგ განსაკუთრებულად გინდა სიცოცხლე, სიხარული.
***
ლუდის ფარდულების წინ კაცები პარტიას აგინებდნენ, მაგრამ კაგებეს - არასდროს. რას ამბობთ! მეხსიერებაში იჯდა...
***
ჩინგიზ ხანმა ჩვენი გენი გააფუჭა. მივეჩვიეთ, რომ ცემა საჭიროა, ცემის გარეშე არაფერი გამოდის. ანდროპოვმა აქედან დაიწყო - მოუჭირა. ყველა თავის ნებაზე იყო მიშვებული: სამუშაო დროს კინოში, აბანოში დადიოდნენ, მოირბენდნენ მაღაზიებს, ჩაის სვამდნენ. მილიცია რეიდებს ატარებდა, ალყას არტყამდა. დოკუმენტებს ამოწმებდა და გამცდენები პირდაპირ ქუჩებში, კაფეებში, მაღაზიებში აჰყავდა და სამსახურს აცნობებდა. აჯარიმებდნენ, სამსახურიდან ითხოვდნენ. მაგრამ ანდროპოვი მძიმედ ავადმყოფობდა და მალე მოკვდა. ვმარხავდით და ვმარხავდით - ბრეჟნევი, ანდროპოვი, ჩერნენკო... გორბაჩოვამდე ყველაზე პოპულარული ანეკდოტი იყო:
„გადმოგცემთ ტასის ცნობას. თქვენ ძალიან გაგეცინებათ, მაგრამ გარდაიცვალა სკკპ ცეკას მორიგი პირველი მდივანი“.
ხა-ხა-ხა... ხალხი თავის სამზარეულოებში იცინოდა, ჩვენ - ჩვენსაში. თავისუფლების კუნძული, სამზარეულოს ლაყბობა... მშვენივრად მახსოვს, რომ საუბროს დროს ხმამაღლა ვრთავდით ტელევიზორს, ან რადიოს. მთელი მეცნიერება იყო. ვასწავლიდით ერთმანეთს, როგორ მოგვეხერხებინა, რომ გებისტებს, რომლებიც სატელეფონო საუბრებს ისმენდნენ, არაფერი გაეგოთ: დისკი უნდა დაგეტრიალებინა, ძველი ტელეფონები ხომ ციფრებისთვის ამოხვრეტილი დისკებით იყო, ერთ-ერთში ფანქარი უნდა გაგეჭედა და დაგეფიქსირებინა... შეიძლებოდა თითიც დაგეჭირა, მაგრამ თითი ხომ იღლება... ალბათ, თქვენც გასწავლიდნენ. გახსოვთ? თუ რაიმე „საიდუმლო“ უნდა გეთქვა, ტელეფონის ყურმილს ორი-სამი მეტრით შორდებოდი. დასმენები, მოსმენები - ყველგან იყო, ყველა საზოგადოებაში ზემოდან ქვემოთ.
***
ყველას რაღაცის ეშინოდა, იმათაც ეშინოდათ, ვინც სხვებს აშინებდა.
***
რის თავისუფლება? თავისუფლება და ჩვენი ადამიანი ისე არიან, როგორც მაიმუნი და სათვალე. არავინ იცის, რა უყოს ამ თავისუფლებას...
***
სიკვდილი უმიზეზოდ არ არსებობს, მიზეზი ყოველთვის არის. სიკვდილი იპოვის მიზეზს.
***
ღმერთმა ადამიანს მისცა ძაღლი და კატა... ხე და ჩიტი... ეს ყველაფერი იმიტომ მოგვცა, რომ ადამიანს უხაროდეს და ცხოვრება გრძელი აღარ მოეჩვენოს... არ მოიწყინოს.
***
ყველა ტკივილს ერთი წამალი აქვს ჩვენში - მოთმინება. და აი, ცხოვრებაც გავიდა.
***
ყოველთვის მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, შავი სული რომ აქვთ. ცხოვრობენ... უსულოდ... გულიც კი სამედიცინო აქვთ და არა - ადამიანისა.
***
ომის დროს ბევრ რამეს გაიგებ... არ არსებობს ადამიანზე უარესი მხეცი. ადამიანი კლავს მეორე ადამიანს და არა - ტყვია.
***
სტალინის სიკვდილის შემდეგ ადამიანები იღიმოდნენ, მანამდე ძალიან ფრთხილად ცხოვრობდნენ. ღიმილის გარეშე.
***
სიყვარული წლებს არ ითვლის.
***
მოვკვდებით... მერე ყველაფერი კარგად იქნება...
***
ჩვენი ქვეყანა მენტალიტეტით და ქვეცნობიერად მეფისაა. გენეტიკითაც. ყველას მეფე სჭირდება. ივანე მრისხანეს, რომელმაც რუსული ქალაქები სისხლით მორწყო, ლივონის ბრძოლა წააგო, შიშით და აღფრთოვანებით იხსენებენ, როგორც პეტრე პირველს, სტალინს. ალექსანდრე მეორე, განმათავისუფლებელი... მეფე, რომელმაც რუსეთს თავისუფლება აჩუქა... მოკლეს... ჩეხებს შეიძლება ვაცლავ ჰაველი ჰყავდეთ, ჩვენ სახაროვი კი არა, მეფე-პატრონი გვჭირდება! გენმდივანი თუ პრეზიდენტი - სულ ერთია, მაინც მეფეა...
***
მხოლოდ საბჭოთა ადამიანს შეუძლია გაუგოს საბჭოთა ადამიანს.
***
დავიტანჯებით მანამ, სანამ მუმია... საბჭოთა ფარაონი... წითელ მოედანზე წევს, როგორც კერპი. წყევლაა...“
***
რუსეთში ასეა: ან თვითონ ხარ დედოფალი, ან მეფეს უშლი ხელს.
***
ბრბო ურჩხულია, ადამიანი ბრბოში უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც მაშინ, როცა სამზარეულოში ზის და ლაპარაკობს, არაყს ან ჩაის სვამს.
***
რუსი გატაცებების ადამიანია. ოდესღაც კომუნიზმის იდეებით იყო გატაცებული და გამალებით, რელიგიური ფანატიზმით ახორციელებდა მას ცხოვრებაში, მერე დაიღალა, გული გაუტყდა. გადაწყვიტა, ზურგი ექცია ძველი ცხოვერებისთვის, მისი მტვერი ჩამოეფერთხა. რუსეთში ასეა სულ - გატეხილ ვარცლთან იწყებენ. ახლა ისევ ვსულელდებით, როგორც მეჩვენება, ახალი იდეებით. წინ - კაპიტალიზმის გამარჯვებისკენ! მალე ისე ვიცხოვრებთ, როგორც დასავლეთში ცხოვრობენ! ვარდისფერი ოცნებები...
***
დემოკრატია! რუსეთში სასაცილო სიტყვაა. პუტინი-დემოკრატი - ყველაზე მოკლე ანეკდოტი.
***
თუკი ნახევარი ქვეყანა სტალინზე ოცნებობს, ეჭვი არ შეგეპაროთ, ის აუცილებლად გაჩნდება.
***
არაფერ შუაშია არც ელცინი და არც პუტინი, ჩვენ ვართ მონები. მონური სული! მონური სისხლი! შეხედავ „ახალ რუსს“... ბენტლიდან გადმოდის, ჯიბეებიდან ფული სცვივა და მაინც მონაა. ზემოთ ქურდი ზის, იტყვის: „ყველანი ბოსელში!“ და ყველა გაჰყვება.
***
2012 წლის 7 მაისი. ტელევიზორში აჩვენებენ: პუტინის საზეიმო კორტეჟი სრულიად ცარიელ ქალაქში ინაუგურაციაზე კრემლისკენ მიემართება. არც ადამიანები ჩანს, არც - მანქანები. სანიმუშოდ გაუწმენდავთ. ათასობით პოლიციელი, სამხედრო და ომონის მებრძოლი მორიგეობს მეტროს ამომსასვლელებთან და სადარბაზოებთან. მოსკოველებისა და მარადიული მოსკოვური საცობებისგან თავისუფალი დედაქალაქი! მკვდარი ქალაქი! არც მეფეა ნამდვილი!
***
სიყვარული თავისებური ბიზნესია, თითოეული თავის წილ რისკს წევს. ახალი კომბინაციისთვის უნდა იყო მზად... ყოველთვის!
***
ადამიანი ყოველთვის ცრუობს, როცა სიყვარულზე ლაპარაკობს... და ფულზე... ყოველთვის სხვადასხვანაირად იტყუება...
***
ყველანი, ვინც სსრკ-ში დაიბადნენ, ისევ იქ არიან. ამ დიაგნოზით ცხოვრობენ. არადა... როგორი გულუბრყვილო იყო სამყარო... ოცნებობდნენ, კარგი ადამიანი გამოეყვანათ... გვპირდებოდნენ: „რკინის ხელით მივიყვანთ კაცობრიობას ბედნიერებასთან, მიწიერ სამოთხეში“...
***
საშინელებაა სსრკ-ში დაბადება და მერე რუსეთში ცხოვრება.
***
ბედმა თუ არ შეგიყვარა, ვერ გადარჩბი, ვერ ასცდები იმას, რაც გიწერია.
რუსულიდან თარგმნა ნინო ბექიშვილმა