დღესდღეობით მივიწყებულ პოეტთა წყებას შერთვია რაულ გოგოხიაც, ვინც ერთ დროს ჟურნალ-გაზეთებშიც ხშირად ბეჭდავდა ლექსებს და პოეტური კრებულიც გამოეცა („ზამთრის ჩუქურთმა“). გარდა პოეტობისა, მარჯვე სპეკულანტიც ყოფილა და ხელგაშლილობაც სჩვეოდა, ხშირად პატიჟებდა ქართველ და რუს პოეტებსა და მსახიობებს. სერგეი ესენინსაც დაუახლოვდებოდა და მისი პიროვნებით მოხიბლული ესენინი შეპირდებოდა: მომიტანე შენი ლექსების პწკარედები და რუსულად ვთარგმნიო. საერთოდ კი ის არავის თარგმნიდაო, - ამ ფრაზის ჩართვას აუცილებლად მიიჩნევს მემუარისტი. იმ დღეებში ესენინი ტიციან ტაბიძეს შეხვედრია და უკითხავს: როგორი პოეტია რაულ გოგოხიაო. ტიციანს კეთილი სიტყვა როგორ დაცდებოდა, ან ის მაინც ეთქვა: სუსტიო. არც აციებდა, არც აცხელებდა და მიახლიდა: გოგოხია პოეტი სულაც არაა, სპეკულიანტია და მოუტყუებიხარო. ესენინი, ისედაც აფექტური და ეჭვიანი, ძალიან განაწყენდებოდა: ეს სპეკულიანტი, ეტყობა, პოეზიას დასცინის და მეც გამაბაიბურაო. და შურისძიებით აღივსებოდა. შემთხვევაც არ დაიგვიანებდა. ქართული კლუბის შესავალთან არსებულ რესტორა...