სალმან რუშდი - ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე

„მან დაინახა, როგორ მოახლოვდა განთიადი და მის ბაგეზე ფრთხილმა სიჩუმემ დაისადგურა“, - „ათას ერთი ღამე“

***

სასწაული სწორედ მაშინ ხდება, როცა ღმერთი თავისსავე დადგენილ თამაშის წესებს არღვევს, ეს კი ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელია, რადგან ღმერთი თავის ნებას ბოლომდე მაინც არასოდეს გვამცნობს.

***

ფავორიტობა მოდასავით წარმავალია.

***

იყო რუშდი, ნიშნავს, ისტორიაში შუბლზე დაღდასმული შეხვიდე.

***

თუ ადამიანი თავმდაბლობას არ დაივიწყებს, ცხოვრება სასიამოვნოდ გააოცებს.

***

ისტორია უმოწყალოდ ექცევა მათ, ვისაც მოიძულებს და შეუძლია, ასევე უმოწყალო იყოს იმ ადამიანების მიმართაც, რომლებიც მას ქმნიან.

***

მორწმუნე ვერასოდეს გაიგებს, როგორ შეიძლება მისმა აზრებმა დასაბამი მისცეს სხვა აზრებს, რომელთაც რწმენასთან საერთო არაფერი გააჩნიათ.

***

კამათი საუკეთესო იარაღია გონების გასაჯანსაღებლად, ყველაზე ბასრი იარაღი მათ შორის, რაც კი შექმნილა, რაც კი ცოდნის სიყვარულით შობილა. ფილოსოფიაც სწორედ ეს არის.

***

ქარიშხალი ბომბივით დაატყდა ქალაქს. ქალაქის მცხოვრებთ ხელიდან დაუსხლტათ საკუთარი ბავშვობა, რომელიც მივარდნილ წყალს გაჰყვა და გაუჩინარდა. ქალაქის საიდუმლოებები დატბორილ სარდაფებში ჩაიძირა, რათა მათი გახსენება ვეღარავის მოეხერხებინა. ადამიანები საკუთარმა ძლიერებამ დააღალატა და სიბნელე ჩამოწვა.

***

ამერიკაში, ხეებზე ბოროტი სულები ცხოვრობენ და თუ მათი განდევნა გინდა, ხეზე მაგრად უნდა დააკაკუნო, მაგრამ ბრიტანეთის ხეებზე მობინადრე სულები სიკეთით გამოირჩევიან და ხის შეხებით მათ წყალობას იმსახურებ.

***

როცა ღმერთს შორდები, ალბათ ისღა დაგრჩენია, მთელი იმედი ცრურწმენებზე დაამყარო.

***

ადამიანები ხშირად გაურბიან საკუთარი ცხოვრების ჭეშმარიტ ამბავს და დარჩენილ დღეებს ახალი, ხელოვნური ამბის აღმოჩენაში ან შექმნაში ატარებენ.

***

რჩეულ ხალხს ხშირად ხვდება ღმერთის მუჯლუგუნი მაშინ, როცა სხვებისთვის მაგალითის მიცემა ან რაღაც განსაკუთრებულისთვის ყურადღების მიქცევა ხდება საჭირო.

***

შეიძლება მიწა პატრონს ეკუთვნოდეს, მაგრამ ბაღი ყოველთვის მებაღისაა. სწორედ ესაა მებაღეობის ხელოვნების მთელი საიდუმლო.

***

სიკვდილის წინაშე ჩვენ, ყველანი, ერთნაირად ღატაკები ვართ.

***

ამქვეყნად არავის ძალუძს, რიცხვების წყევლას თავი აარიდოს.

***

„დრო გავა და ნახავ, რომ ერთ დღეს ადამიანები ღმერთს ზურგს შეაქცევენ, ამის მიზეზი კი მხოლოდ და მხოლოდ რელიგია იქნება, რადგან ღვთისნიერნი ღმერთს ყველაზე ცუდ სამსახურს უწევენ. შეიძლება, ათასი და კიდევ ერთი წელი გახდეს საჭირო, მაგრამ ბოლოს რელიგია მაინც გაქრება. მაშინ, მხოლოდ მაშინ დაადგებიან ადამიანები ჭეშმარიტების გზას და ღმერთის სიყვარულს ისწავლიან“.

***

მოქნილობა პირველი იყო იმ თვისებებს შორის, რომლებიც ადამიანებს გადარჩენაში ეხმარებოდათ, ისევე როგორც წარმოუდგენლის განჭვრეტის, ირაციონალურის, შეუძლებლის დანახვის უნარი.

***

ნებისმიერი საზოგადოება, რომელიც საკუთარ თავს სახელს ვერ დაარქმევს, რომელმაც არ იცის, საით მიდის და რა არის მისთვის მთავარი, არშემდგარი საზოგადოებაა.

***

სათანადო რაოდენობის ადამიანს რომ გონიერება ჰყოფნოდა, ფერია-წკრიალა ღმერთი აქამდე მიიცვლებოდა. სამწუხაროდ, მილიარდობით ადამიანი ჯერ კიდევ მზადაა, თავისი უცნაური ღმერთი-ფერიის რწმენას თავი შეაკლას და შედეგად, ღმერთი არსებობს. და რაც მთავარია, ის ახლა ქრონიკული ამოკია.

***

ხალხი იძულებული გახდა, გამოგონილი სამყაროსთვის მიემართა, რადგან ჩანდა, რომ მოსაწყენ ყოველდღიურობაზე მორგებულ, რეალურ სამყაროს კითხვებზე პასუხი არ გააჩნდა.

***

სიყვარულს ხილული სახე არასოდეს გააჩნია.

***

ყველა ოჯახი თავისი ისტორიითაა შეპყრობილი, ყველა საზოგადოება საკუთარ ლეგენდებშია ჩაკეტილი, ყველა ერი სიტორიის კონკრეტული ვერსიის მსხვერპლია და დიახ, მსოფლიოს ახსოვს შემთხვევები, როცა ამბები დარაზმულან და ბრძოლაში ჩართულან, ხშირად ყოფილა, რომ ორ შეუთავსებელ ისტორიას ერთმანეთი დაუხოცავს ერთი სივრცის დასაპყრობად, ერთსა და იმავე გვერდზე ასამეტყველებლად.

***

პირველი, რაც გამოგონილი ამბების შესახებ უნდა ვიცოდეთ, ისაა, რომ ყველა არანამდვილობით ჰგავს ერთმანეთს, მადამ ბოვარი იქნება თუ ერთმანეთთან მოპაექრე ლიბანური ისტორიები, ისეთივე ტყუილია, როგორც ზღაპრები მფრინავი ხალიჩებისა და ჯინების შესახებ.

***

ჩვენი ტრადიციაც სწორედ ესაა, ამბები, რომლებსაც ვიგონებთ, გვკლავს, მაგრამ თუ არ გამოვიგონებთ, შეიძლება, სწორედ ამან მოგვკლას.

***

მხოლოდ შიშს შეუძლია ცოდვილნი ღვთისკენ შემოაბრუნოს. შიში ღმერთის ნაწილია, უსუსური არსების სათანადო რეაქციაა ღმერთის ყოვლისშემძლეობასა და სიმკაცრეზე. ზოგი იმასაც ამბობს, რომ შიში ღმერთის ექოა და როცა მისი ხმა ისმის, ადამიანები მუხლებზე ეცემიან და შეწყალებას ითხოვენ.

***

სამყარო, რომელიც ადამიანებს ესიზმრებათ, სწორედ ის სამყაროა, რომლის შექმნასაც თავად ცდილობენ.

***

უფრთხილდით ქმედების მოყვარულ ადამიანს (ჯინსაც), როცა ის ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტს, რომ ფიქრი უნდა ისწავლოს. არასაკმარისი ფიქრი საშიში რამაა.

***

კაცების გასულელება ადვილია, ყოველ მათგანს ურჩევნია, სჯეროდ,ს რომ ქალის აღგზნება შეუძლია.

***

ყველაზე სრულყოფილი სისტემის არსებობის პირობებშიც კი შესაძლებელია შეცდომის დაშვება. ცალკეული შემთხვევები მთელი სისტემის მარცხზე არ მეტყველებს. ხარვეზები უნდა გამოსწორდეს, ჩავარდნა უნდა აღმოიფხვრას.

***

სასიყვარულო ურთიერთობების დასაწყისში ყოველთვის არსებობს შეთანხმება, რომელსაც შეყვარებული საკუთარ თავთან დებს, შეთანხმება, რომლის თანახმადაც პარტნიორის უარყოფით თვისებებს თვალი უნდა აარიდოს იმისთვის, რომ დადებითი გადაარჩინოს. სიყვარული ზამთრის შემდეგ დამდგარი გაზაფხულია. ის უსიყვარულობით გამოწვეული ჭრილობების მოსარჩენად მოდის. როცა გულში სიყვარულის სითბო ჩნდება, მისი ნაკლი, ვინც გიყვარს, თავისთავად არ ჩანს, არაფერია, არაფერზე ნაკლებიც კია, ამიტომ საკუთარ თავთან დადებულ შეთანხმებაზე ხელის მოწერა ძალიან მარტივი საქმეა. ამ დროს ეჭვის ხმა დუმს. მოგვიანებით, როცა სიყვარული მკრთალდება, შეთანხმება წინდაუხედავ უგუნურებას ემსგავსება, თუმცა საჭირო უგუნურებას, რომელსაც შეყვარებულების მშვენიერებისადმი რწმენა შობს, რომელსაც შობს შეუძლებლის დაჯერება, შეუძლებლის, რომელსაც ნამდვილი სიყვარული ჰქვია.

***

სახელები, როგორც წესი, მთელ ჩვენს ცხოვრებას განაპირობებს.

***

შიში იყო კაცი, რომელიც საკუთარ ჩრდილს გაურბოდა, ქალი, რომელსაც ყურსასმენები ეკეთა, რათა ერთადერთი მუსიკა მოესმინა - თავისივე ზაფრის ხმა. შიში იყო სოლოფსისტი, შიში იყო ნარცისი, რომელიც ვერავის ხედავდა ამქვეყნად, გარდა საკუთარი თავისა. შიში იყო უფრო ძლიერი, ვიდრე ეთიკა, ვიდრე საღი აზრი, ვიდრე პასუხისმგებლობა, უფრო ძლიერი, ვიდრე ცივილიზაცია. შიში იყო უზარმაზარი ცხოველი, რომელიც შემხვედრ ბავშვებს ისე ახტებოდა, როგორც რიგით დაბრკოლებებს და საკუთარი თავისგან გაქცევას ცდილობდა. შიში იყო ფანატიკოსი, იყო ტირანი, იყო ლაჩარი, იყო წითელი ნისლი და მეძავიც იყო. შიში იყო ტვია, რომელსაც ადამიანს გულში უმიზნებენ.

***

ადამიანების სულელური მიდრეკილება სიძულვილისადმი მსუყე ულუფებით კვებავს ახალი აპოკალიფსის ოთხივე მხედარს.

***

ერთი ადამიანის სიყვარული მთელი მოდგმის სიყვარულს ნიშნავს, ორის სიყვარული კი - ტრფობის სამუდამო ბორკილებით ხელ-ფეხ შეკვრას.

***

მეფეს ტახტის დატოვების უფლება არ გააჩნდა. წესი იყო ასეთი. გვირგვინოსნობა პატიმრობას ჰგავდა. სასახლე კი გისოსების გარეშეც ახერხებდა ბინადრების ტუსაღებად ქცევას.

***

ამბების ამბავიც ხომ სწორედ ესაა - თითოეული მათგანი ბევრ მთხრობელს იცვლის, ჩვენ კი ამ მთხრობელებს ხშირად ერთ სახელს ვარქმევთ: ჰომეროსს, ვალმიკის, ვიასას, შაჰრაზადს. ხოლო თავად ჩვენ, საკუთარ თავს, უბრალოდ, ასე მოვიხსენიებთ - „ჩვენ“.

„ჩვენ“ ის არსება ვართ, რომელიც ამბებს ჰყვება და ამით ცდილობს, გაიგოს, ვინ არის სინამდვილეში. როცა სხვები ამბავს ჩვენამდე მოიტანენ, თავად სივრცესა და დროში უჩინარდებიან, საწყისის განსაკუთრებულობას კარგავენ, სამაგიეროდ, იძენენ არახორციელ სიწმინდეს და ახერხებენ, იყონ ის, ვინც არიან. და მერე, ადამიანების წყალობით, ან როგორც ამბობენ, რაღაც მანქანებით 0 მერე რა, რომ არავინ იცის, რა მანქანებზეა ლაპარაკი - ეს ამბები იქცევა იმად, რაც ჩვენ ვიცით, რაც ჩვენს გულსა და გონებას სწვდება, რაც ჩვენ ვართ, და შესაძლოა, იმადაც, რაც გავხდით, ან რაც უნდა გავხდეთ.

***

როცა წარსულზე ვლაპარაკობთ და წარმოსახვით ამბავს ვყვებით, ვყვებით სინამდვილეზეც. ასე რომ არ იყოს, ამბები ძალას საერთოდ დაკარგავდნენ და მათი შეთხზვაც დაკარგავდა აზრს.

***

ელვა, როგორც ღვთაებრივი ცეცხლის სიმბოლო, დიდხანს ითვლებოდა ყოვლისშემძლე მამრი ღვთაებების, მაგალითად, ინდრას, ზევსის და თორის იარაღად. მცირერიცხოვან ქალღმერთებს შორის ერთ-ერთი, ვინც ამ ძლევამოსილ იარაღს ფლობდა, იორუბას ხალხის ღვთაება, ოია გახლდათ, დიადი გრძნეული, რომელიც ცუდ ხასიათზე ყოფნისას (ცუდ გუნებაზე კი ხშირად იყო) გრიგალსა და მეხს ერთდროულად ატეხდა დედამიწას. მას ცვლილებების ქალღმერთადაც მიიჩნევდნენ და დიდი გარდატეხების ჟამს მიმართავდნენ, როცა სამყარო მდგომარეობას იცვლიდა და ახალი ერა იწყებოდა. ის მდინარის ქალღმერთადაც მიიჩნეოდა. მდინარე ნიგერს იორუბას ენაზე ოდო-ოიას ეძახდნენ.

***

როცა ხორცმეტად ითვლები, ჯობია გჯეროდეს, რომ მარტო არ ხარ.

***

მაინც რამდენ მუხანათობას ინახავს ისტორია! სიყალბეს, უვიცობას, უსამართლო სამართალს, ჩავარდნებსა და სიცრუეს, სადღაც კი, მთელ ამ ხარახურას შორის, სიმართლეა დამარხული, რომლის აღმოჩენამაც შეიძლება რწმენა დაგაკარგვინოს, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ქიმერაა და სხვა არაფერი, რომელიც არც არსებობს, რადგან ის, რაც ერთი ადამიანისთვის ჭეშმარიტებაა, მეორისთვის მხოლოდ ზღაპარია; მაგრამ ჩვენ მაინც გვიჯობს, სასოწარკვეთით ვამტკიცოთ, რომ სიმართლე, როგორც იდეა, მეტისმეტად ძვირფასი რამაა და მას ფარდობითობით მოვაჭრეებს ვერ ჩავუგდებთ ხელში.

***

სიხარბე და შიში ის იარაღებია, რომელთა წყალობითაც უბადრუკი მოკვდავების დამორჩილება კომიკური სიმარტივით შეიძლება.

***

ერთადერთი სიტყვა, რომელიც ამ ველურების თვალში ყველაფერს ხსნის, ღმერთია. ჰოდა, ღვთაებრივი არსების სახელით, შეგვიძლია, ის ვაკეთოთ, რაც მოგვეპრიანება, სულელი მოკვდავები კი ჩვენს ნამოქმედარს მწარე წამალივით ჩაყლაპავენ.

***

ის, ვინც ქმედებას მუდამ ფიქრზე მაღლა აყენებდა, თუკი ბოლოს და ბოლოს, სიტყვებს გულისყურს გაუხსნის, ადვილი დასამორჩილებელი ხდება.

***

შიში ადამიანის ბედისწერაა. ადამიანი შიშით იბადება, იბადება სიბნელის, შეუცნობლის, უცნაურობის, მარცხისა და ქალის წიაღიდან. შიში მიუძღვის მას რწმენისკენ, რომელსაც არ მოაქვს განკურნება, მაგრამ აიძულებს მიიღოს შიში, გააცნობიეროს, რომ ღმერთის შიში ბუნებრივი რამაა და ადამიანის არსებობის განუყოფელი ნაწილია.

***

ტირანები შემოქმედებითი მიდგომით არ გამოირჩევიან, არც წინამორბედთა შეცდომებზე სწავლა ეხერხებათ.

***

ყველა მნიშვნელოვანი ბრძოლა, საბოლოოდ სიყვარულისა და სიძულვილის დაპირისპირებამდე დადის.

***

სიგიჟე, რომელიც ჯინებმა ადამიანებს მოუვლინეს, ის სიგიჟე იყო, რომელიც თითოეული მოკვდავის გულში ბუდობდა. შეგვიძლია ყველაფერში ჯინები დავადანაშაულოთ და დიახ, ჭეშმარიტად, ვადანაშაულებთ კიდეც, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, თავისი წილი პასუხისმგებლობა კაცობრიობასაც დავაკისროთ. 

***

მძვინვარება, მნიშვნელობა არა აქვს, როგორ ვმართავთ მას, ბოლოს მაინც მძვინვარეს ანადგურებს. როგორც სიყვარული გვანახლებს, ასევე გვაკნინებს და გვასამარებს სიძულვილი.

***

როცა სამყაროები ერთმანეთს დაშორდნენ, რაღაც მოხდა: დღეები კვირებად იქცა, კვირები თვეებად, წლებად. ჯერ ათწლეულები მიილია, მერე საუკუნეები, და ის, რაც ოდესღაც ხდებოდა ჩვენს თავს, ხდებოდა ყოველ ღამით, იმ დიადი „ჩვენის“ შემადგენელი თითოეული ნაწილის თავს, რადაც ვიქეცით, შეწყდა. სიზმრებს ვეღარ ვხედავთ. ალბათ ხვრელები და ნაპრალები მაჯერად ისე მჭიდროდ დაიხურა, რომ ზენა სამყაროდან ვეღარაფერი ჟონავს, ზღაპრული ქვეყნის ნაჟურიც კი, სამოთხის ცვარი, რომელიც, ლეგენდას თუ დავუჯერებთ, ოდესღაც ძილის დროს დაგვეწვეთა თვალზე და რომლის წყალობითაც მიეცა გზა ჩვენს ღამეულ ფანტაზიებს. ახლა ჩვენს ძილში სრული სიბნელე სუფევს. გონების ნათელიც მიინავლა.


ინგლისურიდან თარგმნა სალომე ბენიძემ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში