სალმან რუშდი - ყველაფერი ზღაპრული ჯინებისა და ჯინიების შესახებ

ძალიან ბევრი დაწერილა, მაგრამ ძალზე ცოტა რამ ვიცით ჯინის - უკვამლო ცეცხლისგან შექმნილი არსების - ჭეშმარიტი ბუნების შესახებ. 

დღემდე ცხარე კამათს იწვევს, კეთილია ჯინი თუ ბოროტი, მრისხანე თუ შემწყნარებელი. თუმცა მისი ზოგიერთი თვისება საყოველთაოდაა აღიარებული: ჭირვეულობა, ჟინიანობა და გარყვნილება. ცნობილია, რომ ჯინი სწრაფად გადაადგილდება, იცვლის ფორმასა და ზომას. ისინი უბრალო მოკვდავებს, ქალებსა თუ მამაკაცებს, სურვილებს ხან საკუთარი ნებით უსრულებენ, ხან კი იძულებულნი არიან, მათ ბრძანებებს დაემორჩილონ.

დროის ჯინისეული აღქმა მკვეთრად განსხვავდება ადამიანის აღქმისგან. ჯინი ანგელოზში არ უნდა აგვერიოს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ძველი თქმულება საპირისპიროს ამტკიცებს და მოგვითხრობს, რომ თვით სატანა, დაცემული ანგელოზი ლუციფერი, განთიადის ძე, ჯინთა შორის უზენაესი იყო.

მოკამათეები ვერც ჯინის საცხოვრებელი ადიგლის შესახებ თანხმდებიან. უძველეს ლეგენდებში ნათქვამია, რომ არაერთ ჯინს უცხოვრია დედამიწაზე, ე.წ. „ქვენა სამყაროში“, ნანგრევებად ქცეულ შენობებსა და ისეთ ადგილებში, რომლებსაც ადამიანები არ ეტანებიან: ნაგავსაყრელზე, სასაფლაოზე, საზოგადოებრივ ტუალეტში, საკანალიზაციო მილსა და ზოგჯერ ნეხვის გროვაშიც. თუკი ერთობ არასასიამოვნო მოარულ ხმებს ვენდობით, ჩვენთვისვე აჯობებს, ჯინთან ნებისმიერი სახის კონტაქტის შემდეგ გულდაგულ ვიბანაოთ. ჯინები სიმყრალესა და სნეულებებს მუდამ თან დაატარებენ.

ასეა თუ ისე, სახელოვანი მკვლევარები დიდი ხნის წინ მივიდნენ დასკვნამდე, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს სიმართლეს: ჯინებს თავიანთი ზენა სამყარო აქვთ, ზესკნელი, რომელსაც ზოგჯერ ფერისტანს, ანუ ზღაპრულ ქვეყანას უწოდებენ და რომელსაც ჩვენი სამყაროსგან უხილავი საბურველი ყოფს, ამიტომ მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით.

იმის თქმა, რომ ჯინი ადამიანი არ არის, ისედაც თვალნათელი ფაქტის მტკიცებას ჰგავს, თუმცა ჩვენ და ჩვენს ზღაპრულ თანამოძმეებს ბევრი საერთო თვისება და ღირებულება გვაქვს. მაგალითად, თუ საქმე რწმენაზე მიდგება, აღმოჩნდება, რომ დედამიწაზე არსებულ ყველა რელიგიას ჯინთა შორისაც ჰყავს მიმდევრები, გარდა ამისა, არიან ჯინები, რომელთაც არაფრის სწამთ და რომელთაც ღმერთი და ანგელოზები ისეთივე უცნაურ არსებებად ეჩვენებატ, როგორებადაც ადამიანები თავად ჯინებს თვლიან. და მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა მაღალი ზნეობით ვერ დაიკვეხნის, მაინც ვხვდებით ჯინებს, რომელთაც შეუძლიათ ერთმანეთისგან განასხვავონ კარგი და ცუდი, მარჯვენა და მარცხენა, გზა სიკეთისა და გზა ბოროტებისა.

ზოგიერთი ჯინი დაფრინავს, ზოგი გველივით დასისინებს მიწაზე, ზოგი კი, გიგანტური ძაღლის სხეულს შეფარებული, ბასრი კბილების ღრჭენით, ხმამაღლა ყეფს. უმეტესად ზღვაში და ზოგჯერ ჰაერშიც, ისინი დრაკონის სახითაც გვეგვლინებიან. ზოგი, შედარებით მდაბიო ჯინი, დედამიწაზე ყოფნისას სახის დიდხანს შენარჩუნებას ვერ ახერხებს. ეს ამორფული არსებები ზოგჯერ ადამიანებშიც სახლდებიან მათი ყურების, თვალების ან ცხვირის გავლით და მოკვდავთა სხეულებს ისაკუთრებენ, შემდეგ კი, როცა მოჰბეზრდებათ, ათავისუფლებენ. სამწუხაროდ, იმ ადამიანის გადარჩენა, რომლის სხეულსაც ჯინი დაეუფლება, შეუძლებელია.

მდედრობითი ჯინები, იგივი ჯინიები (ან ჯინირები), უცეცხლო კვამლისგან შობილი ქალი-აჩრდილები, კიდევ უფრო იდუმალი არსებები არიან. მათი არათუ შეხებაა შეუძლებელი, არამედ თვალსი მოკვრაც კი ძალიან რთულია. არსებობენ გულქვა და მოსიყვარული ჯინიები, თუმცა ბევრი ამტკიცებს, რომ ეს ორი სახეობა, სინამდვილეში, ერთი და იგივეა - სიყვარული ქვის გულს ალბობს, მოკვდავ კაცთაგან უარყოფა კი ყველაზე მოსიყვარულე ჯინიასაც სიავით ავსებს.

***

ჩვეულებრივ, ჯინიები თავიანთ ჯადოსნურ მიმზიდველობას განსაკუთრებული მამაკაცების მოსახიბლად იყენებენ.

***

ჯინები გიჟდებიან ბრჭყვიალა ნივთებზე, ოქროსა და სამკაულზე. ხშირად ისინი თავიანთ საგანძურს მიწისქვეშა გამოქვაბულებში მალავენ.

***

ერთ დღეს ჯინების პრინცესამ მხრები მოკეცა, სამყაროს ნაპრალებში გასრიალდა და ფერისტანს დაუბრუნდა, თავის სხვა რეალობას, სიზმრების ქვეყანას, სადაც ჯინები დროდადრო იკრიბებიან, რომ ადამიანებს ბედნიერება ან გასაჭირო მოუვლინონ.

***

ამობობენ, რომ სანამ ორი სამყარო გაიყოფოდა, საკუთარი, ყურში მოჩურჩულე, სიკეთის, ან ბოროტების მქადაგებელი ჯინი ყველა ადამიანს ჰყავდა. როგორ ირჩევდნენ ისინი თავიანთ სიმბიოზებს, ან რატომ იჩენდნენ ინტერესს კონკრეტული ადამიანების მიმართ, უცნობია. შეიძლება, უბრალოდ, სხვა საქმე არ ჰქონდათ. ჯინები ძირითადად მკვეთრად გამოხატული ინდივიდების, ზოგჯერ ანარქისტების შთაბეჭდილებასაც კი ტოვებდნენ, საკუთარი სურვილებისა და ვნებების კარნახით მოქმედებდნენ და საზოგადოებრივი ან ჯგუფური ინტერესი არ ადარდებდათ. თუმცა, არსებობს ამბები ჯინთა არმიებს შორის სისხლისმღვრელი დაპირისპირებების, საზარელი ომების შესახებ, რამაც მათი სამყარო საძირკვლამდე შეაზანზარა და რამაც, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვნად შეამცირა ამ ზღაპრული არსებების რიცხვი და მათი ინტერესი ჩვენი მშვენიერი სამყაროს მიმართ.

არსებობს უამრავი თქმულება გრძნეული ჯინების, დიდი იფრითების შესახებ, რომლებიც ურნებს ზეცაში დააჭენებენ და შედარებით დაბლა მდგომ სულებს სასიკვდილო დარტყმებს აყენებენ, თუმცა, ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ჯინების დახოცვა შეუძლებელია. ჯინის მოკვლა მხოლოდ მეორე ჯინს ძალუძს.

დედამიწაზე შემოჭრილი ჯინები დიდ მხიარულებას აწყობდნენ, მეგობრებს ერთმანეთს წაჰკიდებდნენ, ვიღაცას გაამდიდრებდნენ, ვიღაცას ვირის ყურებს გამოაბამდნენ, მოკვდავთა გონებაში ჩასახლებულებს, ადამიანები სიგიჟემდე მიჰყავდათ, ზოგს ნამდვილი სიყვარულის პოვნაში ეხმარებოდნენ, ზოგს კი პირიქით - დაკარგვაში; თუმცა როგორც უნდა მოქცეულიყვნენ, ერთი რამ უცვლელი რჩებოდა - ჯინები მიწიერი ყოფისგან მაინც შორს იჭერდნენ თავს და ადამიანებთან ურთიერთობასაც ყოველთვის გაურბოდნენ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ლამპლებში საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ გამოკეტილებს, სხვა გზა აღარ რჩებოდათ.

***

ჯინები, ზუსტად ისე, როგორც ცეცხლისა და კვამლისგან შექმნილი არსებებისგანაა მოსალოდნელი, უსულგულოები არიან და ყოველგვარ ხასიათზე მაღლა, ან შესაძლოა დაბლა დგანან. თითოეული მათგანი ესენციაა: კარგი, ცუდი, მოსიყვარულე, საძაგელი, მტანჯველი, დარბაისელი, ძლევამოსილი, ჭირვეული, გზას აცდენილი ან დიადი.

***

განუზომლად დიდია ჯინთა ეგოიზმი და მოშურნეობა.

***

თვლემამორეული ჯინის გაღიზიანება ძალიან ადვილია.

***

ჯინებს სამყაროს მიზნობრიობის სწამთ და ფიქრობენ, რომ ალალბედზე ნასროლ ტყვიასაც კი სამიზნე გააჩნია.

***

ჯინები ინცესტს არ ცნობდნენ. შობადობა ჯინთა სამყაროში იმდენად იშვიათი რამ იყო, რომ ნათესაობის ნიშნით შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არასოდეს დამდგარა. ფერისტანში შთამომავლები თითქმის არ არსებობდნენ.

***

სასიყვარულო აქტის დროს ჯინებს ფოსფორისფერი ნათება სჩვევიათ.

***

ჯინების იმპერატორის მოწამვლა მხოლოდ უმწარეს და უძლიერეს სიტყვებს ძალუძთ.

***

ჯინებს სავალდებულო ფორმალობის დაცვა სჩვევიათ. თუ ჯინს ან ჯინიას სამსახურს გაუწევთ, თავს მოვალედ ჩათვლიან, სამაგიერო გადაგიხადონ. ასეთ დროს ისინი საყვარელ ადამიანებთანაც კი ზედმიწევნით აკურატულები არიან.

***

საერთოდ, ჯინები ასეთები არიან - მათ არ სჯერათ მეორე ლოყის მიშვერის, მაშინაც კი, როცა სიმართლე მათ მხარეს არაა.

***

ჯინები მავნე არსებები არიან, ყველაფრის არევა უყვართ, რაც წაღმაა, თავდაყირა დააყენებენ, რაც თავდაყირაა, წაღმა ამოატრიალებენ, განძეულით სავსე გამოქვაბულს გაძარცვავენ, მდიდარი კაცის საქმეებს მაგიური ხელით არევ-დარევენ. ისინი არეულობის, ქაოსის, ანარქიის შექმნაზე გიჟდებიან.

***

ძველი თქმულების თანახმად, თუ ჯინებს სექსი აღარ ექნებათ, მათი სამყარო ჩამოიშლება, დაეცემა და მთელი მოდგმა განადგურდება. „არ არსებობს ცეცხლი უკვამლოდ, არც კვამლი უცეცხლოდ, ამიტომ, თუ ეს ორი ერთმანეთს არ შეერწყა, ჩვენი ალი დანაცრდება“.

***

ჯინები თავს ყველაზე ბედნიერად იქ გრძნობენ, სადაც ხალხმა მათი ამბები კარგად იცის, იქ, სადაც მათ ისტორიებს მიგრანტების ჩემოდნებით უმოგზაურია, ხოლო იქ, სადაც მათზე არავის სმენია, ჯინები ადვილად უძლურდებიან.

***

ჯინები სანიმუშო მეოჯახეები არ ბრძანდებიან (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ უყვარტ სექსი და ხშირადაც აქვთ). არსებობენ დედა და მამა ჯინები, თუმცა საუკუნეებს გადაწვდენილი ნათესაური კავშირები ხშირად წყდება. მამა და ქალიშვილ ჯინებს, იშვითად აქვთ გულითადი ურთიერთობა (სექსი აქაც გამონაკლისს წარმოადგენს). ჩვენი ღრმა რწმენით, ჯინები შედარებით მდაბალი გრძნობებისთვის არიან შექმნილნი: ბრაზისთვის, გულისწყრომისთვის, შურისძიებისთვის, მესაკუთრეობისთვის, ვნებებისთვის (დიახ, ამ უკანასკნელისთვის განსაკუთრებით) და უცნაური, თავისებური სიყვარულისთვისაც კი, მაგრამ ისეთი სიმაღლეები, როგორიც თავდადება და თავგანწირვაა, მათთვის მიუწვდომელია.

ჯინებს არც დროის მდინარეს მოყოლილი ცვლილებები აწუხებთ. მათთვის ცხოვრება არსებობაა და არა გარდაქმნა. მიზეზთა გამო ჯინთა ყოფა ცოტა მოსაწყენია (თუ სექსს არ ჩავთვლით). ჯინთა სამყარო უძრავი, უცვლელი, უდროო, მარადიული და დუნეა (თუ კვლავ არ გავითვალისწინებთ სექსის სიხშირეს). სწორედ ამიტომ იზიდავდა ჯინებს ადამიანების ცხოვრება, რომელიც ქმედებას გულისხმობს, მიწიერი რეალობა, რომელიც, თავისთავად, ცვალებადობაა. ადამიანები მუდმივად იზრდებოდნენ და კნინდებოდნენ, იბრძოდნენ და მარცხდებოდნენ, მაღლდებოდნენ და ეცემოდნენ, პოულობდნენ და კარგავდნენ, ხან სიყვარულით ივსებოდნენ და ხან სიძულვილით, მოკლედ რომ ითქვას, საინტერესოდ ცხოვრობდნენ.

უცნაურია, მაგრამ როცა ჯინები სამყაროთაშორის ნაპრალებში გაძრომას ახერხებდნენ და უბოდიშოდ ერთვებოდნენ ადამიანურ ყოფაში, როცა ადამიანებს შორის გაბმული ქსელის დახლართვას ან გახსნას მიჰყოფდნენ ხელს, როცა ამქვეყნიური ყოველდღიურობის დინებას შენელებაში ან აჩქარებაში ეშველებოდნენ, როცა ადამიანური ვნებების, ურთიერთობების ფერხულში ებმებოდნენ - საკუთარ თავს უფრო პოულობდნენ, ვიდრე უძრავ ზღაპრულ სამყაროში. სწორედ ადამიანები ეხმარებოდნენ ჯინებს, ყოფილიყვნენ ისეთები, როგორებიც სურდათ, წარმოუდგენლად გაემდიდრებინათ იღბლიანი მეთევზე, გაეთავისუფლებინათ დატყვევებული გმირები, შეეცვალათ ისტორია, შემოეტრიალებინათ კაცობრიობის ბედი, ომში რომელიმე მხარე დაეჭირათ, ყურუშების ან პანდავების, ბერძნების ან ტროელების გვერდით ებრძოლათ, კუპიდონის ისრები ესროლათ, ან სიყვარული ისეთი მიუწვდომელი გაეხადათ, რომ ქალი სატრფოს მოლოდინში დაბერებულიყო და გზისკენ მაცქერალს, ფანჯარასთან ამოხდომოდა სული.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დიდი ხნის განმავლობაში, როცა ჯინები ადამიანურ ამბებში ცხვირის ჩაყოფას ვერ ახერხებდნენ, გაუსაძლის მძვინვარებასა და სიძულვილში ცხოვრობდნენ, რამაც თავი მაშინ იჩინა, როცა სამყაროთა გამყოფი გისოსები გაირღვა. დაგუბებულმა ძალამ, ერთდროულად ნგრევაც რომ შეეძლო და შენებაც, სიკეთესა და უბედურებას ერთნაირად რომ უქადდა კაცობრიობას, ჭავლივით ამოხეთქა. ნათელ და ბნელ, თეთრი და შავი მაგიის მიმდევარ ჯინებს შორის დასადგურებული შუღლი ადამიანებს დაატყდა თავს. ჯინების დაბრუნებასთან ერთად დედამიწაე არსებული კანონზომიერებაც შეიცვალა. სტაბილურობის ადგილი ჟინიანობამ დაიკავა, საიდუმლოებებს ფარდა აეხადა, ღვარძლი ბოროტებად იქცა, ისედაც დამცირებული პატიოსნება კიდევ უფრო დაკნინდა, ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ჯინების ბუნდოვან წარმომავლობას შეეფერებოდა. ადამიანების სამყარო, თავისი უზნეობით, ბნელ ჯინს დაემსგავსა, რომელიც არაფრად აგდებდა გულწრფელობას და არც დედამიწის მოქალაქეობისთვის შესაფერის უნარ-ჩვევებს ამჟღავნებდა. თავად ჯინები კი, ისეთები, როგორებიც იყვნენ, ადამიანებისთვის ახალი წესების ახსნაზე თავს ოდნავაც არ იწუხებდნენ.

რაც შეეხება სექსს, როგორც აღვნიშნეთ, ჯინები არასოდეს ამბობდნენ უარს ადამიანებთან შეწყვილებაზე, მათ შეეძლოთ, პარტნიორისთვის სიამოვნების მისანიჭებლად ნებისმიერი სასურველი ფორმა მიეღოთ და საჭიროების შემთხვევაში სქესიც კი შეეცვალათ. მოკლედ რომ ვთქვათ, მაღალი ზნეობრივი პრინციპებით ნამდვილად არ გამოირჩეოდნენ. თუმცა ისტორიას ძალიან ცოტა შემთხვევა ახსოვს, ჯინიას რომ ადამიანის ნაშიერი გაეჩინოს. ეს ნიავის დაორსულებას ემსგავსებოდა მის მიერვე აწეწილი თმისგან. ეს იგივე იქნებოდა, რაც ახალი მკითხველის გასაჩენად ამბისგან დაორსულებული მკითხველი. ჯინიები ძირითადად ბერწები იყვნენ და ისეთი ადამიანური საკითხები, როგორიცაა დედობა და ოჯახის მოვლა, მათ არ აღელვებდათ.

***

თავიდან, სანამ დამპყრობლურ ბრძოლას დაიწყებდნენ, ბოროტ ჯინებს დიდი ამბიციები არ ამოძრავებდათ. უბრალოდ, როგორც მათ ბუნებას შეეფერებოდა, ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებოდათ, ქაოსი შეჰქონდათ. არეულობა და მისი უფროსი დედმამიშვილი - ნამდვილი უბედურება, დედამიწაზე დიდი ყოყმანის შემდეგ გამოჩნდნენ. როგორც ადამიანების უმეტესობას არ სჯეროდა ჯინების არსებობისა, ჯინების უმეტესობაც ეჭვქვეშ აყენებდა ადამიანების არსებობას და მით უმეტეს, არაფრად აგდებდა მათ ტკივილს, ისევე როგორც ბავშვს, რომელიც საჭმლით გამოტენილ ცხოველს კედელს მიანარცხებს, არ ანაღვლებს, რას განიცდის იგი.

ჯინების გავლენა ყველგან იგრძნობდა, მაგრამ პირველ ხანებში, სანამ ისინი სრულად გამოავლენდნენ თავს, ჩვენი წინაპრები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ატომური რეაქტორის მწყობრიდან გამოსვლა, ახალგაზრდა ქალის ჯგუფური გაუპატიურება ან ზვავი ჯინების ნამოქმედარი იქნებოდა. რომელიღაც რუმინულ სოფელში ქალმა კვერცხი დადო. პატარა ფრანგულ ქალაქში რამდენიმე მოქალაქე მარტორქად გადაიქცა. ირლანდიელმა მოხუცებმა საცხოვრებლად სანაგვე ურნებს მიაშურეს. ვიღაც ბელგიელმა სარკეში ჩაიხედა და იქ საკუთარი სხეულის წინა მხარის ნაცვლად, უკანა დაინახა. რუსმა პოლიტიკოსმა ცხვირი დაკარგა, ცოტა ხანში კი პეტერბურგის ქუჩებში დამოუკიდებლად მოსეირნე აღმოაჩინა. და როცა ესპანეთის ცაზე თხელმა ღრუბელმა სავსე მთვარე გადაკვეთა, მისმა შემხედვარე ქალმა საზარელი ტკივილი იგრძნო - თითქოს თვალის გუგა სამართებლის ბასრი პირით გადაუსერეს და გაჩენილი სივრცე ჟელატინით ამოუვსეს. ადამიანების სახსრებიდან ჭიანჭველები დაიძრნენ.

როგორ უნდა აეხსნათ მსგავსი მოვლენები? ჩვენს წინაპრებს ერჩიათ, ყველაფერი შემთხვევითობისთვის მიეწერათ, შემთხვევითობისთვის, რომელიც მალულად მართავდა დედამიწას და ალეგორიასთან, სიმბოლიზმთან, სიურრეალიზმსა და ქაოსთან ერთად, მომხდარზე პასუხს აგებდა, ვიდრე ეფიქრათ, რომ ადამიანურ სამყაროს ჯინები დაეპატრონნენ.

***

ბნელ ჯინებს ჩურჩული სჩვეოდათ. უჩინრად ქცეულნი, ტუჩებს ადამიანის მკერდთან მიიტანდნენ და შიგ გულში ჩასჩურჩულებდნენ მსხვერპლს, აღვივებდნენ და ბერავდნენ მის იდუმალ სურვილებს. განსაკუთრებული აგრესიის შემთხვევაში, მათი ძალა იქამდე აღწევდა, რომ ადამიანის სხეულს სრულიად იპყრობდნენ და მასში ყველაფერ სულიერს კლავდნენ. თუმცა მაშინაც კი, როცა ჯინები მთელი მონდომებით არ ცდილობდნენ მოკვდავის დამონებას, მათი ჩურჩულის გამგონე კარგი ადამიანებიც კი მზად იყვნენ, ბოროტება ჩაედინათ, ან ცუდსა და უარეს საქციელს შორის ცუდი მაინც აერჩიათ. ჩურჩული ნათელმა ჯინებმაც იცოდნენ. ისინი დიდბუნებოვნებისკენ, სულგრძელობისკენ, თავმდაბლობისკენ, სიკეთისა და გულმოწყალებისკენ უბიძგებდნენ ადამიანებს, თუმცა მათ მცდელობას გაცილებით ნაკლები შედეგი მოჰქონდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ კაცობრიობა, თავისი ბუენბით, სიბნელისკენ უფროა მიდრეკილი, ან შესაძლოა ბნელი ჯინები, განსაკუთრებით, დიდი იფრითები, გამორჩეულად ძლევამოსილები არიან თანამოძმეებს შორის.

***

საერთოდ, როცა ჯინისა და ადამიანის ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ, სიტყვები „ბატონი“ და „მსახური“ არ გამოგვადგება. ნებისმიერი სამსახური, რომელსაც ჯინი ადამიანს უწევს, უფრო მისი კეთილი ნების გამოხატულებაა, ვიდრე მორჩილების დადასტურება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჯინი თავისი ხაფანგიდან, მაგალითად, ლამპრიდან გათავისუფლდება, შეიძლება მადლიერების ნიშანიც იყოს.

***

როგორც პატივცემული მეცნიერები გვიამბობენ, ჯინების საყოველთაოდ ცნობილი და სათანადოდ აღწერილი ლტოლვა ძვირფასი ლითონებისა და იშვიათი ქვებისადმი, ფერისტანში გამართული მრავალრიცხოვანი ორგიებიდან იღებდა სათავეს. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ოქროს ბრწყინვალება და ელვარება ჯინიებსაც სჭრიდა თვალს. იწვნენ მძიმედ მოჩუქურთმებულ ოქროს საწოლებში და თმა, მუხლები, ყელი და წელი ოქროცურვილით უელავდათ. ავხორცი ჯინიები, რომლებიც სხვა სამოსს არ ცნობდნენ, მამრ ჯინებს დაუოკებელი ვნებით ასაზრდოებდნენ.

***

თითქმის დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ბნელი ჯინების უამრავ დანაშაულს შორის წინდაუხედაობაცაა. ისინი წუთიერი გატაცებებით ცხოვრობენ, დიდი გეგმები არ გააჩნიათ და გადაწყვეტილებებს ადვილად ცვლიან. ჯინი სტრატეგიის შემუშავებაში ვერ დაგეხმარებათ. კლაუზევიცსა და სუნ ძის მათ რიგებში ვერ იპოვით. ჩინგიზ ყაენმა, რომელმაც ყველაფერი დაიპყრო, რასაც მისი თვალი მისწვდა, მთელი ტაქტიკა თავისი არმიის ცხენებზე დააფუძნა. მისი ცხენოსანი მოისრეები მსოფლიოს შიშის ზარს სცემდნენ. მისი ჯარი ცხენის რძით, სისხლითა და ხორცით საზრდოობდა, შესაბამისად, მკვდარ ცხენსაც კი სარგებელი მოჰქონდა. აი, ჯინებს ასე ფიქრის უნარი არ შესწევთ. როგორც მკვეთრად გამოხატული ინდივიდები, ვერც კოლექტიურ მოქმედებას ახერხებენ.

***

თუ ოდესმე გაგჩენიათ კითხვა, როგორ ხერხდება, რომ ასეთ ძლევამოსილ არსებებს ადამიანები ბოთლებში, ლამპებსა და სხვა ჭურჭელში კეტავენ, პასუხი მათ სიზანტეშია, რომელიც ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ეუფლებათ. დრო, რომელსაც ისინი ძილში ატარებენ, სიფხიზლის პერიოდს მნიშვნელოვნად აჭარბებს. როგორც წესი, ჯინებს ისე ღრმად სძინავთ, რომ მათი დატყვევება და მოჯადოებულ ადგილას გამომწყვდება სულ იოლად არის შესაძლებელი.

***

თვლემამორეული ჯინის გაღიზიანება ძალიან ადვილია.

***

ყველაზე ძლევამოსილ ჯინებს შორის მეტოქეობაც კი ხშირად ბავშვური და სასაცილოა და არაფრისმომცემ კინკლაობამდეც მიდის. შესაბამისად, როგორც ბავშვებს ახასიათებთ, წყენაც მალე ავიწყდებათ. თუმცა არსებობს სერიოზული და მძიმე შემთხვევებიც, რომლებიც ხანგრძლივი დაპირისპირებით მთავრდება. ზოგჯერ ჯინების კონფლიქტის შედეგებს ადამიანებიც ნათლად ხედავენ, თუმცა ჩვენ ამას უბრალო ჩხუბად კი არა, ნამდვილ ჯადოქრობად აღვიქვამთ. ცისკენ მომზირალი ადამიანები ჯინების მიერ ერთმანეთისთვის ნასროლ საგნებს კი არა, მფრინავ კომეტებს, მეტეორებსა და კუდიან ვარსკვლავებს უცქერენ. რაც უფრო ძლევამოსილია მოჩხუბარი ჯინი, მეტეორიც მით უფრო შიშისმომგვრელი და კაშკაშაა.

***

ჯინები იშვიათად თუ გამოუტყდებიან ერთმანეთს, რომ ადამიანთა ცხოვრება საშინლად აინტერესებთ, რომ მოკვდავთა სამყარო არაჩვეულებრივად მიმზიდველად ეჩვენებოდათ მათ, ვინც ამ სამყაროს არ ეკუთვნოდა. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ადამიანები გაჩნდებოდნენ, ჯერ კიდევ მაშინ ,როცა დედამიწაზე მხოლოდ ერთუჯრედიანი არსებები, თევზები, ამფიბიები, პირველი ოთხფეხები, პირველი ფრინველები, პირველი ქვეწარმავლები, ან სულაც, მოზრიდლი ცხოველები ცხოვრობდნენ, ჯინები იშვიათად ტოვებდნენ ფერისტანს. ჯუნგლები, უდაბნო, თვალუწვდენელი მწვერვალები მათ ინტერესს ვერ ამკაყოფილებდა. აღმოჩნდა, რომ ჯინებს მხოლოდ ცივილიზაცია უღვივებდა ცნობისმოყვარეობას, კოხტად გაკრეჭილი ბაღები, ხასხასა ტერასებითა და აკურატულად გაყვანილ არხებში მოჩუხჩუხე ნაკადულებით, ბაღები, სადაც ყვავილები მწყობრად ყვაოდნენ და ხეები გასაოცრად სიმეტრიულად იზრდებოდნენ, რათა ბილიკებზე მოსეირნეთათვის საჩრდილობლები და სასიამოვნო სიგრილე შეექმნათ.

ფერისტანში ბევრგან ნახავდით წითელი ქვისგან აგებულ გუმბათოვან პავილიონებს, სადაც ჯინები ტკბობას ეძლეოდნენ, აბრეშუმის კედლებითა და მოფარდაგებული ბუდუარებით, ჭრელ-ჭრელი მუთაქებითა და ღვინით სავსე, მოხერხებული სამოვრებით. კვამლისგან შობილი ჯინები უპირატესობას მაინც საგნების ფორმას ანიჭებდნენ და ამიტომაც ხშირად სახლდებოდნენ ადამიანთა სხეულებში.

თუნდაც ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ჯინებს მოკვდავი კაცობრიობის გადაუხდელი, დიახ, გადაუხდელი ვალი ჰქონდათ. ადამიანების დახმარებით იძენდნენ ფორმას ძლევამოსილი ჯინები და სწორედ ნასესხები სხეულის წყალობით ახერხებდნენ, საკუთარი ქაოსური ბუნება ოდნავ მაინც დაელაგებინათ ფიზიკური, ლანდშაფტური და არქიტექტურული კანონების მიხედვით. მხოლოდ სექსის დროს (რაც მთავარი აქტივობა იყო ფერისტანში) ყველანი, მდედრებიცა და მამრებიც სხეულებს ტოვებდნენ და ერთმანეთს უხორცოდ ერწყმოდნენ, და იწნებოდა ცეცხლი და კვამლი, სწვდებოდა ცას კვამლისა და ცეცხლის მღელვარება. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ისინი ადმაიანის სხეულის გამოყენებას ამჯობინებდნენ, როგორც ნიჟარის, რომელიც მათ თავაშვებულობას ზღვარს უდებდა, სხეულს, რომელიც სახეს აძლევდა მათ, ისევე როგორც მებაღე - მცენარეებს; სხეულის, რომელიც უყვარდათ. ამაზე ჯინები ადვილად თანხმდებოდნენ.

***

ფერისტანის მისადგომებთან ახლოს ქეფის წრიული მთა დგას, სადაც ლეგენდის თანახმად, ფრთოსანი ღმერტი, სინდბადის რუხის მონათესავე სიმურღი ცხოვრობდა. ჯინებმა და ჯინიებმა კარგად იციან, რა ჩიტიცაა ეს რუხი, მაგრამ ის მათი მბრძანებელი არასოდეს ყოფილა. მას, ვინც ფერისტანს მართავს, არც კლანჭები აქვს, არც ფრთები და არც მოკაუჭებული ნისკარტი. იგი ჯადოსანთა სამყაროს დიდი იმპერატორია, შაჰპალ შაჰრუხის ძე, მისი ქალიშვილი აასმაანი კი, რომელსაც „ზეციურ ფერიად“ მოიხსენიებენ და მეხთატეხის პრინცესასაც უწოდებენ, ჯინიათა შორის ყველაზე ძლევამოსილია. შაჰპალი თავადაა სიმურღი ხელმწიფე, რომელსაც ჩიტი უმშვენებს მხარს.

იმპერატორსა და დიდ იფრითებს ერთმანეთი თვალში არ მოსდით. მართალია, ქეფის მთა მთელ ფერისტანში ყველაზე სასურველი ადგილია და იფრითები მის დაპყრობაზე უარს არ იტყოდნენ, მაგრამ მეხთატეხა, რომლის გამოწვევაც იმპერატორის ქალიშვილს, გრძნეულ ჯინიას შეუძლია, დიდი იფრითების ერთობლივ მრისხანებაზე საზარელია. წრიულ მთას მისი ჯადოსნობა-  ელვის თხელი ფარდა იცავს იფრითების შემოტევისგან. მიუხედავად ამისა, ისინი გამუდმებით ეძებენ ხელსაყრელ შემთხვევას, დევები და სხვა მდაბალი სულები, რომლებიც ქეფის ქვემო ფერდობზე ცხოვრობენ, მთის მმართველთა წინააღმდეგ აამხედრონ. ახლა იმპერატორისა და დიდი იფრითების დაპირისპირებაში, რომელიც, სიმართლე რომ ითქვას, მთელი ათასწლეულის განმავლობაში ჩიხში იყო შესული, დიდი ხვრელია გაჩენილი, რადგან კარგა ხნის შემდეგ ხელახლა გახსნილი ნაპრალებიდან კაცობრიობისთვის მოვლენილმა ქარიშხლებმა, მიწისძვრებმა და სხვა უბედურებებმა იფრითებს ხელ-ფეხი გაუხსნა და ადამიანთა ცხოვრებაში შეჭრის საშუალება მისცა. ისინი მოკვდავთა სამყაროს საუკუნეების წინ დაშორდნენ და ახლაც სჯერათ, რომ დედამიწაზე არ არსებობს ჯადოსნური ძალა, რომელსაც მათი შეჩერება შეუძლია. როგორც მოძალადეებს შეშვენით, ძლიერი მოწინააღმდეგის განადგურების წარმოდგენაზეც კი გიჟდებიან. ბრძოლა რომელიც დედამიწაზე მიმდინარეობს, იმ ბრძოლის ანარეკლია, რომელიც ფერისტანში არასოდეს შეწყვეტილა.

***
ფერისტანში მოხვედრა ადამიანებისთვის სახიფათოა. ისტორიას სულ რამდენიმე მოკვდავი ახსოვს, ვინც ეს მოახერხა. 

სანამ სამყაროთა ომი დაიწყებოდა, ფერისტანში მხოლოდ ერთი კაცი დარჩა ხანგრძლივად საცხოვრებლად და იქაურ პრინცესაზე დაქორწინდა, უკან დაბრუნებულმა კი აღმოაჩინა, რომ თვრამეტი წელი გასულიყო, რასაც ვერაფრით წარმოიდგენდა. ჯინების სამყაროს ერთი დღე ადამიანთა დროის ერთ თვეს უდრის. თუმცა ეს არ არის ერთადერთი საფრთხე. ჯინიას დამაბრმავებელი სილამაზის ხილვა, მისი ჭეშმარიტი სახის დანახვა ადამიანის ძალებს აღემატება, მას კაცის თვალი ვერ იხილავს, გონება ვერ მისწვდება და გული ვერ შეინახავს. უბრალო მოკვდავი შეიძლება დაბრმავდეს, შეიშალოს ან სულაც მოკვდეს - მოზღვავებული სიყვარულისგან გული გაუსკდეს.

ძველ დროში, ათასობით წლის წინ, თავგადასავლების რამდენიმე მაძიებელმა კეთილგანწყობილი ან ავი ზრახვებით სავსე ჯინების დახმარებით, მათ სამყაროში შეაღწია. იქიდან საღსალამათად დაბრუნებული მხოლოდ ერთი ხორციელი უნახავთ - გმირი ჰამზა, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ის ნაწილობრივ თავადაც ჯინი იყო.

ინგლისურიდან თარგმნა სალომე ბენიძემ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში