ორფან ფამუქი - წითური ქალი

„ოიდიპოს, მამის მკვლელო, დედის ცოლად შემრთველო, სფინქსის საიდუმლოს ამომხსნელო! რაში მდგომარეობს ბედისწერის ამ სამების აზრი? ირანელთა შორის გავრცელებული ძველი რწმენის თანახმად, დიდი სწავლულის გამოველნას ინტრიგა სჭირდება“, - ნიცშე, „ტრაგედიის დაბადება“

„ოიდიპოსი: დიდი ხნის წინ ჩადენილი დანაშაულის კვალს როგორ უნდა მიაგნო?“, -სოფოკლე, „ოიდიპოს მეფე“

„ისევე, როგორც - უმამოს ბავშვს, უშვილო მამასაც არავინ ჩაიკრავს გულში“, - ფირდოუსი, „შაჰნამე“

***

მამაჩემის აზრით, ამქვეყნად ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა ცოლად ის გოგონა მოგყავს, რომელთან ერთადაც ახალგაზრდობაში წიგნებს კითხულობდი და იდეალები გაერთიანებდათ. გავიგონე, ერთხელ ეს დედას რომ უთხრა, როცა სხვის ბედნიერებაზე საუბრობდნენ.

***

ღამღამობით კარავთან რომ ვისხედით, მოწყვეტილ ვარსკვლავებს ხშირად ვხედავდით და მათზე ვლაპარაკობდით. ოსტატი მაჰმუდის აზრით, თითოეული ვარსკვლავი თითო ცხოვრებას აღნიშნავდა. დიდმა ალაჰმა ზაფხულის ღამე ვარსკვლავებით მოჭედა, რათა შეეხსენებინა, რამდენი ადამიანი და რამდენი სიცოცხლე არსებობს. ამიტომ ვარსკვლავი რომ მოწყდებოდა ხოლმე, ოსტატი მაჰმუდი ისე დადარდიანდებოდა, თითქოს მართლაც ვინმეს სიკვდილის მომსწრე ყოფილიყოს.

***

ოსტატისა და შეგირდის ურთიერთობის საიდუმლო იმაში მდგომარეობდა, რომ მამა-შვილის ურთიერთობას ჰგავდა. ყოველი ოსტატი ვალდებული იყო, შეგირდი შვილივით ჰყვარებოდა, დაეცვა და აღეზარდა, რომ თავისი საქმე შემდეგ შეგირდისთვის მემკვიდრეობით გადაეცა. შეგირდს, თავის მხრივ, ოსტატის საქმიანობის შესწავლა, მისთვის ყურის დაგდება და მორჩილება ევალებოდა.

***

მამა სამართლიანი უნდა იყოს. უსამართლო მამა შვილს აბრმავებს.

***

იმხანად მეგონა, რომ მე მხოლოდ მაშინ ვარ „მე“, როცა ვერავინ მხედავს. ეს აზრი ახალი აღმოჩენილი მქონდა. როცა თვალყურს არავინ გადევნებთ, თქვენში ჩამალული მეორე პიროვნება ამოდის და, რასაც უნდა, იმას აკეთებს. თუ ამ დროს თქვენ მახლობლად მამათქვენი იმყოფება, ეს მეორე პიროვნება იმალება.

***

ადამიანი ერთდროულად ყველფერზე ვერ ფიქრობს, მაგრამ - ხედავს. 

***

- მამამ მიგვატოვა!

- ესე იგი ცუდი მამა ყოფილა. შენც ადექი და სხვა მამა იპოვე. ამ ქვეყანაში ყველას ბევრი მამა ჰყავს: მამა-სახელმწიფო, მამა-ღმერთი, მამა-ფაშა, მაფიის მამა... აქ მამის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.

***

ერთხანს უხმოდ მივსეირნობდით და იმაზე ვფიქრობდი, რომ უხმოდ მივსეირნობდი.

***

კიდევ ერთი ვარსკვლავი მოწყდა. შეიძლება ის მხოლოდ მე დავინახე. ვარსებობ-მეთქი, გავიფიქრე.

***

სადმე თუ ცივილიზაციაა, ქალაქი და დაბაა, მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ჭები გაითხარა. უწყლოდ ცივილიზაცია არ არსებობს.

***

ისე თუ მოიქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა და მართლაც არაფერი ხდება, საბოლოოდ მართლაც არაფერი მოხდება.

***

სოფლები და დაბები სტამბოლის შემოგარენში ისევე სწრაფად იზრდებოდა, როგორც თვითონ ქალაქი, რაც ძალიან მაშინებდა. ყოველი მომდევნო მოგზაურობისას ვხედავდი, რომ ქალაქის წაგრძელებულ ხელებს ყველაზე მივარნდილ ადგილებამდეც მიეღწია, თანდათანობით გაფართოებულ გზებზე ასიათასობით ავტომანქანა უთვალავ ჯიუტ ჭიანჭველასავით მოძრაობდა.

***

ყველანი ძლიერ და მტკიცე მამაზე ვოცნებობთ, რომელიც გვასწავლის, რა შეიძლება და რა - არა. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ძნელი გადასაწყვეტია, რა შეიძლება და რა - არა, რა ზნეობრივი და კარგია და რა - არასწორი და ცოდვაა? თუ იმის გამო, რომ გვინდა, მუდამ გვიმტკიცონ, ცოდვილები და დამნაშავეები არა ხართო. მამა ყოველთვის გვჭირდება? თუ მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა გონება არეული გვაქვს, სამყარო - დანგრეული და სული - შეწუხებული?

***

თუნდაც წიგნები დავიწყებას მიეცეს, მათი შინაარსი ზეპირსიტყვიერების გზით ჩვენ დრომდე მაინც აღწევს.

***

ევროპაში, სადაც მხატვრობის კულტურა და ტრადიცია ბევრად უფრო ფართო და მდიდარია, ოიდიპოსის თემაზე მამის მოკვლისა და დედაზე ქორწინების მსგავსი ძირითადი სცენები არასოდეს დაუხატავთ. ევროპელი მხატვრები ამ სცენებს სიტყვებით იაზრებდნენ, მონათხრობი ესმოდატ, მაგრამ სიტყვებით გააზრებულის თვალწინ წარმოდგენა და დახატვა არ შეეძლოთ. ამ დროს, ისლამურ ქვეყნებში, სადაც ცოტა რამ იხატებოდა, ნახატების თვალიერება მიღებული არ იყო და ძირითადად, იკრძალებოდა, როსტომის მიერ თავისი ვაჟის, ზურაბის მოკვლის ცენა ათასობით მინიატურაზეა ასახული.

***

იმისთვის დადანაშაულება, რაც არ ჩაგიდენია, შეიძლება მხოლოდ სიზმარში განცდილ შიშს ჰგავს.

***

უმამოდ როცა იზრდები, არ გესმის, რომ სამყაროს ცენტრი და საზღვარი აქვს და გგონია, ყველაფრის გაკეთებას შეძლებ... მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ აღარ იცი, როგორ მოიქცე. ცხოვრების აზრის, ცენტრის პოვნას ცდილობ, ისეთ ვინმეს ეძებ, ვინც წინააღმდეგობას გაგიწევს.

***

თანამედროვე ადამიანი ქალაქის ტყეში გზააბნეული ადამიანია. ეს კი უმამობას ნიშნავს. თუმცა მამის ძებნაც ფუჭი საქმეა. თუ ადამიანი თანამედროვე ინდივიდია, ქალაქის ხალხმრავლობაში მამას ვერ მიაგნებს. მიაგნებს და, ინდივიდი ვეღარ იქნება.

***

პროევროპულად განწყობილ თურქ მდიდრებს ალაჰისა არა სწამთ, რადგან თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ. მათი ინდივიდუალობა ძალიან მნიშვნელოვანია. უმრავლესობას ალაჰისა იმიტომ არ სჯერა, რომ თავისი გამორჩეულობა დაამტკიცოს. თანა ამას არც ამბობენ. რადგან რწმენა ყველასავით ყოფნას ნიშნავს. რელიგია თავმდაბლების სამოთხე და ნუგეშია.

***

ყველაფერი, რაზეც ძველი თქმულებები და მითები მოგვითხრობს, ადრე თუ გვიან თავს გადაგვხდება. რაც მეტს კითხულობთ, ამ ლეგენდებისა  რაც მეტად გჯერათ, იმდენად ხშირად ახდება.

***

სამყაროს ლოგიკა დედების ტირილს ემყარება.

თურქულიდან თარგმნა - ნანა ჯანაშიამ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში