სალვა ან-ნუაიმი - თაფლის სამხილი

„სამხილი თაფლის სიტკბოებისა თვითონ თაფლია“

***

არის ხალხი, სულებს რომ გამოიმობს. აი, მე კი სხეულებს ვიძახებ... არ ვიცი არც ჩემი სული და არც სხვათა სულები; ვიცნობ მხოლოდ ჩემს სხეულსა და სხვათა სხეულებს. ეს მყოფნის.

***

ვიცოდი, რომ ყველაზე უფრო სასიამოვნო ყველაზე აღვირახსნილი ტყნაურია და ამის მიუხედავად, კვნესის დამალვასაც კი ვცდილობდი.

***

სიტყვა „საყვარლები“ ყველა იმ კაცზე ვრცელი მგონია, ვინც კი შევიცანი.

***

„დიახ“ ან „არა“ მარტო მოდის, ძალზე სწრაფი ანალიზის შემდეგ. გადაწყვეტილება მარტო მოდის. შლის ყველა წესს. ყურს არაფერს ვუგდებ ჩემივე ხმის გარდა. ჩემი სურვილის ხმის. იშვიათი სურვილის.

***

წლების მერე, პრაქტიკული გამოცდილების დონეზე, გადავამოწმე ჭეშმარიტება იმისა, რასაც წერდა ერთ-ერთი არაბი აშ-შუიუხი - დიდი მისულიმი ფილოსოფოსი და ექიმი, მთელი რიგი სამეცნიერო თეოლოგიური ტრაქტატების ავტორი, რომელთაგან 60 ტრაქტატი მედიცინის სფეროშია და ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას ეხება. ამ წიგნებიდან ორი უმთავრესი „ქითაბ ალ-ჰავიი“ და „ქითაბ ატ-ტიბ ალმანსურ“ ჯერ კიდევ 12-ე საუკუნეში ითარგმნა ლათინურად და იმდენად ფართოდ გავრცელდა მაშინდელ ევროპაში, რომ საუკუნეთა განმავლობაში რჩებოდა იქაურ ექიმთა პრაქტიკულ სახელმძღვანელოებად. თარგმანში დამოწმებული ციტატები მოყვანილია აშ-შუიუხის ზემოაღნიშნული მეორე წიგნიდან - „ტყნაურის“ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური სარგებლობის შესახებ:

„ის ამშვიდებს რისხვას და სულიერ სიამეს გვრის იმას, ვისაც ცხელი ბუნება აქვს.ლ ის არის კურნება მზერის დაბინდვისა, სისხლის მოძრაობისა, თავის სიმძიმისა და გვერდების ტეხვისა; წამალი იმისა, რითაც ბრმავდება თვალი და საფიქრალის კარი იკეტება“.

ასევე ვიცი ზიანი, თუ ამას არ გავაკეთებ:

თქვა მუჰამად იბნ ზაქარიამ: „ვინც ტყნაური ხანგრძლივად დათმო, ძალის ორგანოები დაუსუსტდა, ამ ძალის სადინარები ჩაეკეტა და მეხსიერება დაებინდა. მე ვნახე ერთი ჯგუფი, რომელთაც მიატოვეს ეს საქმე ასკეტიზმის რაღაც სახეობის გამო, და გაუცივდათ სხეულები და გაუძნელდათ მოძრაობები. უმიზეზო სევდამ დარიათ ხელი და გამოაჩნდათ მელანქოლია. მადა დაკარგეს და საჭმლის მონელება გაუჭირდათ“.

ფიზიკური და ფსიქიკური სნეულებანი?! სიგიჟე, სევდა და მელანქოლია ერთდროულად, სქესობრივი თავშეკავების მიზეზით?! დაგვიფარე, ღმერთო, და შორს ეს ამბავი ყველა ჩვენგანისგან!

თქვა იბნ არზაკმა: „ყოველ ვნებას კაცი თავს თვითონ აძლევს, თორემ გული გაუქვავდებოდა, ტყნაურის გარეშე!

***

შეჩვეული ვიყავი, რომ სხვებთან იმაზე, რაც სქესობრივ ცხოვრებას უკავშირდებოდა, მხოლოდ თეორიულ დონეზე მესაუბრა, მაგალითები წიგნებიდან ანდა სხვათა ცხორებიდან მომეყვანა, ჩემი პარალელური ცხოვრება კი დალუქული მქონოდა კუმკუმაში (პატარა თავდახურული ბოთლი, რომელშიც მუსლიმური დემონოლოგიის ჯინები - არამიწიერი არსებები არიან ჩამწყვდეულნი), რომელსაც მხოლოდ ერთადერთს გავუხსნიდი, რათა იქიდან ჩემი მეხსიერების ჯინი ამომეშვა.

***

არაბული ჩემთვის სექსის ენაა. არც ერთ ენას არ შეუძლია დაიკავოს მისი ადგილი მხურვალების ჟამს, იმათთანაც კი, რომლებიც ამ ენაზე არ საუბრობენ. ბუნებრივია, თარგმანის დაუჭირვებლად.

***

ვმალავდი მხოლოდ ჩემი ნააზრევის პრაქტიკულ ხორცშესხმას. ეს ერთადერთი სახიფათო ნაბიჯია იმ საზოგადოებაში, რომელიც არაფერს სცნობს, გარდა შიშისა და მორჩილების გამოცხადებისა.

***

ჩემი ჭკუის საკითხავი ინსტანცია თვითონვე ვბრძანდები და ამიტომაც ზეციური ან მიწიერი განმარტება აღარ მჭირდებოდა; აღარ მჭირდებოდა მეძებნა შარიათის განჩინებანი, რომლებიც ნებას დამრთავდნენ ხურვებისას მამაკაცს ავწებებოდი.

***

მუთყა - ქროწინება - დროებითი შეუღლება შიიტურ ისლამში. არაბული ტერმინი მუთ’ა, რაც სიამეს, სიამოვნებას ნიშნავს, ამ შემთხვევაში აღნიშნავს დროებით ქორწინებას, რომელიც დაშვებულია შიიტური მიმართულების ისლამში, მაგრამ აკრძალული და მიუღებელია სუნიტურ ისლამში.

სუნიტები მიიჩნევენ, რომ „მუთ’ა“ ისლამამდელ არაბეთში გავრცელებული პრაქტიკა იყო, რომელიც ინერციით გადმოვიდა ისლამში და გვხვდება მისი ცალკეული შემთხვევები მოციქული მუჰამადისა და პირველი ორი ხალიფას - აბუ ბაქრისა და ომარის სიცოცხლეში. სუნიტები ამტკიცებენ, რომ ქორწინების ინსტიტუტი გაუქმდა თვით მუჰამად მოციქულის მიერ და ამიტომაც ასეთი წესით ქორწინებას დაუშვებლად და არაკანონიერად აცხადებენ.

შიიტები კი ამბობენ, რომ არსად არ არის დადასტურებული ის ფაქტი, რომ მოციქულმა მაჰამადმა გააუქმა დროებითი ქორწინების ინსტიტუტი. ხალიფა უმარის მიერ მის გაუქმებას კი არაკანონიერად თვლიან, რამდენადაც თვით უმარსაც უზურპატორად აცხადებენ.

შიიზმში კანონიერი ქორწინებისგან განსხვავებით (რომლის რაოდენობაც განსაზღვრულია და 4-ს არ უნდა აღემატებოდეს), დროებითი ქორწინების რაოდენობა შეზღუდული არ არის და კაცს შეუძლია იმდენი დროებითი ცოლი ჰყავდეს, რამდენსაც მოინდომებს. ასევე განსაზღვრული არ არის პერიოდი - დროებითი ქორწინება შეიძლება გაგრძელდეს ერთი საათიდან 99 წლამდე.

დროებითი ქორწინების გასაფორმებლად აუცილებელია საქორწინო ხელშეკრულება აკდი (აყდი, აქედან: აქტი), ოღონდ თუკი მუდმივი ქორწინების აყდის გაფორმება სასულიერო პირისა და ორი მოწმის დასწრებას საჭიროებს, დროებითი ქორწინების აქტი შეიძლება შედგეს ორი მხარის შეთანხმების საფუძველზე და მოწმეთა დასწრება ან სასულიერო პირთან რეგისტრაცია ამ დროს აუცილებელი არ არის. მამაკაცს, როგორც კანონიერ ქორწინებაში მყოფს, ასევე საქორწინოს, შეუძლია ჰყავდეს განუსაზღვრელი რაოდენობის დროებითი ცოლი. ოღონდ, დაქორწინებულ მამაკაცს აუცილებლად სჭირდება არგუმენტირებული მიზეზი დროებითი ქორწინების აუცილებლობის დასასაბუთებლად. დროებითი ქორწინებისას ქალი აუცილებლად უნდა იყოს უქმრო და სასურველია - არაქალიშვილი. თუმცა ჯაფარიდული მაზჰაბი კატეგორიულად არ კრძალავს არაქალიშვილის გათხოვებას დროებითი ქორწინების წესით და ამას დასაშვებად მიიჩნევს ქალის მუდმივი კანონიერი მეურვის თანხმობის საფუძველზე.

დროებითი ქორწინებისას ქალი ვალდებულია იყოს თავისი დროებითი მეუღლის ერთგული და ხელახლა გათხოვება ეკრძალება როგორც ამ ქორწინების ხელშეკრულებით დადგენილ პერიოდში, ასევე ქორწინებიდან სავალდებულო (ორი მენსტრუალური ციკლით განსაზღვრული) ვადის - ე.წ. „იდას“ ამოწურვამდე.

სპარსულად (შიიზმში) დროებით ქორწინებას, ძირითადად, სიღეს (სიყეს) უწოდებენ.

[...]

- როგორ დავუდო შარიათით განსაზღვრული საქორწინო ხელშეკრულება ქალს, თუკი მასთან მარტოდმარტო აღმოვჩნდები?

- ამ შემთხვევაში ამბობ: ცოლად გირთავ შენ დროებით, ალაჰის წიგნისა და მისი მოციქულის ადათის შესატყვისად, არცა მემკვიდრედ და არცა ნამემკვიდრევად, ამდენი და ამდენი დღით. თუ მოგიგო: დიახო, ესე იგი, თანახმაა და ის შენი ცოლია, შენ კი ყველა ადამიანზე მეტი უფლება გაქვს მასზე!

***

არ ვყოფილვარ ევასავით, რომელმაც ჰკითხა ადამს, როცა პირველად დაწვა მასთან: რა არის ეს? მიუგო: ამას ტყნაურს ეძახიან. უთხრა: გამიგრძელე, რამეთუ ეს არის კეთილ! (ერთ-ერთი მუსლიმური გადმოცემაა (ჰადისია), რომელიც შესულია ჰადისების რიგ კრებულებში).

***

ტყნაურის სარგებელია: პირველი - ვნება, მეორე - სიამოვნება და მესამე - განკურნება.

***

როცა პატარა ვიყავი, ჩემი სული ვერსად მოვიძიე, როცა გავიზარდე, მისი ძებნით თავი აღარც შემიწუხებია. 
„მე არ გამაჩნია სული!“ - ეს წინადადება თავში ჩამებეჭდა და ჩემმა ცხოვრებამ იწყო დინება მისი გავლით. ვიცოდი, რომ მე მხოლოდ სხეული მაქვს და სხვას არაფერს ვფლობ. ჩემი სხეულია ჩემი გამჭრიახობაც, ჩემი ცნობიერებაცა და ჩემივე კულტურაც. ვისაც ჩემი სხეული სწადია, იმას ვუყვარვარ, ვისაც ჩემი სხეული უყვარს , იმას ვწადივარ. ეს არის ერთადერთი სიყვარული, რომელსაც მე ვიცნობ. დანარჩენი - ლიტერატურაა...

***

თითქოს ცენზურად ყოველი სექსუალური სიტყვის ამოსაჭრელად ეცალოს, რაც კი იწერება.

[...]

- დღეს ყველა მწერალი ოცნებებს, მათი წიგნები აკრძალონ, რომ სახელი გაითქვან.

- და რატომაც არა, თუკი ცენზურა ასეთ დონეზეა გამოშტერებული?

***

ჩვენ, ქალები, ყველანი ამ უკანდასახევ ხაზზე ვართ გაფაციცებულნი.

***

მოჰყვა მავანი თავისი ორი განაგონის შესახებ:

ერთხელ, ერთ კაცსა და მის დედაკაცს შორის რაღაც შარი ატყდა. რამდენიმე დღით ერთმანეთს მოშორდნენ და სხვადსხვა ადგილას გაემგზავრნენ. მერე კაცი ისევ შეახტა დედაკაცს და ფეხები გადააჩაჩხვინა. ხოლო, როცა საქმე მოითავა, ქალმა უთხრა:

ალაჰიმც დაგაკნინებს! ყოველთვის, როცა რაღაც შარი ატყდება ჩვენ შორის, ისეთი შუამავალი მოგყავს, რომლის უკან გაბრუნებაც არ შემიძლიაო.

მეორე ამბავი კი ის არის, რომ ცოლს უთქვამს ქმრისთვის, როცა მისი სამართლიანი ყადის დრეებსა და მის ღამეებს იცოდებდა: ეჰ, უკვე მოკვდა ის, ჩვენ რომ ერთმანეთს გვარიგებდაო!

***

აი, ეს არის პარიზის მადლი: გასაქანს აძლევს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, რომ ერთმანეთს შეხვდნენ. თუ რომელიმე აღმოსავლურ-დასავლურ წყვილს გაიცნობ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ თავად ერთმანეთი პარიზში გაიცნეს.

***

- როცა საქმე ქალებს შეეხება, მამაკაცები კარგავენ თვის ძლიერებას!

- ისევე, როგორც ჩვენ, ქალები, ვკარგავთ ხოლმე ძალას, როცა საქმე მამაკაცებს ეხება!

***

უცოდველი ისაა, ვისი დანაშაულიც ჯერ არ გამოუაშკარავებიათ.

***

ყველა კაცი ზღაპარია და ყველა ზღაპარი - საწოლი. არც კაცის დაკარგვა მინდა და არც საწოლისა. ზღაპრების სარეცელზე ვიკლაკნები და ვიგრიხები, თითებით ზეცას ვწვდები და ხეობები გამყავს სულის უდაბნოში.

***

პასუხები, როგორც ზღაპრები, მარტონი მოდიან, თავიანთ დროზე, ისე, როგორც ხიდან ვარდება მწიფე ნაყოფი.

***

უეჭველია, რომ ლაპარაკისას თავისუფლება ერთგვარი სექსუალური თავისუფლებაა. ვიღაცა ამბობს, რომ „ლაპარაკი ჩალად არა ღირს!“ „ლაპარაკი მუქთია!“ „ვინც ლაპარაკობს, ის არ აკეთებს“ და „ლაპარაკი საქმიანობის ჩანაცვლებაა!“ - ეს ყველაფერი არ არის სწორი! სექსზე ლაპარაკიც სექსუალური ენერგიის ნაწილია.

***

ყველა უხეში სიტყვა არაუწმაწური ხდება უცხო ენაზე.

***

მოპასუხემ მითხრა, რომ მისი დევიზია: „ვტყნაურობ, ესე იგი, ვარსებობ!“ - ფრანგულად მეუბნება, მარკიზ დე სადისა და არა მოლიერის ენაზე.

***

არაბულად „ტყნაური“ - გინდ სიტყვა და გინდ საქმე - ჩვენს დროში გასაჯაროვებას არ ექვემდებარება. ტყნაური ღვთის ურჩობაა, თუნდ რელიგიურად კანონიერიც, სჯულისმიერიც იყოს ჩვენს ამ დროებაში. სიტყვა „თანაცხოვრებაც“ კი ჩვენი შეიხის, ას-სუიუტის ერთ-ერთი წიგნის სათაურში შეიცვალა, ითარგმნა არაბულიდან არაბულად და „სიცხადე ტყნაურის მეცნიერებაში“ „სიცხადე შერწყმის მეცნიერებაში“ გახდა და ამით საჯ’ის (თავისებური რითმანარევი რიტმული პროზა არაბულ ლიტერატურაში) პოეტური რიტმიც დაირღვა.

***

ყოველ ჯერზე, როცა კაცი გათხოვილ ქალთან წვება, ეს არის პირველი ჯერი, ქალი რომ ქმარს ღალატობს!

***

ჩვენ ჩვენს მშობლებზე მეტი ვიცოდით, ჩვენს შვილებს კი ჩვენზე მეტი ეცოდინებათ!

***

თითოეულ ჩვენგანს გვყავს ერთი მოაზროვნე კაცი თუ ქალი (ან, იქნებ მეტიც?), რომელიც ამ სამყაროს რომელიმე ადგილას გველდოება, რათა გამოგვააშკარავოს ჩვენ ჩვენივე თავისათვის, რათა აღმოვაჩინოთ ჩვენივე ძალები და უფრო ღრმად წავიდეთ ჩვენი დაფარული არსების ფსკერისკენ.

მოაზროვნის წასვლიდან წლების შემდეგ მივხვდი, რომ ყოველ ჩვენგანს ჰყავს თავისი მოაზროვნე, რომელიც მას სიცოცხლის წამთაგან რომელიღაც წამს და ცხოვრების კართაგან რომელიმე კარში ელოდება.

ჩვენ კი ვკარგავთ მას, ერთი სიტყვით, ხელის აქნევით, დროებითი გამგზავრებით, გაურკვეველი გაჩუქებით, ბრმა ისტორიული შიშით, იმ თამაშის წესებით, რომლის კანონებსაც ვემორჩილებით.

არის ვიღაც, ვინც ისე ცოცხლობს და კვდება, რომ არასოდეს შეხვდება ეს მეორე - საფუძველი, ვინც მის ჩარაზულ კარებს სამყაროს გამოუხსნის.

არის ვიღაც, ვინც ცოცხლობს და კვდება, ვით ხმელი ჩალის ღერი. წყალი ისე ამოუშრება, რომ ვერასოდეს იქცევა ნაკვერჩხლად, რატა ცეცხლს მისცეს ყოველი, ვინც კი მიკარება. ყოველი, ვინც კი მიეკარება.

არის ვიღაც, ვინც ისე ცოცხლობს და კვდება, რომ საკუთარი სხეულისა და სხვათა სხეულებისაკენ გზას ვერასდროს გაიგნებს.

***

სირცხვილი ქცევაშია თუ საქციელის გამომჟღავნებაში? ვინ სვამს ამ შეკითხვას? [...] სირცხვილი იყო საიდუმლოში. საიდუმლო არ დარჩება, რომ არ გამჟღავნდეს.

არაბულიდან თარგმნა - გიორგი ლობჟანიძემ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში