ხორხე ლუის ბორხესი - ელეგია

(წიგნიდან „სხვა, ისევ იგივე“ - 1964 წ.)

აი ისიც, ბედი ბორხესის:

იცურო ამ სამყაროს სხვადასხვა ზღვაზე

და ერთადერთ და მარტოსულ ზღვაზე

სხვადასხვა სახელებით;

იყო ედინბურგის, ციურიხის, ორივე კორდოვოს,

კოლუმბიისა და ტეხასის ნაწილი;

მრავალი თაობის მონაცვლეობის შემდეგ

დაუბრუნდე უძველეს მიწას და საკუთარ ფესვებს,

ანდალუზიაში, პორტუგალიაში, იმ საგრაფოებში,

სადაც საქსები ებრძოდნენ დანიელებს

და სადაც ერთმანეთს ერეოდა მათი სისხლი;

იხეტიალო ლონდონის მეწამული და წყნარი ლაბირინთებით;

დაბერდე უთვალავ სარკეებში,

ამაოდ უცადო, როდის შემოგხედავენ

მარმარილოს ქანდაკებები,

შეისწავლო ლითოგრაფიები, ატლასები, ენციკლოპედიები,

ნახო ის, რასაც ნახულობენ სხვა ადამიანები:

სიკვდილი, გათენების მკაცრი ფერები, დაბლობი

და ნაზი ვარსკვლავები;

და არაფერი დაინახო ანდა თითქმის არაფერი,

ერთი გოგოს სახის გარდა – ბუენოს – აირესიდან,

სახისა, რომლისთვის სულერთია, ახსოვთ თუ არა.

აი ისიც, ბედი ბორხესის:

მგონი, შენსაზე საოცარი მართლაც არ არის.


ხორხე ლუის ბორხესი - სხვადასხვა წლების ლექსები და მინიატურები
მთარგმნელი - ელგუჯა მარღია
გამომცემლობა „პროფილი+“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში