უილიამ ბეროუზი - შიშველი საუზმე

წერილობითი ჩვენება: განცხადება ავადმყოფობის შესახებ


ამ დაავადებისგან განკურნებულმა ორმოცდახუთი წლის ასაკში, მშვიდმა და სრულ გონებაზე მყოფმა გავიღვიძე. ჯანმრთელობაც მეტნაკლებად შევინარჩუნე, ერთადერთი, ღვიძლი დამისუსტდა და ისეთი განცდა მქონდა, რომ სხვის სხეულში ვცხოვრობდი; თუმცა ეს შეგრძნება ახასიათებს ყველას, ვინც ამ სენს თავი დააღწია. 

გადარჩენილთა უმეტესობას ცნობიერების დაბინდვის პერიოდში მომხდარი მოვლენების წვრილმანები არ ახსოვს. მე, როგორც აღმოჩნდა, ამ დაავადებისა და მაშინდელი ბოდვების შესახებ ყველაფერი დაწვრილებით ჩამიწერია. ზუსტად არ მახსოვს, როგორ მოვახერხე შემექმნა ტექსტი, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა, როგორც „შიშველი საუზმე“. სათაური ჯეკ კერუაკმა მოიფიქრა. მაშინ ამ სიტყვებს ვერაფერი გავუგე, მათ შინაარსს მხოლოდ გამოჯანმრთელების შემდეგ ჩავწვდი. ეს სათაური ნიშნავს ზუსტად იმას, რასაც ნიშნავს – შიშველ საუზმეს – გაქვავებულ კადრს, როდესაც ყველას შეუძლია დაინახოს ყველაფერი, რასაც მიირთმევს, ყველაფერი, რაც ჩანგლის წვერზეა. 


ამ სენს ნარკომანია ჰქვია და მე თხუთმეტ წელს ნარკომანი ვიყავი. ნარკომანი ვიყავი-მეთქი რომ ვამბობ, ვგულისხმობ ჯანქზე დამოკიდებულებას (ჯანქი – ოპიუმი ან მისგან გაკეთებული ნარკოტიკი, მათ შორის ყველა სინთეტიკური საშუალება, დემეროლიდან პალფიუმამდე). აქვე ჩამოვთვლი ჯანქის უამრავ ფორმას, რომლებსაც ვიყენებდი: მორფინი, ჰეროინი, დილაუდიდი, ეუკოდოლი, პანტოპონი, დიოკოდიდი, დიოსანი, ოპიუმი, დემეროლი, დოლოფინი, პალფიუმი. ჯანქს ვეწეოდი, ვყნოსავდი, ვენაში-კუნთ-კანქვეშ შემყავდა და რექტალური სუპოზიტორების სახით სწორ ნაწლავში ვიკეთებდი. ნემსში განსაკუთრებული არაფერია – ყნოსავ, ეწევი, ჭამ თუ ტრაკში იტენი, შედეგი ერთია – შეჩვევა. როდესაც წამალზე დამოკიდებულებაზე ვსაუბრობ, კაიფს არ ვგულისხმობ, არც მარიხუანას ან რომელიმე სხვა პრეპარატს: ჰაშიშს, მესკალინს, Bannisteria Caapi-ს, LSD6-ს, საკრალურ სოკოებს ან ჰალუცინოგენური ჯგუფის სხვა რომელიმე ნარკოტიკს... დამტკიცებული არ არის, რომ ჰალუცინოგენის გამოყენება ფიზიკურ დამოკიდებულებას იწვევს.
 ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ამ ნარკოტიკებს ჯანქის საწინააღმდეგო მოქმედება აქვთ. სამწუხაროდ, მოხდა ორივე კლასის ნარკოტიკების აღრევა, რაშიც დიდი გულმოდგინება გამოიჩინეს როგორც ამერიკის, ასევე სხვა ქვეყნების ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტებმა.


თხუთმეტი წლის განმავლობაში ჯანქის ვირუსის მოქმედება დაწვრილებით შევისწავლე. ჯანქის პირამიდის ყოველი საფეხური თავისზე ქვემოთ მდგომს ნთქავს (შემთხვევითი არ არის, რომ ზემოთ ყოველთვის მსუქნები, ქვემოთ კი, ქუჩის მჩხირავები, გაჩხინკულები არიან) და ასე სულ ზედა საფეხურამდე ან საფეხურებამდე. მსოფლიოში ყველაზე მეტ ადამიანს სწორედ ჯანქის პირამიდა ნთქავს. ყოველი მათგანი მონოპოლიის პრინციპებზე დგას. 


1. არავის არაფერი მისცე მუქთად.

2. არავის მისცე იმაზე მეტი, რაც ეკუთვნის (მყიდველი ყოველთვის უნდა აშიმშილო და ალოდინო). 

3. აუცილებლად დაიბრუნე ყველაფერი, რის დაბრუნებაც შეგიძლია.


ბარიგა ყოველთვის ყველაფერს იბრუნებს. ნარკომანს სულ უფრო მეტი და მეტი წამალი სჭირდება იმისათვის, რომ ადამიანური სახე შეინარჩუნოს. ...მაიმუნს (მაიმუნს აჭმევს – ნარკოტიკს იღებს (სლენგ)) ჭამა უნდა. 


ჯანქი მონოპოლიასა და დამოკიდებულებას აყალიბებს. ნარკომანი ერთ ადგილას დგას და აკვირდება, როგორ მიჰყვებიან მისი, ჯანქის ფეხები ჯანქის შუქს ჯანქისკენ. ჯანქის რაოდენობრივად გაზომვა შესაძლებელია. რაც უფრო მეტს მოიხმარ, მით უფრო ნაკლები გრჩება და რაც უფრო მეტი გაქვს, უფრო მეტს მოიხმარ. ყველა ჰალუცინოგენური ნარკოტიკი ყოველთვის საკრალურად მიაჩნდათ ხალხებს, რომლებიც მათ მოიხმარდნენ. არსებობს პეიოტის კულტი და Bannisteria-ს კულტი, ჰაშიშის კულტი და სოკოს კულტი. „მექსიკის საკრალურ სოკოს შეუძლია ადამიანს ღმერთი აჩვენოს.“ მიუხედავად ამისა, არავის მოსვლია აზრად, ჯანქისთვის საკრალურობა მიენიჭებინა. ოპიუმის კულტი, უბრალოდ, არ არსებობს. იგი ისეთივე მიწიერია და ისევე შეიძლება დაითვალოს, როგორც ფული. ამბობენ, ერთ დროს ინდოეთში არსებობდა კეთილისმყოფელი თვისებების ჯანქი, რომლის გამოყენება მიჩვევას არ იწვევდა. მას სომა ერქვა და მშვენიერ, ლაჟვარდოვან ტალღად მოიხსენიებდნენ. თუ სომა ოდესმე მართლა არსებობდა, ესე იგი, უნდა ყოფილიყო ბარიგაც, რომელიც მის მონოპოლიზებას ახდენდა, ბოთლებში ასხამდა და ყიდდა, ერთი სიტყვით, თვით სომაც კი ჩვეულებრივი, უძველესი დროის ჯანქი იყო. 


ჯანქი იდეალური პროდუქტია... ისეთი სავაჭრო საქონელია, წყალი რომ არ გაუვა... არავითარი გარიგება... კლიენტი საკანალიზაციო ორმოდან თვითონ ამოხოხდება და აქეთ შეგეხვეწება, მომყიდეო... ჯანქის ვაჭარი თავის საქონელს კი არ მიჰყიდის კლიენტს, კლიენტს მიჰყიდის საქონელს. საქონელი კი არ იაფდება, კლიენტი დეგრადირდება. ვაჭრობა კი არ უმჯობესდება, კლიენტი უარესდება. დამხმარეებთან ანგარიშსწორებაც ჯანქით ხდება. 


ჯანქი ბოროტების ვირუსის ძირითად ფორმულას – მოთხოვნილების ალგებრას აყალიბებს. ბოროტებას ყოვლისმომცველი მოთხოვნილებების სახე აქვს. ნარკომანი არის ადამიანი, რომელსაც მოთხოვნილება არასოდეს ტოვებს. ხშირი მოხმარების შემთხვევაში ნარკომანი ზღვარსა და კონტროლს სრულიად კარგავს. ყოვლისმომცველი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად – თქვენ რას იზამდით? რაღა თქმა უნდა, თქვენც იმავეს იზამდით. თქვენც მოიტყუებდით, ითაღლითებდით, იქურდებდით, მეგობრებს ჩაუშვებდით – ყველაფერს იკადრებდით ყოვლისმომცველი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ყოვლისმომცველი სენით შეპყრობილ ადამიანს სხვა გზა არა აქვს. ნარკომანი არის ავადმყოფი, რომელსაც სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია. ცოფიანი ძაღლი ყოველთვის იკბინება, რადგან სხვა არჩევანი არა აქვს.

რაც არ უნდა თავდაჯერებული პოზა მიიღოთ, მაინც არაფერი გამოგივათ, თუ ასეთი პოზის მიზეზი ჯანქის ვირუსის ამოქმედება არ არის. გარდა ამისა, ჯანქი მრეწველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. მახსენდება საუბარი ერთ ამერიკელთან, რომელიც მექსიკაში აფტოზის კომისიაში მუშაობდა. თვეში ექვსასს იღებდა და დანახარჯებს ცალკე უნაზღაურებდნენ:

„ეპიდემია რამდენ ხანს გაგრძელდება?“ დავინტერესდი მე.

„იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც შევძლებთ... და კიდევ... შეიძლება აფტოზმა სამხრეთ ამერიკაში იფეთქოს,“ მეოცნებე ხმით წარმოთქვა მან.

თუ რიცხვების პირამიდის შეცვლას ან განადგურებას მოვინდომებთ, ქვედა ციფრი ან უნდა შევცვალოთ, ან საერთოდ ამოვიღოთ. თუ გვინდა, ჯანქის პირამიდა გავანადგუროთ, საძირკველიდან უნდა დავიწყოთ, იმ ბარიგისგან, რომელიც ქუჩაში დგას. დონკიხოტობას და გამოსავლის ეგრეთ წოდებულ მაღალ ეშელონებში ძებნას აზრი არ აქვს, მათი შეცვლა ძალიან ადვილია. პირამიდამ რომ წონასწორობა შეინარჩუნოს, აუცილებელია ნარკომანი, რომელსაც ჯანქის გარეშე არ შეუძლია. არ არის ნარკომანი, რომელიც ჯანქს ყიდულობს - არ არის ჯანქის ტრეფიკი. და სანამ მოთხოვნილება იქნება, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც ამ პირამიდას მოემსახურება.

ნარკომანის მკურნალობა შესაძლებელია, ზუსტად ისე, როგორც ტიფით დაავადებულებს მკურნალობენ: მათ კარანტინში ათავსებენ, მორფის გარკვეულ რაოდენობას აძლევენ და მინიმალურ ზედამხედველობას უწესებენ.

როგორც კი ეს მოხდება, მთელი მსოფლიოს ჯანქის პირამიდები ჩამოინგრევა.

[...]

როდესაც კარანტინში მოთავსებული ნარკომანები აღარ იქნებიან, მომდევნო თაობისთვის ახალ - და არა ჯანქის პრინციპებზე დაფუძნებულ - ტკივილგამაყუჩებლებს გამოიგონებენ და ჯანქის ვირუსი ჩუტყვავილას მსგავს დაავადებად, დახურულ წიგნად, სამედიცინო კურიოზად იქცევა.

[...]

ჩუტყვავილას გულმხურვალე ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა. ეჭვგარეშეა, პროტესტის ხმა იმ დაინტერესებული და გაუწონასწორებელი ადამიანების მხრიდანაც გაისმება, რომლებსაც ცხვირწინ ააცლიან კონტროლს ჯანქის ვირუსზე. ეს არის უდიდესი ბიზნესი თავისი სტრუქტურითა და მომსახურე პერსონალით. ისინი არავის მისცემენ უფლებას, კარანტინითა და მკურნალობის თავიანთი მეთოდებით ჩაერიონ. ამჟამად ჯანქის ვირუსი მთელ მსოფლიოში ჯანდაცვის უპირველესი პრობლემაა.

1959 წელი

***

„თუ წინადადება აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს, მაშინ იგი ყოველგვარ აზრს მოკლებულია და მისი მნიშვნელობა ნულს უახლოვდება“

„და რა შეიძლება იყოს უფრო არასაჭირო, ვიდრე ჯანქი, თუ ის აუცილებელი არ არის?“

პასუხი?

„ჯანქი, თუ შენ თვითონ ჯანქზე არ ზიხარ“.

***

წინ დაიხედეთ - წინ დაიხედეთ, ვიდრე ჯანქის გზაზე შედგებით და შეშლილ ბრბოსთან ერთად მოგზაურობას შეუდგებით... ვისაც ჭკუა აქვს, გაიგებს.

***

ჯანქი აყუჩებს ტკივილს, ის კლავს ქვეცნობიერ ცოდნას ტკივილისა და სიამოვნების შესახებ. წამალზე დამოკიდებულ ადამიანს, შესაძლოა, საკმაოდ ზუსტი და ტევადი ფაქტობრივი მეხსიერება ჰქონდეს, მაგრამ მისი ემოციური ნაწილი მწირია, ძლიერი დამოკიდებულების შემთხვევაში კი საერთოდ ქრება.

***

ცხელი ნემსი - საწამლავიანი ამპულა, რომელსაც ნარკომანს მიჰყიდიან ხოლმე, როცა მისი მოკვლა უნდათ. ხშირად ინფორმატორებს აძლევენ. როგორც წესი, ეს არის სტრიქნინი, რომელიც არც შესახედავად გაირჩევა წამლისგან და არც გემოთი. [...] ეგრევე პოულობენ: ხელი მთლიანად დალურჯებული, ვენაში სისხლის კოლტებიანი ბაიანი, თვალებში სასიკვდილო პრიხოდი ჩაყინული.

***

კატაბალახა რომ იწვის, ისეთივე სუნი აქვს, როგორც მარიხუანას. ხშირად გამოუცდელებს ან დაუკვირვებლებს კატაბალახას აჩეჩებენ ხოლმე.

***

შეგიმჩნევიათ, როგორ კარგავენ მოხუცები სირცხვილს საჭმლის დანახვაზე? მათ შემხედვარეს გული აგერევა. ბებერი ნარკომანებიც ასე არიან, ოღონდ წამალზე. მოჰკრავენ თუ არა თვალს, მაშინვე გაურკვეველ ლუღლუღსა და ჭყლოპინს იწყებენ. სანამ წამალს ალოკავენ, ნიკაპზე დორბლი დაეკიდებათ ხოლმე, მუცელი უბუყბუყებთ, გაძლიერებული პერისტალტიკისგან მთელი შიგანი ეწვით და კანი, ყველამ ამ საზიზღრობის ადამიანური საფარველი, ზედ ადნებათ. დგახარ და ელოდები, როდის გამოვარდება მათი სხეულებიდან პროტოპლაზმის უზარმაზარი ბუშტი და წამალს შთანთქავს. ცვეტში საზიზღარი სანახაობაა.

***

ნარკოტიკს თან ახლავს ათასი ჯადოქრობა, ტაბუ, წყევლა და შელოცვა. ეს მთელი სისტემაა.

***

სტამბოლის ძველ, განსაკუთრებით ნარკუშების ჩიხო-მახო უბნებს ანგრევენ და ახალ ქუჩებს აშენებენ. რომ იცოდეთ, ჰეროინული ჰეროიკის ქალაქი სტამბოლი უფროა, ვიდრე ნიუ-იორკი.

***

ცოცხლები, მკვდრები, ლომკაში, კაიფში, წამალზე შემსხდრები, ჩამომხტრები, ხელახლა შემსხდრები, წამლის სუნს იკრავენ თუ არა, ეგრევე მოგროვდებიან ხოლმე.

***

თავშენახულ მკეთებლებს ციყვებს ეძახიან, წამალს ისე ინახავენ, რაც არ უნდა შმონო, ვერ მიაგნებ.

***

მოგუდვის ქეიფის ადათი ინგლისის სოფლებში არსებობდა და მას მიმართავდნენ მაშინ, როდესაც ბებრის ან ლოგინად ჩავარდნილი ზედმეტი მჭამელის მოშორება უნდოდათ.

ოჯახი აწყობდა „მოგუდვის ქეიფს“, რომლის დროსაც სტუმრები ბებერს ზემოდან ლეიბებს დააწყობდნენ, ზედ დაასხდებოდნენ და გონების დაკარგვამდე ღრეობდნენ.

არსებობს მსგავსი, აფრიკული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც საგანგებოდ ირჩევენ ადამიანს - „გამცილებელს“, რომელსაც მოხუცი ჯუნგლებში მიჰყავს და იქ ტოვებს.

***

მხოლოდ ახალგაზრდას შეუძლია რამე შექმნას და ისიც დიდხანს არ გრძელდება.

***

ამერიკა არ არის ახალგაზრდა ქვეყანა: ის ბებერი, ბინძური და ბოროტი იყო ჯერ კიდევ თეთრკანიანების ჩამოსახლებამდე, ინდიელებამდეც. იქ ბოროტია ჩასაფრებული და თავის მსხვერპლს ელის.

***

ბარიგობის გადაგდება უფრო ძნელია, ვიდრე წამლის. არამკეთებელ ბარიგებს უვითარდებათ კონტაქტის ჩვევა, რომლის გადაგდება ძალიან ძნელია.

***

კოკა მხოლოდ მთავარ არხში უნდა გაიჩხირო. კარგ წამალს ეგრევე იგრზნობ - ჯერ სუფთა, გრილი სუნი ყელსა და ცხვირში გეცემა, მერე ტვინში წმინდა წყლის სიამოვნებას იგრძნობ და თუ რამ ბმები არსებობს, ყველა ერთბაშად აინთება, თავში თეთრი ზვავები ფეთქდება, ათი წუთის შემდეგ მოთხოვნილება გიჩნდება, კიდევ ერთხელ გაიკეთო. კიდევ ერთი დოზისთვის მზად ხარ, მთელი ქალაქი დაიპყრო, მაგრამ ბოლოს, თუ შენი ყისმათი არ არის, შეეშვები, აიღებ, შეჭამ და დაიძინებ.

კოკაინის შიმშილი მხოლოდ ტვინშია, მოთხოვნილება სხეულისა და გრძნობის გარეშე.

***

სისასტიკე არაეფექტურია. მეორე მხრივ, ხანგრძლივად ცუდი მოპყრობა ძალადობის ზღვარზე, თუ ის ოსტატურად ხორციელდება, ადამიანში შფოთვასა და ბრალეულობის განსაკუთრებულ განცდას იწვევს. აუცილებელია რამდენიმე წესის, უფრო სწორად, წარმმართველი პრინციპის გათვალისწინება. ობიექტმა არ უნდა გააცნობიეროს, რომ ცუდი მოპყრობა ანტიჰუმანური მტრის მიზანმიმართული შეტევაა მის პიროვნებაზე. ის უნდა აიძულო, იგრძნოს, რომ იმსახურებს ნებისმიერ მოპყრობას, რომელსაც იღებს, რადგან ის რაღაცით (არასოდეს დაუზუსტო - რით) საშინლად ნაკლოვანია. მანიაკების შიშველი ლტოლვა გაკონტროლებისკენ ისეთნაირად უნდა შეიმოსოს სტიქიური და ჩახლართული ბიუროკრატიით, რომ ობიექტს მტერთან უშუალო წვდომა არ ჰქონდეს.

***

მორფის კაიფს შიგნეულში გრძნობ. გაიკეთებ და საკუთარ თავს აყურადებ; კოკაინი ტვინში დენის დარტყმასავითაა, მოთხოვნილებაც მხოლოდ ტვინისმიერია - მოთხოვნილება სხეულისა და გრძნობის გარეშე.

***

ჩხუბის დროს ბაბუინები ყოველთვის ყველაზე სუსტ მხარეს ესხმიან თავს. და სწორსაც აკეთებენ. ადამიანმა თავისი დიდებული მემკვიდრეობა არასოდეს არ უნდა დაივიწყოს.


ინგლისურიდან მთარგმნელი:ლელა ფიროსმანაშვილი

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში