ბლიცერატურა #1 - გელა ჩარკვიანი
ლიტერატურული ბლიც-ინტერვიუ გელა ჩარკვიანთან.
ავტორი: გიორგი ჭეიშვილი
***
პირველი მხატვრული წიგნი, რომელიც დამოუკიდებლად წაიკითხეთ.
გელა ჩარკვიანი: კორნეი ჩუკოვსკის - „ბარმალეი“.
პერსონაჟი / პერსონაჟები, რომლებიც მუდამ თქვენთან არიან.
გელა ჩარკვიანი: ჰამლეტი თავისი to be or not to be-თ.
წიგნი, რომელმაც თვლით, რომ სხვებზე მეტი მხატვრული ცოდნა მოგცათ.
გელა ჩარკვიანი: ჯეიმზ ჯოისის „ულისე“.
პერსონაჟი, რომელსაც საკუთარ თავს ამსგავსებთ.
გელა ჩარკვიანი: ჯორჯ გორდონ ბაირონის - ჩაილდ ჰაროლდი. მიმაჩნია, რომ მაქვს ბაირონისეული ლიტერატურული გმირების არაერთი თვისება.
ნაწარმოები, რომლის ფინალსაც შეცვლიდით.
გელა ჩარკვიანი: ჰომეროსის - „ოდისეას“ ფინალში, პენელოპეს „აბეზარ სასიძოებს“ ვაპატიებდი, არ დავახოცინებდი „ოცწლიანი მივლინებიდან“ ითაკაში დაბრუნებულ ოდისევსს.
წიგნი, რომლის შინაარსის დავიწყებასაც ისურვებდით, იმისთვის, რომ თავიდან წაგეკითხათ...
გელა ჩარკვიანი: გი დე მოპასანის - „ლამაზი მეგობარი“.
ნაწარმოები, რომელსაც ფილმად გადაიღებდით.
გელა ჩარკვიანი: ირაკლი ჩარკვიანის - „მშვიდ ცურვა“. თემატურად აქტუალურია. ავტორმა განჭვრიტა, რომ ტერორიზმი ხელოვნების რანგში ავიდოდა (ახალი პოეზია) და ასეც ხდება.
სიუჟეტი დაძაბულია. ნამდვილი და მოგონილი საინტერესო პერსონაჟები ენაცვლებიან ერთმანეთს. რთულ კონტრაპუნქტს ხაზად მიჰყვება ქვეყნის ბედის თემა.
ტექსტის გასცენარება რთული არ უნდა იყოს.
ყველაზე მუსიკალური ნაწარმოები.
გელა ჩარკვიანი: თომას მანის - „დოქტორ ფაუსტუსი“. მიუხედავად იმისა, რომ ამ რომანის მთავარი გმირი სულს მეფისტოფელს მიჰყიდვის და ნიცშეს მსგავსად ერთჯერადი სექსუალური აქტის შედეგად სიფილისით დაავადდება, მისი მუსიკალური პროტოტიპი, სრულიად განსხვავებული ბიოგრაფიის მქონე, ტონალურ ცენტრს მთლიანად მოკლებული, სერიული მუსიკის შემქმნელი არნოლდ შონბერგია და წიგნში დეტალურადაა აღწერილი ნოვატორის მუსიკალურ ძიებათა რთული პროცესი.
წიგნი/ნაწარმოები, რომელიც გსურთ, რომ თქვენი დაწერილი იყოს.
გელა ჩარკვიანი: ბორის პასტერნაკის ლექსი - „ჰამლეტი“, რომანიდან „ექიმი ჟივაგო“.
რომელი მწერლის აღწერილ სამყაროს ამსგავსებთ თქვენსას?
გელა ჩარკვიანი: ოლდოს ჰაქსლის. მსგავსია სულისკვეთება და კეთილი სარკაზმი.
რომელი ნაწარმოების პერსონაჟი იქნებოდით და რომელი პერსონაჟი?
გელა ჩარკვიანი: გალაკტიონის ქარი, რომელიც ქრის და ხეთა ჯარს რკალად ხრის.
რომელი პერსონაჟის შეგშურებიათ ყველაზე მეტად, როდის და რატომ?
გელა ჩარკვიანი: ბავშვობაში შემშურებია ჟიულ ვერნის სათავგადასავლო წიგნების პერსონაჟების, რომლებიც ბანანებსა და მანგოს შეექცეოდნენ.
პირველად გამოქვეყნდა ცოდნის პორტალზე - BU.com.ge