ჰარუკი მურაკამი - პინბოლი, 1973
მიზეზი არ ვიცი, მაგრამ თითოეული თითოეულს, ანდა ასე ვთქვათ, თითოეული გამწარებული ცდილობს, რაღაც უთხრას მთელ ქვეყანას. ეს მცდელობა გოფრირებულ მუყაოს ყუთში ჩატენილ მაიმუნების გუნდს მაგონებს.
***
სატურნზე ძლიერი გრავიტაციაა, ერთმა ტიპმა კევი გადააფურთხა, ფეხზე მოირტყა და ძვლები გადაიმტვრია. საშინელება იყო!
***
მიყვარს, შორეულ ქალაქებზე რომ მიყვებიან. ისე ვაგროვებ ამ ქალაქებს, როგორც - დათვი ქონს ზამთრის წინ. საკმარისია თვალები დავხუჭო და ამოტივტივდება ბუჩქები, აშენდება სახლები და ეს სახლები ადამიანების ხმებით გაივსება. ეს ხალხი შორსაა და ალბათ ვერასოდეს ვერ შევხვდები, მაგრამ მაინც შემიძლია ვიგრძნო მათი ცხოვრების დამყოლი და ამავე დროს მტკიცე, დახლართული გზები.
***
***
გაუგებარია, რატომ აშენებენ მოსაწყენ ქალაქებს.
***
ქვეყანაზე ყვეალფერი მეორდება - აი, რას ვგრძნობდი. უსაზღვრო დეჟა-ვიუ და ყოველი ახალი გამეორებებისას უარესი და უარესი.
***
თუ შესასვლელი არსებობს, არსებობს გამოსასვლელიც. ყველაფერი ასეა მოწყობილი. წერილების ყუთი, მტვერსასრუტი, ზოოპარკი, ჩაიდანი... მაგრამ არის საგნები, რომლებიც სხვანაირად არის მოწყობილი, მაგალითად, ხაფანგი.
***
ისე არაფერი ამშვიდებს სულს, როგორც ჭაში ჩავარდნილი კენჭის ხმა.
***
ციმბირის გადასახლებაზე ცოტა რამ მაქვს წაკითხული ტროცკის ბიოგრაფიაში. ახლა ბევრი აღარაფერი მახსოვს - მხოლოდ რაღაც-რაღაცეები ტარაკანებსა და ჩრდილოურ ირმებზე. გამოდის, სწორედ იმ ირმებზე უნდა მოგიყვეთ.
ტროცკიმ ღამის სიბნელით ისარგებლა, ირმების მთელი შებმა მოიპარა და გადასახლებიდან გაიქცა. ოთხი ირემი თავ-პირის მტვრევით მიაქროლებდა ვერცხლისფერ უდაბნოში. ორთქლი ბოლქვებად ასდიოდათ, ჩლიქებით კი ფეხდაუდგმელ თოვლს ფანტავდნენ. ორი დღის მგზავორბის შემდეგ, როცა სადგურს მიაღწიეს, ირმები ისეთი ქანცგაწყვეტილები იყვნენ, რომ დაეცნენ და ვეღარც წამოდგნენ.
ტროცკიმ ხელში აიყვანა ირემი და თვალზე ცრემლმომდგარმა ფიცი დადო. თქვა: ამ ქვეყანას აუცილებლად მივიყვან სამართლიანობამდე და იდეალებამდე. და კიდევ რევოლუციამდეო.
წითელ მოედანზე დღესაც დგას ბრინჯაოში ჩამოსხმული ეს ოთხი ირემი. ერთი აღმოსავლეთით იყურება, მეორე - ჩრდილოეთით, მესამე - დასავლეთით, მეოთხე - სამხრეთით. სტალინმაც კი ვერ შეძლო ამ ირმების განადგურება.
თუ მოსკოვში მოხვდებით და შაბათ დილით წითელ მოედანზე გახვალთ, აუცილებლად დაინახავთ სულის მაცოცხლებელ სანახაობას: როგორ წმენდენ ჩვრებით ირმებს ყინვისგან ლოყებდაწითლებული მოსწავლეები.
***
ვენერა ცხელი პლანეტაა და ერთიანად ღრუბლებით არის დაფარული. სიცხისა და ნესტისგან მისი მცხოვრებნი ახალგაზრდები კვდებიან. ოცდაათს მიღწეულთა სახელებს ლეგენდები ინახავს. თუნდაც მხოლოდ ამიტომ მათი გულები სიყვარულით არის სავსე. ყველა ვენერელს უყვარს ყველა ვენერელი. მათ არ შურთ, არც სძულთ და არ ეზიზღებათ. ავსიტყვაობაც კი არ სჩვევიათ. არ არის ჩხუბი და მკვლელობები. ყველაფერი, რაც მათ აქვთ, სიყვარული და თანაგრძნობაა.
- როცა ვინმე კვდება, არ ვგლოვობთ, - მითხრა ერთმა ჩუმმა ვენერელმა, - იმიტომ, რომ სანამ ვცოცხლობთ, სიყვარულს ვეწაფებით, რათა მერე არაფერზე არ დაგვწყდეს გული.
***
ადამიანის ხელით დაწერილში არაფერია ისეთი, რასაც ადამიანი ვერ გაიგებს.
***
ზოგჯერ გუშინდელ დღეს ისე აღიქვამ, როგორც შარშანდელს. ხანდახან კი შარშანდელს აღიქვამ, როგორც გუშინდელს. ისეც ხდება, რომ მომავალი წელი გუშინდელ დღესავით გეჩვენება.
***
წლის დრო კარს აღებს და გადის, მეორე კარში კი წლის სხვა დრო შემოდის. ვიღაც წამოხტება, კარისკენ გარბის. ჰეი, საით, რაღაცის თქმა დამავიწყდა! მაგრამ იქ აღარავინ არის. ოთახში კი უკვე წლის სხვა დროა, სკამზე წამოსკუპებულა, ასანთს აჩხაკუნებს, სიგარეტს უკიდებს. რაღაცის თქმა დაგავიწყდა, არა? - ამბობს, - ჰოდა, რადგან ეგრეა საქმე, მე მითხარი, გადავცემ, - არა, არ არის საჭირო, ისეთი არაფერია. წელიწადის კიდევ ერთი დრო მოკვდა...
***
თითოეული ჩვენგანი რაღაც განსაზღვრული სქემით შემოდის ცხოვრებაში. როცა ვიღაცის სქემა მეტისმეტად განსხვავდება ჩვენი სქემისგან, ვბრაზდებით. როცა ძალიან ჰგავს, გუნება გვიფუჭდება. აი, სულ ეს არის.
***
ვიღაცისთვის ჩემი სახე და ჩემი სული იმაზე მეტი არ არის, ვიდრე უაზრო გვამი. ჩემი და იმ ვიღაცის სულები გამუდმებით ცდილობენ გაერიდონ ერთმანეთს. „ჰეი!“ - მპასუხობს გამოსახულება. სულ ეს არის. არავინ არ ცდილობს ხელის აწევას, არავინ არ იხედება უკან.
ყუთში თითო გაშლილი გარდენია რომ ჩამიდონ, ხელებზე კი ლასტები წამომაცვან, მაშინ შესაძლოა რამდენიმე ადამიანმა შემომხედოს კიდეც. თუმცა სულ ეს არის. სამი ნაბიჯის შემდეგ ისინიც დაივიწყებდნენ.
***
ვერც მომავალს მოიახლოვებ, წარსულიც უკვე შორს დარჩენილა.
***
უმიზეზო ბოროტება ქვეყანაზე ბევრია - გორებს დადგამ. მე არ მესმის, არც შენ გესმის. ის კი არსებობს, აი, ეგრეა. შეიძლება ითქვას, რომ ამ უაზრობაში ვცხოვრობთ.
***
თუ ძალიან მოინდომებს, კაცი ნებისმიერი რამით ისწავლის ჭკუას. სულ უბრალო, ბანალური რამითაც კი. ვიღაცამ თქვა, რომ პირის პარსვაშიც კი არის რაღაც ფილოსოფია. ეგრე რომ არ იყოს, კაციშვილი ვერ გაიტანდა თავს ამ ცხოვრებაში.
***
არის დღეები, როცა რაღაც ადგება და ყელში წაგიჭერს. ეს რაღაც ყველაფერი შეიძლება იყოს, ნებისმიერი წვრილმანი. ვარდის კოკორი, დაკარგული კეპი, ჯემპრი, რომელიც ბავშვობაში მოგწონდა, ჯინ პიტნის ძველი ფირფიტა... წვრილმანი ნივთების სია, რომლებსაც სხვა არაფერი დარჩენიათ. ორი-სამი დღე დაძვრებიან სულში, სანამ ისევ იქ არ დაბრუდნებიან, საიდანაც მოვიდნენ... წყვდიადი. ჩვენს სულებში ამოთხრილი ჭები. და ჭების თავზე მოფრთხიალე ჩიტები.
***
- არის კი ქვეყნად ისეთი რამ, რისი დაკარგვაც შეუძლებელია?
- მჯერა, რომ არის. შენთვისაც ჯობს, რომ გჯეროდეს.
***
***
სიამაყის გარეშე ადამიანი ვერ იცხოვრებს. მაგრამ მარტო ერთი სიამაყე რაღაც სიბნელეს ჰგავს, მეტისმეტად პირქუშია...
***
კარგ შეკითხვებზე არასოდეს არ არის პასუხები.
***
წარსულსა და აწმყოზე ამბობენ „არის“, ხოლო როცა მომავალზე ლაპარაკობენ, „ალბათს“ უმატებენ.
თარგმნა ირაკლი ბერიაშვილმა
ამავე თემაზე: ჰარუკი მურაკამი - ყური მიუგდე ქარის სიმღერას