საქართველოს პირველი რესპუბლიკა და ნაციონალიზმი
ნაციონალიზმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იყო რევოლუციის წითელი ალმის ჩანაცვლება ეროვნული დროშით, რომელზეც საქართველოს მფარველი წმინდა გიორგი იყო გამოსახული. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ქართული ერთადერთ ენად გამოაცხადა, რომელზეც მის წევრებს შეეძლოთ გამოსვლა. ამას ის მოჰყვა, რომ სომეხ დეპუტატებს არც ქართველი კოლეგების გამოსვლები ესმოდათ და ვეღარც თავად გამოტქვამდნენ საკუთრ აზრს. ერთადერთი ენა, რომელიც ყველას ესმოდა - რუსული - კანონგარეშედ იყო გამოცხადებული.
დამფუძნებელი კრების დარბაზიდან ნაციონალიზმმა სასამართლოს დარბაზებში გადაინაცვლა, სადაც საქმეთა წარმოება სახელმწიფო ენაზე იყო ნაბრძანები. ამ განკარგულებმა ტფილისის ყველა რუსი და სომეხი იურისტი უმუშევრად დატოვა. სახელმწიფო ენის გამოყენება ებრძანა ჯარსაც. რაკი ქართველ ოფიცერთა უმეტესობა რუსულ არმიაში იყო ნამსახურები, თანაც ქართულ ენას თითქმის არ გააჩნდა თანამედროვე სამხედრო-ტექნიკური ტერმინოლოგია, რუსულიდან ქართულ ენაზე გადასვლა ძალზე ძნელი იყო, მაგრამ მთავრობა მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე და საკუთარ ჯარისკაცებს უცხო ენაზე მეტყველებას უკრძალავდა.
1921 წლის 22 იანვარს სამხედრო მინისტრმა საგანგებო ბრძანება გამოსცა, რომელიც სასჯელის დაწესებას გულისხმობდა იმ ოფიცრებისთვის, ვინც ჯარში საურთიერთოდ ჯერაც რუსულ ენას იყენებდა.
საქართველოს რუსი მაცხოვრებლები მომძლავრებული ქართული ნაციონალიზმის გამო უამრავ სირთულეს აწყდებოდნენ. კანონით დაწესებული ესა თუ ის აკრძალვა მათ, როგორც უცხოელებს, საჯარო სამსახურის დაწყებაში ხელს უშლიდა. იურისტებს, მაგალითად, ხელოვნურად დაწესებული ენობრივი დაბრკოლებების გამო პროფესიის მიტოვება უხდებოდათ. სამსახური დაკარგა ათობით ათასმა რუსმა მოხელემ, ტელეგრაფისა და ფოსტის თანამშრომლებმა, რკინიგზის მუშებიც კი უმუშევრად რჩებოდნენ. ბევრი მათგანი საქართველოდან სამუდამოდ მიემგზავრებოდა და მოხალისეთა არმიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალი რესპუბლიკის მიმართ სიძულვილს სთესდა. არც უცხოელ დამკვირვებლებს დარჩენით შეუმჩნეველი ის მძვინვარე ნაციონალიზმი, რომელსაც მაშინ მთელი ქართველი ხალხი და მისი მთავრობა მოეცვა.
ერთ-ერთი ინგლისელი კორესპონდენტი წერდა:
„თავისუფალი და დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ქართული სახელმწიფო სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში, როგორც იმპერიალისტი „მცირე ერის“ კლასიკური ნიმუში. გარე ტერიტორიების მოხვეჭის სურვილითა თუ შიდა ბიუროკრატიული ტირანიით, მისი შოვინიზმი ყველა ზღვარს სცილდებოდა“.
ფირუზ ქაზემზადე - ბრძოლა ამიერკავკასიისთვის 1917-1921
მთარგმნელი - ქეთი ქანთარია
ქართულ ენაზე ითარგმნა საქართველოს წიგნის ეროვნული ცენტრისა და კავკასიის განვითარების ფონდის ხელშეწყობით.
გამომცემლობა „პოეზია“, 2016წ.