ბლიცერატურა #2 - ლევან ბერძენიშვილი

ლიტერატურული ბლიც-ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან. 

***

პირველი მხატვრული წიგნი, რომელიც დამოუკიდებლად წაიკითხეთ.

ლევან ბერძენიშვილი: გრაფი მონტე-კრისტო. სამი უზარმაზარი ტომი იყო. ხელიდან ვერ მართმევდნენ. პირველ კლასში ვიყავი. ედმონი მერქვა, ლუიჯი ვამპაზე ვგიჟდებოდი, მერსედესზე ვბრაზობდი და დანგლარის გამო ბანკირებზე არასახარბიელო აზრი ჩამომიყალიბდა.

პერსონაჟი / პერსონაჟები, რომლებიც მუდამ თქვენთან არიან...

ლევან ბერძენიშვილი: ოიდიპოსი და ალუდა ქეთელაური.

წიგნი, რომელმაც თვლით, რომ სხვებზე მეტი მხატვრული ცოდნა მოგცათ...

ლევან ბერძენიშვილი: „ძმები კარამაზოვები“. სამივე ძმას ვამსგავსებდი საკუთარ თავს. ჩვენც სამნი ვიყავით. ასეთი განსხვავებულები, ასეთი საინტერესოები, ასეთი გატაცებულები, ასეთი დაუნდობლები...

პერსონაჟი, რომელსაც საკუთარ თავს ამსგავსებთ...

ლევან ბერძენიშვილი: ოდისევსი. უცხოეთში მყოფს სულ სახლი ენატრებოდა და სამშობლოს უკვდავებაზე მაღლა აყენებდა.

ნაწარმოები, რომლის ფინალსაც შეცვლიდით...

ლევან ბერძენიშვილი: „ჯადოსნური მთა“. ჰანს კასტორფს სასიკვდილოდ არ გავიმეტებდი (მართალია, ბოლო გვერდზე ჯერაც ცოცხალია, მაგრამ განწირულია). გადარჩენისა და კლავდიასთან შეხვედრის  შანსს დავუტოვებდი.

წიგნი, რომლის შინაარსის დავიწყებასაც ისურვებდით, იმისთვის, რომ თავიდან წაგეკითხათ...

ლევან ბერძენიშვილი: აგატა კრისტის „როჯერ ეკროიდის მკვლელობა“ (მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო დეტექტივი, რომელშიც მხატვრული სპეციფიკის გამო მკვლელის დავიწყება შეუძლებელია).

ნაწარმოები, რომელსაც ფილმად გადაიღებდით...

ლევან ბერძენიშვილი: ერიკ ემანუელ შმიტის „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“. შმიტმა თავად გადაიღო, მაგრამ მისი ვერსია წიგნის 5 პროცენტიც არ არის, მე ისეთს გადავიღებდი, 15% მაინც რომ იყოს.

ყველაზე მუსიკალური ნაწარმოები...

ლევან ბერძენიშვილი: „ვეფხისტყაოსანი“. თავიდან ბოლომდე მუსიკაა. რუსთაველს უბრალო „თხრობა“ არ შეუძლია: იდეალური ბგერწერის გამო მთელი პოემა „მღერის.“

წიგნი/ნაწარმოები, რომელიც გსურთ, რომ თქვენი დაწერილი იყოს...

ლევან ბერძენიშვილი: „ფაუსტი“. პირველი ნაწილი მაინც. ლევან ბერძენიშვილი, ფაუსტი (დაუსრულებელია, რადგან ავტორი ჯერ მხოლოდ სამოცდასამი წლისაა).

რომელი მწერლის აღწერილ სამყაროს ამსგავსებთ თქვენსას?

ლევან ბერძენიშვილი: ფოლკნერის ტრილოგიას („სოფელი“. „ქალაქი“. „სახლი“); ქართველი სნოუპსების გამო.

რომელი ნაწარმოების პერსონაჟი იქნებოდით და რომელი პერსონაჟი?

ლევან ბერძენიშვილი: მოლიერის - დონ ჟუანი ვიქნებოდი, რადგან აბსოლუტურად სხვა (თუმცა საინტერესო) პრაქტიკით ვიცხოვრე.

რომელი პერსონაჟის შეგშურებიათ ყველაზე მეტად, როდის და რატომ?

ლევან ბერძენიშვილი: აქილევსის. პატროკლოსის სიკვდილის შემდეგ მრისხანებამ რომ შეიპყრო და ყველა რომ ამოხოცა. იმ სამყაროში, რომელშიც მე ვცხოვრობ, მრისხანებას უნდა აოკებდე და მტრებს უღიმოდე.

პირველად გამოქვეყნდა ცოდნის პორტალზე - BU.com.ge