ლიფტი | ალეკო შუღლაძე

როცა მამაჩემის გასვენებაზე ვიღაცამ იკითხა, ლიფტით ხომ არ ჩაგვეყვანაო, ამ მოულოდნელი ექსპერიმენტის მოლოდინში, ჩემდა უნებურად, თვალები ამენთო და ცნობისმოყვარეობისგან ავცმუკდი. 

- ყველანი ვერ შევეტევით, - ვთქვი ჩვენი კორპუსის მაცხოვრებლების ლიფტთან წარმოსათქმელი მაგიური ფრაზა.

დიახ, ეს სწორედ ის ლიფტია, რომელშიც არასოდეს არაფერი ეტეოდა. ამ კაბინაში არ ეტეოდა არანაირი გარდერობი, არანაირი საწერი მაგიდა თუ ტახტი. ვერაფრით შეტენიდი საწოლს, ვერც მაცივარს და პიანინოზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ეტეოდა პატარა სავარძელი. ველოსიპედი ხან ეტეოდა, ხან ვერა. თუ შეძლებდი და დიდი ველოსიპედს სწორი კუთხით ააყირავებდი, მაშინ ეტეოდა. თუ არადა, კარი, რომელიც შენ უკან ძალიან სწრაფად თავისით იხურებოდა, არ მოგცემდა ექსპერიმენტის გაგრძელების საშუალებას. კარს თუ დიდხანს დაიჭერდი გაღებულ მდგომარეობაში, ისე გაიჭედებოდა, რომ საერთოდ აღარ დაიხურებოდა.

ცხადია, ცდა უშედეგო გამოდგა, რადგან კუბო კი შეატიეს როგორღაც, მაგრამ სხვა ვერავინ შეეტია და გარდაცვლილის ეული მოგზაურობა ლიფტით, მერვედან პირველამდე, სატანისტურ რიტუალს თუ არა, ცხედრის თავიდან მოშორებას დაემსგავსებოდა.

წარმოიდგინეთ, გარდაცვლილი მოძრაობს ზევიდან ქვევით, მარტოკა, ლიფტის კაბინით, რომლის კედლებიც აჭრელებულია სხვადასხვა რეკლამებით და უხამსი სიტყვებით:

„მარიშა ბოზია, დედას გეფიცებით, მე და ჩემი ძმაკაცი ვხმარობდით... აი ტელეფონი...“

უხერხულია რაღაცნაირად. მკვდრისთვის სულერთია, უბრალოდ, ნეშტის უხეშ გარე-სამყაროსთან შეტოვებაზეა საუბარი.

როგორც წესი, რეკლამები ლიფტში არ სჭირდებოდათ არც მკვდრებს და არც ცოცხლებს: თუ ამგვარად ნაპოვნი სანტექნიკოსის ტელეფონი ხანდახან ამართლებდა, მეძავის ნომერზე დარეკვისას, ხელში გვრჩებოდა ძალიან წესიერი ქალიშვილი - მსხვერპლი თავისი ვიგინდარა შეყვარებულისა, რომელსაც, მორიგი წაკინკლავების შემდეგ, გადაეწყვიტა შური ეძია გოგონაზე და ექცია ის წარმოსახვით ბოზად.


ლიფტში შესვლა და იმწამსვე ძირს, კუთხეში დაფურთხება, კიდევ ერთი, ძალიან უცნაური რიტუალი იყო. ვფიქრობ, ამდაგვარი საქციელის საფუძვლები, მამაკაცთა დაუკმაყოფილებელ სექსუალურ გრძნობებში უნდა გვეძებნა. ის წყვილი კი, რომელიც ნამდვილ სექსზე იყო წამსვლელი, საქმიანად იყენებდა ჩვენი ლიფტის კაბინას, სანამ ღილაკი STOP მუშაობდა. აწვები STOP-ს, ლიფტი ჩერდება სართულებს შორის (ამას გამოთვლა სჭირდებოდა) და გაქვს სექსი. არ მუშაობს STOP და არ გაქვს სექსი - ერთგვარი პარადოქსია.

სულაც არ იყო აუცილებელი, რომ ლიფტში სიმღერა სექსუალური აქტის ერთგვარ გაგრძელებად წარმოგვედგინა. მღეროდნენ ყველანი. დაიმარტოხელებდნენ თუ არა საკუთარ თავს ლიფტში, იწყებოდა შინაგანი განწყობილების ამოთქმა სიმღერით. მიაქციეთ ყურადღება, ლიფტში როკი, სოული და რეგი დომინირებდა, ხანდახან - რიტმ-ენდ-ბლუზიც, მაშინ, როცა აბაზანაში ადამიანები მკაცრად საოპეროს აწვებოდნენ. დროის მოგების მიზნით მომღერალი შესვლისთანავე წაუსტივუანდერებდა... ბოლომდე იხარჯებოდა და ამთავრებდა ერთი სართულით ადრე... კაბინიდან კი ღირსეული ჯენტლმენის სახით გამოდიოდა.

ახლა ჭიდაობის შესახებ. ამას ორი ან სამი ადამიანი სჭირდებოდა. ოთხი ბევრი იყო, სივიწროვისგან ვეღარ გაინძრეოდი და მხოლოდ თავებს თუ დასცხებდით ერთმანეთს. ორი მოჭიდავე იდეალური იყო. აქაც, ჭიდაობა შესვლისთანავე იწყებოდა და მებრძოლნი თავს არ ზოგავდნენ - ეს იყო საკუთარი თავის ერთგვარი გამოცდა, და ჩაკეტილ სივრცეში ტანსაცმლის შემოხების საუკეთესო ვარიანტი. არ გეგონოთ, მარტო პატარა ბიჭები იყვნენ ამით დაკავებულნი - არა. დიდებიც მინახავს, 50 წლის მამაკაცები, რომ ებღლარძუნებოდნენ ერთმანეთს უჰაერობაში. გოგონები მხოლოდ კისკისებდნენ და იჩქმიტებოდნენ.

ვინც პარტნიორს ვერ პოულობდა - იშვიათად, მაგრამ ასე ხდებოდა - ის მუშტს ურტყამდა ლიფტის კედელს გამწარებული, ხანდახან თავსაც - არ ვაჭარბებ.

საოცარ, რაღაც კუთხით გაუგებარ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ლიფტში მხტომარე ადამიანი. წავიდა ლიფტი და წავიდა ხტომა ადგილზე... ამ დროს გარეთ მყოფს ექმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ლიფტით რაღაც ცხოველი ამოდიოდა.

ლიფტი ხშირად ტუალეტის ფუნქციასაც ითავსებდა. მთავარი იყო, შეზარხოშებულ მამაკაცს ლიფტამდე მიესწრო და კაბინაში დაცლიდა შარდის ბუშტს. სტატისტიკურად იკვეთება, რომ მამაკაცები უფრო თავისუფალნი იყვნენ ცხოველურ ქმედებებში.

და მაინც, თუ ამ ადამიანთა მდგომარეობაში კიდევ რამენაირად შევდიოდით, ნამდვილად რთული გასაგები იყო იმ მგზავრთა ქმედება, სანთებელათი სართულების ღილაკებს რომ წვავდნენ. დედუქციური მეთოდის გამოყენებით აღმოვაჩინე, რომ ბოროტმოქმედს ამოძრავებდა სხვისი საკუთრების გაფუჭების სურვილი და დამნაშავეს, ჩვენსავე მეზობელს, ისევ და ისევ მამაკაცს, წარვუდგინე ბრალი იმის საფუძველზე, რომ ის წვავდა სხვა სართულების ღილაკებს, ხოლო საკუთარი სართულის ღილაკს უვნებელს ტოვებდა.

გაფუჭებული იყო პირველი სართულის გარეთა ღილაკიც - შუქი არ ინთებოდა. ამიტომ ვერ იგებდი, ლიფტი შენ გამოიძახე, თუ სხვა ჩამოდიოდა. კარი იღებოდა და ჩაფიქრებული სწრაფად შედიოდი. შეტაკება გამომსვლელსა და შემსვლელს შორის წამიერად ხდებოდა და უფრო შეშინებული შემსვლელი რჩებოდა.

ლიფტში გაჭედვა ურთულესი თემაა და ღრმა ანალიზს ითხოვს. გაჭედილები ძირითადად ორ ჯგუფად იყოფოდნენ: რომლებიც იტრუნებოდნენ და რომლებიც წიოდნენ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გატრუნულები უშიშარნი იყვნენ - ბევრ მათგანს სწორედ შიშისგან უვარდებოდა ხმა. ის კი, ვინც წიოდა - შესაძლოა თავს იმხნევებდა. გატრუნულთათვის დამახასიათებელი ფრაზა იყო:

„ხომ გამომიყვანთ?“, მაშინ როცა მყვირალათა ფრაზა ასე ჟღერდა: „გამომიყვანეთ, თქვენი დედას შევეცი!“

შინ როცა ვიყავი, კედლის მიღმა ლიფტის ძრავის ხმით მე ვიგებდი, რომელ სართულზე ამიდიოდა და რომელი მეზობელი ამოჰყავდა. ცხადია, ყველაზე კარგად მამისა და დედის ამოსვლას ვგებულობდი და სახლის კარს მანამდე ვუღებდი, სანამ ლიფტი ჩერდებოდა.

მეგონა არაფერი ეტეოდა და რამდენი რამე ჩატეულა.


წყარო - ალეკო შუღლაძე - "გადამალვა"