A. ტფილისი, B.თფილისი, C. თბილისი
როგორ გადაწყდა სატახტო ქალაქის სახელის მართლწერის საკითხი?!
მსჯელობის შემდეგ კომიტეტმა კომისიის დადგენილება დაამტკიცა. ბ. თავმჯდომარემ მოაგონა კომიტეტს, რომ გადასაწყვეტია საკითხი: საქართველოს სატახტო ქალაქის სახელის მართლწერა.
ხუთი წევრიდან 2 ხმა მისცა „ტფილისს“, 2-მაც „თფილისს“ და ერთმა „თბილისს“.
ბ. თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ „ტფილისი“ უნდა იწერებოდეს, ვინაიდან ასე იწერებოდა ძველიდანვე, მე-7-დე საუკუნიდან, ჩვენს წყაროებში. ასეთივე მართლწერა არის დაცული სხვა ერთა ენებში, რომლებთანაც დამოკიდებულება გვქონდა, მაგ. ბერძნებს, არაბებს, სომხებს და სხვათა. ჩვენ ახალ ეს მართლწერა რომ შევცვალოთ მაშინ როდესაც უცხოელები არ სცვლიან, უხერხულობა და შეუწყნარებელიც იქნება. სატახტო ქალაქის სახელი უნდა დარჩეს ისე, როგორც საუკუნეებმა გადმოგვცეს ჩვენ. რაც შეეხება ზედსართავის მართლწერას, იქ შეიძლება დარჩეს თფილი ან თბილი. ეს ორი საკითხი შეიძლება სულ სხვადასხვა იყოს.
ბ. აკ. შანიძე აღნიშნავს, რომ იმ საკითხის გადაწყვეტის დროს, თუ როგორ უნდა დაიწეროს სატახტო ქალაქის სახელი, ჩვენ მით უნდა ვიხელმძღვანელოთ თუ როგორ იწერება ქართულში იმ სახელის ძირი. ძველად ამ სიტყვის ფუძე იყო ტფ. ასევე არის მეგრულ და სვანურ ენებში. მაშინ ასეთი გამოთმა ადვილად გამოიხატებოდა ხოლმე, ახალს ქართულში კი ეს გამოთქმა აღარ არის. ჩვენ ახლა გვესმის თფილი ანუ, თბილი. მისი დაკვირვებით „თბილი“ უფრო გავრცელებულია და ამავე ფუძით უნდა იწერებოდეს სატახტო ქალაქის სახელიც. რადგან უფრო მოსახერხებელია ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე ფუძე ვიხმაროთ, ჩვენს გეოგრაფიულს სახელებს ახსოვთ ასეთი მართლწერის ცვალებადობა. მაგ. ძველად ქუთათააი - ახლა ქუთაისი, ქრცხინვალი ახლა ცხინვალი და სხვა.
ბ. თ. კიკვაძე უარყოფს თითქოს „თბილი“ უფრო გავრცელებული იყოს. უმეტესი ნაწილი ქართველობისა გამოსთქვამს „თფილი“: თუ ახლა ტფილისი მკვდარი ფორმაა და მისი დატოვება არ შეიძლება, მაშინ უკეთესია გავამეფოთ ფორმა თფილისი.
ბ. ს. გორგაძე არ ეთნხმება ვითომე თბილისი უფრო გავრცელებული იყოს. პირიქით, როდესაც ის მუშაობდა კომიტეტის დავალებით თავის მოხსენებაზე „ლიტერატურული ქართულიდან“ და ისტორიულად ირკვეოდა რომელი ფორმა უფრო ადრე შეგვხვდება მწერლობაში, აღმოჩნდა, რომ თფილი, თფილისი, უფრო ადრეა ნახმარი. შემდეგ ორივე ფორმა თფილისი და თბილისი შეგვხვდება. რაც შეეხება ხალხში გავრცელებას, იგი ამტკიცებს, რომ ხალხში თფილი, თფილისი გაცილებით ხშირად იხმარება. ძველად იწერებოდა ტფილისი; აქ ფონეტიკურად „ფ“ ზედგავლენით „ტ“ შეიცვალა „თ“ - ასეთი მოვლენა ბუნებრივიც არის და ხშირიც: თუ თბილისს მივიღებთ ვერ აღვნიშნავთ საიდან გაჩნდა „ბ“.
ბ. ტ. ახვლედიანი მომხრეა ისტორიული ნიადაგის და სრულიად მისაღებად სთვლის ვწეროთ სატახტო ქალაქის სახლი „ტფილისი“ ამის დასამტკიცებლად გარდა იმ მოსაზრებებისა, რომელიც მოიყვანა ბ. თავმჯდომარემ, კიდევ ის არის რომ ფონეტიკურად საკუთარი სახელები უფრო დიდიხანი სძლებენ უცვლელად. შეცვლა მაშინ შეგვეძლო თუ ახლანდელს დაობისათვის ეს ძველი გამოთქმა შეუძლებელი შეიქნებოდა. მაგრამ ჩვენ ამას არ ვამჩნევთ. გამოთქმაში ერთგვარი რყევაა „ტფ“ – „თფ“ ისე რომ გამოთქმა „ტფ“ არ არის სრულიად მოსპობილი. და შეგვხვდება კიდეც ხოლმე ქართულში მაგ. ლატფარი და სხვ.
ბ. მ. კონიაშვილი მომხრეა ზედსართავის და სატახტო ქალაქის სახელის გამოსახატავად იხმარებოდეს ერთი სახელი. რადგანაც უფრო გავრცელებულია თფილისი, ამისათვის ქალაქის აღსანიშნავად შემოვიღოთ თფილისი.
ბ. დ. უზნაძე მომხრეა სატახტო ქალაქის აღსანიშნავად დარჩეს ისტორიულად მიღებული სახელი „ტფილისი“ ხოლო რაც შეეხება ზედსართავს; უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ფორმას „თფილი“ და „თბილი“ ერთნაირი უფლება აქვთ, როგორც ერთნაირად გავრცელებულებს. ზეპირი გამოთქმით გადაჭრით უპირატესობას ვერ მივცემთ ვერც ერთს, ხოლო დაწერის მხრივ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილი უფრო ადვილი ფორმაა.
ბ. აკ. შანიძე აღნიშნავს, რომ „ბ“ თბილში შეიძლება იყოს უფრო ძველი („ტბილისი“), რადგანაც მეგრულში არის „ტიბუ“, ისე, რომ პირვანდელი სიტყვის ძირი შეიძლება იყოს „ტბ“.
ბ. ვ. ბერიძე აღნიშნავს, რომ „ტბ“ ახალს ენაში შეიცვალა „თფ“. ეს როგორც ეტყობა მოთხოვნილებაა ხორხისა და ამისათვის ორივე შემთხვევაში უნდა იწერებოდეს თფილი, თფილისი.
მსჯელობის შემდეგ კომიტეტმა გადასწყვიტა სატახტო ქალაქის სახელი იწერებოდს ძველი მართლწერით „ტფილისი“ / ხმა მისცა 14 - წინააღმდეგ 6/ ზედსართავის გამოსახატავად იხმარებოდეს თბილი / ხმა მისცა 7; თფილს მისცა 4/
(ბ. ივ. გაჩეჩილაძის „გრაფიკები“ 6. I I921 წლ. გამოცემა ქ. ტფილისი. ნებადართულია, როგორც სახელმძღვანელო სკოლებში სახმარებლად.)
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი