სემუელ ბეკეტი - ლექსები: Cascando | სიმღერა რეფრენით | იქით
სემუელ ბეკეტი - ლექსები: Cascando | სიმღერა რეფრენით | იქით
***
Cascando
1.
იოლად რატომ არ გვეკარგება
იმედი სიტყვის ნაკადის და
შემთხვევითობის
უნაყოფობას რით ვერა სჯობს მუცლის მოწყვეტა მას მერე რაც შენ აღესრულე დროო ტყვიისა ცოცვა სჩვევიათ უსწრაფესი საათის კლანჭებს ბრმად მიბღაჭნიან სიცარიელეს აშფოთებენ სიყვარულის ფერფლს
თვალის ფოსოებს ჩაფრენიან ერთ დროს სავსე შენი თვალისას რით ვერ სჯობს ადრე ვიდრე არასდროს არყოფნას მიაქვს სახეები და იმეორებს
არ წაართმევენ შეყვარებულებს ცხრა დღეს არც ცხრა თვეს
არც ცხრა ცხოვრებას
2.
გამეორებულს
თუ არ მასწავლი მე ვერ ვისწავლი
რომ ვმეორდებით
ლოცვის დროთა და
ტრფობის დროთა და
უკანასკნელ დროთა შორის დროა ისევ უკანასკნელი
იმ დროთა შორის როცა იცი რომ არრა იცი და თავს იქაჩლებ უკანასკნელთა შორის დროა უკანასკნელი არსებობენ როცა სიტყვები და შენ თუ მე არ შემიყვარე სხვა არავინ არ შემიყვარებს თუ მეყვარები სხვა არავინ არ მეყვარება
გულში სიტყვების დომხალია
სიყვარული სიყვარული სიყვარული დრომოჭმული დგუში წკლაპუნებს
და თქვეფს იგივე
შრატს სიტყვებისას
და ისევ ისე საშინელია
რომ არ ვიყო შეყვარებული
ანუ ვიყო და არა შენზე
ვუყვარდე ვინმეს მაგრამ არა შენ
იცოდე რომ არ იცი და თავს იქაჩლებდე
თავს იქაჩლებდე
უყვარდე შენს თავს და იმ ყველას ვისაც უყვარხარ
თუ მათ უყვარხარ
3.
ოღონდ როცა მართლა უყვარხართ.
1936წ.
* * *
მე რას ვიქმოდი ცივ უსახურ უამსამყაროდ სწრაფწარმავალი სადაცაა ყოფიერება და შეერევა სადაც წამი თითოეული
ყოფიერების დავიწყებას სიცარიელეს
ან რას ვიქმოდი უამტალღოდ რომელშიც ერთად იძირებიან ჩემი ხორცი და ჩემი ჩრდილი
ან რას ვიქმოდი სიჩუმე რომ არ ყოფილიყო სადაც ჩურჩული აღესრულება ან ვინმეს შველის და სიყვარულის დაუოკებელ უამსურვილოდ მოლივლივე უამზეცოდ
მტვრის ბალასტს რომ დასჩერებია
რას ვიქმოდი და რას ვიქმოდი გუშინ გუშინწინ ილუმინატორს ცხვირმიკრული როცა ვეძებდი მავანს ჩემსავით გზააბნეულს და ცხოვრებისგან იდუმალების შემავსებელ უხმო ხმებს შორის სივრცის მორევში გატაცებულ-განაპირებულს.
1948 წ.
***
სიმღერა რეფრენით
დღის მიწურულს
იქ ნაპირზე
ნაბიჯების ეული ხმა
ეული და ხანგრძლივი ხმა
მაგრამ უცებ სიჩუმე
არა ჩქამი
იქ ნაპირზე
არა ჩქამი ხანგრძლივად
მაგრამ მერე უცაბედად
ნაბიჯების ეული ხმა
ეული და ხანგრძლივი ხმა
იქ ნაპირზე
დღის მიწურულს.
1976 წ.
***
იქით
იქით
ყრუ გვრინი
ვიღაც
თოთოზე
საოცარი ნარცისები
გასწი
და იქ
იქ
მერე იქიდან
ნარცისები
გასწიე
ისევ
ყრუ გვრინი
ისევ ვიღაც
თოთოზე.
1976 წ.
* * *
მინდოდა ჩემი სიყვარული გარდაცვლილიყო და მის საფლავზე კოკისპირულ წვიმას ეწვიმა ეწვიმა ჩემზეც შარა-შარა რომ ვეთრეოდი
და დავტიროდი იმ პირველ და უკანასკნელ ქალს გულწრფელი ფიქრით რომ ფიქრობდა ჩემზე მიყვარსო.
1948წ.
* * *
მოდიან
სხვები მაგრამ მაინც იგივეები
თითოეული სხვანაირად და მაინც ისე
და თითოეულს სხვანაირად არ უყვარს ისევ და თითოეულს ზუსტად ისე არ უყვარს ისევ.
1937წ.
* * *
ჩემი გზა როგორც ქვიშა კენჭებზე
და დიუნებზე მტვრად გადავლილი
როცა დაიწყო მაშინ გაქრება
ცხოვრება ხვატში წვიმით წაშლილი
თხელ ნისლში ვხედავ მე ჩემს სამყაროს
ზღურბლის აჭედვის დრო რომ შეწყდება
რომ გაიღება ჩემს წინ კარი და
უმალ ზურგსუკან მიიკეტება.
1948წ.
ევროპული და ამერიკული
პოეზიის ნიმუშები,
თარგმნა და ავტორთა
შესახებ ცნობები დაურთო დათო ბარბაქაძემ