სარკე დასავლეთისა და აღმოსავლეთისა | აკა მორჩილაძე
ზღვის ამბავი კი ასე იყო: ზღვა საქართველოს აღმოსავლეთში ერთეულებს ენახათ, საქართველოს დასავლეთში კი ყველას. ამ ორ მხარეს შუა იდო დიდი ქედი, ზღვის ჰაერს არ უშვებდა აღმოსავლეთისკენ, ხოლო აღმოსავლეთიდან იქით არ უშვებდა ჯანღისფერ ღრუბლებს და ველებიის მოწყენილობას. იდგა ასე შუაში ეს მთაგრეხილი და ყოველ ადამიანს ეგონა, საქართველო ორიაო.
დრო და ამბავი ისე მიდიოდა, რომ საქართველო ხან ერთი იყო, ხან - ორი, ხან კიდევ - ათი, მაგრამ რომ დაფიქრდებოდნენ, მაინც ერთი იყო, ოღონდაც ზღვისა მაინც არაფერი იცოდა აღმოსავლეთმა მხარემ.
საქართველო იმდენად ერთი მოგეჩვენებოდა, რომ თითქოს ამ შუა გამყოფ ქედზე ვიღაცას უშველებელი სარკე დაედგა და ყოველი აღმოსავლეთიდან გამხედი შიგ თავის თავს ხედავდა, ისევე როგორც - დასავლეთიდან გამომხედი.
ამ სარკეში კი სიღრმისა გამო ზღვა არ ჩანდა და თუკი მასში მომზირალი ერთი საქართველო რაღაც მოულოდნელობებს აღმოაჩენდა თავის იერში, კი არ იტყოდა, სხვა არის ვიღაცაო, არამედ: უი, ეს რა მქონიაო და თავის თავ-პირზე დაუწყებდა ძებნას.
ეს ძველი დროის სურათია, რუსების შემოსვლისწინანდელი: სტუმრობა საქართველოს დასავლეთიდან ხშირი არ იყო. იქეთ და აქეთ ადამიანები ერთმანეთს თითქმის არ ენათესავებოდნენ. ეს უცნაური იყო, მაგრამ როგორ შეიძლება კაცი სარკეში მყოფს დაენათესავოს? ამიტომ ისევ თავის მხარეს უნდა მოძებნოს ვიღაც.
სტუმრობა ხშირი არ იყო, მაგრამ მოგზაურობა კი ბევრად მეტი. მის ნაცვლად, რომ აღმოსავლეთიდან წასულიყვნენ იქით, ზღვისკენ, დასავლეთიდან მოდიოდნენ. აღმოსავლეთში ნადირობა უყვარდათ, დასავლეთში კი აზნაურები მწევრებს ზრდიდნენ და ხროვა-ხროვად მოჰყავდათ აქეთ. აღმოსავლეთში ეს მწევრები მოსწონდათ, ყიდულობდნენ კიდეც. თუ ფული დააკლდებოდათ ან დაენანებოდათ, ადამიანებს ცვლიდნენ მწევრებში. რა თქმა უნდა, მყიდველები თავადები იყვნენ, ადამიანები კი ბევრიი ჰყავდათ. რაღა ფული ეხადათ, ააბარგებდნენ გლეხს და გააყოლებდნენ დასავლეთიდან მოსულ აზნაურს. მაინც სარკე იყო, რა იქით ყოფილიყავი, რა აქეთ.
დასავლეთში კარგი ცხენოსნობა იცოდნენ. ჯირითი, სხვანაირი ხმალაობა და სროლა. ერთმანეთში თუ იომებდნენ, გამოჩნდებოდა, რომ დასავლელი ბევრით ვერაფრით მოუგებს აღმოსავლელს, მაგრამ მისი ყოველი მოქმედება უფრო შთამბეჭდავია. დასავლელები უფრო ხმელნი და მოქნილნი იყვნენ, აღმოსავლელნი - უფრო მოქმედნი. დასავლეთში საჭმელი ჭირდა, აღმოსავლეთში - ეყარა. დასავლეთში ხელობა არ იყო, აღმოსავლეთში - უამრავი. დასავლეთში საჭმელი გემრიელი იყო, აღმოსავლეთში - ბევრი. დასავლელ აზნაურს ისე ეცვა, რომ სიბნელეშიც ანათებდა, აღმოსავლელს კი ისე ეცვა, რომ დღისითაც ვერ შეამჩნევდი.
და მაინც, ეს სარკე იყო.
დასავლეთის ბოლოს ზღვა იდო.
სარკესაც ხომ არა აქვს ბოლო?
ბოლო იმას აქვს, ვინც სარკეში ჩანს.
დასავლეთისთვის აღმოსავლეთი სულაც არ იყო სარკე. დასავლეთს თავისი თავი ისედაც მოსწონდა: იერი ჰქონდა ასეთი. აღმოსავლეთს კი სარკე უყვარდა, ბევრ ისეთ რამეს აღმოაჩენდა საკუთარ თავში, რაც მანამდე არ იცოდა. სარკის გარეშე კი აბა რას იზამ? დასავლეთს მხრებზე ეყარა მადლიანი კულულები, აღმოსავლეთი თავს იპარსავდა სამართებლით, მაგრამ სარკეში რომ ჩაიხედავდა, ამბობდა, რა ლამაზი ვარ, ნახეთ, როორ მშვენის ქოჩორა თმა და აწკეპილი ულვაშიო. დასავლეთს რომ სარკეში ჩაეხედა, იტყოდა, რას ვგავარ, თავს უნდა მივხედოო. მაგრამ აღმოსავლეთი ვერ ხედავდა ზღვას. ზღვა იყო საიდუმლოება და უცნაურობა. გაეგონა მის შესახებ. ზღვა სარკეში არ ჩანდა. დასავლეთი უსასრულო იყო.
მთაზე რამდენიმე დუქანი იდგა. ზუსტად იქ, სადაც ვითომდა სარკე უნდა მდგარიყო. იქ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. აღმოსავლეთში სარკეში იცქირებოდნენ, მაგრამ გულის სიღრმეში მისი ნდობა არ ჰქონდათ, სარკე კია, მაგრამ რა იცი, ეგებ იტყუებაო. ამიტომაც, მატყუარებს ეძახდნენ, ამბობდნენ, სწორად და გამართულად სიარუული არ შეუძლიათ, იგრიხებიან და ნაბიჯს ბლანდავენო. იმათ კი მიაჩნდათ, რომ მოხდენილები იყვნენ.
დასავლეთიდან აღმოსავლეთში მოვიდა ხელობა: ხალხის მოტაცება და გაყიდვა.
ეს კარგად გამოუდიოდათ: ტყუილი, მოქნილობა, სისხარტე, კოხტად დალაგებული გეგმები.
სარკე იყო, როგორც სარკეში ჩამხედავი კაცი გაუცვლის ხოლმე თავის გამოსხულებას რაღაცას, ისევე ესენიც უცვლიდნენ ერთმანეთს ბევრად მეტს, ვიდრე მწევრებსა და გლეხებს.
დასავლეთი მთიანი იყო, მიხლართულ-მოხლართული, ჩატკბილებული, ჩაგემრიელებული, მოულოდნელი მოსახვევებით და საშიში ბილიკებით. აღმოსავლეთი გაშლილი იყო, ველიანი, უფრო ხევხუვიანი, იოლად სასუნთქი და იოლად სასიარულო. ორივე იყო ნაომარი, დანაჩეხი, ნაწვალები, მაგრამ ცოცხალი.
რით არ იყო სარკის ამბავი?
წყარო: აკა მორჩილაძე - „ძველი გულებისა და ხმლისა“