„კავკასიის ბიომრავალფეროვნება“ - 150 წელი საბუნებისმეტყველო მუზეუმის პირველი გამოფენიდან
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ახალ საგამოფენო სივრცეში, 12 ივნისიდან, წარმოგიდგენთ გამოფენას „კავკასიის ბიომრავალფეროვნება“. გამოფენა ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულია კავკასიაში უნიკალური და უმდიდრესი გეოლოგიური, ბოტანიკური და ზოოლოგიური კოლექციები. მათ შორისაა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ან უკვე გადაშენებული სახეობები.
XIX საუკუნის შუახანებში საქართველოს სამუზეუმო საქმიანობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანელმა მეცნიერმა და ნატურალისტმა გუსტავ რადემ. 1928 წელს მისი თაოსნობით შეგროვებულმა კოლექციამ საფუძველი ჩაუყარა კავკასიაში პირველ ზოოლოგიურ გამოფენას, რომელიც 1972 წლამდე არსებობდა.
დღეს თანამედროვე სამუზეუმო ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილ ახალ გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა კავკასიის რეგიონის ბიომრავალფეროვნებას – გეოლოგიურ, ბოტანიკურ და ზოოლოგიურ კოლექციებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მინერალები, ქანები, ნამარხ უხერხემლო ცხოველთა ფაუნა, უმაღლესი და უმდაბლესი მცენარეების საჰერბარიუმო ნიმუშები, მოლუსკები, მწერები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები სრულყოფილად ასახავს საქართველოს და, ზოგადად, კავკასიის რეგიონის ფლორისა და ფაუნის ევოლუციურ განვითარებას. კოლექციებს შორისაა კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ენდემები, რელიქტები, გადაშენების პირას მყოფი ან უკვე გადაშენებული სახეობები.
გამოფენა იმართება კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018-ის ფარგლებში.