წიგნი ► სვანური სამართალი

სვანური სამართლისადმი მიძღვნილი ციკლი - „ჩვეულებითი მართლიერება სვანეთში“ თითქმის ამომწურავად ასახავს XIX საუკუნის ბოლოს სვანეთში არსებულ სამართლის წესებს და მოიცავს ყოფითი ცხოვრების, პრაქტიკულად, თითოეულ ასპექტს.


ამ გამოცემაში მკითხველი დაწვრილებით გაეცნობა თუ რა წესები მოქმედებდა ადამიანებს შორის საქართველოს ამ მართლაც გამორჩეულ კუთხეში. ამაში წიგნში შესული ეს მონაკვეთიც მარტივად დაგარწმუნებთ:

„ტყვეობა აქ დიდ სამარცხვინო საქმედ მიაჩნია ხალხს. ამ სირცხვილს ტყვე ძვირად-ღა შეირჩენდა.

ერთ უმთავრესს მიზეზად მკვლელობისა სვანეთში კაცის დატყვევება იყო: მხოლოდ მოკვლა დამტყვევებლისა აღუდგენდა პატივს ტყვეს. ჩვეულების ძალით ბორკილებ და ხუნდ ნაყარი ტყვე ღირსება ჩამორთმეული კაცია, მას აკრძალული აქვს ნაკურთხ მიწაზე დაიმარხოს. თუ ვისმესთან ჩხუბი მოუვა, მოწინააღმდეგე შემდეგის სიტყვებით შეარცხვენს ყოფილს ტყვეს:

„სი ტყვე, იმჟი მარგადი მი“! (შენ ტყვევ, რაღა პირით მელაპარაკები მე!)

ეს იყო მიზეზი, რომ დამტყვევებელი ისე ექცეოდა მის მიერ დატყვევებულს, როგორც ბატონს ყმა; მუდამ ცდილობდა თავის სხვა-და-სხვა ნაირ სამსახურით, პატივის-ცემით ტყვეს გულიდამ ამოქარწყლა ის ხინჩი, რომელიც ყოველს ტყვეს გაჰყვებოდა განთვისუფლების შემდეგ...“

„სვანის“ ფსევდონიმით დაწერილი აღნიშნული სტატიების ავტორი ბესარიონ ნიჟარაძე - ქართველი ეთნოლოგი, პუბლიცისტი, სასულიერო პირი და ფოლკლორისტი უნდა იყოს. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: „შრომა“, „დროება“, „ივერია“ და სხვ.

წერილები და ნარკვევები, რომლებსაც: თავისუფალი სვანის, ბესარიონ სვანის, თუ სვანის ფსევდონიმით წერდა, ძირითადად სვანეთის ისტორიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, ფოლკლორის, გეოგრაფიისა და ენის საკითხებს ეხებოდა.

ბესარიონ ნიჟარაძე 1852 წლის 21 ნოემბერს უნდა იყოს დაბადებული. პირველი საგაზეთო პუბლიკაცია 1873 წელს გამოაქვეყნა. ერთი წლის შემდეგ დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, 1892 წელს კი მღვდლად ეკურთა. გარდაიცვალა 1919 წელს და დაკრძალულია სოფელ უშგულის ლამარიას ეკლესიაში.