გურულების მოგზაურობა ამერიკის სხვა-და-სხვა ქალაქებში
გაზეთი „ცნობის ფურცელი“ (1897 წ.) გურული მხედრების შესახებ
ამ სათაურს რომ ამოიკითხავს ცნობისმოყვარე მკითხველი, დიდად გაჰკვირდება და იტყვის: ნუ თუ ისე გათამამდა და გაყოჩაღდა ჩვენი ხალხი, რომ ამერიკის ქალაქებში მოგზაურობენო!
მართლაც-და საკვირველია ძველ დროში გურიიდან ტფილისში ასვლა ისე საძნელო იყო, როგორც დღეს ამერიკაში; მაგრამ დღეს-კი იმდენს ცრემლებს აღარ აფრქვევენ თავიანთი დედები თუ ცოლები, თავიანთ ოჯახის შვილის გამგზავრებაზე ამერიკაში, რამდენსაც ძველ დროში ტფილისში გამგზავრებაზე თვალებს ისივებდნენ.
დღეს ყველამ შეიგნო, რომ არც ერთს ქვეყანაში კაცი არ დაიკარგება და, მაშასადამე, არც სატირალ-სადარდელი რამ აქვს. პირიქით ბედნიერად იგი სთვლის თავისს თავს, ვინც მოესწრო იმ დღეს, რომ უცხო ქვეყნები ნახა - გაიგებს სხვა ხალხის ცხოვრებას და დაუბრუნდება სახლში მეტის სწავლა-ცოდნით აღჭურვილი.
დღეს ზოგიერთ მდიდრების შვილები ხარჯს არ ერიდებიან და ევროპაში მიემგზავრებიან ცოდნის შესაძენად და ზოგი, ჩვენს შორის-კი იყოს და მარტო „მოდას“ აჰყოლია.
რაღა გასაკვირვალია უბრალო მუშა სოფლის კაცმა ცოტა პირადი სარგებლობის გულისთვის ევროპაში წავიდეს. ამ მოგზაურობით იგი არც მშობლის და ოჯახისას არას ხარჯავს, ისე მიდის და მოდის, ხოლო სურვილი მოგზაურობისა პირველი ნიშანია წარმატებისა და დაწინაურებისა.
ექვსი წელიწადია, რაც ათამდე გურულები ლუკა ჩხარტიშვილის მეთაურობით მოგზაურობენ ამერიკის სხვა-და-სხვა ქალაქებში. ხსენებული გურულები მიწვეულნი ყოფილან ერთს ცირკში ცხენზე მოთამაშეებად (ცხენოსნებად), ვითარცა წარმომადგენელნი კავკასიის ტიპის ხალხისა. ცირკში მიწვეულნი ყოფილან როგორც გურულები, ისე სულ ყველა ტიპის წარმომადგენელნი, მაგრამ ვერც ერთმა ტომის ხალხმა იმდენად ვერ დაიმსახურა, თურმე, ამერიკის საზოგადოების ყურადღება, რამდენადაც გურულებმა.
„რუსეთის გამოჩენილ მოთამაშეს, საჩუქრად ამერიკის საზოგადოებისაგან“.
მოუქცევიათ მისი სურათი სხვა-და-სხვა გვარი წარწერებით.
ლ. ჩხარტიშვილს თავის-თავად შეუსწავლია ცხენზე „თამაში“ და სიმკვირცხლით ცირკის მოთამაშეებიც-კი ვერ შეედრებიან. ჩხარტიშვილს მიეცით მხოლოდ ცხენ-უნაგირი, გაშლილი მინდორი და სხვა თქვენი არა უნდა-რა.
ფეხზე დგომა, თავით დადგომა, ყირამალა გადმოხტომა და ისევ შეჯდომა ცხენზე, ყირამალა გადმოსვლა, ყოველივე ეს მისთვის ძლიერ ადვილია ძალზე გაჭენებულ ცხენზე.
ამისთვის დაევალა ლ. ჩხარტიშვილს ამერიკის ცირკის პატრონისაგან წაეყვანა შვიდი-რვა კაცი ყოველ წლივ. მართლაც, ჩხარტიშვილმა ამ ექვსის წლის განმავლობაში ორმოც-და-ათამდე გურულებს უჩვენა ამერიკის სხვა-და-სხვა ქალები და არც ჯიბე ცალიერები დაბრუნებულან მასთან მოგზაურნი. თვიურად ღებულობდნენ ას-ას მანათს ყოველივე ხარჯს გარდა და თან „ქვეყანა ნახეს“.
კონტი