თბილისის ტრანსპორტის მოკლე ისტორია |

XIX საუკუნემდე თბილისი გალავანშემორტყმული პატარა ქალაქი იყო, ამიტომ შიდა ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის აუცილებელი ტრანსპორტის რაიმე განსაკუთრებულ სახეობას არ იყენებდნენ.

თუმცა, უსისტემოდ გამოიყენებოდა ცხენი, სახედარი, ჯორი, აქლემი, ტვირთის გადასატანად - ურემი ან ჩარდახი (გადახურული ურემი).

სამდინარო ტრანსპორტი იყო ტივი. თუმცა, უმეტესად მას ბორჯომის ხეობაში კრავდნენ, თბილისში ჩამოცურების შემდეგ კი შეშად შლიდნენ და ყიდდნენ.


ნაპირების დასაკავშირებლად გამოიყენებოდა ბორანიც - გაბმული ბაგირის მეშვეობით მოძრავი ტივი. ბოლო, დიდუბის ბორანი თბილისში 1955 წლამდე ფუნქციონირებდა.

XIX საუკუნეში საგრძნობლად გაიზარდა როგორც თბილისის ფართობი, ისე - მოსახლეობის რაოდენობაც და თანდათან გაჩნდა მგზავრების გრძელ მანძილზე გადაყვანის აუცილებლობაც.


შიდა საქალაქო ტრანსპორტის პირველი სახეობა საუკუნის დასაწყისში ეტლები იყო. ერთცხენიან ეტლებს „დროშკები“ ეწოდებოდა.


თანდათან გაჩნდა ფაეტონებიც, რომელშიც წყვილი ცხენი იყო შებმული. 1887 წლის აღწერის მიხედვით, თბილისში 520 მეფაეტონე იყო რეგისტრირებული.

თუმცა საუკუნის ბოლოს ქალაქი მტკვრის ორივე ნაპირზე ისე გაიჭიმა და გაიზარდა, რომ მხოლოდ ეტლები და ფაეტონები ვეღარ აუდიოდნენ მგზავრების გადაყვანას.

1883 წლიდან თბილისში ფუნქციონირება დაიწყო პირველმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა - ცხენის ტრამვაიმ, ანუ „კონკამ“.



კონკის ვაგონი ოთხივე მხრიდან ღია იყო და 20 მგზავრს იტევდა. ვაგონს ერთი ცხენი ჰყავდა შებმული, ხოლო აღმართებში ე.წ. ფორეიტორები დამატებით კიდევ ორ ცხენს აბამდნენ.

ტფილისის „კონკის“ უკანასკნელი დღეები
1904 წლიდან „კონკა“ ელექტროტრამვაიმ ჩაანაცვლა. ტრამვაი თბილისში 102 წელი დადიოდა და მგზავრების გადაყვანა 2006 წლის 4 დეკემბერს დაასრულა.

ელექტრონის „ტრამვაის“ შემოღების გამო - ერთის მხრივ ტრამვაის ცხენები მხიარულობენ, აუტანელ
მუშაობას მოვშორდითო. მეორეს მხრივ ელექტრონის ძალის შემოღებით ისპობა მათი მნიშვნელობა.

საბჭოთა პერიოდში ტრამვაის გარდა თბილისის ქუჩებში მგზავრების გადაყვანა დაიწყეს ავტობუსებმა, ტროლეიბუსებმა, ტაქსებმა. თბილისის რელიეფმა განაპირობა საბაგირო ხაზებისა და სამთო ტრამვაის ანუ ფუნიკულიორის ფუნქციონირება.

თბილისის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი იყო მეტროპოლიტენის გაყვანა. მეტროპოლიტენის მშენებლობა 1952 წელს დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობდა.

1966 წლის 11 იანვარი - თბილისის მეტროპოლიტენის გახსნა - პირველი მატარებლის შემოსვლა სადგურ
„ვაგზლის მოედანზე“. ეროვნული არქივის ფოტოკოლექცია

პირველი ხაზი საზეიმოდ 1966 წლის 10 იანვარს გაიხსნა. პირველი შემადგენლობა მოძრაობდა დიდუბისა და რუსთველის სადგურებს შორის.


თანდათანობით, საბჭოთა პერიოდში, ორი ხაზის 21 სადგური გაიხსნა. მშენებარე მესამე ხაზის დასრულება კი 90-იან წლებში ვეღარ მოხერხდა.

P.S. 2017 წელს სადგურებს 23-ე მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ დაემატა.

მომზადებულია ალექსანდრე ელისაშვილის - „თბილისის თავგადასავალის“ მიხედვით,
გამომცემლობა „ინტელექტი“, 2017 წ.