ტფილისის აპოლოგია |

ნაწყვეტი დემნა შენგელაიას ნაწარმოებიდან - „ტფილისი“

***

საქართველოს დედაქალაქი - ტფილისი.

იყო: მცხეთა.

მცხეთაში ბატონობდნენ მესხები, ტფილისში - ტაბალები.

„ვახტანგ აშენებდა ქალაქსა ტფილისსა და საფუძველი ოდენ დაედვა“.

მეხუთე საუკუნეში ქრ. შ. მეფემან დაჩი „განასრულნა ზღუდენი ტფილისისანი და, ვითარ ებრძანა ვახტანგის, იგი შეიქმნა სახლად სამეუფოდ“, და ასე: „ტფილისს კაცნი დასხდებოდეს“.

„მცხეთაი ათხელდებოდა და ტფილისი ეშენებოდა, არმაზნი შემცირდებოდეს და კალაი განდიდებოდა“.

ეს იყო...

არავის ახსოვს...

მატიანეები იბნევიან...

რით არის შესანიშნავი ტფილისი? -

უპირველეს ყოვლისა, ტფილისი დედაქალაქია საქართველოსი.

და თუ თქვენ საქართველოს რუკას დააკვირდებით, იგი ჰგავს (ალბათ, წმიდა შუშანიკის) ძუძუს თავს: ცხელ მონღოლეთიდან და ლირწ სპარსეთიდან უბერავდა ქარი ხორშაკი.

ტფილისში აწამეს აბო ტფილელი და ამ სტრიქონების დამწერს, ისევე როგორც იოანნე საბანის-ძეს, უნახავს ავლაბრის ხიდთან, ძველ საგოდებელს ქვემოდ, სადილეგოს მახლობლად, როგორ ანთია წმინდა კელაპტრები, როგორ ლოცულობენ მისი ხატის წინ დამხობილი ფეხშიშველი მოხუცი დედაკაცები და როგორ გაჰკივის მოლა შაჰ-აბასის მეჩეთიდან.

დაბახანაში ისმის ქობინების ცემა და მოდის იქიდან ნედლი ტყავის სუნი. ლილახანაში ფრიალობენ გასაშრობად გაკიდებული ლურჯი, წითელი და შავი ხამის თოფები.

სირაჯხანაში რუმბები წვანან ბაყბაყ დევებით და შეითანბაზარში იცოხნებიან სპარსეთიდან, ერევანზე და ბორჩალოზე გამოვლით დაძრული აქლემების ქარავანები: სცოხნიან გვალვას და გადმოკიდებულ მყიფე ლაშზე ჩამოსდით ყვითელი დუჟი.

გუგუნებს სიონის ზარი, ანჩისხატი ეხმაურება და ძველი ტფილისის უბნებში დგას: ებრაელების, ნედლი ტყავების, ოსრუი ყველის, დამარილებული თევზის, თუთუნის, ჩონჩორიკის, აბანოებისა და დუთმა ნესვების სუნი.

სამიკიტნოში ჰკიდია საწყალ ნიკალა ფიროსმანის ერთ თლაშოის ფასად დახატული მუშანბები: „ორთაჭალის ტურფები“ და „აღდგომის ბატკანი“.

ფეხმორთხმული თათრები ჰინით შეღებილ წვერებით სხედან ყაფაზასავით პატარა დუქნებში, წითელ ვარდიან მუცელგამობერილ ღვინის ჭიქებით დარიჩინიან ჩაის შაქრის მიკვნეტით სვამენ, სწევენ ნარგილეს და ჰყიდიან: ჰინას, ბასმას, კევს, ყვითელ კოჭს, კაიმაკს, კაკილებს, ძველ პაგონებს და თვალს აყოლებენ აბანოში მიმავალ გავაგანიერ ქალებს.

იქა-აქ ახორხოტებულ ხალხში ცეცხლივით ანთია მუსულმან ქალის მოხურული ჩარსავი და აბრაზებს მზეს.

ლეკები ჰყიდიან: კავკავის ნაბდების, ქეჩებს, თოქალთოებს, ტყაპუჩებსა და ვერცხლის ზარნიშიან ლეკურ ქამარ-ხანჯალს.

ქარვასლაში ფეხქვეშ სათელავად აფენია თუთუმ მოყრილი ჭარაგინის, სინეს და თექური თვალისმომჭრელი ნოხები და საუკუნეთა გვალვით გადახვეტილ რუხ მეტეხს იცავს წითელარმიელი.

სადღაც ჩაიხანებში ისმის თარის ხმა და ვიღაც აშოღლანი მთელი დღე მღერის ისტერიულად ერთსა და იმავეს ტვინის ამომღებად და არ იცი სად გაექცე ამ აბეზარ და მრუშ სიტყვებს:

ჩემო გულის აზიზო, ... ბუზი გაზისო!..

იბნ-ხაუკალი „გზათა და სამეფოთა წიგნში“ 977-978 წ.წ. ამბობს:

„ტფილისი ბაბ-ულ-აბვაბზე (ე.ი. დარუბნადი) მცირეა: ირგვლივ ალიზის ორი გალავანი არტყია და გალავანს სამი ალაყაფი აქვს; ქალაქი კარგად არის გამაგრებული, სავსე ყოვლითა სიკეთითა და განთქმული დიდის იაფობით. სიმდიდრითა და დოვლათით იგი ფრიად აღემატება სხვა მდიდარ ქალაქებს; აბანოს წყალი უცეცხლოდ სდუღს, ქალაქი მდინარე მტკვარზეა გაშენებული. წისქვილები ტფილისში (ისე როგორც მოსულში და რაკაში ტიგრსა და ევფრატზე), ნავებზე არის გამართული“!..

ტფილისში ბევრი უცნაური ამბები ხდება და, როცა შენ სიცოცხლეში პირველად ტფილისს დაინახავ, კენჭი უნდა გადაყლაპო, იმიტომ რომ ტფილისი ავია, ტფილისმა დაცდა იცის.

ტფილისმა ჩაყლაპა ბევრი ქალაქები (ოდესღაც: მცხეთა... ახლა: ქუთაისი).

ვინ გადაუხდის სამაგიეროს!..

ის ორპირია სატევარივით, მრუში და მტრისა და მოყვრის დაუნდობელი.

მას ბევრი საყვარლები ჰყოლია.

არსად არ არის ისეთი ხალხი, როგორც ტფილისში: ტფილისის მოქალაქენი, ყარაჩოხელნი, - ტფილისის ჟუჟი.

ტფილისის სიყვარული ახურდა ოქროს ქურქიანი სპარსული სამეფო ვეფხი, გადმოევლო თრიალეთის მთებს და სიკვდილი და სიყვარული იხილა ერთბაშად. ვინტოვკის ტყვიით განგმირული ჩამოატარეს ის ქართლელმა გლეხებმა სათივე ურმით და ურემი მოდიოდა ისე, თითქოს ციდან ჩამოღებული ოქროს ჯავარიანი მზე მოჰქონდა.

თბილისი, თფილისი, ტფილისი, ტაბალისი...


ქალაქი ხმაურობს წისქვილებით, ბაზრებით, ძველი დანგრეული უბნებით, ბაღებით, სირაჯხანებით, ბანიან სახლებით, კევიღეჭია გოგონები რომ გადმოეფინებიან ხოლმე შაბათ საღამოობით.


ტფილისი ჰყვავის: თეატრებით, კინოებით, ცირკებით, პროსპექტებით, სადაც ახველებენ ჭლექიანი პროსტიტუტები, ნორჩი პიონერები დადიან ღოროტოტოების ხროტინით და სახელგამთან ხეების ძირას დგანან პოეტები და პედაგოგები. ჰონორარის მოლოდინში ეჯიბრებიან ერთი-მეორეს ცინიზმში და ამბობენ ძველ ანეკდოტებს.

პროსპექტზე დადის საქმის ხალხი პორტფელებით, ქალი და კაცი, განურჩევლად სქესისა, სარწმუნოებისა და ეროვნებისა, - და ეს ხალხი სულ სხვანაირი, სულ უცხო ჯიშის, - ვინც უწინდელ ტფილისს იცნობდა, მას აოცებს ეს: - ჯურღმულებიდან, კატორღებიდან, ციხეებიდან, შორეულ ციმბირიდან, ქარხნებიდან, სოფლებიდან და ტყეებიდან მოვარდნილი წვივმაგარი ხალხი.

დადიან, დაჰქრიან, დაფრინავენ.

ყველა ჩქარობს, ყველა საქმეს აკეთებს. ცხოვრება ბრუნავს წისქვილის ქვასავით და ეს ცხოვრება სდუღს აქ, ტფილისში, - პოეტები რომ დედა-ტფილისს ეძახიან.

არ არის ხსენება ძველი კლასიკების, დროშკების, ეგზარხის კარეტის, ძველი მწვანე კონკები რომ დაფორთხავდენ ტფილისის ქუჩებში მაშინ, როცა ტფილისს ჯერ კიდევ ტკბილად ეძინა ურმულში.

საღამოობით ტფილისი ილეკება ზაჰესით, კონებში ჰკივიან პლაკატები. ნატა ვაჩნაძის  ეშხით მიბნედილი როიალი დასტირის ესმა ფულავას ბედს, სამიკიტნოში ოხუნჯობს სერგია ერისთავი, იეთიმ გურჯი მღერის ბაიათებს და ჩარლი ჩეპლინი, სასაცილო კაცი კატელოკით, ფეხმოქცეული, გონძღორა და წამებული ვერ პოულობს თავის ადგილს ტფილისის უჩვეულო ცხოვრებაში, ის ზედმეტია და დაფორთხავს ეკრანზე ულაზათოდ, დაათრევს ფეხებს და ხალხი იხოცება სიცილით ამ უადგილო კაცის უადგილო მოქმედებით და ასე: ჩარლი ჩეპლინის მადლით გამართლებულია პლაკატის კივილი: Сплошнои смех!.. Гомерическии хохот!..

შუაღამით, როცა კინოები დაიხურება და ტფილისს ძილქუში დააწვება, ჩეპლინი გამოვა გარეთ, დაღლილი და წამებული გაივლის პროსპექტზე. რუსთაველის თეატრთან შემოხვდება ნიამორივით ყელმოღერებული მეთორმეტე საუკუნის თეთრი პოეტი და მდაბალ ქართულ სალამით გაუშლის ჩარლი ჩეპლინს მაღალ შაირით დაწერილ უკვდავ პოემის ადგილს. ჩარლი წვება პერგამენტზე, ეხვევა ვეფხის ტყავში (სცივა, საცოდავს, უბინაოსა და გარეთ დარჩენილს!), ბამბუკის ჯოხით უშვებს ცაში საპნის ბუშტებს და ფეხებზე ჰკიდია მას, ახალ ტარიელს, ეს მთვარიანი, საშუალო საუკუნეების რაპსოდიიდან ამოღებული მაღალი ღამე.

ბუკინისტების შაურიან გაცრეცილ ბროშურებიდან გამოძვრება განთქმული ავაზაკი ტატო წულუკიძე და სუფთად გაპარსული მისტერ ნატ პინკერტონი და ინგლისური ყალიონით კარტონის კაცივით დაეკიდება ცას გალურჯებულს.

და, როცა, ჯერ კიდევ ბინდებში, გამთენიის ხანს, მეეზოვეები ჰგვიან ქუჩებს და ყველგან დგას მტვერი და საალიონე სიგრილე, პატარა ბიჭს „Кирпийики“-ს სტვენით მოაქვს სახამებელით სავსე ვედრო, ციდან ყურით ჩამოხსნილ ჩარლი ჩეპლინს მოათრევს, ჯერ კიდევ ლიტოგრაფიულ მურის ნედლი სუნი რომ ასდის, და აკრავს მას პლაკატის ბოძზე სახამებელით.

და მერე ასე არის ის გაკრული სამი დღე საკუთარ ჯვარზე და ეს ცემენტის სვეტი არის მისი გოლგოთა.

საქმეს რომ მორჩება, პატარა ბიჭი პონტოელ პილატესავით ხელებს იშმუშნის და ქალაქი გუგუნებს:

- ჯვარს აცვი ეგე, ჯვარს აცვი და ტატო წულუკიძე მოგვიტევე ჩვენ!..

და კაცი იგი უცხო (იმის მაგიერ რომ სასოების ცრემლი წამოვარდეს და სთქვას: - მიუტევე, უფალო, რამეთუ არ იციან რასა იქმნონენ!..) იკრიჭება უშნოდ და ქალაქი ხარხარებს.

ნაძალადევში გუგუნებს რკინიგზის მთავარი სახელოსნოების საყვირი და მუშები მიდიან ხველებით, ნამძინარევ თვალების შმუშვნით სამუშაოდ და არღვევენ ქუჩების საალიონო მყუდროებას.

საცაა მახათაზე მზეც შემოჯდება და გათენდება.

და მე ავტორი ამ სტრიქონებისა, სიხარულით ვკითხულობ ახალ პლაკატებს, უცქერ ახალ ქრისტეს (თუ ახალ ტარიელს?) და მიხარია რომ მე, ასე რომ მეზარება შებინდების ხანს ჩემი უსიხარულო ოთახი, ვიშოვი სადმე სამ აბაზს და ვნახავ ამ ტაკიმასხარას და ყოვლად უადგილო კაცს, ახლა რომ პლაკატზე არის გაკრული და კატელოკ მოხდილი ჰყვირის მურებით:

- ილი, ილი, ლამა საბაქთანი!.. ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რისთვის დამიტევე მე!..

მე ვბრაზობ, მოთმინებიდან გამოდივარ: რა უნდ ამ ევროპიელ ტაკიმასხარას ტფილისს რომ შესჩივის, როცა ჩვენ, მაწანწალა შარვალგამოხეული და უბედო პოეტები ვყრივართ აქ გადაყრილ ლეკვებივით და შევჩივით ბედს, იარალის, სულს ბოროტს, ათას ვინმეებს და საშველი მაინც არ არის.

ტფილისის ირგვლივ წვანან ზურგგადატყავებული აცოხნილი აქლემები: მთაწმინდა, შავნაბადა, თელეთი, თაბორი, კოჯორი, მახათა, ლოტკის გორა და მოხვეულ მკლავში მომწყვდეული ფუნიკულორი დგას ბავშვის სათამაშოსავით და დაჰყურებს ტფილისს ხუთქიმიანი ვარსკვლავი.

როცა მე ავდივარ ფუნიკულორზე, მიწა მიდის სადღაც, თმაში ჩაფრენილი ცა მეწევა ზევით, დგება აქლემი და იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენიდან“ ამოღებული პატარა ალექსივით ქუდს უქნევ ტფილისს და გადავძახი:

- შვიდობით, საყვარელო დედ-მამაო!..

ყოველ ღამე დიდუბეში ნიკო ბარათაშვილი დგება საფლავიდან, გამოივლის მუშტაიდს და მიდის პლეხანოვის პროსპექტზე.
შიშით აკანკალებული პროსტიტუტები გზას უთმობენ ამ უცნაურ კოჭლს სტოლონაჩალნიკს, ერთ დროს რომ გაჭორა მთელი ტფილისი და მტკვარი ჩააგდო თავის ფიქრებში.

ტფილისის ბაღები ბორგავენ სათარას, ჩამჩი მელქოს, ლოპიანას, საიათნოვას და ბესიკის მუხამბაზებში.

დაყუდებული დგას დავით გურამიშვილი, ფეხმოქცეული, საპყარი და მოსთქვამს უცნაურად: ეეო, მეეო, ღმერთო, მიშველეო!..

ანნა ბატონიშვილის ეშხი გათრობდა შენ, ტფილისო! ჩაწექ მის ნაწნავებში და ქვრივის ლიმონების სურნელებაში ახურდი ალერსს მოწყურებული.

იმ დროს, როცა ეს მოხდა, პოეტები იყვნენ გუბერნატორები, გენერლები, ბანკის დირექტორები, ახლა შარია გუბერნატორობა, ახლა ჩვენ შარვალ გამოხეული დავდივართ პროსპექტებზე, რომ ათი შაური ვიშოვოთ სადილისათვის, ვფიქრობთ პოეზიის ფორმალ მეთოდებზე და სრულიად არ გვაინტერესებს ეს ბანკობია და ათასი „რამე-რუმეები“.

ეს იყო უწინ: მთავარმართებელ გრიგოლ ორბელიანის ბინას მიადგა აუტანელ ურმის ბეგარით ამბოხებული ხალხი და შესჩივლა თავის პოეტს: ის გაიკითხავდა, ის გაიგებდა მის გულის ტკივილს (ის პოეტი იყო), მაგრამ ხალხის გულის მესაიდუმლე პოეტმა შემდეგი სიტყვებით მიმართა ხალხს:

- რა უყოთ მერე, განა მარტო თქვენა ხართ ამ დღეში, აი, ხომ ხედავთ, ჩემი ცხენიც გაჰყავთ ბეგარაზე!..

მაშინ წარსდგა ერთი ყარაჩოხელი და უთხრა:

- შე დალოცვილო, შენა და ჩვენ ვინ გაგვასწორა, შენ ცხენს არჩენ და ჩვენ ცხენი გვარჩენსო!..

ორბელიანმა იგრძნო რომ ის არ იყო ხალხის გულის მესაიდუმლე, რომ ამ ხალხსა და მის შორის ხიდი ჩატეხილი იყო და ხიდი არ გაიდებოდა.

რა არ გახსოვს შენ, ტფილისო!..

რის მომსწრე არ ხარ!

სარკინოზები, ხაზარები, ჰუნნები, ბიზანტიელები, მონღოლები, არაბები, სელჯუკები, ოსმალები (და ვინ იცის კიდევ ვინ!), ყველას უნდოდი შენ, მაგრამ შენ იყავ უკარებელი, თავგადებული, შენ განარისხე ბასილი დიდი კეისარი, შენ იყავ ქართლის ბედი და, ვისაც საქართველოს ბედის იავარ ყოფა უნდოდა, - შენ უნდა აეოხრებინე.

ამიტომ მოვიდა დიდი საჭურისი ქოსა აღა-მაჰმად-ხან, დაგადგა სიონზე ქუსლი და აკივლებულ კალოუბანს გაახსენდა დაშუშებული ტკივილები.

შენ დედა ხოხობივით კრიახობდი საუკუნეებში.

თეთრი მეფე ვახტანგ გორგასალი მოაგდო აქ მიწის ჟინის სათავესთან დედალმა ხოხობმა, აქ იყო შენი კერია და კერიადან გადმოდიოდა ცხელი გოგირდის წყალი.

დაემხო ვახტანგ და საფუძველი ოდენ დასდო.

შენ ყაბახივით იყავ აწეული ამქრის დროშებით, ყეენობით, ბერიკაობით, ჯოჯოობით, ბარბარობით, ქაშუეთობით სალაყბოს თავზე და ასე ლაყბობაში გაგატარეს.

ოო, ტფილისში ღამეები არის უჯებირო, ღრმა და ღურღუნციანი და მე, ავტორს ამ სტრიქონებისას, ხშირად შიში მიპყრობს, არ გავიგუდო ამ ბალიშებივით ცხელ და ვნებიან ღამეებში.

ყოველ ღამე, როცა ფუნიკულორზე ხუთბოლოიანი წითელი ვარსკვლავი აკიანთდება, მეფის მოადგილე მ.ს. ვორონცოვი იბერტყავს თუჯის გრძელ მოსასხამს, შლის სრულიად რუსეთის თვითმპყრობელ იმპერატორის რესკრიპტს და ასე მტვარის სინათლეზე კითხვით ჩამოდის იგი გრანიტის კვარცხლბეკიდან და ალექსანდრ სერგეევიჩ პუშკინთან ერთად მკლავ გაყრილი მიდის აბანოში და ამ ორ ფრიად პატივცემულ გვამთ აქვთ მთვარიან ღამეში სენტიმენტალური დიალოგი:

- ალექსანდრ სერგეევიჩ, ალექსანდრ სერგეევიჩ! - ამბობს მ.ს. ვორონცოვი მწუხარე ხმით და ბრინჯაოს ხელს ნერვიულად უჭერს პუშკინის მკლავს. - სად გაჰქრა, ნეტავ, ეს იტალიანური ოპერა, ქართველი წარმტაცი კნეინები, ეს რაუტები, ჯვარიმამობა და თავადი პოეტები!.. ეს გლუხარიჩიც რომ დაიკარგა!..

ალექსანდრ სერგეევიჩ პუშკინი მხრებს იწევს, არ იცის რა უპასუხოს. მან მხოლოდ ტფილისის აბანოების ამბავი იცის და ამაზე ლაპარაკი მოვეტონია.

ვორონცოვი მაინც სჩივის ფრანციცულად, წუწუნებს და უზარმაზარ ბრინჯაოს ფეხებს ადგამს ცხენივით.

ასე მიდიან ისინი სეიდაბადის ქუჩით ურიების უბანზე და მერე მთელი ღამე დგაფუნოებენ, ეს უზარმაზარი ბრინჯაოს ძეგლები აბანოში აპოკალიპსიურ ვაყებივით და გულგახეთქილ მექისეებს არა აქვთ მთელი ღამე ძილი და მოსვენება.

ახლა ტფილისი სულ სხვანაირია, პუშკინის გვერდით დგას კამოს ძეგლი, აკაკი შეჰხარის მთაწმინდას და ოპერის ბაღში მთელი ღამე მღერის ტკბილი ვანო სარაჯიშვილი.

ახლა ბევრია ტფილისში მაღაზიები, სანუგბაროები, კოოპერატივები, რესტორანები უცნაური, ჯერ გაუგონარ წარწერებით.

ერთი სანუგბარო ბატონ ჰენეს ეკუთვნის.

ერთ აღდგომა ღამეს ამ სანუგბაროდან გაიპარა პასკის შაქრის ვერძი, ჰელლეს ვერძივით აცურდა ცაში და მზარეულის თეთრ ხალათში შემოსილი საწყალი ჰენე დიდხანს ჰყვიროდა, მაგრამ ვერძი გაფრინდა, ხელსა და ხელს შუა გაჰქრა იგი.

და ასე ღამით გამოფორთხდებიან: სიბნელე, ლამპლები, მეეზოვეები, მილიციონერები და იცავენ ტფილისს ყოვლისაგან ავისა.

და, როცა კახეთის მხრით მზე ცას კახური ღვინოსავით შეღებვას, ტფილისის გრენადერთა მე-15-ე პოლკის ღრუბლის წვერებიანი გრენადერი დაუკრავს 1826-1829 წ.წ. დასავლეთ კავკასიის დაპყრობისათვის უმაღლეს განკარგულებით ბოძებულ ვერცხლის სასიგნალო საყვირზე დილის საარს და ფორსიან მარშით გადაჰყვება ხელწასულ მთვარეს მთების გადაღმა.

ასე იწყება დღე საქმიანი...

ჟურნალი „მნათობი“, 1927 წ.