ტფილისის დღეები |
ნაწყვეტი დემნა შენგელაიას ნაწარმოებიდან - „ტფილისი“
ყოველ ცისმარე დღე გაზაფხულის მზე ამოდიოდა კალოსავით, ბრუნავდა სპილენძის კევრი, ხვატი ბუღრაობდა და აყრიდა ტფილისს თაკარა სიცხეს ქოქოლასავით.
სდუღდა ასფალტის ტროტუარები, ჰხურდა თუნუქის სახურავები და ეკლესიის თეთრი გუმბათები, თეთრად ფიცხდებოდენ ციდან გადმოღვრილ მზეზე.
- ნა-ა-ვთი-ი!.. Ке-е-роси-ин!..
- მაწონი!.. მაწონი!..
- აი, წიწმატი, ბოლოკი, ოხრახუში, სტაფილო მოვიდა-ა!.. - ისმოდა სიცხით დათენთილი ხმა გვალვის ზუზუნში და კვდებოდა სადღაც მივარდნილ უბნების შესახვევებში და ქუჩაბანდებში.
თვალებ მიკუჟული ბეღურები ჩამოხუთულ ხეებზე მოფუყულიყვნენ და სულს ძლივს იბრუნებდნენ.
სადღაც მთავარ ქუჩაზე ცარიელი ჯაგვა ხრიგინებდა და ვატმანი რეკდა ტრამვაის ზარას.
ფუნიკულორი გამხდარ ვირის ზურგივით ამართულიყო და ორი თეთრი ფაიფურის ეკლესია ეკიდა ძვირფას ხურჯინივით.
რატუშის საათი რეკდა მაღალ შუადღეს:
- ნაუ!.. ნაუ!.. ნაუ!.. (თორმეტჯერ).
სიცხე ირეოდა ჩახუთულ ეზოებში და იგი: საწვიმარ მილში მომწყვდეული, ვერ ეტეოდა და გაჟიჟინებული და ბრაზიანი ზუზუნებდა სკასავით, მერე გახელებული დააცხრებოდა ძაღლებს, კატებს და არწყევდა ტვინში ლოშქრსა და ცოფიან ლორწოს.
ასე ბორგავდა მთელი დღე გვალვა ქალაქში და, როცა მზე გადიხრებოდა დასავლეთიდან შემოჰკრავდა ბუდეზე ავარდნილი ქარი, ჰაერი აირეოდა, წამოვიდოდა ცაში მძიმე მწვირიანი ღრუბლები ელვით, ქუხილით, უეცრად მოსკდებოდა ცა და კოკისპირულ წვიმას დაუშვებდა.
ბავშვები მხიარულ ჟივილით გარბოდნენ სახლებში და ძველ შაბაქიან აივნებიდან დასცქეროდნენ დიდრონი თვალებითა და დაღვრემილი სახეებით როგორ რეცხდა ეზოს ნიაღვარი, როგორ ივსებოდა ხრიალით საწვიმარებ ქვეშ სარეცხისათვის შედგმული გეჯები და როგორ მიჰქონდა ტომარა მოხურულ იეზიდის ქალს წვიმის წყლით სავსე ვედრო.
იდგნენ ისინი (ბავშები, ბავშვები!..) მოაჯირზე ჩამოდებულ ნიკაპებით და ოცნებოდნენ იმ ოქროს თევზზე, წვიმას რომ უნდა ჩამოჰყოლოდა ციდან, მაგრამ ოქროს თევზი არ ვარდებოდა.
წვიმა სპილენძის შაურიანებივით მძიმედ ეცემოდა გახურებულ ტროტუარებზე და მოღუნული სახლები ღიღინებდნენ საწვიმარებით წვიმის უცნაურ სიმღერას.
მოქალაქენი თავს აფარებდნენ ალაყაფებს და ქუჩაზე გადმოკიდებულ აივნებს.
მამადავითიდან თქეში მოაგდებდა ჩამოხვეტილ ღორღს, ხრეშს, ეზობიდან გამოტაცებულ ნაგავს, ქუჩები ილეკებოდა მოვარდნილ ნიაღვარით და მოძრაობა წყდებოდა.
საცოდავად იდგნენ წვიმის ქვეშ მოფუყული ტრამვაის რონოდები, ავტოები, ეტლები. გახურებულ ტროტუარებზე ორთქლი ადიოდა ისე, როგორც წვიმის ქვეშ დარჩენილ ცხენის ზურგებზე, ჰაერი მძიმდებოდა მიწის სუნით და ალაყაფებში ყაყანობდნენ შეხიზნული პოეტები, საბჭოთა მოსამსახურეები, მეკურტნეები, მეხილეები და პაპიროსით მოვაჭრე ჩამოკონკილი თამბაქოს ტრესტის ბიჭები.
ზოგი იდგა ისე, ხმის ამოუღებლად და დაღვრემილ სახით მოუთმენლად გასცქეროდა ჯერ ნიაღვრისაგან წალეკილ ქუჩებს და მერე ტყვიისფერ მძიმე ღრუბლებით გადაგრაგნილ ცას.
იწვიმებდა ასე მხიარულად ეს გაზაფხულის დღე საწვიმარებში ჟღურტულით, ქუჩებში ტლაშუნით ერთს ან ორ საათს და მერე უეცრად სადმე ერთ ადგილას გაიხეოდა შუაზე შავი ღრუბელი და ამ ნახევში გამოიხედავდა გახარებული და გარეცხილი ლურჯი ცა. ქალაქში აგრილდებოდა და ქუჩებში იყო ხალისი და სიხარული.
საზაფხულო ბაღებში მთელი ღამე გრიალებდა ლითონის სამხედრო ორკესტრი და საზაფხულო კინოებიდან ისმოდა ფოქსტროტის ნაწყვეტი და მერე.. ტანგეიზერის უვერტიურა.
რუსთველის პროსპექტზე სეირნობდნენ საბჭოთა ქალიშვილები და ელაპარაკებოდნენ რეგისტრატორებს, საქმის მწარმოებლებს, სტატისტიკოსებს, ადგილკომებს და კურსანტების სკოლიდან ახალ გამოშვებულ უფროსთა შემადგენლობას რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ტროცკიზმზე, დემოგრაფიაზე, პიერ ბენუას „ატლანტიდაზე“, ბალისტიკაზე, დუგლას ფერბენკსზე და ჩარლი ჩეპლინზე.
ერთი მათგანი პარიზიდან ჩამოსულ ემიგრანტ მუშას მერი შერვაშიძის ამბავს ეკითხებოდა და ძლიერ სწუხდა, რომ ასეთი დიდებული და ულამაზესი ქალი მთელ ქვეყანაზე პაკენთან მოდელად მსახურობდა და რემინგტონზე მუშაობისაგან ინდიგოსფრად შეღებილ თითებით თმის სარჭს ისინჯადა (ღმერთს ნუ ექნა, რომ დაკარგულიყო! სარჭის დაკარგვა თაყვანისმცემლის დაკარგვას უდრიდა და, იქნებ, ამისაც, ახლა რომ ელაპარაკებოდა).
ოდეკოლონისა და ლორიგანის პუდრის სუნი უერთდებოდა აკაციისა და ცაცხვის სურნელებას და ჰაერი ბრუვდებოდა.
მიყრუებულ ქუჩებში ჩაღვრილ კამფეტივით მოტკბილულ სანტიმენტალურ ბინდებში სეირნობდნენ შეყვარებულნი გალურსულნი ხმის ამოუღებლად და თეთრი ფეშტამალ აფარებული მეეზოვე უცქეროდა მათ მნიშვნელოვნად და კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ახველებდა.
სადღაც ისმოდა გარმონის ხმა და ვიღაც ხოშზე მოსულ მალაკნის ყრუ ჭყივილი.
ისე, იყო: მყუდროება, სიყვარული, მოწყენილობა და მოწყენილობაში ამართული მილიციონერის წითელი ტარი.
მთელი დღის განმავლობაში ჩამონაღვარი სიცხე ოთხებში შეიმწყვდეოდა და იდგა გახურებულ შპალერისა და ბაღლინჯოების ბუღი.
გულშეღონებული მოქალაქენი აღებდნენ აკრებს, იდგნენ ორჭოლ ნიავში, სულს იბრუნებდნენ და ოცნებობდნენ ბაკურიანისა და აბასთუმნის სიგრილეზე და სურნელოვან ზინთიან ნაძვებზე.
ეს შპალერი, ეს სიცხე და ეს კოშმარივით მოყუფული კომოდი გულს აღონებდა და მიიჩქაროდენ ისინი ფუნიკულორზე: იქ სიგრილე იყო, ლაღიძის ხილეული წყლები, ნაყინი და სიამოვნება.
ჟურნალი „მნათობი“, 1927 წ.