თედო ჟორდანია - სამაგალითო ომი მეფე ერეკლესი სპარსეთის შაჰ აზატ-ხანთან
სამაგალითო ომი მეფე ერეკლესი სპარსეთის შაჰ აზატ-ხანთან ერევნის ახლო (გარნიჩაიზე) 1752 წ. ივნისს.
აზატ ხანი ავღანელი ხანი იყო განთქმულის ნადირ-შაჰის დროს (1732-1747). მან ისახელა თავი თვისის ავღანელებით ნადირ-შაჰის ძლევამოსილ ბრძოლაში. როდესაც შაჰ იბრაჰიმის (ნადირ-შაჰის მემკვიდრის) სიკვდილის შემდეგ 1747 წ. სპარსეთი აირივ-დაირია, აზატ-ხანი თვისით გაწვრთნილ ავღანელთ ჯარითა შევიდა სპარსეთი, დაიპყრა უმეტესი ნაწილი სპარსეთისა, მთელი ადერბეიჯანი (ძველი მიდია), და თვით დედა ქალაქიც სპარსეთისა თეირანი.
1751 წლის დამლევს გაძლიერებული აზატ-ხანი დიდ-ძალის მხედრობით, თითქმის ორმოც ათას კაცამდე (რუსის მემატიანის ბუტკოვის აზრით კი, ჯარი 30. 000 კაცი იყოვო) საქართველოს სამზღვრებზე გარდავიდა და მიუსია მოწინავე ჯარი მუსა-ხანის წინამძღოლობით ერევნის ქალაქს, რომელიც მაშინ მეხარკე იყო ქართველთ მეფისა. განჯა და ყარაბაღიც ხარკს აძლევდა მაშინ საქართველოს.
შეჭირვებულთ ერევნელთ მისწერეს მეფე ერეკლეს:
„ვინაიდგან მიიღებთ ხარკსა და ვართ მორჩილებასა ქვეშე თქვენსა, გაქვსთ ვალი და თანამდებობა, რათა განგვათავისუფლოთ ესე ვითარისა მძლავრის ხელისაგან“ და სთხოვეს, მოგვეშველეო.
მეფე ერეკლე სამი ათასის ჯარით დაუყოვნებლივ მიეშველა ერევნელთ (სხვა ჯარსაც ელოდა ქართლიდგან).
მაგრამ სანამ ერეკლე შემწეობას მისცემდა ერევანს, ავღან-სპარსელებს დაეპყრათ მთელი ერევნის სახანო და ყარაბაღი და თვით ერევანს გარ-შემორტყმოდნენ, მხოლოდ ეჩმიაძინი-ღა გადარჩენოდა მტერს.
ერეკლეს მოსვლა რომ გაიგეს მტრებმა, მოერიდნენ ქართველებთან ბრძოლას; მუსა-ხანმა პირ-და-პირ ომი ვერ გაჰბედა ერეკლესთან და აჰყარა ჯარი ქალაქის ზღუდითგან. დამშეულნი ერევნელნი ციხიდგან გამოვიდნენ და ერეკლეს მადლობა გადუხადეს.
მეფემ აავსო სურსათითა ქალაქი (ათი ათასი კოდი პური გაუგზავნა ქალაქელებს) და თვით ერევნის ახლოს, ყარაბულაღის მაღლობზე დადგა (ყარაბულაღი 12 ვერსზეა ერევნიდგან, შვენიერი ჰავა აქვს და კარგი საგრილობელი ადგილია).
აქედგან დაუწყო დევნა ერეკლემ სპარს-ავღანელებსა და არეზის (არაქსის) გაღმა გაჰყარა მტრები.
ეს ამბავი შეიტყო აზატ-ხანმა, განძვინდა და, რა გაიგო სიმცირე ერეკლეს ჯარისა, განიზრახა სრულიად მისი ამოწყვეტა და საქართველოს დარბევა. ამ აზრით მან ჩქარად შემოიკრიბა მთელი თვისი ჯარი ორმოც ათასამდე (ამაში 12.000 შუბოსანი), 24 ზარბაზნითა და ორასის ზამბულაკით (фалконеть). ზამბულაკები აქლემებსა ჰქონდა აკიდებული (თითო აქლემს ორ-ორი ზამბულაკი).
ამ ჯარით აზატ-ხანი მსწრაფლად მოადგა ერევანს და საღამო-ჟამს გარნიჩაის ნაპირებზე დაბანაკდა, ერეკლეს ბანაკიდგან ოცს ვერსზე.
ეს ამბავი იყო ივნისს, 1752 წელს.
მეორე დღეს უნდოდა უეცრად თავს დასხმოდა ქართველებს.
გაიგო ეს ქართველმა ჯარმა და შეშინდა. ესრეთს დიდ ჯარს უეცრად არავინ ელოდა და წინააღმდეგობა შეუძლებელი იყო, რადგან ერეკლეს ჯარი სამი ათას მეომარს არ აღემატებოდა.
მაშინ მეფემ დანიშნა სამხედრო რჩევა და თათბირი. უმეტესობამ დაბრუნება არჩია, მაგრამ მეფე არ დათანხმდა და არ ინება დაბრუნება:
„იცოდეთო, სთქვა ერეკლემ, მე აზატ-ხანის შეუბმელი არ დავრჩებიო: ამაღამ რომ გავიქცეთ, ხვალ გზაზედ მოგვეწევიან, და უნამუსოდ სიკვდილს ნამუსიანი სიკვდილი სჯობსო; ეს ხომ ყველამ ვიცით, რომ სიკვდილის შვილნი ვართ და ჩვენს გვარსა და სახელსა ორის დღის სიცოცხლისთვის ნუ მოვაყივნებთო“.
რამდენიმე თავადი ემოწმა მეფეს და ამ სახით დაამტკიცეს ომი პირის-პირ აზატ-ხანის ჯარისა.
მაშინ მეფემ თვის ჯარს დაჰხედა; აღმოჩნდა, რომ სამი ათასის ჯარის კაცთაგან ხუთასი ავად-მყოფი იყო, ხუთასიც მეფემ ბარგსა და ბარხანას მიუჩინა, ხუთასამდე თათრებიც რეულიყო ერეკლეს ჯარში, ამათ არ ენდო და განაცალკევა ჯარისაგან. დარჩა სულ ათას-ხუთასი ქართლ-კახელი.
ამ ერთის მუჭა ჯარით მეფე დაიძრა პირ-და-პირ აზატ-ხანის ჯარისაკენ შესაბმელად. მცირე მანძილი რომ გაიარეს, მეფემ შეაყენა ჯარი, ჩამოხტა ცხენიდგან, მხურვალედ ილოცა, მერე მოუბრუნდა ჯარს და უთხრა:
„ვინა ხართ ვაჟ-კაცი, ეს არის ჟამი გულოვნობისა; თავი ჩემი დამიდვია საკვდავად და მე აქედამ ხმალ-მოუქნეველ არ გავალო“.
ჯარმაც შეჰღრიალა მეფეს, რომ თვისს სიცოცხლეს არავინ არ დაზოგავსო.
მეფემ კვლავ სთქვა:
„შვილნო ჩემნო და ძმანო... ჩემთვის და ჩემის გაძლიერებისათვის იხოცებით და მე ღმერთთან დიდი მოვალე ვარო და დღეს რაც მე გითხრათ, ის დამიჯერეთო და სისხლსა თქვენსა მე ვინდობო“.
ჯარმა ერთ-ხმად შეჰფიცა მეფეს:
„სისხლი ჩვენი თქვენთვის შემოგვიწირავს და თქვენს ნებას აღვასრულებთო“.
მაშინ მეფემ უბრძანა ჯარს:
„სანამ მე ცხენზე არ შევჯდე, თქვენც ნურავინ შესხდებითო და სანამ ჩემი თოფი არ გავარდეს, თქვენც თოფს ნურვინ ისვრითო“.
ჯარმა ერთობით აღუთქვა ნაბრძანების აღსრულება.
მაშინ ერეკლე დაქვეითებული გაუძღვა 1. 500 კაცს ჯარსა; ყველანი, მეფის მაგალითით, დაქვეითდნენ, ცხენები მიჰყავდათ აღვირით.
ჯარი წყნარად, ნელ-ნელა მიდიოდა გათენების დროს პირ-და-პირ აზატ-ხანის ლაშქარზე და, სადაც უდიდესი დასტა იყო აზატ-ხანისა, იქით მიმართა მეფემ. ეს რომ გაიგეს აზატ ხანის ბანაკში, ეუცხოვათ, არაფრად ჩააგდეს ერთი მუჭა ჯარი და მთელი ლაშქარი ოთხივე მხრით გარს შემოერტყა ქართლ-კახელებს, რომელნიც კვლავ ნელ-ნელა მიდიოდნენ წინ.
შემდეგ შეჩერდა მეფე და მისი ჯარიც. მტრებმა ალყა შემოარტყეს ქართველებს და ისე დაუახლოვდნენ, რომ შუბი აღარ გაიმართებოდა მათ შორის. მტრებს უნდოდათ ერთობრივ ცოცხლად შეპყრობა ქართველებისა, რომელნიც თოფით ხელში ელოდნენ ერეკლეს ბრძანებას.
ერთმა გაკადნიერებულმა აზატ-ხანის ხელ-ქვეითმა ხანმა მოახსენა შაჰს:
„დასტურ მეც, რომ წავიდე და მეფე ირაკლი ცოცხლივ შეპყრობილი მოგართვაო. მან ნება მისცა. ეს ხანი ცხენის ჭენებით შუბით ხელში მსწრაფლ დაუახლოვდა ქართველებს და ხმა მაღლა დაიძახა:
„ჰამამან ჰანიერ ირაკლი ხან!“ (ესე იგი: სად არის ირაკლი მეფეო).
მაშინ ერეკლე მკვირცხლად მოუბრუნდა მას და შესძახა:
„მე ვარ ირაკლი მეფე!“
და იმავ წამს გავარდა მეფის თოფი, მოხვდა გულში ხანს და გადმოვარდა ცხენიდგან, ერეკლეს წინ.
ერეკლეს თოფთან ერთად იგრიალა ათას-ხუთასმა თოფმა ქართველთამა და მტერთაგანი ვინც ახლო იდგა, ყველა მიწაზედ გაიშალა, მაშინ მეფე მკვირცხლად შეჯდა ცხენზედ და ხმა მაღლა უბრძანა ხმალ-და-ხმალ დარეოდნენ მტრებს.
ქართველთ ხმალს ხელი იკრეს და მიეტივნენ ზარ-დაცემულ მტრებს. შეჰკრთა აზატ-ხანის ჯარი. გაიქცა ეს დიდი ჯარი და სიდიდისაგან ძლივს იძროდა მთიან ადგილში.
დაერივნენ ქართველნი და ჰკაფეს ხმალ-და-ხმალ, 48 ვერსი ხოცვით უკან სდიეს, ამოსწყვიტეს დიდ-ძალი და განფანტეს და განაბნიეს დანარჩენნი.
მთელი ბანაკი მეფეს დარჩა: 24 ზარბაზანი, 200 ზამბულაკი, თავისის ასის აქლემით, ორი ათას ხუთასი კარავი, ბევრი ბაირაღები, თვალ-მარგალიტი, ბარგი, ტყვეები და საქონელი იმდენი, რომ ქართველებს ზიდვა ვერ შეეძლოთ.
ძვირფას ქვებში ერეკლეს ერგო მსხვილი მარგალიტი აზატ-ხანისა, რომელსაც 1795 წ. აღა-მაჰმად-ხანი ერეკლესა სთხოვდა შესარიგებლად.
დაღლილმა ჯარმა მოისვენა იქ, საცა ასეთი სახელოვანი ომი გადაიხადა. ერეკლეს დაუდგეს აზატ-ხანის მდიდრული კარავი. მოვიდნენ ხანები (ერევნისა, ნახჩევანისა და სხ.) და მიულოცეს გამარჯვება.
ტფილისში მახარობელი გაჰგზავნეს. შეიქნა ლხინი და მეჯლიში ტფილისში მეფე თეიმურაზის (ერეკლეს მამა) სასახლეში, ქალაქი ჩირაღდნით და შადლუხით იყო განათებული და ბაზარი მორთული მრავლ-ფერად. ზარბაზნების სროლით მიწა ინძრეოდა და ქალაქი კომლისაგან აღარა სჩანდა.
გასაოცარი მხნეობა გამოიჩინეს ამ ომში თვით მეფემ და ზაალ ორბელიანმა.
წყარო - გაზეთი „ივერია“, 1886 წ.