ჟორჟ ბრასენსი - მოკვდე იდეისთვის

მოკვდე იდეისთვის – იდეაა კარგი.
მე კი უიდეოდ ყოფნამ მომინელა.
თუკი ვინმეს ეპყრა იდეების თარგი,
საომარი ჟინით თავს დამატყდა ყველა.
დამარწმუნეს, და მეც ვაღიარე მოკლედ
ცდომილება ჩემი და მივენდე მასას,
თუმც პირობა ერთი წავუყენე მასაც:

მოვკვდეთ იდეისთვის, ოღონდ ნელა მოვკვდეთ.

ნუ ვიჩქარებთ გზაზე. ამ გზაშია გემო
ამქვეყნიურ ყოფის სიამეთა განცდის.
სიცოცხლეს ხომ ხშირად, აჩქარების გამო,
იმ იდეას ვწირავთ, ხვალ რომ ყავლი გასდის.
და ვიხილავთ როცა საიქიოს კბოდეთ,
რა იქნება, განა, იმ გრძნობაზე მწარე,
რომ იდეა ჩვენი აღმოჩნდება მცდარი?!

მოვკვდეთ იდეისთვის, ოღონდ ნელა მოვკვდეთ.

წმინდა ოქროპირნი მოუხმობენ მარტვილთ
და იმქვეყნად თავად არ ჩქარობენ წასვლას.
მოკვდნენ იდეისთვის – მიზეზია მათთვის
ამქვეყნიურ ტკბობის, არ იკლებენ რასაც.
შეიძლება, თვალში ისეთებიც მოგხვდეთ,
ტოლს რომ არ უდებენ წლებში მათუსალას
და უმხელენ ერთურთს საიდუმლოდ ამას:

"მოვკვდეთ იდეისთვის, ოღონდ ნელა მოვკვდეთ!"



იდეათა გროვა თავგანწირვას ითხოვს
და სექტებიც რაზმებს ამზადებენ მისთვის.
ახალბედა მსხვერპლი სვამს ერთადერთ კითხვას:
"მზად ვარ მოვკვდე, ოღონდ – რომელ იდეისთვის?"
და რადგანაც ერთურთს გვანან სიბობოქრით,
ერთნაირი გზნებით აღელვებენ ალამს,
ბრძენი ეჭვით უცქერს ყოველივე ამას.

მოვკვდეთ იდეისთვის, ოღონდ ნელა მოვკვდეთ.

სიკვდილს რომ მოჰქონდეს სამუდამო ზავი,
რაც აქ ძალადობას და ომს გუნდრუკს ვუკმევთ,
რაც აქ სისხლი ღვრილა და მოჭრილა თავი,
ამქვეყნიურ ედემს ავაგებდით უკვე.
მაგრამ ოქროს ხანა მას არასდროს მოსდევს,
კვლავ სწყურიათ ღმერთებს, სისხლს ითხოვენ ახალს
და ერთ სიკვდილს ბევრი სხვა სიკვდილი ახლავს...

მოვკვდეთ იდეისთვის, ოღონდ ნელა მოვკვდეთ.

მოციქულნო, იქნებ თქვენი ჯერიც დადგა!
წადით, მოკვდით თავად, დაგვითმია რიგი.
სხვებს აცალეთ ოღონდ აქ სიცოცხლე, რადგან
მათი ერთადერთი ქონებაა იგი!
სიკვდილი ხომ თავის ცელს ისედაც მოგვდებს,
ჩვენგან წაქეზება არ სჭირდება სულაც.
ფარდა – სასაკლაოს ამ სევდიან სურათს!

მოვკვდეთ იდეისთვის, ოღონდ ნელა მოვკვდეთ.

თარგმანი ფრანგულიდან - ბაჩანა ჩაბრაძე