გულაგის 20 მცნება |

ალექანდრე სოლჟენიცინი „არქიპელაგი გულაგის“ ბოლოთქმაში აღნიშნავს: „ვარლამ შალამოვს შევთავაზე - ერთად დაგვეწერა მთელი ეს წიგნი, მაგრამ უარი მითხრა“.

შალამოვი ასე ამბობდა: „მე იმდენად ვწერ ლაგერზე, რამდენადაც ეგზიუპერი - ცაზე, მელვილი - ზღვაზე“; „რომანი მოკვდა და ამქვეყნად ვერავითარი ძალა მკვდრეთით ვერ აღადგენს ამ ლიტერატურულ ფორმას. ადამიანებს, რომლებმაც გამოიარეს რევოლუციები, ომები და კონცლაგერები, არაფერი ესაქმებათ რომანთან. გამოგონილი ცხოვრების აღწერა, ხელოვნური კოლიზიები და კონფლიქტები აღიზიანებს მკითხველს“.

გულაგის 20 მცნება 


• პატიმრისთვის ნომერი უბედურებაა და მეტი არაფერი; ზედამხედველი შორიდანვე გიცნობს ნომრით, ბადრაგიც ჩაგიწერს, ხოლო თუ დროულად არ გააახლებინე მხატვარს, კარცერში ჩაგსვამენ - ნომერზე რატომ არ ზრუნავო.

• ბანაკში ის იღუპება, ვინც ჯამების ლოკვას იწყებს, ვინც სანიტნაწილის იმედითაა და ვინც ნათლიასთან - ოპერრწმუნებულთან დაძვრება, რომ ხალხს უბოზოს.

• თუ ძილს არ ჩავაგდებთ, პატიმარი საკუთარი თავისთვის დილით საუზმეზე ათ წუთს, სადილად ხუთ წუთს და ვახშმადაც ხუთიოდე წუთს ცხოვრობს მხოლოდ.

• პატიმრისა ფიქრიც არ არის ლაღი. იმას უბრუნდება ნიადაგ, იმას ჩაჰკირკიტებს: ლეიბში გადამალულ პურს ხომ ვერ მიაგნებენ? საღამოს სანიტნაწილი გამათავისუფლებს თუ არა? ჩააჯენენ თუ არ ჩააჯენენ კაპიტანს? ცეზარმა როგორღა მოახერხა თბილი საცვლის ხელზე მიღება? ალბათ, პირადი ნივთების საწყობში შეკერა ვინმე, აბა, როგორ?

• ბანაკში ბრიგადირი ყველაფერია. კარგი ბრიგადირი მეორე სიცოცხლეს გაჩუქებს, ცუდი - სამარეში ჩაგაწვენს.

• ბანაკში დღეები ისე გაიქროლებს, თვალს ვერ მიატან, ხოლო გადასახლების ვადას მაინც არაფერი აკდლება, ერთ ადგილზეა მუდამ.

• პატიმრის სტომაქი ყველაფერს ითმენს: როგორმე დღეს გავძლოთ და ხვალ სულს მოვითქვამთ. მთელი ბანაკი ამ ოცნებით იძინებს.

• ვინაა პატიმრის უმთავრესი მტერი? მეორე პატიმარი.

• კარცერში ათ დღეს ჯდომა იმას ნიშნავს, საბოლოოდ და სამუდამოდ დაკარგო ჯანმრთელობა. ჭლექი შეგეყრება და მერე ვეღარც გამოხვალ საავადმყოფოდან. ხოლო ვინც თხუთმეტდღიანი კარცერი მოიხდინა, ისინი მიწაში წვანან უკვე. ვიდრე ბარაკში გაქვს ბინა, ღმერთს მადლი შესწირე და ეცადე, არსად ჩავარდე!

• პატიმრები საათს ვერასდროს ვერ ნახულობენ, ან რა ჭირად უნდათ საათი? პატიმარს მხოლოდ იმის შეტყობა უნდა, თუ როდის დაჰკრავს ადგომის ზარი, ან სამუშაოზე რამდენ ხანში გაიყვანენ, ან სადილი თუ იქნება მალე, ან კიდევ ძილის ზარი.


***


• „პოლიავიტამინოზი“, „პელაგრა“, „დიზინტერია“, „სურავანდი“. ლაგერში არავის არ სურს, რომ წარმოთქვას სიტყვა „შიმშილი“!

• ქვეცნობიერი სიმპათიები თუ ანტიპათიები ლაგერში უფრო სწრაფად, უყოყმანოდ, შეუცდომლად ჩნდება, ვიდრე „გალიის“ გარეთ. კაცს კაცისათვის ჯერ ორი სიტყვაც არ უთქვამს და უკვე გრძნობენ ორმხრივ სულიერ სიახლოვეს, ან მტრობას, ან გულგრილობას, ანდა სიფრთხილეს.

• ლაგერში ტანსაცმლით როდი აფასებენ კაცს.

• პატიმართა ყოფა-ცხოვრებაში, ლაგერი იქნება თუ ციხე, დავა ატყდება ხოლმე რაღაც წვრილმანებზე, ლანძღვა-გინება მყისვე ისეთ გრადუსს აღწევს, რომ იფიქრებ - მომდევნო საფეხური შეიძლება იყოს დანა ანდა, უკეთეს შემთხვევაში, რკინის კეტი. მე მალე ვისწავლე, დიდი მნიშვნელობა არ მიმენიჭებინა ამ ფუშფუშა ლანძღვა-გინებისათვის. მხურვალება სწრაფად ორთქლდებოდა და თუკი ორივე მოდავე ზანტად განაგრძობდა კინკლაობას, ამით ჩვეულებას უფრო უწევდნენ ანგარიშს, ვიდრე თავმოყვარეობას.

• ლაგერში ბევრი ირჯება (და არცთუ წარუმატებლად), რომ უფრო ხნიერი და ფიზიკურად სუსტი გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია. ყოველივე ეს ყოველთვის როდი კეთდება შეგნებულად, არამედ როგორღაც ინსტინქტურად. ცხოვრების ირონია ისაა, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი, რომელიც წლებს იმატებს და ძალღონეს იკლებს, მისულია კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობამდე, ვიდრე სურთ მოგვაჩვენონ.

• ჩვენი შური, შიმშილის გამოისობით, ისეთივე ჩლუნგი და უძლური იყო, როგორც ყოველი სხვა გრძნობა. ჩვენ აღარ შეგვწევდა ძალა გრძნობებისათვის, აღარ შეგვწევდა ძალა საიმისოდ, რომ გვევლო, გამოგვეკითხა, გვეთხოვნა... მხოლოდ ნაცნობებისა გვშურდა, იმათი გვშურდა, ვისთანაც ერთად მოვევლინეთ ამ სამყაროს. იმათი გვშურდა, ვინც მოახერხა მოწყობა სამუშაოზე კანტორაში, საავადმყოფოში, საჯინიბოში - იქ არ იყო მრავალსაათიანი, მძიმე ფიზიკური შრომა, რომელსაც ხოტბას ასხამდნენ კონცლაგერის ყველა კარიბჭის ფრონტონზე, როგორც გმირობისა და სიმამაცის საქმეს.

• ლაგერში ყველაზე ადრე ახოვანი კაცები იხოცებიან. მძიმე შრომის ჩვევა ვერავის შველოდა. უღონო ინტელიგენტი უფრო დიდხანს ძლებდა, ვიდრე გოლიათი კალუგელი - მიწისმთხრელთა მოდგმისა, - თუკი მათ ერთნაირად კვებავდნენ, ლაგერის ულუფის შესაბამისად.

• სამუშაოზე მიგვერეკებოდნენ ყოველგვარი სიების გარეშე, ჭიშკარში ხუთეულებად გვყოფდნენ, მუდამ ხუთეულებად დაგვაწყობდნენ ხოლმე, ვინაიდან გამრავლების ტაბულა სხაპასხუპით ყველა ბადრაგმა როდი იცოდა. ნებისმიერი არითმეტიკული მოქმედება, რომელსაც ჩაატარებ ყინვაში და თანაც ცოცხალ მასალაზე, - სერიოზული რამ არის. პატიმართა მოთმინების ფიალა შეიძლება ანაზდად აივსოს და უფროსობა ანგარიშს უწევდა ამ გარემოებას.

• ბრიგადული შრომის რამდენიმე კვირა საკმარისი იყო იმისათვის, რომ გაქცევა ვეღარც კი დაგსიზმრებოდა.

• ლაგერში პატიმარს შიგნით ყველაფერი ამომწვარი და გაპარტახებული აქვს, მისთვის ყველაფერი სულერთია და ხვალინდელი დღის იქით გეგმებს არც აწყობს.