ზურა ჯიშკარიანი - საღეჭი განთიადები: უშაქროდ

„რეალობა უკვე კარგა ხანია დაინგრა, მისი ხვრელებიდან ყოველდღიურად ჟონავს ქაოსი... მეშიახი კი აუცილებლად უნდა მოკვდეს. ეს ჩემი სტილია. მხოლოდ ასეთ სიკვდილს აქვს ძალა - შვას რევოლუციები. თან, ავატარები შეიძლება მოკვდნენ, მაგრამ გეიმერები არ კვდებიან“. 


„თუ ცეკვა ჭეშმარიტია, ის აუცილებლად რევოლუციით მთავრდება, თუ არა და დილისკენ ადამიანები ტოვებენ კლუბებს მწარე ატხადნიაკით და მელანქოლიით იმის გამო, რომ რევოლუცია ისევ არ შედგა“. 

„საღეჭი განთიადები უშაქროდ“ ზურა ჯიშკარიანის სადებიუტო რომანია, რომელიც კიბერპანკის ჟანრს განეკუთვნება და არეული ალგორითმების გამო, ციფრულ სამყაროში შემდგარი მეორედ მოსვლის შესახებ მოგვითხრობს. სანამ სასულიერო პირები რეალობას ჰაკავენ, რომ იქნებ რამენაირად შეაჩერონ პროცესი, „მოგზაურთა“ ჯგუფი მობილიზებას იწყებს, რათა სიმულაციაში გამომწყვდეული მესია დაიხსნას“. 

ზურა ჯიშკარიანი პირველად მუსიკალური პროექტში „Kung Fu Junkie“ გამოჩნდა. წარმატებული აღმოჩნდა მისივე შექმნილი პირველი ქართულენოვანი ჩეთბოტი „კიბერ გალაკტიონი“. დღეს ზურა რამდენიმე გამოცემისთვის წერს, არის ჩეთბოტების დიზაინერი და ჰიპ-ჰოპ დუეტ kayakata-ს ერთ-ერთი წევრი. 

***

მადლობა ინსპირაციისთვის საშა შულინგს, ჩინურ ლაბორატორიებს და საქართველოს ფოსტის კურიერს. 

მადლობა სათაურისთვის ზაზა კარამაზოვას.

მადლობა ტომს.

გრინჩის ხსოვნას.


***

ჩვენ ნელ-ნელა ვკარგავთ ვარსკვლავიან ცას, რაც ადამიანობის დაკარგვის ტოლფასია.

***

თურმე პატარა დელფინი ღამის კოშმარებში იძახიან: - ზვიგენი, დედა, ზვიგენი!

***

თბილისის ურბანული გარემო კარგად გამოხატავს აქ მცხოვრებთა სულს - ეს შეპირკეთებული ფასადები, რომელთა უკანაც ნანგრევებია და ოდესმე მომავლის არქეოლოგები წვიმისგან წარმოქმნილ ტალახში იპოვიან მიმოყრილ შპრიცებს, იაფფასიან განდონებს და ბომჟების ძვირფას კრისტალებად გადაქცეულ მძღნერს.

***

ყველაზე საინტერესო, როცა არაფხიზელი მოძრაობ ქალაქში, ისაა, რომ შენ პერიოდულად უჩინარდები, წყდები რეალობის ქსოვილს. შენი სხეული თითქოს აქაა, დადის სხვებივით, მაგრამ შენ თვითონ, შენი გონებით არ ხარ ამ სხეულში, შენი ცხოვრება სხვაგანაა, სხეული კი შენი ავატარია, ქუჩაში მოძრავი სოციალური ანდროიდი - შეგიძლია დაქოქო, დორშა დააჭერინო ხელში და გაუშვა სათამაშოსავით. ივლის, სანამ არ დაენძრევა.

უნდა დაუტოვო რამე მარტივი დავალება, მაგალითად: - დამიძახე, ზებრაზე გადასვლას რო დააპირებ. და სანამ ანდროიდი დავალებას ასრულებს, შეგიძლია, ფიქრებით ცოტა ხნით გაფრინდე. რეალურად შენ, როგორც გონება, არ მიდიხარ ა-დან ბ წერტილამდე, ეს არ არის მგზავრობა, შენი სხეული-ანდროიდი უბრალოდ იძახებს ცნობიერებას, როცა შემდეგი ინსტრუქციები სჭირდება და შენ აქ, რეალობაში მხოლოდ კადრებად ხარ წარმოჩენილი, დროებით, შემდეგი ინსტრუქციების მისაცემად.

უბრალოდ, ხშირად ხდება, რომ იმ სიშორეზე გადიხარ, სადღაც რთულად აღწევს ანდროიდის ზარი ან დაგვიანებით მოდის და დაბრუნების შემდეგ ანდროიდის სხეულთან სინქრონიზაციისთვის გარკვეული დრო გჭირდება.

***

პანიკა ყოველთვის იყო. სამყარო მასში ჩაისახა. დიდი აფეთქება აფექტური მდგომარებაა. სამყარო ცხოვრობს ამ პანიკით. ბუნების ხმები, რომელიც ასე ამშვიდებს მთებში დასასვენებლად წასულ ადამიანს - სინამდვილეში პლანეტარული პანიკის ხმაა, პატარა მწერებისა და ბაქტერიების თვითგადარჩენის, ბრძოლებისა და სიკვდილის ძახილი.

***


დავაკვირდი: ყველაფერი, რასაც ეჩვევი, რატომღაც ყლევდება და გავიწყდება, მაგალითად, ცხოვრება, სუნთქვა, არჩევნები.

***

როცა შენთვის არ სცალიათ - საყოველთაოდ წარმოდგენების მიუხედავად, მინდა გითხრათ - დიდი ფუფუნება და პრივილეგიაა.

***

თავიდან ყველაფერი ზღაპარს ჰგავს. სუპერმეგობრები, შემოსავლიანი ბიზნესი, სიამოვნების პიკები. მინეტები, ხილვები, ცეკვები, ატხადნიაკები. თავი სამყაროს ცენტრი გგონია, ყველა მნიშვნელოვანი პირი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და აკრძალული ნივთიერება შენ გარშემო ცეკვავს, როგორც ვარსკვლავები კრიშნას გარშემო. პოლიცია არ არსებობს და არ არსებობს გარე სამყარო, ზღაპარი თვალწარმტაცი და უსასრულოა. მერე სადღაც, რომელიღაც ეტაპზე ვიღაცას ენძრევა, ან ვინმე შენძრეული ჰაკერი ყველას ყველაფერს გატეხავს, ან შენ ჩაიდენ რამე საქციელს, მაგ. ძალიან ავ პოლიციელს ცოლს მოუტყნავ (არაერთხელ), და შედეგებზე პასუხიც არ აყოვნებს. ასე გახსენდება „რეალობა“ - მთავარი ნარკოტიკი, რომელზეც ყველა ზის და ამას არ აღიარებს.

ერთი პატარა ვირუსი, და ყველაფერი ინგრევა: მეგობრები პროჭდებიან, ნარკატა მოტეხილია, ფული სადღაც გაქრა და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ცდილობ, ზღაპრის ილუზია შეინარჩუნო, სანამ უცებ არ აღმოჩნდები მაგ., რამაზიკო კინგკონგის კონსპირაციული მიზნებით ნაქირავებ კიდევ ერთ ბინაში, სადაც ის ახალგაზრდა სპორტსმენებს და ესტრადის ვარსკვლავებს ატყვნევინებს ხოლმე თავს შაბათ საღამოს და საწოლში სპერმის სუნია, უნიტაზი გატეხილია, ნახევარი ქალაქის პოლიციას შენი დაჭერა და ჩაძაღლება უნდა, მეგობარს მისტერ რექსის ნიღაბში გაეჩხირა თავი, სამსუნგის პრიალა ტელევიზორი კი მხოლოდ რამდენიმე თემას ატრიალებს:

ინტერნეტმომხმარებლების მესიჯებისა და პირადი მონაცემების უპრეცედენტო გასაჯაროებამ ქაოსის დიდი ტალღა გამოიწვია: ქმრები კლავენ ცოლებს, ცოლები - ქმრებს, ბავშვები აშვებულები არიან და კლავენ ყველას. პუტინი ბირთვული ბომბებით იმუქრება, ევროპის ქალაქებში სამოქალაქო ომია გაჩაღებული...

უკანასკნელი ცნობებით დანამდვილებით მტკიცდება, რომ ვეფხვი, რომელიც ვაკეში შენიშნეს, სინამდვილეში ვეფხვი არ იყო.

გლდანის საშაურმესთან ორმა მოზარდმა ე.წ. სპიცებით სამი მგელი დაჭრა. შეგახსენებთ, მგლები მიკროდასახლებების მიმართულებით გაქცეულები შენიშნეს.

დაჭრილი ცხოველი საშიში და უკონტროლოა.

***

ომი, კატასტროფები, დღესასწაულები ყოველთვის მახსენებს ტკბილ ბავშვობას და ერთმანეთს ჰგავს - მარტო ამ დროს ხდება, რომ ყოველდღიურობის რუტინა ყირავდება, ჩვეული წესები აღარ მოქმედებს, სოციალური ნიღბები ძალას კარგავენ და შეგიძლია ნახო ნაცნობებისა და უცნობების ნამდვილი სახეები. ის, რაც ამდენ წელს ნიღბის ქვეშ იმალებოდა - მონსტრი ყოფილა. ასე დროს ეგრევე ჩნდებიან ყველა სახისა და ჯურის სპეციალისტები, მესიები, წინასწარმეტყველები - ყველა, ვისაც გადარჩენის საკუთარი რეცეპტი აქვს, მაგრამ საბედნიეროდ, ცოტა ხნით მაინც, არავის რჩება შანსი, თავი მოიტყუოს, თითქოს ჰარმონიულ, დალაგებულ და გემრიელ სამყაროში ვცხოვრობთ. არა, აი, ეს ქაოსია სამყაროს ნამდვილი სახე, სადაც ყოველი ყვავილის უკან თავის ქალა დევს და ყოველი თავის ქალის უკან ყვავილების მინდვრებია ზედ ელექტროანძებით - და ახლა თქვენ ვერ შეძლებთ, დაემალოთ მის მზერას, თქვენ თვალი უნდა გაუსწოროთ მას. თან გულწრფელები რო ვიყოთ, თბილისი ისედაც ერთი დიდი ზოოპარკია, წითელ წიგნში შესატანი ადამიანის ჯიშებითა და არქიტექტურით.

***

ერთხელ, ბავშვობაში, რაღაც დავაშავე, ბიძაშვილმა მიწაზე დამაგდო და პირში თოვლს მტენიდა:

- ჭამე თოვლი! ჭამე თოვლი! თოვლის ჭამა ჯობია მძღნერის ჭმას! - ასე ყვიროდა, რო რაღაც მნიშვნელოვანი აზრი მოეტანა ჩემამდე.

დღემდე არ მახსოვს, რას მეუბნებოდა, ვიხრჩობოდი და ვერ დავიმახსოვრე. აი, ასე შეიძლება გაგეპაროს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რაღაცეები ან სამყაროს მთავარი საიდუმლო.

***

ყველა ადამიანს აქვს გარკვეული საბაზისო ხასიათი: როცა ყველა სხვა ემოცია იფანტება და ის არანაირ ხასიათზეა - მასში ირთვება საბაზისო ხასიათი. თუ დაადგინე ადამიანის საბაზისო ხასიათი, გეცოდინება, თუ როგორ გრძნობს ის თავს, როცა ხალხი სახლებში მიდის დასაძინებლად და თვითონ მარტო რჩება თავის შიშებთან და ნარკოტიკებთან.

***

საიდუმლო ყოველთვის წარმოშობს ახალ საიდუმლოებებს, საიდუმლო ორგანიზაციები კი ადრე თუ გვიან ისე იხლართებიან ტყუილისა და სიმართლის ლაბირინთებში, რომ რეალურად აღარავინ იცის, ვინ ვისზე მუშაობს და ვის საქმეს აკეთებს, ან რა ხდება სინამდვილეში მსოფლიოში. რეალობა საბოლოო ჯამში ამ შეთქმულებების პროექციად იქცევა.

***

რატომ სჭირდება ღმერთს დახმარება? რატომ უშვებს შეცდომებს, რომლებიც მერე ჩვენ უნდა გავასწოროთ? რატომ იქცევა მარტოხელა ბავშვივით? ღმერთი ბავშვია?

***

თუ სიგიჟე ერთხელ დაიწყო, არასოდეს მთავრდება. ნიუტონის კანონია ფაქტობრივად.