ალფრედ სისლეი - გაუბედავი პოეტი მხატვრობაში

იმპრესიონისტების მთელი ჯგუფიდან, სისლეი, როგორც ადამიანი, თითქოს ბურუსით არის მოსილი. სიცოცხლეში სისლეის არ ღირსებია თავისი ღირსებების აღიარება როგორც მხატვარს და პოეტს მხატვრობაში; იგი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ „აღმოაჩინეს“ და ამ აღიარებამ დიდი აღტაცება და დისკუსია გამოიწვია.

***

კორომ, კურბემ, პისარომ, რენუარმა და უწინარეს ყოვლისა, მონემ ბევრი რამ ასწავლეს მას. სისლეის კი არასოდეს არავისთვის არაფერი უსწავლებია, აქედან - მისი განკერძოებულობა ყოველდღიური პრობლემებისაგან, მისი გაუბედაობა სხვათა მიერ ახალშემოღებული ხერხების შეთვისებისას და თავშეკავებულობა, რომელიც ნებას არ აძლევდა მას, უკიდურესად გამოევლინა საკუთარი ღირსებები.

***


მონესაგან განსხვავებით, რომლის ხელოვნებასაც ისეთი მონუმენტური ადგილი უჭირავს სტილის საერთო განვითრებაში, რომ ერთგვარად თრგუნავს კიდევაც მისი შემქმნელის პიროვნებას, სისლეის არ აინტერესებს არაფერი, გარდა იმისა, რომ შეძლებისდაგვარად მოფერებოდა ფერთა ტონებს. მოკლედ რომ ვთქვათ, იგი ერთი „პატარა ოსტატთაგანი“ იყო. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ფერწერაში ცნება „პატარა“, თუ იგი „ოსტატთან“ არის დაკავშირებული, არ გამორიცხავს მის აბსოლუტურ ღირებულებას.

***

1862 წელს, სისლეი პარიზში რომ დაბრუნდა, გლეირის სასწავლებელში დაიწყო მეცადინეობა, სადაც მონე, რენუარი და ბაზილი გაიცნო, რომლებთან ერთადაც 1863 წელს სოფელ შაიში გაემართა სამუშაოდ, ფონტენბლოს მახლობლად. 1866 წელს იგი მარლოტში მუშაობს რენუართან ერთად, 1867 წელს - ონფლერში, ბაზილთან ერთად. 1866 წელს მისი სურათები სალონში მიიღეს, მაგრამ ამ სურათებს არც ზოლა ახსენებს, არც ტორე და კასტანიარი. საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს სისლეი, როგორც ინგლისის მოქალაქე, ლონდონში გადასახლდა, სადაც დიურან-რუელთან დაამყარა კონტაქტი, რომელმაც 1871 წელს მისი ორი სურათი გამოფინა, ხოლო სამი სურათი თავისი 1873 წლის გალერეის კატალოგში შეიტანა.

სწორედ ამ წელს გამოითქვა პირველი კრიტიკული აზრი სისლეიზე და მისი სურათები მონესა და პისაროს სურათებთან იქნა შედარებული. არმან სილვესტრის აზრით, ამ სამი მხატვრიდან სისლეი „ყველაზე უფრო ჰარმონიული და ყველაზე უფრო გაუბედავია“. ტეოდორ დიურე კი სისლეის დეკორაციულობის გრძნობაზე ლაპარაკობს, რაც აკლდა პისაროს.


***

1887 წელს პისარომ თქვა, სისლეის ფერწერა ოდნავადაც არ შეცვლილა: იგი წინანდებურად ხელოვნური და ფაქიზია, მთლიანობაში კი ყალბიო.

***

1890 წელს სისლეის ჯანმრთელობა შეირყა. მან ვერა და ვერ მიაღწია წარმატებას, რასაც მონემ, რენუარმა და პისარომ მიაღწიეს, 1890 წლიდან მოყოლებული სიკვდილამდე სისლეი ბევრ სურათს ფენს ეროვნული საზოგადოების სალონში.

1892 წელს ოქტავ მირბო ასე ახასიათებს მხატვრის ძველ და ახალ ნამუშევრებს შორის განხვავებას გაზეთ „ფიგაროში“:

„მისი ფაქიზი და შთაბეჭდილებიანი ბუნება საშუალებას აძლევს მას დატკბეს გარემომცველი ბუნების მრავალფეროვნებით. ბუნებისაგან მიღებული შთაბეჭდილებები მის სურათებში მეტისმეტად მძაფრი არასოდეს ყოფილა, მაგრამ მრავალფეროვანი და ცოცხალი კი იყო... მის ფერწერაში მეტი მომხიბვლელობა იყო, ვიდრე ძალა, მასში იყო თანდაყოლილი სინატიფე, რაღაცნაირი სიმბსუბუქე, მოხდენილობა და დაუდევრობა, რაღაცნაირი „არაფრად ჩაგდება“, რომელიც გიტაცებდა და პოეტურობას ანიჭებდა დაუმთავრებლობას, ზოგჯერ კი უაღრესად დახვეწილ პოეტურობასაც... უკანასკნელმა სურათებმა, რომლებიც ბ-ნმა სისლეიმ გამოფინა, თითქოს გაგვიცრუა იმედები, თუმცა მხატვარს ყველა ღირსება არ დაუკარგავს. მან შეინარჩუნა ელეგანტურობა, გრაცია და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხედვა. მაგრამ, როგორც ჩანს, იგი დაიღალა, მოიქანცა. მისი ფუნჯი მოდუნდა, ნახატი შესუსტდა. ტილოები, რომლებსაც იგი დღეს გვთავაზობს, - მხოლოდ შორეული ექოა იმ მშვენიერი, ცოცხალი ტილოებისა, რომლებიც ყოველთვის წარმომიდგება თვალწინ ჩემი წინანდელი აღტაცებული მოგონებების წიაღიდან“.

სისლეიმ საპროტესტო წერილით უპასუხა მას:

„თქვენ იმ ხროვის ჩემპიონად იქეცით, რომელსაც ძალიან სურს მიწაზე დანარცხებული მიხილოს. მაგრამ იგი ვერ მიიღბს ამ სიამოვნებას, თქვენ კი არაფერი შეგრჩებათ ხელში თქვენი უსამართლო და ვერაგული კრიტიკით“.

***


როგორც ი.გ. ჰოლი აღნიშნავს: „სისლეიში ორი ადამიანი ებრძოდა ერთმანეთს - მეოცნებე და ტექნიკოსი, და მისმა შემოქმედებამ ამ შინაგანი ბრძოლის კვალი შემოგვინახა“.

***

მხატვარი მორჩილად იყო შეგუებული იმას, რომ „მის სიცოცხლეში დიდების სხივი ვერ გააბრწყინებდა მის ხელოვნებას“.

***

სისლეის ყელის კიბო აღმოაჩნდა. სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო, მონე დაიბარა, რომ გამოსთხოვებოდა მას. რვა დღის შემდეგ, 1899 წლის 29 იანვარს იგი ჩაქრა.











ლიონელო ვენტური - მანედა-ლოტრეკამდე
თარგმნა ლილი კალანდაძემ
გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.