ტიციან ტაბიძე - ზაქარია ფალიაშვილი

ზაქარია ფალიაშვილი იმ თაობას ეკუთვნოდა, რომელმაც მტკიცე საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ მუსიკას.

ქართული მუსიკის მდიდარი ბუნება ჩვენმა კომპოზიტორებმა დაგვიანებით გახსნეს.

შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ჯერ საბოლოოდ არ არის ნაპოვნი ის ძირი, რომელიც ქართულ ხალხურ მუსიკას ასხვავებს მთელ ქვეყანაზე.

ბევრ სხვა აუხსნელ თავისებურებასთან ერთად ქართული ხალხური შემოქმედება გასაოცარია განსაკუთრებით სიმღერაში.

თუ ზოგიერთი ხალხური ლექსი, თუნდაც ყივჩაღის შეხვედრა ქართველ ვაჟკაცთან მუხრანის ველზე, ან და ვეფხვისა და მოყმის ლექსი პირისპირ უსწორდება ა. პუშკინის „დედიბაშს“, ან შილერის ბალადას - უფრო მეტ ინდივიდუალური ოსტატობის ბეჭედს ატარებს „ხასანბეგური“ ან და „ჩელა“.

მუსიკაში დიდი ნაცადი არ უნდა იყოს კაცი რომ სვანურ მზის ამოსვლის საგალობელ „ლილე“-ში ესმოდეს ვაგნერის „ნიბელუნგები“ და სკრიაბინის „პრომეთეს ჰიმნი“.

უმეტესად ნიშნეულია გადმოცემა, რომ რუსეთის გამოჩენილი ფილოსოფოსი ვლადიმერ სოლოვიოვი სიკვდილის წინ ითხოვდა „ლილე“-ს სიმღერას, როგორც ესქატოლოგიას.

ვინ იცის იქნება სკრიაბინსაც, რომ ეცხოვრა სვანეთის მთებში და მოესმინა „ლილე“ და ქალდეას სიმღერა, ჰიმალაის მაგიერ - შეიძლება თეთნულდი ან უშბა აერჩია თავის ფანტასტიურ ტაძრის ასაშენებელ ადგილად, რაზედაც სიკვდილის დღემდე ოცნებობდა.

განა მართლა წარღვნას არ ჰგავდა ტფილისში მურზაყან დადეშკელიანისა და მარგიანის სვანების ქოროს გამოჩენა?

მთელი საბჭოთა კავშირი გააკვირა მაშინ სვანეთის გუნდმა და ეს ტურნე აქამდის დაუვიწყარია.

მხოლოდ ეს სვანეთის მეწყერი უეცრად გაჰქრა ტფილისიდან და ეხლაც არავინ იცის სად დევს ეს მადანი?..

როგორც იტყვიან გენია არ არის ერის მოვალეობა, უფრო მისი ბედნიერებაა - და როგორ უნდა იყოს ასეთი ბედნიერებით განებივრებული ხალხი, რომ ვერ ითვლიდეს ასეთ შედევრებს!..

ამ შედევრებსაც ჰყავს სიმღერის ოსტატები: ათასი დედას ლევანა, ჯიღაური, ათასი აშუღები და აშუღის თუნდაც ისეთი ვარიაცია, როგორიც იყო დანიელა ურია, რომელმაც მთელ იმერეთს მოჰფინა სიმღერით აკაკის ლექსები.

უეჭველია, ასეთი ხალხური შემოქმედებით მდიდარ ხალხს არა ერთი და ორი გამოჩენილი ოსტატი უნდა ჰყავდეს.

ამ სახელებითაც მდიდარია ჩვენი მუსიკა: ნ. სულხანიშვილი, ა. ყარაშვილი, მ. ბალანჩივაძე, დ. არაყიშვილი, ი. კარგარეთელი, მეღვინეთუხუცესი და ნიჭიერი ახალი კადრები.

და მაინც განსვენებულ ზაქარია ფალიაშვილს ერგო ბედად ყოფილიყო თანამედროვე ოპერის პიონერი და დამკვიდრებელი.

„აბესალომით და ეთერით“ იწყება ქართული ოპერის ისტორია.

ნ. სულხანიშვილი ნამდვილი კახელი ორეულია მუსიკაში ნიკო ფიროსმანის, მისი მუსიკალური მემკვიდრეობა ჯერ კიდევ შეუსწავლელია და მისი როლიც შეუფასებელი - ხოლო მისი ჟრუანტელის სიმღერა და უტკბესი კახური კილო მთელ თაობას აღზრდის.

სულხანიშვილი მაინც ვერ გასცილდა კახურ კილოს, ისე როგორც იმერეთის კილო ახასიათებს მელიტონ ბალანჩივაძეს, რომლის ხალასი ნიჭი და სიმღერის თილისმა სულხანიშვილსაც ეჯიბრება.

ზაქარია ფალიაშვილში კი მოცემულია მთლიანი ქართული მუსიკა, აქ ყველა კუთხეა გამოყენებული, მაგრამ შეკრულია სასტიკი მონტაჟი.

(მისალოცი ბარათი, რომელიც ლეონიდ პრივალოვმა გაუგზავნა ზაქარია ფალიაშვილს, ოპერა აბესალომ და ეთერის მეასედ დადგმის შემდეგ, 1923 წლის 21 თებერვალს. ბარათი გაფორმებულია თბილისის სამხატვრო აკადემიის იმჟამინდელი სტუდენტის ელენე ახვლედიანის მიერ. ბარათი დაცულია თბილისის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში)

„აბესალომი და ეთერი“ ერთ დღეს არ დაწერილა, მას წინ უსწრებდა ხალხური შემოქმედების შესწავლა, ყოველდღიური მუშაობა სკოლაში და გუნდებში.

ზაქარია ფალიაშვილმა გაიარა ძნელი გზა ხალხიდან გადმოსული ოსტატისა, რომელსაც ხელობას ასწავლიან მის შემდეგ, რაც ნიჭს შეამჩნევენ. მისი მეცენატი იყო საკუთრი ძმა ივანე ფალიაშვილი, რომელმაც ჯერ თვითონ გაიარა ბეწვის ხიდი, სანამდის გამოჩენილი დირიჟორი გახდებოდა. მართლაც, ამ ძმებს არ დაუკლიათ ერთმანეთისთვის დახმარება და არა მარტო ყოველდღიურ ცხოვრებაში, შემოქმედებაც თითქოს კოლექტიური იყო ამ ოჯახში და ვანო ფალიაშვილის მოყვარული და მზრუნველი ხელი ატყვია „აბესალომის და ეთერის“ ორკესტროვკას.

ამ შემთხვევაში ფალიაშვილის ოჯახი მოგვაგონებს სებასტიან ბახის ოჯახს, რომელსაც შეეძლო დამოუკიდებლად შეესრულებინა ყველა ურთულესი მუსიკალური ნაწარმოები.

ქუთაისის კათოლიკურ ტაძრის ორღანისტი ზაქარია ფალიაშვილი თანდათან ეწაფება სწავლას, ამთავრებს მოსკოვის კონსერვატორიას, კომპოზიციის კლასს სერგეი ტანიეევთან.

ასე გაწაფული და განსწავლული მოდის საქართველოში მომავალი ოსტატი.

არ ყოფილა არცერთი დღე, რომ ის არ ყოფილიყო მუშაობაში გართული. სამუშაო მრავალმხრივი ჰქონდა, მან აღზარდა ქართველ მუსიკოსთა მთელი თაობა. ეს შრომის სიყვარული და მუყაითობა მას ბოლომდე შერჩა, ეს გამოარჩევდა მას ზოგიერთ ქართველ კომპოზიტორებისაგან, რომელთაც სიზარმაცემ და ლოთობამ სანახევროდაც ვერ გაანაღდებინა მათში ჩამარხული შესაძლებლობანი.

შეიძლება იყო ხალხი, რომელსაც ეს შრომა და გარჯა სალიერიზმად მიაჩნდა, მაგრამ საქართველოში სრულიადაც არ არის საჭირო მოცარტიზმით გატაცება, ძალიან ბევრი ნიჭი დაუღუპავს ასეთ მიკერძოებას.

არცერთი ნაწარმოები, მით უმეტეს, ოპერა არ იწერება მომენტალური შთაგონებით.

ზაქარია ფალიაშვილი ათი წელიწადი სწერდა „აბესალომ და ეთერს“. როცა პირველად დაიდგა სცენაზე ეს ოპერა, ღამის სამ საათზე გათავდა და წარმოდგენა ღამისთევად გადაიქცა.

ზაქარია ფალიაშვილს სრულიადაც არ დაუწყია ჯიუტობა, მან ხელმეორედ გაუკეთა თავის ოპერას მონტაჟი, დასცალა ზედმეტი ბალასტიდან, შეასწორა და გადაამუშავა - ამით მოიგო ნაწარმოებმა.

ამ პირველი ოპერისთვის შემზადებული იყო ნიადაგი, როგორც წვიმას ელის გამხმარი ყამირი, ისე ელოდა ამ ოპერას ქართული საზოგადოება და არც მოტყუვდა მოლოდინში.

ამ დროს აბესალომ და მურმანის პარტიების ამსრულებელი: ვანო სარაჯიშვილი და სანდრო ინაშვილი თავიანთი არტისტობის ზენიტში იყვნენ და ოპერის დადგმის მეორე დღეს მთელი ტფილისი მღეროდა მათ არიებს.

ოპერის ტექსტის შერჩევას უწყობდა ხელს ამ ოპერის გამარჯვება, აბესალომის და ეთერის ლეგენდა გასაგები იყო მასებისათვის, ოპერამდე მღეროდა ხალხი დედინაცვლისაგან დაჩაგრულ საწყალ ეთერზე, ეს სიმღერა გადაიტანა ზაქარია ფალიაშვილმა თავის ოპერაში - ხალხმა იცნო თავისი ხმა, იცნო და შეიყვარა და ეს არის მიზეზი, რომ ამ ათ წელში სამასჯერ დაიდგა ეს ოპერა.

ამ ორგანიულობას და ხალხურ შემოქმედების ძირებთან სიახლოვეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა „აბესალომისა და ეთერისთვის“.

მახსოვს როგორ აღნიშნავდა ზ. ფალიაშვილის ამ თვისებას სომხეთის კომპოზიტორი სპენდიაროტი, რომელსაც თვითონ ერგო წილად გამხდარიყო თავისი „ალმასტით“ სომხური ოპერის მამამთავარი.

აბესალომის ეს ორგანიულობა გაირჩევა ამავე ზ. ფალიაშვილის სხვა ოპერებიდან, როგორც „დაისი“ და „ლატავრა“ - სადაც შეიძლება მეტი იყოს ოსტატობა და მასალის დაუფლება, მაგრამ არის ის სიუჟეტის ნაჭედობა და სისადავე, რომლითაც სავსეა მისი პირველი ოპერა.

დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ეპოქის დაკვეთის შესრულებას, როცა ყველა გზა ერთად მიდის და პირდაპირ ურტყამს მიზანს ნაწარმოები.

ასე გახდა ზ. ფალიაშვილის „აბესალომი და ეთერი“ ქართული ოპერის სათავედ, ამიტომ არის ამით რომ იხსნება ყოველთვის სეზონი და შემდეგშიც გაიხსნება, რადგან მას აქვს ისტორიული დაკანონება.

უეჭველია, სიკვდილმა ზ. ფალიაშვილს ჯერ კიდევ ნიჭის დავაჟკაცებაში მოუსწრო, ის ოცნებობდა შეექმნა ქართული კომიკური ოპერა და კლასიკური ბალეტი - თუ მივიღებთ მხედველობაში როგორი სისტემატიური მუშაობა იცოდა განსვენებულმა, ადვილად წარმოვიდგენთ რა დიდი დანაკლისია მისი სიკვდილი ქართული მუსიკისათვის.

მაგრამ სიკვდილ-სიცოცხლესაც აქვს თავისი თანმიმდევრობა, ის რაც ერთხელ ხალხის გულს დააჩნდება მართლაც საშვილიშვილოდ გადაეცემა და სამუდამოდ რჩება.

ასე ჰქრება ხორციელი და მიწიერი ოსტატში.

ვეღარ ვნახავთ ყოველთვის აღელვებულ ზაქარიას, რომელიც გაკაპასებულ კრუხივით თავს დატრიალებდა თავის ოპერებს.

აღარ იბრძოლებს კონსერვატორიის რექტორი ყოველ წვრილმანზე ოფლის მოდენით, აღარ ეჩრება იღლიაში თავისი ნოტები და სახელგამში არ შევა საჩხუბრად და ბეჭდვის დასაჩქარებლად, არც იმას გაუსვამს ხაზს სამხატვრო საბჭოში, თუ როგორ მიიღეს საბჭოთა კავშირში: ხარკოვში და მოსკოვში მისი „აბესალომი“ და როგორ ემზადება იქ წასასვლელად.

მისთვის არ კმაროდა მარტო საქართველო, ის ეძებდა მსოფლიო რეპუტაციას და მიაღწია კიდეც, რადგან მაგარი ჰქონდა ფუძე და „აბესალომის“ ხმაც შორს გადიოდა.

[...]

უკვე ოპერის თეატრის გალავანშია მოთავსებული „აბესალომ და ეთერის“ პირველი ანსამბლი.

სამუდამოდ ჩაწყვეტილი ვანო სარაჯიშვილის ხმა თითქოს მღერის აბესალომის კარავიდან ეთერის შესახვედრად სიკვდილის წინ სავედრებელს, მის გვერდით კოტე მარჯანიშვილი თითქოს ახალ კოშკებს აშენებს აბესალომისთვის. როგორც ყოველთვის, მას უნდოდა მეორე დადგმით მოსკოვში სრულ ექმნა ეს პირველი ხალხური ოპერა, თუმცა ისედაც მასთან არის დაკავშირებული აბესალომის დადგმის სტილი.

მესამე საფლავი გაჭრილია ოპერის გალავანში თვითონ „აბესალომის“ ავტორისათვის.

დიდხანს ანიშნებს ჩვენ თაობას სახალხო არტისტების სამეული ქართულ ოპერის სათავეს და ისტორიულ მიჯნას.

ჟურნალი „მნათობი“, 1933 წ.