სუფიები და სუფიზმი

ნაწყვეტი ისქანდერ ბალთაზარ ქირმიზის წიგნიდან - „თურქული სიმღერების გზამკვლევი“

ისქანდერ ბალთაზარ ქირმიზი ახალგაზრდა მწერლის ირაკლი კაკაბაძის ფსევდონიმია...

***

სუფიები საუკუნეთა მანძილზე ცდილობენ სიცოცხლის ორი ასპექტის - გარეგანი და შინაგანი საწყისების - თავდაპირველი ჰარმონიისა და წონასწორობის აღდგენას. მათი მოძღვრებით, ადამიანი ჭეშმარიტების სწორად გაგებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც მისი აზროვნება იმ ჰარმონიის გზას გაივლის, რომელიც სულიერ სიღატაკეს (ფაკრი), ერთგულებას (ირიდათი) და ღვთის მუდმივ, თავდავიწყებულ ხსენებას (ზექრი) გულისხმობს. და სწორედ ასეთი სწავლების სულისკვეთება აირეკლება მათ მუსიკაშიც. 

მორადებისა და დერვიშების მელოდიები, რომლებიც ლოცვისა და სულიერი მედიტაციისათვის შეიქმნა, სულიერი და ფიზიკური პრობლემების მიხედვითაც კია დაყოფილი. სუფისტმა ოსტატებმა იციან, რომელი ნაწარმოები რას შველის, მაგალითად, რომელს უნდა მოვუსმინოთ სინანულის ჟამს და რომელს - მუცლის ღრუს ტკივილისას.

ორთოდოქსი მუსლიმები, დოგმატური თვალსაზრისით, სუფისტებს მწვავედ აკრიტიკებენ ლოცვასა და ღვთისმსახურებაში მუსიკის შეტანისთვის, მათრობელა საშუალებების გამოყენებისა და მათი მხრიდან სასწაულმოქმედების უნარის ხელაღებით მტკიცებისთვის. სუფიების მუდმივმა დევნამ და კრიტიკამ მათი ასკეტიზმი უფრო მისტიკურ ფილოსოფიაში გადაზარდა, რომელმაც მოგვიანებით ჰუმანიზმის იდეებიც შეითვისა და მის სწრაფ გავრცელებას შეუწყო ხელი. სუფიზმი მუჰამადის სწავლების გავრცელების ძალზე ცოცხალი ფორმა აღმოჩნდა, ის ყველაზე მეტად შემწყნარებელი გახდა წინაისლამური და არაისლამური ელემენტებისადმი, რომლებიც საბოლოო სახით უხვად დაილექა თურქეთში.

რაც არ უნდა უწოდონ სუფისტურ სწავლებას, სექტა თუ მწვალებლობა, შეუძლებელია მისი მუსლიმური აზრისა და სიტყვის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და უდიდესი კულტურულ-ფილოსოფიური წარსულის მნიშვნელობის უარყოფა.

თუმცა სუფიზმში ადამიანსა და ღმერთს შორის შუამავლის (მუშრიდის) ფენომენმა დროთა განმავლობაში ნეგატიური სახე მიიღო, მისი მეტისმეტად დიდი ძალა და ავტორიტეტი არნახულ გავლენას ახდენდა მოწაფეებზე, რამაც შემდგომ, არაერთხელ, მახინჯი ფორმები მიიღო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში.

ამის კარგი მაგალითია „ახალგაზრდა თურქების“ ერთ-ერთი ლიდერის, თურქეთის თავდაცვის მინისტრისა და დიდი „პანთურქისტის“ ენვერ ფაშას მკვლელობა, რომელსაც ეკუთვნის ზღვარგადასული ამბიციური სიტყვები - „მე დავენიძლავე სიკვდილს, რომ ვერასოდეს მომერევა“. იგი წლების განმავლობაში ვერასგზით ვერ შეიპყრეს ბოლშევიკებმა, სანამ მისი ადგილსამყოფელი ტაჯიკეთში იმ დერვიშების დახმარებით არ გაიგეს, რომლებიც სუფისტ ოსტატებს აგენტებად ჰყავდათ შეგზავნილი მის გარემოცვაში.

[...]

დღეს სტამბოლში, ბევრგან ნახავთ ადამიანებს, რომლებიც სულაც არ არიან დერვიშები და ფულზე სუფისტურ ცეკვას ასრულებენ. ეგზოტიკური სანახაობისთვის კი ბევრი ტურისტი ესწრება ასეთ წარმოდგენებს.

ირაკლი კაკაბაძე, 2013 წ.