ისქანდერ ბალთაზარ ქირმიზი - თურქული სიმღერების გზამკვლევი
ისქანდერ ბალთაზარ ქირმიზი ახალგაზრდა მწერლის ირაკლი კაკაბაძის ფსევდონიმია.
ავტორი ამ წიგნში ცხოვრებაზე, მის შავ-თეთრ მხარეებზე გვიყვება და შავი ჩაით გვიმასპინძლდება. დედის კალთაზე გამობმული 30 წლის ბიჭები, აბანოში წასვლის ტრადიცია, სტამბოლის ძველი, წითელი კონკა, სხვისი ცხოვრებით მცხოვრები თურქები, რომლებსაც ალაჰი მხოლოდ ერთ სიცოცხლეს აძლევს და იმასაც „უქმ ლაყაფსა და ჭორაობაში“ ფლანგავენ.
***
მხოლოდ ერთხელ დავკარგე
მეტყველების უნარი. ეს მაშინ მოხდა,
როცა ვიღაცამ მკითხა: „ვინ ხარ შენ?“,
***
ორი სტამბოლი არსებობს, ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებული:
დღისა და ღამის...
დღისა და ღამის...
***
ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარ სახეს ტოვებს ყველა დროსა და მდგომარეობაში, უამრავ ნიღაბს, რომელიც არაერთხელ მოგვირგია სახეზე და თუ მანამდე არა, ბოლოს მაინც აუცილებლად შეგახსენებს თავს, ცოცხლად წარმოგიდგებიან თვალწინ და თან მოიტანენ გუშინდელი დღის სურნელს, ფერს, ხმასა და გემოს.
***
მთავარი გმირები თურქი ბიჭების ცხოვრებაში სწორედ დედები არიან და ისინი ჭიპლარს დაბადებისას კი არ იჭრიან, არამედ სამარის კარამდე აქვთ კაბაზე გამობმული. თურქი დედისთვის შვილი მუდამ პატარაა და ოცდაათი წლის ჯეელზეც შეუძლიათ თქვან „ჩემი პატარაო“.
***
ყავით მკითხაობა ძალზე პოპულარულია თურქეთში. ყავის დალევისთანავე ჭიქას ამოატრიალებენ და ნალექით გამოსახული ფიგურებით მომავლის ამოკითხვას ცდილობენ. ყავა ჩვენთან XVI საუკუნეში გამოჩნდა, სულთნის სასახლეში სირიელ ვაჭრებს მოუტანიათ. 1553 წელს სტამბოლში პირველი ყავახანაც გახსნილა. ყავას იმ დროს „მოაზროვნეთა და მოჭადრაკეთა რძეს“ უწოდებდნენ. დროთა განმავლობაში ის სიძვირის გამო ჩაიმ ჩაანაცვლა, თუმცა ფაიფურის ციცქნა ჭიქით ყავის მირთმევა თურქული კულტურის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული.
***
ბებიას, ისევე როგორც სხვა გურჯებს, რომლებიც მუჰაჯირობის დროს გადმოსახლდნენ საქართველოდან, გუზელაალლიში და ბურსას მიმდებარე დასახლებებში, საგვარეულო ზეითუნის ხილის პლანტაციები და ვენახები ჰქონდა. ამ მხარის ლეღვი, ატამი, ყურძენი და ზეთისხილი საქვეყნოდაა განთქმული. ზეითუნის ხილის მოშენება არა მხოლოდ ტრადიციის ნაწილია, არამედ თურქეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორიც. მართალია, ყველაზე ქებული ვენახები უქირდაღსა და ყირმიზშია, სადაც ძირითადად სოვინიონის, შარდენესა და რისლინგის ჯიშების ყურძენი იზრდება, მაგრამ ბებიაჩემის ბურსაში მოყვანილი ჩემთვის უცნობი, ქართული ჯიში ყურძნის ღვინოს ვერაფერი შეედრებოდა, ნათესავები კუმისსაც ადარებდნენ, რომელიც ერთადერთი ალკოჰოლური სასმელია, ყურანის დოგმებითაც რომ არ იკრძალება. ის ფაშატის რძისგან მზადდება და დამამშვიდებელ ეფექტთან ერთად სამკურნალო თვისებებიც აქვს.
თუ ბებიას დავუჯერებთ, ეს ქართული ყურძნის ჯიში საქართველოდან მის დიდ ბაბუას წამოუღია, რომელიც სტამბოლში ცხოვრობდა და ოსმალეთის იმპერიის სამსახურში იყო. 1792 წელს დიდი ფადი-შაჰის საჩუქარი, სიასამურის ქური, მას ჩაუტანია ქართველთა მეფე ირაკლისთვის. შემდეგ მისი შთამომავლობა სტამბოლიდან აქ გადმოსახლდა, ახლოს თავისიანებთან და ვენახის რამდენიმე ძირიც წამოუღიათ, ერთი ძირი კი სტამბოლში, ფერიქოიში მდებარე ქართველ კათოლიკეთა სავანისათვის შეუწირავთ.
***
აივანს ერთი სახლის ფასი აქვს, ნახევარ ცხოვრებას იქ ვატარებთ თურქები. ჩაისაც სულ სხვა გემო აქვს აივანზე, ჩაის კი, საქვეყნოდაა ცნობილი, დღის განმავლობაში რამდენჯერაც მივირთმევთ ჩვენ და არაბები - მაჯები რომ გადავიჭრათ, სისხლის მაგივრად ჩაი წამოგვივა.
***
დარწმუნებული ვარ, რომ თურქი ვერასოდეს იქნება გულმხურვალე მორწმუნე. რა თქმა უნდა, ბევრი მისდევს მკაცრ წესებს, მაგრამ გულის სიღრმეში ყველა იტოვებს ადგილს ვნებისა და ტყუილისთვის. ჩვენთვის რელიგია იმდენადაა ძვირფასი, რამდენადაც რელიგიას თან ახლავს ტაბუ. თურქისთვის ტაბუ ყველაზე ტკბილია და საკრალური.
***
თურქეთში იმდენი დასავლეთია, რამდენი აღმოსავლეთიც, მაგრამ აღმოსავლეთი იმდენად ძლიერია, რომ უმრავლეს შემთხვევაში, დასავლეთი არსად არ ჩანს.
[...]
თუ რამე ევროპად იჭრება ჩვენს ყოფასა და ცხოვრების წესში, რაც ჩვენში ყოველივე დახურულს, ჩაკეტილსა და მძიმეს საუკუნეებია დისიდენტივით ებრძვის, ეს ზღვაა. და კიდევ ბებერი ევროპის სურნელს თუ ვგრძნობ ჩემს ქალაქში, ყველაზე მეტად, ჩვენი ბერძნების დამსახურებაა, რომლებიც ნელინელ, როგორც ფოთლები შემოდგომის ხეებს, ისე აკლდებიან ქალაქს. მათ ახლა სიკვდილიანობა უფრო აერთიანებთ, ვიდრე შობა ან ქორწინება. არადა, სტამბოლი ბერძნების გარეშე რა სტამბოლია?..
საინტერესოა, რომ 1923 წელს, თურქეთ-საბერძნეთის ომის შემდეგ, სტამბოლელი ბერძნები, თურქეთის სხვა რეგიონების ბერძნებისგან განსხვავებით, არ გადაასახლეს. თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში, დევნა და უამრავი ადამიანური ტრაგედია არ დაკლებიათ. საკუთარ სახლებში ცხოვრებისთვის მალავდნენ გვარს, ულამაზეს მითოლოგიურ სახელებს, სარწმუნოებასა და ეროვნებას.
***
ათათურქის კანონებით თურქეთი უნდა ყოფილიყო რელიგიისგან თავისუფალი, საერო სახელმწიფო, რის გამოც ქრისტიან ღვთისმსახურებს არ ჰქონდათ ქუჩაში რელიგიური ატრიბუტებითა და ანაფორით სიარულის უფლება. ეს წესი მხოლოდ პატრიარქს არ ეხებოდა, რომელიც ორთავიანი არწივის მედალიონით, გრძელი შავი კაბითა და უფრო გრძელი თეთრი წვერით დადიოდა.
[...]
ნათლისღება ერთადერთი დღესასწაული იყო, რომლის ღია ცის ქვეშ აღნიშვნისა და ეკლესიის შენობის გარეთ რელიგიური რიტუალის ჩატარების უფლება ჰქონდათ ბერძნებს. ამ დღეს სასულიერო პირები ზღვას აკურთხებენ და უძველესი ტრადიციის მიხედვით, ეწყობა შეჯიბრება - პატრიარქს ზღვაში ნასროლი ოქროს ჯვარი მრევლის მამაკაცმა წევრებმა უნდა იპოვონ და მასვე დაუბრუნონ. გამარჯვებულზე კი, ლეგენდის მიხედვით, ღვთის მადლი გადმოდის.
***
ჩემთვის, როგორც ყველა ჭეშმარიტი სტამბოლელისთვის, ჩვენი ქალაქი მოხალული წაბლის სუნთან არის გაიგივებული. სად არ შეხვდებით ბორბლებზე შემომდგარ პატარა დახლებს, რომელზეც მოხალულ წაბლს, ნაყინს ან ბლითებს ყიდიან. ასეთ სავაჭრო ურიკებთან ყოველთვის ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი ყმაწვილები დგანან, რომლებიც გამთენიისას, სანამ მზე თავის პირველ სხივს გამოაბრწყინებს, გამოდიან ქალაქის ფართო თუ ვიწრო ქუჩებში და მთელ ხმაზე გაჰკივიან თავიანთი ნაწარმის ქება-დიდებას ან ძველ ფოლკლორულ სახუმარო სიმღერებს მღერიან და თან პატარა ზარს აწკარუნებენ, თითქოს საკუთარ მრევლს უხმობენ ისევე, როგორც ქრისტიანებს ტაძრებისკენ საკვირაო წირვის წინ.
***
მწერალი ჰარუკი მურაკამი უცხო ქალაქში ყოფნისას, აუცილებლად ზოოპარკს ათვალიერებს თურმე, ხოლო რუსული მწერალი და „ამომავალი მზის“ - იაპონიის უმაღლესი ორდენის ქართული წარმოშობის პირველი კავალერი, ბორის აკუნინი უპირველეს ყოვლისა, სასაფლაოებს სტუმრობს.
ვინ იცის, იქნებ თურქული, უფრო სწორად, ისლამური ყოფითი კულტურის არმცოდნეს, გაეცინოს კიდეც, მაგრამ მე ყველგან, სადაც არ უნდა ვიყო, პირველად აბანოში მივდივარ.
[...]
აბანო ქალაქისა და მისი მოქალაქეების უკეთ გასაცნობად საუკეთესო ადგილია, ის ერთგვარი საფიხვნოა, სადაც ადამიანები მეტნაკლებად ისეთები არიან, რასაც წარმოადგენენ სინამდვილეში. ალბათ, აქედან მოდის ანდაზაც - „თეთრი ტრაკი, შავი ტრაკი აბანოში გამოჩნდებაო“.
თუმცა, ჰამამში ყველა თანაბარია, მდიდარიცა და ღარიბიც, ახალგაზრდაცა და მოხუციც, ყველა რაღაც დროით თავისუფლდება ყოფითი რუტინისგან და შენობის გარეთ ტოვებს საზრუნავს. ის თემები და პრობლემები კი, რაზეც აბანოში საუბრობენ, კარგად წარმოაჩენს ჩვეულებრივი ხალხის ცხოვრებას, მისწრაფებებსა თუ მენტალიტეტს - ამას ვერც ერთი გიდისგან ვერ მოისმენთ და ვერც ტურისტებისთვის განკუთვნილ რომელიმე გამოცემაში ამოიკითხავთ.
მე შენ გეტყვი, საინფორმაციო საშუალება დაასწრებდა ახალი ამბისა და ჭორის გავრცელებას თუ ვიღაც ჟურნალისტი აჯობებდა საკითხის სიღრმისეულ ცოდნასა და ანალიზში ჩემს მექისეს, ნადირ ეფენდის, რომელიც 15-20 წუთში, სანამ ამქვეყნიურ ჭუჭყსა და მტვერს ჩამორეცხავდა ადამიანს, მთელი მილეთის ამბების მოყოლას ასწრებდა.
***
მღვდლებისა და მოლების ჭაღარიდან იბადებიან თმაქოჩორა ბიჭუნები და გოგონები, რომლებიც ღმერთისა და სამშობლოს სახელით ათას საშინელებას ქადაგებენ ან სჩადიან. თავიდან ყველა ღვთისმოსავია და მერე, თუკი ძალაუფლება მოიგდეს ხელში, არნახულ სასაკლაოებს აწყობენ საკუთარი ხელისუფლების განმტკიცებისთვის ან უპირატესობის დასამტკიცებლად.
***
მსოფლიოს არც ერთ ქალაქში, არც ერთ პროსპექტზე, არც ერთ ტრანსპორტს ისე არ უხდება დაძრულზე შეხტომა, როგორც სტამბოლში ისთიქლალის ძველ, წითელ კონკას. ტრანსპორტი კი არა, არაბული ტაიჭიც ვერ მოიხდენს ასე აკრობატ მხედარს.
***
***
ღარიბია თუ მდიდარი, დიდი თუ პატარა, თურქი მამაკაცების უმეტესობას საკუთარი თავი მართლა სულთნად და ფაშად წარმოუდგენია, თამაშობენ სიმკაცრეს, ქედმაღლობასა და მბრძანებლურ გამომეტყველებას იხდენენ სახეზე. ყველაზე მეტად ხელმწიფობა ოჯახში გამოსდით, სანამდეც შეუძლიათ, ბოლომდე ახორციელებენ თავიანთ პატივმოყვარულ და სადისტურ სურვილებს. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, სხვას არც არაფერს ინატრებენ, არც საზოგადოს და არც პირადულს, ყველა ჰარემის მფლობელობა ეოცნებება. ცოლებთანაც კი ამაყობენ მექალთანეობით და უამრავ ქალსაც ქმრის ასეთი მისწრაფება ჩვეულებრივი ამბავი ჰგონია.
თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებასთან ერთად უამრავი კანონი შეიცვალა, მათ შორის ქორწინებასთან დაკავშირებით, რომელიც ჰარემის ინსტიტუტის გაუქმებასაც ითვალისწინებდა, მაგრამ თურქმა კაცებმა, რა თქმა უნდა, იპოვეს გამოსავალი და ერთ ცოლთან სამოქალაქო ქორწინება დაამყარეს, ხოლო მეორესთან - ისლამური. ამისთვის კი მხოლოდ ის იყო საჭირო, რომ პირველი ცოლისგან ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა წარედგინათ, რაც დამეთანხმებით, არც გაუჭირდებოდათ ორი მიზეზის გამო: პირველი - ნოტარიუსების ზღვარგადასული მექრთამეობის, და მეორე - ცოლების მონური მორჩილების გამო. ეგ კი არადა, ვისაც მესამე ცოლი უნდოდა, ორივე ცოლის თანხმობას იღებდა.
***
„ახალგაზრდა თურქების“ ისტორია და მოღვაწეობა, რომლებმაც დიდი გადატრიალება მოახდინეს ოსმალეთში, ყოველთვის მაინტერესებდა, რადგან სამეულის ერთ-ერთი წევრი, ბაღდადის გუბერნატორი, საზღვაო ფლოტის მინისტრი და სირიის სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრატორი, ჯემალ ფაშა, ჩემი წინაპარი იყო. ისიც ტერორისტებმა მოკლეს 1922 წელს, თბილისში. აღსანიშნავია, რომ 1919 წელს თურქეთის სამხედრო ტრიბუნალმა, მასობრივი (მათ შორის ასირიელი და სომეხი მოქალაქეების) მკვლელობებისთვის და სამხედრო დანაშაულებებისთვის ენვერ ფაშასაც და ჯემალ ფაშასაც, არმიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, დაუსწრებლად გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი, თუმცა მისი აღსრულება თურქეთის მართლმსაჯულებას სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ქვეყნებში სომეხმა ან წითელმა ტერორისტებმა დაასწრეს.
***
ირაკლი კაკაბაძე, 2013 წ.