ეჟენ დელაკრუა - თავისუფლება, ხალხის წინამძღოლი |

1830 წ. ტილო, ზეთი, 260 X 325 სმ
1830 წელს, ვენის კონგრესის შემდეგ, ტახტზე დაბრუნებული ბურბონები ისევ გააძევეს ხალხის სამდღიანი აჯანყებისას, რომელიც ისტორიაში შესულია, როგორც ივლისის რევოლუცია.

დელაკრუა, როგორც ნაციონალური გვარდიის წევრი (მოქალაქეებისგან შემდგარი შეირაღებული რაზმი, რომელიც არაერთხელ დაუპირისპირდა რეგულარულ ჯარს) მონაწილეობდა მღელვარებაში და პარიზის ქუჩები მოიარა, რათა მასალები მოეგროვებინა გრანდიოზული ალეგორიისთვის და ისტორიული დღეებისთვის ხოტბა შეესხა.

შედეგად, შეიქმნა დიდი ტილო, რომელიც გმირობასა და ხალხის ძლიერებას ასახავს. ნამუშევარი, რომელიც, თემატური და მეტაფორული გადაწყვეტის ინოვაციურობის გამო, თავად მხატვარმა შეაფასა, როგორც „თანამედროვე თემა“.

სურათი რაიმე განსაკუთრებულ ეპიზოდს არ გადმოგვცემს, თუმცა მარტივი ქრონიკისაგან შორსაა და ამბოხის მოთავე რესპუბლიკელთა იდეალის სიმბოლოც იქცევა.

1831 წელს, როდესაც „თავისუფლება, ხალხის წინამძღოლი“ სალონში გამოფინეს, მას დიდი ხმაურით შეხვდნენ - კრიტიკა შეშფოთებული იყო მხატვრის გამბედაობით, რომლითაც მან ძალადობასთან დაკავშირებული მძიმე ემოციები გადმოსცა, მაგრამ თავად დელაკრუა იმ დავიდარაბას სულაც არ შეუწუხებია.

იგი კმაყოფილი და ამაყი იყო, რომ შეძლო შეექმნა სურათი, რომელიც სამშობლოს ფასეულობებს ადიდებდა და მართლაც, კრიტიკისა და აკადემიური წრეების მტრული დამოკიდებულებების მიუხედავად, ტილომ ახალი მთავრობის ყურადღება მიიქცია. ნამუშევარი სასწრაფოდ შეიძინეს და ლუქსემბურგის სასახლის (Palais de Luxemburg) მუზეუმში განათავსეს, თუმცა სიფრთხილის მიზნით, რამდენიმე თვის განმავლობაში სურათი ხალხისთვის არ უჩვენებიათ.

ამ ნამუშევრით აღინიშნება ევროპული ფერწერის ეპოქალური გარდატეხა და იგი მხატვართა ახალი, რომანტიზმის კულტურით ნასაზრდოები თაობის სულიერ მოთხოვნილებათა ბრწყინვალე მანიფესტია, იმ თაობის მანიფესტი, რომელიც ბოლომდე და ვნებით დაიხარჯა და ეს თავის ხელოვნებაში ასახა, ანტიკურობის ან ახლო წარსულისთვის ისტორიულად ტრადიციული თემები კი განზე გადადო.


წყარო - ლუვრი - პარიზი [მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები]