აკა მორჩილაძე - გადაფრენა მადათოვზე და უკან |

„გადაფრენა მადათოვზე და უკან ტრილოგიის პირველი წიგნია. დეტექტიური სიუჟეტი  XIX საუკუნის თბილისში ვითარდება. მადათოვის კუნძულზე ნაპოვნია ხაფო მხატვრის გვამი, რომლის მკვლელობის გამოძიებასაც მრავალი დაფარული საქმის კვალამდე მივყავართ...

გამოგონილის გარდა რომანში ისტორიულ და ლიტერატურულ პერსონაჟებსაც შეხვდებით. ძველი თბილისის კოლორიტული სურათების გვერდით უხვადაა პაროდია, იუმორი და ირონია, რაც რომანს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს და მკითხველის საყვარელ წიგნად აქცევს.


***


განა ყველაფერი თავიდან იწყება?
განა სახლში მარტო კარიდან შეისვლება? 

ტფილელი ქურდი ეშია, XIX საუკუნე

***

ზემოთ ქალაქს ქვემოთას ამბავი არ გაეგებოდა, ქვემოთ ზემოთასი არ იცოდნენ.

***

სკუდერის ხიდის თავზე სასტუმრო „ლონდონი“ გაეხსნა რაფიელ გილიგოვს, რომელსაც მეწილედ გირშფელდი ჰყავდა.

ამ სასტუმრო „ლონდონში“, მეორე სართულზე, რომლის წინა ფანჯრებიც გამოდიოდა ძველი ყაბახის, აწ კი ალექსანდრეს ბაღის ქვედა ხეივნების მხარეს, დასახლებულიყო ერთი უცხოელი - შვილი შორეული ჩრდილო ქვეყნისა.

ეს კაცი ორმოცი წლისა იქნებოდა და როგორც ეტყობოდა, მოგზაურობას მისდევდა. დადიოდა თავისი ქვეყნიდან მოშორებულ ქალაქებში და თვეობით ცხოვრობდა იქ. ფული რომ შემოაკლდებოდა და თავისი ქვეყნიდან ფოსტით არაფერი მოუვიდოდა, მაშინ იმ თავის მუქლურჯ კოსტუმს გაიხდიდა და მუშური ხელობით გადიოდა ფონს.

მაგრამ ამგვარი საჭიროება ქალაქში არა ჰქონია.

ის დადიოდა ჩალის მოყვითალო ფერის შლაპით. იყო გამხმარი, მაღალი, მაგრამ მხარბეჭიანი. მოკლე, სპილენძის ძაფებივით დაგრეხილი, მაგრამ საგულდაგულოდ ნაკრეჭი ულვაშებით და ჰგავდა გაზეთის სურათებიან დამატებაში დახატულ უცხოელებს.

ამ კაცს ნახულობდნენ ყველგან. დაბლა ქალაქშიც ყველა სცნობდა: შორიდანვე დაინახავდნენ, როცა მოჰყვებოდა წყლის ნაპირს, ხელში ჯოხითა და უბიდან გამოჩრილი ქაღალდით. ბევრ რამეს კითხულობდა - აქეთ კი ფრანგული არავის ესმოდა.

კვირაში ორჯერ, სამჯერ, ეს ცისფერი თვალებისთვის შეუფერებლად ღონიერი გამოხედვის პატრონი ვინმე, ადგებოდა და სამხედრო კლუბში მიდიოდა.

კლუბში გათენებამდე ქაღალდს ატრიალებდნენ, მაგრამ ეს არასოდეს თამაშობდა. მხოლოდ რუმინელ მევიოლინეებს უსმენდა და გამოზომილად სვამდა სამი შურის კონიაკს, ზოგჯერ არც ამას მოითხოვდა და ერთ-ორ გაცნობილ კაცთან - ერთი ფრანგი იყო, მეორე გერმანელი - მასლაათობდა.

ერთხელ იყო მხოლოდ, რომ სრულიად ფხიზელმა რუმინს ვიოლინო ჩამოართვა და ისეთი მხიარული რამ დაუკრა, რომ გვარიანი ტაში მიიღო.

ამის გარდა, ხალხში არ გარეულა და დიდად არც ვინმე უცქერდა, რომ არა ის ნომერი.

[...]

ხმელსა და ჯანიანს რვაღილიანი ლურჯი კოსტუმი ემოსა და ფრანგულად ნელა, გარკვევით და ერთგვარი სიმკაცრით ლაპარაკობდა.

[...]



„... კუნძულზე, რომელსაც მთელი კვირა ვაკვირდებოდი. კუნძული ამოზრდილია შუა მდინარეში, ზედ არის ყოვლად ბინძური და უინტერესო საამქრო, რომელსაც ერთი ვიწრო საბუხრე მილი აქვს და იქიდან ამომავალი კვამლის ჭვარტლი ეფინება ჩვენი სასტუმროს სამხრეთ ფასადს და ხიდის კიდეზე ჩარიგებული სახლების აღმოსავლეთ კედლებს.

იქ არის ნაგავსაყრელიც. ყოველ დილით პატარა ხიდით ხალხს გადააქვს ნაგავი დიდი გოდრებით, რომლებიც ან ხელის ურიკებზე აწყვია, ან სახედრებსაა აკიდებული. კუნძულის ერთი ადგილი მთლიანად ვენახს უჭირავს.

საამქროსგან მოშორებით ორიოდე უბადრუკი ფარდულია. ყოველ დილით ჩემი ფანჯრიდან ვხედავ კუნძულის ერთ ნაგლეჯს (დანარჩენს სხვა სახლის სახურავი ეფარება) და სულ ვფიქრობ, რას უნდა ნიშნავდეს ეს მყრალი ადგილი ქალაქის შუაგულში? ანდა, რას უნდა ნიშნავდეს ვენახი ნაგავსაყრელზე? როგორ უნდა იმეზობლოს ამ ორმა რამემ ისეთ მხარეში, სადაც ყურძენი სრულიად განსაკუთრებული რამ არის? აქ ხომ იტალიელებივით ღვინით იბანენ პირს? როგორია ამ კუნძულის ბიოგრაფია? როგორ მოვიდა დღემდე?

კუნძულის ისტორია არავინ იცის, მით უმეტეს, რომ მდინარეზე კიდევაა კუნძულები.

[...]

კუნძულს ჰქვია მადათოვი. იოსელიანმა მითხრა, რომ მადათოვი იყო გენერალი და კუნძულიც მისი იყო, მაგრამ მადათოვი დიდი ხნის წინათ გარდაცვლილა. ახლა ვისია ეს კუნძული, ძნელი სათქმელია. ამის გამო ქალაქის თავის კანცელარიაში მისვლაა საჭირო, მაგრამ მფლობელის პოვნამ საეჭვოა რაიმე შემატოს ჩემს ცოდნას“.

„დღეს გადავედი კუნძულზე, რათა კარგად დამეთვალიერებინა იგი. თუმცა, დასათვალიერებელი იქ არც არაფერია. საამქროში ტყავს ხდიდნენ გაწეპილი მუშები. საიდან არის ამდენი ჭვარტლი, ძნელი სათქმელია. ფარდულებში მენაგვეები ცხოვრობენ, ყოველ შემთხვევაში, იქ ვნახე რამდენიმე მენაგვე, ძველმანებში ჩაცმული ხალხი დიდი ულვაშებით. ესენი და საამქროს სამი მუშა ერთად ისხდნენ ფარდულის კედელთან და დიდი ინტერესით მათვალიერებდნენ. მე გავიარე ოკრობოკრო, უბალახო მიწაზე, ხეებს შორის. ამ კუნძულზე ხეები მრავლადაა, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ გენერალ მადათოვს ვაშლი და ატამი უყვარდა.

ახლა ეს ბაღი გაჩანაგებულია. ხეები მოუჭრიათ, რაც გადარჩენილა, მხოლოდ ვარჯებიღაა. შუა კუნძულზე დაუნანებლად ყრია ნაგავი, რომელსაც, როგორც ჩანს, წვავენ ხოლმე. აქა-იქ ნაგავსაყრელი ხრჩოლავდა.

სულ იქეთ კი მომცრო ვენახია. ის აშკარად შემორჩენილი ჩანს. აშკარაა, რომ ვენახი უფრო დიდი იქნებოდა და ალბათ ნახევარი კუნძულიც კი ეჭირა. ახლა ეს უფრო გაველურებული ვაზია, ვიდრე ნამდვილი ვენახი.“

[...]

„ამ კუნძულზე კიდევ უნდა გადავიდე. აქ არის რაღაც უცნაურობა, კაცს რომ ტვინს გაუბურღავს. მოულოდნელი ამბავია: ვენახი, საამქრო, ის ორი კაცი წყლის პირას. ქალაქი იმგვარია, რომ ყველაფერი ახლო-ახლოსაა ერთმანეთთან. ერთ მომცრო ფრთაზე მეტად ბევრი რამ ეტევა, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული“.

***

კონკრეტიზაცია არის დიდი თავისებურება ტფილისური ჰანგისა, რომელსაც ასაზრდოებს ადირბეიჯნის დიდი უდაბნო. მხოლოდ ღამის საათს, მხოლოდ სოღლუხის დუქანშიდ, მხოლოდ გულვარდიან მემთვრალეთათვის გადაიქცევა ეს ჰანგი ჭეშმარიტებად. რადგან მინანქარი ამგვარ მუსიკისა ითხოვს სრულიად განსაკუთრებულ კლიმატს.

***

და მითხრეს ვერცხლის რიგში, სადაც ვერცხლის მტვერი აფენია დახლებზე და სადაც ამ მტვრით მბზინვარე თითები მუშაობენ: ფინდღა ფირუზა დაიხრჩო, მტკვრის წყალმა წაიყვანა ყარაიასკენ და იქ იპოვნესო.

ამოცნობის შესაძლებლობა ყოფილა ერთადერთი. ფინდღას გულის ჯიბეში ჩარჩენია დახვეული სიმები ჭიანურისა.

ერანის დახრაკულ ბორცვებს შორის თუ დაიკარგა ფინდღა ფირუზას მუზიკალური სული. არღნის ჭრიალა მექანიკამ და გოჭების ფასმა ჩაჰკლა მისი სოღალუხური ჰანგი, ჩაჰკლა სილამაზე ერთი წერტილისა.

***

თარუზა იყო ცნობილი მექისე თათრის აბანოში. თარუზა იყო ყინულის ლოლო იმ სიცხეში. ერთ კვირას ჩახვიდოდი, პატარა იყო, მერე - კიდევ უფრო პატარა და პატარა. ასე პატარავდებოდა, სანამ არ მოკვდა.

***

საზოგადოება ყოველთვის ბინძურია.

***

ერიდეთ მხიარულ და მძიმე ხალხს. აი, მე ქვეყნად აღარ ვიქნები, თქვენ კი ერიდეთ. მათ ვერაფერს გაუგებთ. ასეთი ხალხი სულ ბრძოლაშია, თუმცა, არც კი იცის, რისთვის იბრძვის.

***

გამოძიება მეტად უცნაური რამ არის. რაც გინდა რომ თავი მოიკლა, ამოცანას ვერ ამოხსნი, რადგან მკვლელის პოვნა მათემატიკა არ არის. მთავარი ამოხსნა კი არა, პოვნაა, პოვნით კი დაკარგულ სათვალესაც იპოვნი და ამისთვის სულაც არ გჭირდება ბევრი ფიქრი. დიდი-დიდი გაიხსენო, სად გეკეთა ბოლოს და ესეც არ შველის. ლამის ალალბედზე დაეძებ და პოულობ.

***

სექტემბრის თვის იმ ბოლო დღეს, 1899 წლისას, გაზეთმა „ტიფლისკი ლისტოკმა“ დაწერა:

„მრავალსაუკუნოვანი ქალაქი ტფილისი, გული ძველი ივერიისა, მალე შეეგებება ახალ საუკუნეს. იმედია, რომ ტფილისი კვლავაც იდგება დარაჯად სამხრეთისა და, თავისი შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გაახლდება და განვითარდება.

როგორი იქნება ახალი საუკუნე ქალაქ ტფილისისათვის? ამის შესახებ ერთნი ამბობენ, რომ ის იქნება უღრუბლო და მშვენიერი, ვინაიდან სიმშვენიერე მისი თანამდევი თვისებაა. მეორენი კი თვლიან, რომ ტფილისს, რომელიც არაერთხელ განადგურებულა მტერთა მახვილით, განსაცდელი ბევრი ელის.

ორივე შემთხვევაში ტფილისი იცოცხლებს, ვინაიდან ის ფენიქსია, რომელიც ფერფლიდანაც წამომიამრთება...“.


Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში