#ერთიამბავი - გელა ჩარკვიანი უკრავს ჯაზს!

„საბჭოთა თინეიჯერი კომკავშირელი უნდა ყოფილიყო და მოსკოვში ამ ორგანიზაციაში მიღების საკითხს დიდი სერიოზულობით ეკიდებოდნენ. კომკავშირში გაწევრიანებას, ისე როგორც ყველა, მეც აუცილებლად მივიჩნევდი... როცა სხდომაზე ჩემი მიღების საკითხი გამოიტანეს, წამოვდექი და დაველოდე, როგორ დამახასიათებდა ჩემი კლასის მდივანი. არ მომეწონა, შეცბუნებული და დარცხვენილი გამოიყურებოდა, თუმცა მალე ძალა მოიკრიბა და თქვა: 

„ჩვენ ვითათბირეთ ჩარკვიანის ორგანიზაციაში მიღების შესახებ და დავასკვენით, რომ იგი არ იმსახურებს, რადგან უკრავს ჯაზს”.

მოულოდნელობისაგან გავოგნდი. ეს ბიჭი მუდამ ჩემ გვერდით იდგა როცა ვუკრავდი და სიხარულს ვერ მალავდა, ფეხებს აბაკუნებდა. ამ დროს ხელი ასწია კლასელმა, რომელსაც მეგობრად არ მივიჩნევდი, მაგრამ ხშირად ვხვდებოდი და ის ჩემთან სახლშიც იყო ნამყოფი.

„თუ შეიძლება დავამატებ ერთ დეტალს, – დაიწყო მან, – ჩარკვიანი არამარტო ჯაზს უკრავს, არამედ შიშველ ქალებსაც ხატავს!“

გამახსენდა, ჩემთან როცა იყო, ვაჩვენე ჯორჯონეს „მძინარე ვენერას” ჩემ მიერ ზეთის საღებავებით გაკეთებული ასლი. მაინცდამაინც ჩაცმული ეს ვენერა მართლაც არ არის. ბოლოს ერთხმად უარი მეთქვა კომკავშირელობაზე. სახლში სასოწარკვეთილი ვბრუნდებოდი – ამას დედაჩემი ხვალვე გაიგებდა და კანდიდს მისწერდა, ის კი საშინლად იღელვებდა, ჩათვლიდა, რომ მე ხელიდან წავედი და ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევ, დავიღუპები.

როცა სადარბაზოს ზამბარიან კარს ვაღებდი, ვიღაცამ სახელოზე მომქაჩა. შემოვტრიალდი. ჩემ წინ პატარა ტანის ებრაელი ბიჭი იდგა. ის ჩემს კლასში სწავლობდა, მაგრამ იქამდე ერთმანეთს არასდროს დავლაპარაკებივართ.

„ჩირკა, იცი, მე ხელი არ ავწიე, გამოდის, რომ თავი შევიკავე, გესმის?” – ჩუმად მითხრა და სწრაფი ნაბიჯით თავისი სადარბაზოსაკენ გაემართა, ჩემთან მოჩურჩულე რომ არავის დაენახა.“

გელა ჩარკვიანი, „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“, გამომცემლობა „ინტელექტი“