აკა მორჩილაძე - Obole
ვარლამიე. სრულიად გაგაოგნებს ქართველი კაცის მოწადინებულობა და ლტოლვა სიმაღლისაკენ. მე კი არ დამირეკა, არამედ - ნიკას, სანტა ბარბარაში. მე გეტყვით, რატომ. იმიტომ, რომ შარშან ნიკა იქ დათვრა და თავისი მობილურის ნომერი მისცა, როცა გინდა შემაწუხეო. შენ თუნდ წინასწარმეტყველი ესაია იყავი, ვარლამიე მაინც ნიკას მიწერს, იმიტომ რომ ნიკა სადღაც მაღლა ჰგონია. ”ზაგრანიცა” ჭრის. და კიდევ რაღაცეები.
ცარიელი სახლი უცებ იწყენს და უცებ ხდება ავად.
ადამიანი ხომ გიჟია, ჩემისთანა - საერთოდ.
საერთოდ, მგონი ეგ არის საქართველო, მიხვეულ მოხვეულობა... საქართველო კიდევ მეტი არც არაფერია, თუ არა ბაბუაშენის მამა.
ჯერ ისედაც არ მაქვს მთლად დალაგებული ფიქრები და იმათ საკუთარი სურვილით შეწყვეტას მეტად დიდი შრომა უნდა. ჰოდა, თავისით რომ წყდება, კიდეც მიხარია ხოლმე. ყველა ფიქრს მოლოდინი ცვლის.
ბეწვის ხიდე კიდე იმისია, რომ ჩაწყდეს. ბეწვის ხიდები, შავად ნაღები ჯვრები, ფერად-ფერადი კლდეები, ნაშალი ქვა და უსასრულო, ტყიანი მთები. რომ გეცალოს, უნდა დაჯდე და უყურო, როგორ შავდება საღამოსკენ მწვანე მთა. ეგეთი ლამაზი როგორ შეიძლება ეგეთი საშიში იყოს.
ასე იყო, თუ ისე, ეს ნამდვილია, რომ იარაღის, რევოლვერის, სროლის, რკინის სრული სიძულვილით გვზრდიდნენ და ეგ სიძულვილი ბოლომდე გამომყვა. დიდებული გრძნობაა, თუკი სიძულვილი შეიძლება იყოს დიდებული და არის ალბათ, როცა საქმე სიცოცხლის საკლავს ეხება.
საერთოდ, მგონი ქართველების იმიტომ არ ესმით მსოფლიოში, რომ ჩვენ ძალიან შორიდან ვიწყებთ ლაპარაკს. პირდაპირაც და ირიბადაც. შორი ხალხი ვართ, და აბა იმათ არ უყვართ ეგ სიშორე, მგონი აბრაზებთ კიდეც. ჩვენ კი, როგორც წეღანაც მოგახსენეთ, გვგონია, რომ თუ შორიდან არ დავიწყეთ ლაპარაკი, ვერავის ვერაფერს გავაგებინებთ. იმათ კიდევ, მსმენელებს, ეგ შორიდან ლაპარაკი აბნევთ და აშინებთ და საერთოდ, ვიღას უყვარს შორიდან ლაპარაკი? დღეს და ახლა, როგორც ”ბურგერ კინგის” მენიუ.
წარსულის არ მეშინია, იმიტომ რომ ქართველი ვარ. მომავლისა არაფერი ვიცი, იმიტომ რომ ქართველი ვარ. სისულელისთვის მოვკვდები, იმიტომ რომ ქართველი ვარ. სისულელისთვის ვიცოცხლებ, იმიტომ რომ ქართველი ვარ. წმინდა გიორგი მეყვარება, ისე, რომ არ ვიცი ვინ არის, იმიტომ რომ ქართველი ვარ. საშინელ ტყუილებს ვიტყვი, იმიტომ რომ ქართველი ვარ. და უცებ, სიცოცხლის ერთ წამს ვიქნები ყველაზე ოქრო, მართალი და სასურველი, იმიტომ რომ ქართველი ვარ.
ქართველებს მშვიდობა იმისთვის სჭირდებოდათ, რომ მერე ომით თავიანთი ტყუილები გადაერეცხათ.
თავისუფლება ეგრეა, თუ თვალი მოხუჭე, წავა და გაქრება. მოკვდი სიცილით, თუ გინდა, ერთ დღეს გაგეღვიძება და აღარ არის. რამდენიც არ უნდა ეძებო. თვითონაც იცის წასვლა და მოპარვაც იციან. ვის რაში სჭირდება ერთი შენი საწყალი, იდაყვებგამოკერებული თავისუფლება, უცნობია, მაგრამ კი იპარავენ და თვითონაც მიდის ხოლმე. აუთვისებელი ბიუჯეტივითაა, მეორე წელიწადს რომ ჩამოგაჭრიან, მაინც არ იყენებო.
მთავარი იგი კი არ არი, რაცხას ფიქროფ, მთავარი იგია, რაფერ მეიქცევი.
ქალთა სიბრძნე იშვიათი ძალისაა. განსაკუთრებით, როცა საქმე ყოველდღიურობას ეხება.
ჭური მოვხადეთ. და ამოვარდა. დალევა კი არ არის მთავარი. მთავარია, რაც ამოვარდება. საქართველო. ამოვარდება ხოლმე. თუ იკადრებს და მოეწონება ღვინო.
სიბერეში ათას რამეს ამბობდა ტიმოთე თუ მოუსმენდი. სიყვარულის შესახებაც გადმოაგდებდა ხოლმე რაღაცას, რასაკვირველია უფრო ბავშვებთან, თორემ დიდებს მოხუცების სმენა ნაკლებად აინტერესებთ და მოხუცებსაც არ აქვთ დიდების ნდობა.
ჩვენი ერთობა ჩვენ მიცვალებულებშია. ჩვენი სასაფლაო უფრო ცოცხალია, ვიდრე ყველა ერთად აღებული სასაფლაო დედამიწის ზურგზე. როგორც ვხვდები, ეგ კარგია. ერთი მხრივ, სასაფლაო არაფერი არ არის. მეორე მხრივ, იქ ყველაფერია.
რო გაგვირეკავდნენ უცხო მხარეში, ბიძიაო, ვის რა მოქონდა და მე მიმქონდა ჭადის ქფილი საგზლათო. რა იციენ რუსებმა ჭადის ქფილის ამბავიო, მარა რო გაჭირდებოდა საჭმელი, მომადგებოდა ყველაო და ვაცხობდი პეტრუან ჭადებს და ასე ვაჭუმდი თელ ზვოდსო. მარაო, მე საჭმლათ კი არ მქონდა ჭადის ქფილიო, რო მომენატრებოდა, ბიძია, ჩემი ქვეყანა იმ უცხოობაში, რო დამიწყებდა დავიწყებას აქაობა, რო გამიცივდებოდა გული, გამოვაცხობდი ერთ პატარა ჭადს და ჩევიდობდი გულის ჯიბეში და ისე გამითბობდა გულს, რომე ყველაფერი ერთბაშათ მახსენდებოდაო. მე კიდე ნიკას ვეკითხები, ნასვამი რომ დარეკავს ხოლმე, ჭადის ფქვილი ხო იყიდე ამერიკაში მეთქი. Corn, Corn… იმას გონია, რომ უბრალოდ ჭადს ვახსენებ. გულისჯიბეში ჩადებულ ცხელ ჭადს ვახსენებ, ეგ არი ჩვენი გული.
ვფიქრობდი, რომ რა კარგია, რომ ობოლე აღარასდროს არ გაისვრის და თავისი დუმილით და ასე ცოცხალ - მკვდრად ყოფნით ყველა ის წინანდელი გასროლა გამოისყიდა, გოტის და მის შთამომავალთა ხელში რომ გაუბედია.
ზრდილობამ თუ შეგაწუხა, რაფერი ზრდილობაა, მითხარი?